რატომ ვაკურთხებთ ხილს ფერისცვალებას და რით განსხვავდება ის სხვა დღესასწაულებისგან

მართლმადიდებლური სწავლებით, ამქვეყნიური ცხოვრება ადამიანისა სხვა არაფერი უნდა იყოს, თუ არა განუწყვეტელი, თანდათანობითი ფერისცვალება - გადასვლა მიწიერი, ცოდვილი მდგომარეობიდან სულიერ, წმინდა მდგომარეობაში. სულიერი ცხოვრება ქრისტიანისა დღითიდღე უნდა ახლდებოდეს, მაღლდებოდეს. თუ სიცოცხლეშივე არ ვიწყეთ მზადება, ღვთის სასუფეველს ვერასოდეს დავიმკვიდრებთ, ღვთაებრივი ნათლის ხილვის ღირსი ვერ შევიქნებით, რამეთუ რასაც ამსოფლად შევიძენთ, ის გაგვყვება საგზლად იმ ქვეყნადაც. რა ფერსაც მიიღებს სული ამქვეყნიურ ცხოვრებაში, იმავე ფერით წარდგება შემოქმედის წინაშეც. ფერისცვალების შესახებ გვესაუბრება ვაზისუბნის ცხრა ყრმათა კოლაელთა სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური დეკანოზი გუ

რამ გურამიშვილი.

- მამაო, გთხოვთ განგვიმარტოთ, რა მოხდა ფერისცვალებას, რით განსხვავდება ის სხვა დღესასწაულებისგან.

- თორმეტ დიდ დღესასწაულთაგან ფერისცვალება ყველაზე თვალნათლივ მოგვიწოდებს ნათლისაკენ, სიწმინდისაკენ, იმ პირველყოფილი ნათლისაკენ, რომლისთვისაც უცხოა ყოველგვარი ბიწიერება. წმინდა წერილი მოგვითხრობს, რომ უფალმა თავის მოწაფეთაგან პეტრე, იაკობი და იოანე გამოირჩია და მათთან ერთად თაბორის მთაზე ავიდა სალოცავად. სანამ მაცხოვარი ლოცულობდა, დაღლილ მოწაფეებს მიეძინათ. უეცრად ისინი ძლიერმა სინათლემ გამოაღვიძა და იხილეს, რომ იესოს ფერი ეცვალა - სახე მისი მზისებრ გაბრწყინდა, სამოსი მისი განსპეტაკდა, ვითარცა თოვლი, და თვალისმომჭრელ ნათელს გამოსცემდა. ამ დროს უფლის წინაშე წარდგნენ წინასწარმეტყველნი - მოსე და ილია. მაცხოვარს იმ ვნებებზე ესაუბრებოდნენ, იერუსალიმში რომ მოელოდა. როცა წინასწარმეტყველებმა განშორება დააპირეს, პეტრემ მოძღვარს მიმართა: "უფალო, კარგია აქ ყოფნა. თუ გნებავს, გავაკეთებთ სამ კარავს: შენთვის, მოსესთვის და ილიასთვისო". ამ დროს ნათლის ღრუბელმა დაფარა მოწაფენი, ზეციდან კი ხმა მოესმათ: "ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ; მაგისი ისმინეთ". მოციქულები შეშინდნენ და მიწაზე დაემხნენ, მაგრამ იესომ ანუგეშა ისინი: წამოდექით, ნუ გეშინიათო. ადგნენ და იესო ჩვეული სახით იხილეს...

ფერისცვალებით უფალმა მოწაფეებს ხილულად უჩვენა თავისი ღმრთაებრივი დიდება - შეუქმნელი, მარადიული ნათელი. ნათელი, რომელიც მათ სულებს საოცარი სიხარულით, ზეციური სიმშვიდითა და ნეტარებით აღავსებდა. ამიტომაც იყო, პეტრემ იესოს სამი კარვის დადგმა და თაბორის მთაზე დარჩენა რომ სთხოვა. მოციქულს სურდა, მადლი, რომელიც მათ გარშემო ტრიალებდა, დიდხანს არ განშორებოდათ. იმდენად აღტაცებულიყო გაბრწყინებული მაცხოვრის ხილვით, ყოველივე მიწიერი, მთის ძირას რომ დარჩა, არარაობად მიაჩნდა.

არ შეიძლება, არ გაგვიჩნდეს კითხვა: კი მაგრამ, რატომ აირჩია მაცხოვარმა სწორედ ეს სამი მოციქული? რატომ სამი და არა ერთი ან შვიდი? საქმე ის გახლავთ, რომ იმ დროისთვის ამ უდიდესი მოვლენის - უფლის ფერისცვალების დასატევად სულიერად მზად მხოლოდ ეს სამნი იყვნენ: პეტრე - სარწმუნოებით უპირატესი მოციქულთა შორის, იოანე - სიყვარულით უპირველესი და იაკობი - მოწამებრიობით გამორჩეული.

ხილულ სამყაროში მზე უბრწყინვალესია მნათობთა შორის, ამიტომ, როცა სურს, ფერნაცვალი უფლის ბრწყინვალება წარმოგვიდგინოს, მახარებელი მას მზეს ადარებს. თუმცა მზის ფიზიკურ, ბუნებრივ ნათებას ღვთაებრივი, ზეციური ნათელი უსაზღვროდ აღემატება!


- მამაო, ამ დღეს ხილს რატომ აკურთხებენ?
- ეს ის პერიოდია, როცა თითქმის ყველანაირი ხილია შემოსული და ეკლესიაში დამკვიდრდა ტრადიცია ფერისცვალების დღესასწაულზე, წირვის შემდგომ მათი კურთხევისა, რაც სიმბოლურად იმას ნიშნავს, რომ კურთხევით განიწმინდება ადამის ცოდვით შებილწული ხილი და იმ სიწმინდეს იბრუნებს, რომლითაც ედემის ბაღში იყო მოსილი. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები