მარიამ ხაჭვანი: "სანამ არ იცხოვრებ იქ, ვერ მიხვდები იქაური პრობლემების არსს და ვერ გაუგებ სვან ხალხს..."

სახლი, სადაც ბავშვობა, საყვარელი ადამიანებთან ერთად გატარებული დღეები და ტკბილი მოგონებები დარჩა, ყველას უყვარს. გარემო, სადაც ადამიანი იზრდება, ადამიანის ჩამოყალიბებაში დიდ როლს თამაშობს. სწორედ ამ გარემოზე, ბავშვობაზე, ტრადიციებსა და საყვარელ ადამიანებზე გვესაუბრა რეჟისორი მარიამი ხაჭვანი, რომელიც ულამაზესი კუთხის ულამაზეს სოფელ უშგულში დაიბადა…


- ულამაზეს სოფელ უშგულში გაიზარდეთ, რომელი იყო თქვენი საყვარელი ადგილი უშგულში, სადაც ნებისმიერ დროს დიდი სიამოვნებით მიდიოდით…
- ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადგილი, მსოფლიოში ყველაზე მაღალ ადგილას მდებარე მართლმადიდებლური ტაძრის - ლამარიას ეზოა, რომელიც ჩემი სახლის უკან არის... აქვე ახლოს

თამარ მეფის ზამთრის რეზიდენციაა, რომელსაც სვანები სუფარს ვეძახით. იმდენად მიყვარს ეს ადგილები, იქ ყოფნისას ჩემთვის დრო გაჩერებულია და ვხვდები, რომ მის იქით სამყარო არ არსებობს...


- რას ნიშნავს თქვენთვის სახლი, სადაც ბავშვობა გაატარეთ?
- როდესაც ჩემი ეზოს ნახევრად დაჟანგული ჭიშკრის კარებს ვაღებ, ისეთი შეგრძნება მეუფლება, თითქოს ბავშობაში ხელახლა შევდივარ ხოლმე. მიყვარს ეზო, სადაც უამრავი მირბენია, მიყვარს სახლში შესასვლელი შვიდსაფეხურიანი კიბე, საიდანაც პატარაობისას ჩემმა ტყუპისცალმა დამაგორა. მიყვარს ოთახების სიძველის და სითბოს სუნი, მიყვარს ბევრფანჯრიანი და მუდამ მზიანი ჩემი აივანი, სადაც წელიწადის ნებისმიერ სეზონზე ზამთარშიც და ზაფხულშიც თბილა... უყურებ ზვიად, ამაყ კოშკებს, რომლებიც საუკუნეებს უძლებს და სიამაყის გრძნობა გეუფლება. ეს ყველაფერი მეამაყება და მიყვარს თითოეული კოშკი, გზა, ორღობეები, დაჟანგული და აქა-იქ დანგრეული ხის ღობეები. ძალიან მიყვარს დედაჩემის მშობლების სახლიც, რომელიც ჩემი მეორე სახლია უშგულში.

უშგულში ყოფნისას სახლში გატარებული ყოველი წუთიც კი მენანება, იქ ისეთი ბუნებაა, ოთახში როგორ უნდა გაჩერდე. უშგულში ღამეც კი სხვანაირია, იცით, როგორი ღამეა? ცა მთლიანად მოჭედილი რომაა ვარსკვლავებით, გინდა დაითვალო და არც ერთი გამოგრჩეს. ისინი შენთან ძალიან ახლოს არიან. შეუწყვეტლივ გესმის მდინარის ხმაური, ეს ის მომენტია, როცა დაძინებაც კი გეზარება, რადგან ამაზე უკეთეს სიზმარს ვერ ნახავ.

სულ მენატრება ჩემი სახლიც და სხვისი სახლებიც, უშგულში თითეული ქვა სად დევს, ისიც ვიცი, ყველა ადგილი მიყვარს, ყველა წყარო, ყველა გზა. მენატრება მდინარის ხმაური, ვარკლავებით მოჭედილი ცა, საათობით ვიჯექი და ვუყურებდი, როგორ გადაადგილდებოდნენ პატარძალივით ლამაზი ღრუბლები უშგულის ლურჯ ცაზე, მენატრება შხარის ყურება, რომელიც ხან გამოჩნდება, ხან დაიფარება, მენატრება ცად აწვდილი მთები, მენატრება მოწმენდილი ცა, რომელიც უცებ მოიღრუბლებოდა და წვიმას იწყებდა, თითქოს სამყაროს დასასრულით გვაშინებდა. იქ ყველაფერი გიჟური იცის, თოვლიც, წვიმაც, მზეც. თუ არ გაქვს უშიშარი გული, იქ ვერ იცხოვრებ, “უშიშარი გული“ - ალბათ ამიტომაც აქვს უშგულს ასეთ განმარტება. ამ ყველაფრის მიუხედავად უშგული ჩემთვის ნამდვილი სამოთხეა.

 

ასევე იხილეთ: „გაუფრთხილდით თქვენს ტრადიციებს, სულიერებას, ნუ დაკარგავთ ღმერთამდე მისასვლელ გზას!“ - სვანეთში საცხოვრებლად დარჩენილი რუსი ფსიქოლოგის ექსკლუზიური ინტერვიუ 

 

- როგორი ბავშვი იყავით?
- მხიარული ბავშვი ვიყავი და ცოტა ჯიუტი. ჩემს ჭკუაზე მინდოდა სიარული და ჩემი ყოველთვის გამქონდა. არც მშობლებიც გვზღუდავდნენ რამეში. სახლში ყველაფერი რომ დაგვემტვრია, შენიშვნასაც არ მოგვცემდნენ, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ლამაზი ბავშვობის წლები მაქვს გატარებული. მშობლები მახსენებენ ხოლმე, ორი წლის ვყოფილვარ და შუაღამისას ბებიის მოყვანა მომითხოვია, არ გავჩერებულვარ. მამაჩემი იძულებული გამხდარა, წასულიყო და შუაღამისას ბებია ამოეყვანა ჩემთან. ძალიან მიყვარდა ორივე ბებო, სამწუხაროდ, დედის დედა ცოცხალი აღარ არის, თუმცა მამაჩემის დედა, რომლის სახელიც მქვია, ცოცხალია და 91 წლის გახლავთ. სწორედ, მარიამ ბებო მონაწილეობს ჩემ ფილმშიც...

ბავშვები სულ გარეთ ვიყავით, ვთამაშობდით, დავრბოდით, მიწაში სახლებს ვაშენებდით, ხან მდინარეში ქვებს ვაგროვებდით, საქონელი მოგვყავდა სახლში, ველოსიპედები გვყავდა და ერთმანეთს ვეჯიბრებოდით. ახლანდელ ბავშვებს რომ ვაკვირდები, ცოტა არ იყოს მწყინს, ასე რომ უწევთ ბავშვობის გატარება. ყველაზე ლამაზი ბავშობა გვქონდა მე და ჩემი თაობის ბავშვებს. თან ასე ვთვლი, რომ სოფელში მეტი თავისუფლებაა ამ მხრივ.

მარიამ ბებო

 


- სცემდნენ თუ არა თქვენს ოჯახში ტრადიციებს პატივს და თქვენც აგრძელებთ თუ არა ამას?
- რაც თავი მახსოვს, ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე და ჩემთვის ზოგი ტრადიცია საინტერესოც არის და მისაღებიც. რაც შეეხება გაგრძელებას, რა თქმა უნდა, ეს ტრადიციები არ უნდა დაიკარგოს...

 

- საოჯახო საქმიანობებში თუ მონაწილეობდი და ეხმარებოდი თუ არა უფროსებს?
- კი, იყო პერიოდი, როდესაც ყველაფერს ვაკეთებდი, ვუვლიდი საქონელს, ვწველიდი, კუბდარს ვაცხობდი, მოკლედ, ვაკეთებდი ყველაფერს, რაც საჭირო იყო, მაგრამ, რაც ჩემს პროფესიაში ჩავერთე, სამწუხაროდ, ვეღარაფერს ვაკეთებ. საოჯახო საქმეებს შეჩვევაც სცოდნია და გადაჩვევაც.

 

- სვანეთში შენარჩუნებულ ტრადიციებზე რას იტყვით, რომელი ტრადიციაა, რომელიც განსაკუთრებით გიყვართ და გინდათ, არ დაიკარგოს?
- მე ძალიან მომწონს სულების სტუმრობის ტრადიცია - „ლიფანაალ-ლისგვჯინაალ“, რომელიც ძველით ახალი წლის შემდეგ იწყება, ეს არის მისტიური ტრადიცია, რომელიც ცოცხლებს გარდაცვლილებთან ახვედრებს, განსაკუთრებულად ვემზადებით ამ დღისთვის, ვახვედრებთ საგულდაგულოდ მომზადებულ კერძებს, ვუყვებით ზღაპრებს, როდესაც ოჯახის უფროსი მათ კარებს უღებს და სახლში ეპატიჟება, ისეთი შეგრძნება გეუფლება, რომ ყველა გარდაცვლილი ჩვენთან ერთად არის, არ გტკივა მათი მონატრება, ვფიქრობ, დიდი რწმენა დევს ამაში ზოგ ადამიანს ბოლომდე მაინც არ სჯერა, რომ არსებობს იქაური ცხოვრება, ჩვენ გვჯერა და განსაკუთრებით ველოდებით მათ სტუმრობას. საინტერესოა, სულების გაცილების რიტუალიც, ისინი გამთენიისას გვტოვებენ, წინა ღამით აუცილებლად მოთოვს, რომ მათ ნაკვალევი სუფთა თოვლზე დატოვონ არ ყოფილა დღემდე შემთხვევა სულების გაცილების ღამეს, რომ არ ჩამოეთოვა ეს ყველაფერი უფრო გაახლოებს ღმერთთან.

