დასასრული. იხილეთ პირველი ნაწილი
ჩემი ცოლი, მარინა, დაიაურების ქალია, მუცოდან. სიმამრს გაბრიელი ერქვა. ძალიან კარგი კაცი იყო, დაიღუპა ცხონებული. ის კაცი მამაჩემის მეგობარი იყო. როცა მამა გიორწმინდიდან, ქორწილიდან მოდიოდა, სადაც თამადა იყო, ჩემს სიმამრთან შეიარა და იმ ღამეს იქ დარჩა. თურმე ბოლო შევლა ყოფილა. მე ხომ არ ვიცოდი, მაშინ რა მოხდებოდა. სვანური ქუდი ჰქონებია მამაჩემს და ეს ქუდი გადასცა, თურმე, ჩემს სასიმამროს და უთხრა: ეს ქუდი, ჩემო მეგობარო, არ ვიცი, როდის დამჭირდება, მაგრამ დამჭირდებაო”. ვფიქრობ, ისე ნათქვამი იყო თუ ბედისწერა?! იქიდან წამოსული დაიღუპა მამაჩემი,
მე უნივერსიტეტში ვაბარებდი მაშინ, 1982 წლის 22 ივლისს მოხდა ეგ უბედურება. როცა ამბები ასე ჩამოლაგდა, ბედი ისე წავიდა, რომ მე მარინაზე სერიოზული ფიქრი დავიწყე, საკუთარ თავს გამოვუტყდი, რომ ოჯახი უნდა შემექმნა. ჩავედით მე და ხვთისო (ჩვენი სოფლის თავკაცი), ჩემმა სიმამრმა უთხრა, არ ვიცოდი თუ ალექსაის შვილი ჩემს გოგოზე ფიქრობდაო, მაგ საქმეს მე ვაკეთებო. ბევრი ლაპარაკი იქ არ იყო. იმ კაცმა მოკლედ და კონკრეტულად თქვა. მე შემრცხვა, გავწითლდი და გამოვედი იქიდან. აპარეკა ჭინჭარაული იყო იქ, ჩემი ქვისლი. გამოვიდა და ხელს მეწევა, შემოდი, ნუ გრცხვენია, მკაცრი კაცი არ არისო. მე კი ვეუბნები - როგორ შემოვიდე, ხომ ხედავ, რა თქვა, მეხათრება, მრცხვენია-მეთქი. მერე გარდაიცვალა ის კაცი, თავის სახლიდან გადმოვარდა, როგორც ჩანს, კენჭს საფეთქელი დაარტყა. ესეც თვითონ ვნახე, მე ავიყვანე ხელში.
მეც დამნაშავე ვარ... იმ ღამეს გვიან მივედი. მუშები ჰყოლია. არ ვიცოდი, მუშები რომ იყვნენ, მე ქისტეთში მივდიოდი სანადიროდ და ღამე მათთან უნდა მეთენებინა. რომ გავიგე ასეთი ხალხმრავლობაა, ყამარ მინდიკაურის ოჯახში დავრჩი. ორჯერ გამოგზავნა ჩემმა სიმამრმა კაცები, გამოვიდესო. მე ვიფიქრე, მაგის ტოლი არა ვარ-მეთქი, ეს ხათრი ვერ გადავლახე და შევუთვალე - ვერ გამოვალ, მეხათრება-მეთქი. რომ გადავსულიყავი, სუფრასთან ვიქნებოდით, შეიძლება, არ ასულიყო და გადარჩენილიყო. ასე ვგრძნობ თავს დამნაშავედ.
იმ კაცის ნათქვამი სიტყვა კი გამართლდა. შვილისთვის, მარინასთვის და ყველასთვის კანონი იყო მისი სურვილი. შევასრულეთ კიდეც წეს-რიგიანად, ნამუსიანად და დღეს მარინა ჩემი ოჯახის დიასახლისია. კარგად ვარო, ეგრე ამბობს და რა ვიცი, არც დიაცის ქება შეიძლება და არც თავისა.
უფროსი, გიორგი, 1999 წლის 23 მაისსაა დაბადებული. თაია დაიბადა 2000 წლის 28 ოქტომბერს, 2004 წლის 15 თებერვალს - ლევანი. იზრდებიან, ახლა უკვე გონთ არიან. ცელქია ის პატარა, მე მამსგავსებენ, ჟამ-კარს ურევს თავის და-ძმებს.
