განსაკუთრებული გოზინაყი - "მეზობელმა, ნინო ბებიამ მასწავლა მისი მომზადების საიდუმლო"

გოზინაყის ტრადიციული რეცეპტი საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, მაგრამ როგორც ყველა კერძის შემთხვევაში, ზოგიერთი დიასახლისის ნახელავი განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობს ხოლმე. ამჯერად სწორედ ასეთი დიასახლისი გიზიარებთ თავის გამოცდილებას, რომელსაც თავის დროზე თურმე ერთმა ბებომ გაანდო მისი მომზადების საიდუმლო.
ცნობილი პოეტი და ძალიან კარგი დიასახლისი ნინო დარბაისელი გოზინაყის დამზადების მისეულ მეთოდს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. მის რეცეპტს უცვლელი სახით გთავაზობთ.
"ოცდათხუთმეტი წელი იქნება, რაც მთელ სანათესაოს მე ვუმზადებ გოზინაყს. სკოლის მოსწავლე ვიყავი, როცა ჩვენმა მეზობელმა, ნინო ბებიამ, გვარად შუბითიძემ მისი მომზადების საიდუმლო მასწავლა. ახალი წლისთვის

მზადებისას მუდამ თვალწინ მიდგას ეს ტკბილი ადამიანი. დღესაც ასეა.
ნათელი დაადგეს!

ერთ კილო დაქნილ ნიგოზზე მაწვნის ქილას რომ ერთი თითის დადება აკლდეს თაფლი და 5-7 ნატეხი შაქარი.

გაიმზადეთ ხის დაფა, საბრტყელებელი ჯოხი და სამუშაო მაგიდა შემდეგნაირად: ფიცარსა და საბრტყელებელ ჯოხზე გადაუსვით ხელისგულზე დასხმული მცენარეული ზეთი თანაბრად, მერე პატარა წყლის ჯამი დაიდგით ახლოს და იმ ჯამიდან ასევე პეშვით ამოღებული ცოტა წყალი გადაუსვით ფიცარსაც და ჯოხსაც. ძველი ხალხი ასე იქცეოდა. მე ცოტა გავამარტივე ეს წესი და პატარა
ცელოფანის პარკს ვიცვამ ხელზე (ერჯერადი ცელოფნის პარკი). მოკლედ მაგიდაც მზადაა, დაზეთილ-დაწყლიანებული დაფითა და საბრტყელებლით, იქვე - წყლით სავსე იმხელა ჯამით, რომ ხელი თავისუფლად მოძრაობს შიგ, შესველება რომ დაგვჭირდეს.
ალუმინის ან რაიმე მისი ტიპის ქვაბში ვასხამთ თაფლს. დაბალ ცეცხლზე ვადუღებთ, ბუშტები რომ კარგად აქაფდება და თაფლი ოდნავ შევარდისფრდება, მაშინ ჩავყრით ჩვენს შაქრის ნატეხებს და გრძელტარიანი ხის კოვზით ვურევთ. შაქარიც რომ გაიხსნება და ერთიან მასად იქცევა ეს ყველაფერი, ვყრით დაჭრილ ნიგოზს... არ დაიბნეთ, თავიდან მოგეჩვენებათ, ვაიმე, რაღაც მშრალივით არის, თაფლი ხომ არ დავაკელიო. ცოტას რომ მოურევთ, იგრძნობთ, რომ "წვენი'' გამოუშვა, მუდმივად ურიეთ დაბალ ცეცხლზე, სულ ოდნავ მოვარდისფრო ფერი რომ იკრას. გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან, ხის კოვზით მთელი ეს მასა ფიცარზე გადაიტანეთ, ჯამში დაისველეთ ხელი რამდენჯერაც დაგჭირდებათ და მასა კარგად "ცემეთ'', რომ ნიგვზები "ჩასხდნენ''. ამის მერე წყლით დასველებული ზეთიანი საბრტყელებლით გაზიდეთ სიგრძე-სიგანეში თანაბრად და ნაპირები ისე მოუსწორეთ თანდათანობით, რომ დაჭრისას ჩამონაჭრების ხარჯი არ მოგივიდეთ.

არ დაგავიწყდეთ, ბრტყელებას რომ დაამთავრებთ, ცხელივე დაჭერით და სახით დაბლა გადააწყვეთ ოდნავ ზეთწასმულ ლანგარზე".

ნინო დარბაისელი

კომენტარები

ეთერი 2016-12-14 22:32
მოდუღებული თაფლი უნდა ჩავაწვეთოთ წყლალში, თუ არ გაიხსნა ესეიგი მზადაა, მე ჩამონაჭერებს წყლიანი ხელით ვამრგვალებ და პატარა ბურთებს ვაკეთებ

კომენტარის დამატება