მარიამის მიერ თავისი სახლის კედელზე მიხატული სვანეთი

 

ასევე იხილეთ: მისტიური ტრადიცია "ლიფაანალი"

 


- როგორია ერთი ჩვეულებრივი სვანური ოჯახის ყოველდღიურობა სოფელში - თქვენი ოჯახის მაგალითით?
- რომ ვთქვა, ბავშვები დიდად დაკავებული ვიყავით სოფლის საქმეებით-თქო, არა... სვანეთის მაცხოვრებლების დილა ადრე იწყება. ადრე იღვიძებენ, ხუთ საათზე საქონელი უკვე გარეკილი ჰყავთ, შემდეგ საოჯახო საქმეების კეთება იწყება: ბუხარს დაანთებენ, ყველს გააკეთებენ, კერძებს მოამზადებენ და მთელი დღე მუხლჩაუხრელად შრომობენ.
ზაფხულში თიბვა-ფორცხვა იწყება. იმდენად რთული და გაუსაძლისია ეს პერიოდი, მისასალმებლადაც არ სცალიათ. სვანეთში შემოდგომა არ იცის, სექტემბერში შეიძლება ჩამოთოვოს და თივის მოტანა უნდა მოასწრონ. მთის წვეროებიდან ხელით მოათრევენ გზამდე თივის ბულულებს. ჯერ მოთიბვა რა ძნელია, მერე შეგროვება. რთულია ცხოვრება სვანეთში, რთული და საშიში. სხვაგან შემოდგომა რომაა, სვანეთში უკვე ზამთარია, იწყება თოვა და მაისამდე არ ჩერდება.
ზამთარი განსაკუთრებით რთულია, სულ სტიქიის მოლოდინში ხარ. ბავშობაში მთელ ზამთარს იმ მეზობელთან ვათენებდით, სადაც უსაფრთხოდ ვიქნებოდით. უშგულში და ზოგადად სვანეთის ზოგიერთ სოფელში ზამთარში ცხოვრება გმირობის ტოლფასია და მეტი დაფასება უნდა ამ ხალხს...
თვეობით ზიხარ სახლში, გადაუღებლად თოვს, შემდეგი დღის გათენების გეშინია, იკეტება გზები, ქრება შუქი და მხოლოდ ღმერთის იმედად რჩები...

- ტურიზმის განვითარებასთან ერთად, ხშირად ისმის ძველი სვანების საუბრები იმაზე, რომ სვანური სული იკარგება, ის, რაც ძველად იყო, აღარ არის და ეს ადგილი მხოლოდ ლამაზ სანახაობად იქცა, სადაც ნებისმიერს შეუძლია ჩასვლა და თუნდაც, კოშკების ფონზე გაშიშვლება...
- იკარგება სვანური ენაც, რაც ყველაზე მეტად მაღელვებს. დამეთანხმებიან იმაში, რომ ბავშვებმა სვანური ენა უკვე აღარ იციან, აღარ საუბრობენ ოჯახებში და თითქოს არასაჭირო გახდა... ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ, როდესაც ფილმ „დინოლაზე“ვატარებდი კასტინგს, სოფელები შემოვიარე და სვანურად მოლაპარაკე ბავშვები ვერ ვნახე. დღეს ყველაფერი სხვანაირია. ვუყურებ და ვერ ვიჯერებ. იმ პირობებში, როგორ ააშენეს ბუმბერაზი კოშკები, მაჩუბები, რამდენ მტერს გაუძლო, ზამთარს, ზვავებს, რამდენ ტყვიას და მეშვიდე საუკუნიდან დღემდე შენარჩუნებული ეს საგანძური დღეს ინგრევა. იყო დრო, როცა ადგილობრივ მოსახლეობაზე ვბრაზდებოდი, რატომ არ ამაგრებენ-მეთქი, მაგრამ ხალხმა რა ქნას? როგორც ვთქვი, ძალიან მძიმე ცხოვრება უწევთ, საკუთარი სახსრებით კოშკებს ვერანაირად ვერ გადახურავენ... ყოველთვის ვამბობ ამას, რომ სანამ არ იცხოვრებ იქ, ვერ მიხვდები იქაური პრობლემების არსს და ვერ გაუგებ სვან ხალხს...

ნინო ჩიქოვანი

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები