სვანეთში "სულების კვირეული" დაიწყო - მისტიური ტრადიცია "ლიფაანალი"

18 იანვარს ბალსზემო სვანეთში (ბალსქვემოთ ცოტა განსხვავებულად) სულების კვირეული "ლიფაანალ'' იწყება. ადრე ამ დღეებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ. აბსოლუტურად ყველა საოჯახო ნივთი და ავეჯიც კი (სკამ-მაგიდა), რაც ხმარებაში ჰქონდა ოჯახს, ირეცხებოდა, იხეხებოდა. 18-ში დილიდან იწყებოდა სამზადისი, რომ საღამოს სტუმრებისთვის სუფრა დაეხვედრებინათ, ოღონდ ყველაფერი სამარხვო უნდა ყოფილიყო სუფრაზე. სვანების რწმენით, გარდაცვლილთა სულები თავიანთ ოჯახებს სტუმრობდნენ. 18-დან მომდევნო ორშაბათამდე გრძელდებოდა სტუმრობა. ხდებოდა ისეც, რომ 18 თუ კვირა დღეს ემთხვეოდა, ერთდღიანი იყო... დღეს ეკლესია თვლის, რომ ეს არაა ქრისტიანული მიდგომა, ამიტომ ისეთი შემართებით აღარ აღნიშნავენ,

თუმცა ტრადიცია მაინც გრძელდება.

გთავაზობთ სვანი მასწავლებლის ლალი მარგიანის მოგონებას ამ დღეებზე:

"ახლა მე ისევ ბავშვობაში უნდა გადავვარდე და ჩემთვის მისტიური, ზოგიერთი თანამედროვისთვის მიუღებელი, წარმართული სარიტუალო დღეები გავიხსენო. ვინც რა უნდა თქვას, არაფერი შავდებოდა ამით, მე დღესაც დიდი სიამოვნებით გავიმეორებდი, საკუთარი ოჯახი რომ მქონდეს.

ახლა ვაპროტესტებთ, თორემ მაშინ არდადეგები საახალწლოდ 24 დეკემბერს იწყებოდა და 11-12 იანვარს (ორშაბათი როცა ემთხვეოდა) იწყებოდა. ძველით ახალი წელიც მახსოვს სკოლაში! ყველა გაკვეთილზე ყველა მოსწავლე კანფეტებით ვულოცავდით მასწავლებლებს და გაკვეთილის ბოლოს ტკბილეულით დატვირთულნი სამასწავლებლოსკენ მიემართებოდნენ.... ჩვენ კი შესვენებებზე კანფეტებს ვესროდით ერთმანეთს და იყო ერთი ჟრიამული!


მაგრამ მე სულ სხვა რამე უნდა გავიხსენო. სულების მოხსენიების კვირეული, "ლიფაანალი’’, რომელიც ძველით ახალი წლის შემდეგ, 18 იანვრის საღამოს იწყებოდა. ამ დღეებისთვის განსაკუთრებით ემზადებოდა ოჯახი. სკოლიდან მისულს საოცარი სამზადისი მხვდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ დედაჩემი იმერელია, ზედმიწევნით ასრულებდა ყველა წესს. ცხონებული ბებიაჩემი ხელს არ გაანძრევდა, მხოლოდ მითითებებს გასცემდა, მაგრამ დედას არ სჭირდებოდა რაიმეს შეხსენება.

ჩვენც ვიცოდით, რომ რაც მზადდებოდა, არათუ პირი, ხელიც არ უნდა დაგვეკარებინა. სხვანაირი სუნი იდგა მთელი დღეები, რაღაცნაირი მოწიწება და მოკრძალება იგრძნობოდა ურთიერთობაში და ბევრი წლის მერე მივხვდი, იყო რაღაც მისტიური და განსაკუთრებული ნამდვილად.


მოკლედ, 18 იანვარს მაშინ არავინ მარხულობდა და თითზე ჩამოსათვლელმა თუ იცოდა, რომ ნათლისღების წინა დღე მძიმე მარხვა იყო. არადა, ამ დღეს სულ სამარხვო კერძები მზადდებოდა.როგორც ვთქვი, ოჯახში ყველამ იცოდა, რომ ეს კერძები საღამოსთვის იყო განკუთვნილი. როგორც ბებია გვეუბნებოდა, ,,მუშგვრალეშდ’’ (სტუმრებისთვის). საღამოსკენ თითქმის ყველაფერი მზად რომ იყო, ბაბუა ცვილის სანთელს ჩამოქნიდა, დედა პურის ცხობას იწყებდა. პურები თხელი უნდა ყოფილიყო და თითით ჩხვლეტდნენ. რაც უფრო მეტი ნათითური იქნებოდა პურზე, მით უფრო მეტი გაინაწილებსო.

პირველი პური აუცილებლად უნდა დაეტეხათ და გარეთ ფანჯრის რაფებზე შემოაწყობდნენ. პურის ცხობის შემდეგ, შებინდებისას იშლებოდა სუფრა, რომელზეც ყველაფერი ჭურჭლით იდგმებოდა და არც პური იჭრებოდა. მაგიდაზე დანა არ უნდა დებულიყო. ბებია ბავშვებს მურს გვისმევდა შუბლზე, ლოგინებზე დანებს ალაგებდა (სულები რომ არ გაკარებოდნენ ლოგინებს), ყველა კარს აღებდა. მაგიდასთან სკამებს ისე ალაგებდა, დაჯდომა რომ ყოფილიყო შესაძლებელი(გამოწევდა). ბაბუა ანთებულ სანთლებს ამაგრებდა კერძებზე, ქალები იჩოქებდნენ, ბავშვებს ,,ფეჩის’’ კუთხესთან გვაყენებდნენ, კაცები სასმისებს იღებდნენ და ბაბუა მასპინძლის შესაფერი სიტყვებით ხვდებოდა სტუმრებს, რომლებიც მე არასოდეს დამინახავს, მაგრამ ვგრძნობდი სხვა ატმოსფეროს. ბებიაც რაღაცას ბუტბუტებდა, ალბათ სულებს ეფერებოდა.

სანთლები ბოლომდე არ იწვებოდა, რადგან მთელი კვირის მანძილზე ეს სანთლები უნდა დაენთოთ. მერე სუფრასთან ვსხდებოდით, იგონებდნენ მიცვალებულებს და ამ ღამით უნდა მოეყოლათ ზღაპრები, მეზობლები ერთმანეთთან უნდა მისულიყვნენ და არ შეიძლებოდა ხმამაღალი საუბარი, კამათი, ბავშვებიც კი არ ვხმაურობდით ხოლმე. და ამ პირველი საღამოს მისტიურობა იმაში მდგომარეობდა, რომ აუცილებლად წამოფიფქავდა სწორედ ,,სტუმრების’’ მოსვლისას. ბებია იტყოდა, სულები სუფთა თოვლზე გამოივლიანო....

ასევე 18-ში, საღამოს სუფრის სამზადისს რომ მორჩებოდნენ, სასაფლაოზე მიდიoოდნენ და ეპატიჟებოდნენ მიცვალებულის სულს და იმასაც ეუბნებოდნენ, ვინც უნდოდა და რამდენიც იმდენი სტუმარი მოეყოლებინა. ახლაც, თუ იმ საღამოს არ წამოთოვა, სასაფლაოდან მომავალ ბილიკს თოვლს აყრიან, რომ სუფთა იყოს.

19-ში ყველაფერი ხსნილით იყო. ოთხშაბათი და პარასკევი - მარხვით. ხოლო შაბათს კვლავ ყველაფერი ახალი მზადდებოდა და სტუმრები ,,ლალხორში’’ კრებაზე მიდიოდნენ. იქ წყდებოდა, წლის მანძილზე ვინ უნდა წაეყვანათ ,,დიდ ქვეყანაში" _ ასე ამბობდა ბებია. კვირას 4-5 საათისთვის ცხელი ,,თაშმიჯაბი’’ (კარტოფილის და ყველის ნარევი) ან ფაფა უნდა დაეხვედრებინათ სიცივიდან დაბრუნებულთათვის. გვიან კი - ისევ ხორცეული და სხვა კერძები.

ადრე, თურმე არყის ხის ნათალისგან გირლანდების მაგვარ ჯაჭვებსაც წნავდნენ და ,,ფეჩის''თავზე გააბამდნენ საქანელებივით, რომ სულები ჩამომსხდარიყვნენო...
 
ორშაბათ დილის რიბირაბოში დგებოდა ან დედა, ან ბაბუა (სანამ ცოცხალი იყო, მერე მამა შეენაცვლა) და ისევ ის რიტუალი სრულდებოდა. მერე სანთლით და ერთი ჭიქა სასმელით, რომელსაც გზადაგზა ძირს ღვრიდნენ, ეზოში გამავალ კარებამდე მიდიოდნენ და ამბობდნენ: ,,კარგი ფეხი დაგვიტოვეთ, თუ საკადრისად ვერ გიმასპინძლეთ, მოგვიტევეთო" - და სანთელს კარის მარჯვნივ მიამაგრებდნენ. სტუმრები გვტოვებდნენ და სახლში ჩვეული ატმოსფერო დგებოდა, სიცარიელე ისადგურებდა თითქოს.

ახლაც, როცა ამას ვწერ, რაღაცნაირი განცდა მეუფლება და ცხვირში მაშინდელი სუნი მიღიტინებს, რომელიც კარგა ხანია არ მიგრძნია.
მე ერთი კვირა ვთქვი, მაგრამ 18 იანვარი ზოგჯერ სამშაბათს, ოთხშაბათს და ა.შ. ხვდებოდა, ანუ მოკლე ,,ლიფაანალი’’ იყო. მახსოვს, კვირა დღეს დაემთხვა და ყველაფერი, მოსვლა, ლალხორში წასვლა ამ ერთ საღამოში ,,ჩაატიეს’’.... უფროსების გადმოცემით, ასეთი მოკლე ,,ლიფაანალი’’ არ იყო კარგის საწინდარი...

ამ ყველაფრის თარიღებს მესტიაში ჭიჭიკო მარგიანს ეკითხებოდნენ ხოლმე, რომლის წინაპარიც მღვდელი ყოფილა და ,,წიგნიც აქვსო’’, - ამბობდნენ.


მე ჩემი ოჯახის მაგალითით გადმოვეცი ეს სვანური ტრადიცია, სხვას ალბათ რაღაც განსხვავებული ექნება. ბალსქვემო სვანეთში განსხვავებულად წარმართავენ ამ რიტუალს, მაგრამ შიინაარსი მიცვალებულთა სულების პატივისცემაა ყველგან. მესტიაში ამ დღეს აპობდა ბაბუა სასაფლაოზე დასანთებ ლამპრებს და ღუმელს უკან დებდა გამოსაშრობად. საფლავებზე კი 15 თებერვალს, მირქმა დღეს გააქვთ ლამპრები. ამ დღეს ,,სვიმნობ’’-ს ეძახიან სვანები....

არაფერი ხდება არაუფლისმიერად,ყველა ტრადიციას რწმენასთან აქვს ღრმა კავშირი, გარდა ბოროტებისა და კაცისკვლისა, ამიტომ არ უნდა დავკარგოთ კარგი, მისაღები ტრადიციები, მე ასე ვფიქრობ...."