მე რასაც ვუყურებ, გიორგის ძალიან უყვარს კითხვა. ნებისმიერ წიგნს კითხულობს, სულ წიგნებთან აქვს საქმე, ვხვდები, ისწავლის. თაია ცოტა ჯიუტობს, თან ვერ ვუჯავრდები, შენიშვნას ვერ ვაძლევ და მერყვნება მამასთან. ისე, ლექსებს კარგად სწავლობს, ორივენი კარგად სწავლობენ. ლევანი, არ ვიცი, რას იზამს. სულ ვეუბნები მარინას, ზედმეტად არ გამითამამო-მეთქი: “შვილი გაზარდე მტრულადა, გამოგადგება ძმურადაო“.
თაია, ხევსურული წესით, სამრელოშია დაბადებული. ძველი სამრელოები ახლა აღარ არის, სახლში იმშობიარა მარინამ. ხიდის გაკეთების დროს ვეღარ მოვახერხე მეუღლის გადმოყვანა. ჩემი ბრალიც იყო, მეც ცოტა ჯიუტი ვარ, ხიდის საქმე უნდა გამეკეთებინა და რუსთავში ვიყავი ერთი-ორი კვირა, რკინა-ბეტონის ქარხანაში ამონტაჟებდნენ, მერე იმისი გადატანა, ტრანსპორტირება. ამასობაში თოვლიც მოვიდა და ამ უგზოობის გამო ვეღარც მეუღლე წამოვიყვანე და კინაღამ შარშიც გავეხვიე. არც ვერტმფრენი იყო, არაფერი იქ არ იყო. კიდევ კარგი, ჩემი უფროსი და, მზექალი, იყო იქ იმ დროს და ის მიეხმარა. გადავრჩით, ჯანმრთელობის მხრივ გართულებები არ ყოფილა, ძალიან კი ვშინდებოდით. მთიელი ქალები ოდითგან კი ეგრე იყვნენ, მაგრამ სიცოცხლესთან თამაში და საერთოდ, სიბრიყვე არ შეიძლება, რაღაცის გამო არ უნდა გააფუჭო საქმე, ძალიან ფრთხილი უნდა იყო.
დამჩემდა ეგ ლექსის წერა, ნიჭი იყო, თუ რა, არ ვიცი... ეგრე კი ვარ... უნივერსიტეტში როცა ვსწავლობდი, ერთხელ, მახსოვს, ჩვენმა სახელოვანმა პოეტმა ტარიელ ხარხელაურმა კალამი მაჩუქა და მითხრა: - აბა, შენ იცი, წერეო... ხანდახან ლექსი შეიძლება ვერ დავწერო, მაგრამ გული მაინც იტყვის რაღაცას... მაინც უნდა ამოხეთქოს სულში ლექსის პწკარმა... მერე თითქოს ტკივილი მეხსნება, სხეულიდან მოწყენის სიმძიმე მშორდება... აი, ასეთ რამეს ვგრძნობ ლექსის წერის დროს.
ლექსი, როგორც კარგი იარაღი, ისეთია. როცა გაგიჭირდება, იარაღის იმედი გაქვს. ლექსი მშველის, ლექსი სალოცავივითაა, ნუგეშია, ისტორიაა ჩემთვის. რუსთველის ქვეყანა ვართ და... ვინც კარგად გრძნობს ლექსის ძალას, ის არ შეიძლება ბეჩავი იყოს. ლექსში ისეთი დიდი განცდაა ჩადებული, რომ დაგაფიქრებს, აგატირებს, აგამღერებს, გაბრძოლებს, ლექსი გაშუღლებს კიდევაც... უზარმაზარი რამაა ლექსი. ყველაზე დიდი, რაც ჩემზე მოქმედებს, ეს პოეზიაა. პოეზია ჩემთვის მკურნალიც არის და დამაფიქრებელიც, ამავე დროს, ძალის მომცემიც. პოეზია სულის სისხლია, სტრიქონში სტრიქონს ადევნებული... ჩემს სულს ლირიკა უფრო იტაცებს...
ლექსს სწრაფად აღვიქვამ, ლექსით უცბათ ვფეთქდები. ერთი სიტყვა თუ მომხვდა გულს, შეიძლება, ბავშვივით ავტირდე. რაღაც კარგად რომ არის ნათქვამი, ძარღვიანად, მერე ვეღარ ვწყნარდები, შეიძლება სულ ესე ვიარო, გონთ ვეღარ მოვდივარ, მაგას ოჯახშიც მამჩნევენ...
ერთხელ მეუღლე გავაჯავრე. გამოვედი და უფალს შევთხოვე: თუკი რაიმე მაქვს პოეზიის და ლექსის შეგრძნება, გამომარიდე, წამართვი-მეთქი. წლები რომ გავიდა, მეუღლე მეუბნება, - დაწერე ლექსებიო! მე ვპასუხობ, რა ვქნა, ღმერთს ახლა თავიდან ვთხოვო წერის ნიჭი დამიბრუნეო?! დავაშავე, ასეთი რამ არ უნდა მეთხოვა. დავაჯერე თავი, რომ აღარ შეიძლება წერა. ახლა კი ვფიქრობ, ხომ შეიძლებოდა, მეთხოვა - უკეთესი მაწერინეო?!.
ლევანთ ნიკო რომ ვახსენე, პაპაჩემის ძმა, იმისი ლექსები აკაკი შანიძეს აქვს გამოქვეყნებული, ხალხურ პოეზიაშიც არის მისი ნაწერები. მოგვდგამს ეგ ჯიში, არ ვიცი, საიდან. მამაჩემიც წერდა ლექსებს ახალგაზრდობაში, და-ძმებიდანაც თითქმის ყველანი - ნოდარი, გიორგი.
ადამიანებში მინდა ვიპოვო მარტო წმინდა სული, უღალატობა, სიკეთე და მეგობრული, ალალი სითბო. ეს არის ჩემი ყველაზე დიდი თხოვნა, თავი რომ ობლად არ ვიგრძნო, მთებში იქნება თუ ბარში.
მთები არაფერს ამბობენ, დგანან და გიყურებენ... ისინი სხვანაირად საუბრობენ... კაეშნიანი სულისთვის მთები არიან ღმერთები!.. მაგრამ ძნელია უხალხოდ დარჩენილი ცხოვრება - არავინ ჩქამობს, არავინ გხვდება. დაგღლის მარტო ცისად მზერა, მიწისად, წყლისად, ეს დუმილიც დამღლელია. მეგობრები ჩემთვის ყველაზე მონატრებული ხალხია. ერთხელ მირზა ჭინჭარაულმა (ბარისახოს ყოფილმა გამგებელმა, ჩემმა მეგობარმა, თავად კარგმა პოეტმა) მომწერა: “მოწყენილია ახლა არდოტ პატარა დანტეო...” მშვენიერი ლექსი მომწერა... მე კი ვფიქრობდი, არც მოწყენილი ვარ და ლექსებსაც ვწერ, მაგრამ თქვენ რა გიყოთ, რომ ვერ გხვდებით-მეთქი.
როცა ქალაქში ჩამოდიხარ და კარგ ადამიანს, კარგ ქართველს ხვდები, ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს: შენს ენაზე, შენს სამშობლოზე რომ აგჩქამდება, შენს ტკივილზე, შენს სიხარულზე, შენს ღმერთზე... მეტი რა არის ადამიანი... როცა დარწმუნდები, ამ ქვეყანაზე ის ნამდვილად სიცოცხლისა და სიკეთისთვისაა მოსული. ბოროტ ადმიანებთან მე ვერ ვძლებდი და ვერ გავძლებ; ბოლოს მაინც ცუდად ვამთავრებ მათთან ურთიერთობას.
მოსისხლე მტრები არა მყვანან, მაგრამ ისე კი არიან, მე ვგრძნობ, დასახელებას რა აზრი აქვს. როცა ცხრა წელს გამგებლად ვიყავი მიღმახევში, იყო ცილისწამება, დაბრალება, არის ეგეთი ხალხიც. ღმერთმა ხომ იცის და ვინც ნამდვილად იცის ჩემი საქმე - მე საკმაოდ მიმტევებელი ვარ, ყველა მაგას მსაყვედურობს. დღეს იმ ხალხს პირზე კოცნით ვხვდები, მაგრამ რომ გაჭირდეს – ომი იქნება თუ ნამდვილი გაჭირვება სამშობლოსი, ვერ ვენდობი, იმიტომ, რომ როცა მართალ კაცს ცილს გწამებენ, ეს მართლა ძალიან დიდი დანაშაულია. უბრალოდ იმაზე მწყდება გული, კაცი რომ ხარ, დადიხარ ამ სამზეოში, ტანიანი, კარგი კაციც ხარ, მოდი, სულითაც ძლიერი იყავი. მაგას განვიცდი ძალიან, როცა ადამიანს სულიერება აქვს დაკარგული, სხეული კიდევ არაფერი არ არის, მე პირველ რიგში სულს ვეძებ ადამიანში, სულის სისპეტაკეს, სულის სიწმინდეს.
ჩვენი ქვეყნის ბედნიერება მენატრება. ნეტა ეს ჭირი გადაშორდეს, ეს გაყინული დრო წავიდეს, რომ ხალხმა იცხოვროს. ხალხიც შეიცვალა სულიერად, დაბეჩავდა, ახლა ყველაფერი ფულთან მიდის. გოგი ოჩიაურს შევხვდი ერთხელ, მოქანდაკეს... სადაა ინტელიგენცია, დახვრიტესო... კი ბატონო, არის ტკივილები, მაგრამ ჩვენ ხომ მაინც ვიზრდებით, ხომ ვცოცხლობთ... ვინც მამულ-წყალს ერთხელ კიდევ გამოაფხიზლებს, იმას გაუმარჯოს... შემრცხვა იმ დღეს: უზარმაზარი კაცი შემოვიდა და კალმისტრებს ყიდდა. ეგეთ რამეს მე ვერ გავაკეთებდი. წავიდეს და იშრომოს სადღაც. პატარა კაცმა კიდევ შეიძლება ჩაიაროს, იმდენად თვალში საცემი არ იქნება... გოლიათი კაცი კალმისტრებს ყიდდეს... ფიქრიც მაპატიოს უფალმა - შეიძლება რა უჭირდა, მაგრამ არ უნდა გადავსხვაფერდეთ. ვცოტავდებით და ფერს ვიცვლით ქართველობა, სულს ვკარგავთ, ძალიან დიდ სულს.
თავმოყვარეობაც არის - მე, მაგალითად, ეგეთ საქმეს მირჩევნია, სადღაც წავიდე და ვიმუშაო. მაგიტომ ვერ ვეგუები ბევრ რამეს. საიდან მოდის ეს ყველაფერი, მიზეზია მთავარი: ხალხი დასასაქმებელია, ქვეყანა ასაშენებელი გვაქვს და სად არის ეს ამშენებელი. ხელისუფლებამ რაღაც უნდა გააკეთოს თავის ქვეყნისთვის. კი არ გავწყდებით, კი არ გადავსხვაფერდებით მთლიანად, მაგრამ ხალხი ნელ-ნელა მაინც შეცვლილია.
აი, ვუყურებ გამარჯვებაში ჩემი გვარის ხალხს, ხევსურობას. დროს ტყუილად კლავენ, მისალმებაც კი სხვაგვარი აქვთ. იმათი წინაპრები სახელს ტოვებდნენ... ეს ხალხი ესე როგორ შეიცვალა, კაცო. სასმელი, უსაქმურობა... მათი მკვდრები ალბათ, სირცხვილით იწვებიან. წადი მთაში და შექმენი რაღაცა. ჩემი სამზირალიდან ვატყობ, ისე არიან გადაგვარებული, რომ ეგ თაობა არ გამოვა, არც შრომა იციან - მარტო მოპარვა და ფულის თხოვნა. ფულიც მიმიცია, მაგრამ მე ხომ ამას განვიცდი, რატომ უნდა იყოს ამ დღეში. ერთი-ორი კი არ არის, მასიურადაა. გამოვლენ, მზე რომ ჩავა, და დადიან ასე.
მე ერთი ის ვიცი, რომ ეს სამშობლო გვაქვს მისახედი და ვინც ამ ქვეყანაზე ვართ, ის ყველას მოსაფერებელია. ომითა და ბრძოლით ქვეყანა დავღუპეთ. ისევ სიკეთე ვაკეთოთ. თვითონ ქართველი უნდა გრძნობდეს, რამდენად შეუძლია თავისი თუ ეროვნული საქმის კეთება, თორემ წინ რა გველის, ღმერთმა უწყის მხოლოდ.
ეს წლები მიდიან და მიდიან, უკან არ დაბრუნდებიან. უკვე შუაკაცობაში მივედი, მაგრამ სიბერეს თითქოს ვერ ვგრძნობ. იმას კი ვგრძნობ, რომ ძალიან ბევრი მომეთხოვება. დაბადების დღეს ყოველთვის სიხარულით ვხვდები. ამავე დროს, იმასაც ვფიქრობ, მშობლებისთვის როგორი ვიქნებოდი, დედა რომ მიყურებდეს ახლა, როგორი ვარ მისთვის?! ეჰ, ვნანობ, დედა მთაში რომ ვერ წავიყვანე. მიმყავდა, მაგრამ ვერ მოხერხდა.
აი, ფიქრის დრო როცა მრჩება, ვწევარ, ვუყურებ მთებს, ან ნაწერებს ვკითხულობ, ჩემს ასაკს ვიხსენებ და მგონია, ამ 48 წელში მე ვერაფერი შევქმენი, ვერაფერი გავაკეთე, უქმად მიმიდის ეს სამზეოს სიარული და გულდაწყვეტილი ვრჩები. რაღაცა უნდა აკეთო კაცმა.
ფოლკლორს რომ გადავავლებ ხოლმე თვალს - სულ ომებში იყო ეს ხევსური კაცი, თან კარგი ყმაც იყო, კარგი ვაჟკაციც, ნაწილიანი, სოფელში საქებარი, სტუმარმასპინძლობაც სანაქებო იცოდა. მიფიქრია, ამ ხალხს ასეთი სახელი ჰქონდა და შენც რაღაც უნდა გააკეთო, თავის გამოსაჩენად კი არა, უბრალოდ, გვარს, თემს, სოფელს, შენს ხალხს რომ გამოადგე. ერთი კაცი მაინც რომ იტყვის, ტყუილად არ გაიარაო ამ წლებში.
რაღაცაში მინდა ეს ჩემი ძალა, მონდომება და ბრძოლისუნარიანობა გამოვიყენო. ჩემს ხეობაში ჩემს ხალხს მინდა რამე გავუკეთო. ასეთ საკითხებში თავმდაბალი კი ვარ, მაგრამ როცა საჭიროა, ბევრი რამეც გადამიტანია, ჩემი პოზიცია არ დამითმია. მიბრძოლია, დავმარცხებულვარ კიდეც, მაგრამ მართალი ვყოფილვარ.
ხმელი წიფელი რომ ხმელი წიფელი იყო, იმანაც კი დატოვა სახელი - ვაჟას მოეწონა და დაწერა, ფრინველები სხდებოდნენ ზედო. კაცი რომ ხარ და სახელს ვერ ტოვებ, აი, ეგ არის სიკვდილი, აი! სამზეოს უქმად სიარული არ შეიძლება!
უგულოდ ნაკეთები არაფერი მინდა, ბოლომდე უნდა შევეწირო საქმეს.
არდოტელები. 1960-იანი წლები. როლფ შრადეს ფოტო
ჩემი სამზირალიდან ვხედავ, ღმერთი რომ არ მიცავდეს და ჩემი ანგელოზი არ მფარველობდეს, შეიძლება ამ სამზეოში აღარ ვყოფილიყავი: სანადიროში სიარული, მტერმოყვრობა, ხან ის, ხან ის... დაქუეხისკენ ზვავდატანილი ბიძაშვილის, ალუდას საძებნელად რომ ვიყავი, ძლივს გადავრჩი. უფლის შეწევნა რომ არა, მე ცოცხალი არ ვიქნებოდი. მადლიერი ვარ და ბედნიერი, რომ უფალმა მომცა სიცოცხლე და ეს სიცოცხლე ისევ უფლისთვის და ქრისტიანობისთვის მქონოდეს დასახარჯი.
2003 წელს არდოტის ღვთისმშობლის, მარიამის სახელობის ეკლესიაში მართლმადიდებლობა მივიღე. ქრისტიანულად ვეზიარე ღვთის ნათელს. ძალიან კრძალვით და რიდით ვიხსენებ იმ დღეებს, ქრისტიანულ ჯვრისწერას ტაძარში, რომელიც თამარ მეფემ ააშენა. იმ ეკლესიაში 1918 წლამდე იყო წირვა-ლოცვა. ხან წყდებოდა, ხან იყო... თამარ მეფეს ჯავრად ჰქონდა, რომ ფხოველნი და ქისტები, ძურძუკნი, საქართველოს მტრები იყვნენ, საქრისტიანოს ვერ მოვაბრუნევიო...
ხევსური კაცი ყოველთვის იყო ქრისტიანი... ვინც ფიქრობდა საქართველოზე, ვინც დარდობდა მამულ-წყალზე, მწერლობაზე, თავის ქართულ ენაზე, პირველ რიგში, თავის სარწმუნოებაზე... ღმერთმა დალოცოს ყველა ის ჭეშმარიტი ქართველი, ვინც საქართველოს კუთხე-კუნჭულებში ქრისტიანობას ავრცელებს.
გული მწყდება, რომ საქართველოში ბევრი კუთხე დამრჩა სანახავი. საინგილოში, კახში ჩავსულვარ - ქურმუხის მდინარესთან, უშბასთანაც მივსულვარ, სადღაც მწვერვალთან მივახლოვდით... მე ერთ რამეს გთხოვთ: იმ ჩვენი წინაპრების ნავალ, ნამუხლარ, ნაოფლარ ადგილებს ნუ დავკარგავთ!..
ბედი მქონია, რომ გადავეყარეთ ამ გზაზე ერთმანეთს - იმედისთვის, ნუგეშისთვის.
სოფიო ჯაფარიძე
სტატია ჟურნალიდან "შინ"