იგონებს რეჟისორი მარიამ ხაჭვანი:

"დღეს, სულების მასპინძლობა დაიწყო სვანეთში, ეს არის ამოუცნობი, მისტიური დღესასწაული, რომელიც ცოცხლებს გარდაცვლილებთან ახვედრებს...
ბავშობიდან მომყვება, როგორი ბედნიერი ვემზადებოდი გარდაცვლილებთან შესახვედრად და როგორ გვიხაროდა მათი მოსვლა...
ეს განსაკუთრებული დღეა...
ამ დღისთვის წლიდან წლამდე ინახავდნენ უშგულში ტკბილეულს..
ამ დღეს ყველაფერი ძვირფასი უნდა იდოს სუფრაზე...
ამ დღისთვის განსაკუთრებულად გამოგვპრანჭავდნენ ბავშვებს...
საოცარი სიჩუმე ისადგურებს, როცა ისინი მოდიან, გგონია, რომ ნაბიჯების ხმა გესმის, ლამაზად გაწყობილ სუფრას კერძების თბილი ორთქლი ასდის...
ოჯახის უფროსი კარს უღებს და სტუმრებს სუფრასთან იპატიჟებს...
ვხვდები, რომ ჩვენ მარტონი არ ვართ, ჩვენთან ერთად არის ყველა ახლობელი, ყველა წინაპარი...
ამ დღეს ძალიან ბევრნი ვართ...
ამ დღეს არავინ გვაკლია...
არ გვყავს გარდაცვლილი ოჯახში...


ისინი ჩვენთან არიან ახლა......
მერე მაგიდას მარჯვნივ შემოვატრიალებთ, კერძებსაც, თეფშებსაც...
ყველა ერთად მივუსხდებით სუფრას...
ვიხსენებთ, რომ დეიდას ეს კერძი უყვარდა, ბებიას - ეს...
ვყვებით ზღაპრებს....
ეს არის რიტუალი, რომელიც სხვანაირად გათბობს...
რიტუალი, რომელიც გარდაცვლილი ადამიანების მონატრებას გიმსუბუქებს....
მერე ისინი მიდიან, ჩვენ ვაცილებთ და ვეუბნებით:
"არც გიჩქარით, არც გიგვიანებთ".
საოცარი სიჩუმე ისადგურებს სახლში, სიცარიელე და ჩვენ ისევ ველოდებით დღეს, როცა ისინი კვლავ მოვლენ...
და ისინიც ყოველ წელს მოდიან...
მახსოვს ბავშობაში, ბებია-ბაბუები ჩურჩულით იწყებდნენ გარდაცვლილების სახელების ჩამოთვლას, ჩვენ ვერ ვხედავდით, მაგრამ ვგრძნობდით მათ სიახლოვეს, სახელების მიხედვით ვხვდებოდით ვინ გვყავდა სტუმრად და გვეცინებოდა, სიცილზე მშობლები გვიბრაზდებოდნენ, ბებია კი იტყოდა - დაანებეთ ბავშვებს თავი, გარდაცვლილებსაც უხარიათ, ბავშვები რომ იცინიანო, და ეს ამოუცნობი შეგრძნება დღესაც მომყვება და დღესაც მეცინება... ახლაც ჩავატარეთ ეს რიტუალი და სასიამოვნოდ გამეღიმა, როგორც ბავშობაში...
დღეს, ჩემი ბებია-ბაბუები მოვიდნენ და ძალიან გამახარეს, ის სითბო შევიგრძენი როგორც ბავშობაში..."

 

ჩვენი მკითხველებიც იხსენებენ ამ დღეს:

მარი გოშთელიანი:
- დაახლოებით 10 წლის ვიქნებოდი, როცა დედამ და მამამ ამ ,,ლიფაანალის" ღამეს დაგვტოვეს სახლში დასთან და ბიძაშვილთან ერთად, რომელიც სამწუხაროდ უკვე აღარ არის ცოცხალი... წავიდნენ და დაგვიბარეს, არ გვეხმაურა და ზღაპრები მოგვეყოლა. ჩვენ კი დანაბარები მალევე გადაგვავიწყდა და დავიწყეთ ხმაური, თამაში და ამ დროს ჩემი ბიძაშვილი ამბობს: "გაჩუმდით, თორემ სულები გაგვიბრაზდებიან და შუქი ჩაგვიქრებაო". ეს ნათქვამიც არ ჰქონდა, რომ უცებ გაისმა ჩამრთველის ხმა და მხოლოდ იმ ოთახში ჩაქრა შუქი. ჩვენ ენაგადაყლაპულები და დაზაფრულები მივედით ჩამრთველთან და შუქი ავანთეთ ჩვეულებრივად. დღემდე ვერ ამიხსნია, რა იყო ეს. დანარჩენი მკითხველმა გადაწყვიტოს..."


"სვანი":
"ასე ვიზრდებოდით ზუსტად ჩვენც დალის ხეობაში, სადაც ჩვენი მიცვალებულები უპატრონოდ არიან დარჩენილი, მაგრამ ვცდილობ, რომ რაღაც მაინც მსგავსი გავაკეთო. რა თქმა უნდა, ყველაფრის გასაკეთებელი არც საშუალებაა და არც პირობები. ჩვენს მიცვალებულებს და მაღალ ღმერთს ისე გადაეწყვიტოთ ეს საქმე, რომ ჩვენი მიწა-წყლის არც ერთი გოჯი არ შერჩენოდეთ ჩვენს მტრებს, ოკუპანტებს!"

იხილეთ ვიდეო

ლელა ზურებიანი

კომენტარები

ნატალია 2019-01-20 09:07
არაჩვეულებრივი რიტუალი არის ,,ლიფაანალი". კარგია, თუკი გრძელდება ეს ტრადიცია. ჩემი ბებიებიც ასრულებდნენ და ბედნიერი ვარ, ბავშვობაში რომ შევსწრებივარ. ბავშვებს ისე რაღაცნაირად გვქონდა გათავისებული, რომ სულები მოდიოდნენ და უფროსები სანამ რიტუალს არ ჩაამთავრებდნენ, ხელი არაფრისთვის არ უნდა გვეხლო...ჭამაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო. მადლობა უფალს, რომ ამ ტრადიციის მომსწრე ვარ. დიდობაში უკვე როცა სვანეთში არ ვცხოვრობდი, მეც ჩამიტარებია და ის კვირა საოცრად ამაღლებული განწყობა მქონდა.
რაც მთავარია, კავშირი ორ ქვეყანას შორის არსებობდა და ის არც უნდა გაწყდეს. უფალმა ნათელში ამყოფოს ყველა ჩვენგან წასული.
რატიანი ნანული 2018-01-20 15:32
საეკლესიო რიტუალები სვანური ადათწესებიდან არის გადაღებული,ჩვენი წინაპრები მაშინ მარხულობდნენ როცა საქართველოში არავინ არ იცოდა მარხვა .ნატლისღების წინ ცხონებული დედაჩემი ერთი კვირა გვალაგებინებდა და გვარეცხინებდა თუ რამე იყო ოჯახში ეს იყო 18 რიცხვისთვის მეორე დღე უკვე ნატლისღება იწყებოდა.
თამაზ ხარძიანი 2018-01-19 18:23
კარგათ აღწერილია ასე კეთდებოდა ყველა ოჯახში ბავშვებისთვის ეს დღესასწაული იყო. ამასთან ღამე გვიან დაწოლას არავინ უშლიდა სამაგიეროდ ზღაპრების მოყოლა იყო აუცილებელი.
ნაზიბროლა პირველი 2018-01-18 23:17
ჩემი დაკვირვებით სვანეთში ყველაზე მეტად იციან უძველესი ქრისტიანული კანონიკა,ასევე დღესასწაულები,ფაქტიურად წინარე ქრისტიანული, წარმართული რიტუალების შერწყმა მოხდა ქრისტიანულთან ამიტომ სვანეთში შემორჩა ყველაფერი უძველესი ,როგორც წარმართული ასევე ქრისტიანული!
გურია 2017-01-26 09:57
გურული ვარ, მაგრამ განსაკუთრებულად მიყვარს და პატივსვცემ სვანებს. განსხვავებულად სუფთა და გულიანი ხალხია

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები