ცნობილი დიზაინერის თბილისური სახლი და აგარაკი წყნეთში

ქართველი დიზაინერი ლაკო ბუკია მეუღლესთან, 10 თვის შვილსა და ძაღლთან ერთად ვაკეში, ახალაშენებულ კორპუსში ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ პატარა შვილი ჰყავს, ლაკო აქტიურად საქმიანობს, მონაწილეობს მოდის კვირეულებში, მუშაობს ახალ კოლექციაზე და შემოთავაზებები აქვს პარიზიდან. დიზაინერს თავდაპირველად ვაკეში, ერთ-ერთ მშვიდ ქუჩაზე მდებარე სახლში ვეწვიეთ, შემდეგ კი წყნეთში გადავინაცვლეთ, რათა თბილისურ ბინასთან ერთად თქვენთვის მისი წყნეთის აგარაკიც გვეჩვენებინა.

- მუხაძის ქუჩასთან ძალიან კარგი მოგონებები მაკავშირებს. აქ ჩემი თინეიჯერობის პერიოდში ვცხოვრობდით, ოღონდ მაშინ სხვა სახლი იდგა. მერე ის დაინგრა და ახალი კორპუსის მშენებლობა
სულ ახლახან დასრულდა. ერთი წელიც არ არის, რაც გადმოვედით. მანამდე ბაგებში ვცხოვრობდით, მე-16 სართულზე. მე ბავშვობიდან მაქვს ლიფტის პრობლემა, ორსულობის პერიოდში კი გამიმძაფრდა და საერთოდ ვეღარ შევდიოდი, ფეხით ავდიოდ-ჩავდიოდი, ძალიან რთული იყო და ამიტომ გადავწყვიტეთ, აქეთ გადმოვსულიყავით. 9 წლის განმავლობაში ვცხოვრობდი ლონდონში, ნიუ-იორკში, სადაც სულ მოძრაობაა, სიცოცხლე იგრძნობა და მივეჩვიე ხალხმრავლობას. გასაგებია, დღეს ყველას ჰყავს მანქანა და ადვილია გადაადგილება, მაგრამ როცა ყველაფერი ახლოსაა - აფთიაქი, კვების ობიექტი, პარკი და ფეხით შეგიძლია მიხვიდ-მოხვიდე, ეს უკეთესია. თან, მე ვმუშაობ, ჩემი სტუდია მაქვს, და თავისუფალი გრაფიკის წყალობით შემიძლია, შინ შემოვირბინო ლანჩის პერიოდში, დავხედო ჩემს შვილს, მოსახერხებელი ადგილმდებარეობა კი ამის საშუალებას იძლევა და ეს დამატებითი კომფორტია.



ბინა თანამედროვე სტილშია გადაწყვეტილი, სადა კედლებს კონტრასტული ფერის ავეჯი და ფარდები კარგად ეხამება.

- ბაგების სახლი დიზაინერ ნინო ნოზაძის დახმარებით გავაკეთეთ და მართლა განსხვავებული და უცხო გამოვიდა. ეს კი პროფესიონალის გარეშე, ჩვენი გემოვნებით გავარემონტეთ. კარგია, როცა დიზაინერი გიკეთებს, თუმცა, მან ბოლომდე უნდა გაითვალისწინოს ყველა წვრილმანი - ვინ იცხოვრებს ამ სახლში, როგორი ცხოვრების წესი და რა ინტერესები აქვთ ამ ადამიანებს, და ა.შ.



სახლი არაა მუზეუმი, რომ შეხვიდე და დაათვალიერო, ესაა ადგილი, სადაც ყველაზე კარგად უნდა იგრძნო თავი და გიხაროდეს მისვლა. ბაგების ბინის გამოცდილება გამოგვადგა და აქ კომფორტსა და პრაქტიკულობაზე გავამახვილეთ ყურადღება.


მისაღებში ტელევიზორის ირგვლივ შემოწყობილი რბილი სამეული კომფორტის ზონას ქმნის, კედლებზე თანამედროვე მხატვრებისა და ფოტოგრაფების ნამუშევრები კიდია.

- ჩემი და გალერისტია, მან მეგობრებთან ერთად დააარსა მოძრავი გალერეა, კონტეინერშია მოთავსებული და ქართველ თანამედროვე მხატვრებს წარადგენენ მსოფლიოს ბაზარზე. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ მან დამაახლოვა და გამაცნო თანამედროვე ხელოვანები და რასაც აქ ხედავთ, ყველაფერი მისი გალერეიდან არის წარმოდგენილი.

დიზაინერის სახლი სტუდიოს ტიპისაა. სამზარეულოში თეთრი და ხისფერი ჭარბობს.

- მზარეულობა მიყვარს, მაგრამ კარგი იქნებოდა, უკეთესად გამომდიოდეს (იცინის). კულინარიული გადაცემები მაინტერესებს და სულ ვუყურებ, ვთვლი, რომ ეს ცალკე პროფესიაა. იმდენივე დრო უნდა დაახარჯო მზარეულობას, რამდენსაც საკუთარ საქმეს ახმარ, რომ შედეგი გქონდეს და წარმატებას მიაღწიო. ჩემთვის მოყვარულის დონეზე რაღაცას კი ვაკეთებ, მაგრამ რეალურად დიდ დროს სამზარეულოში არ ვატარებ. იმისათვის, რომ ამ სივრცეში თავი კომფორტულად იგრძნო, დიასახლისს უნდა ჰქონდეს ბევრი სათავსო, დიდი ადგილი პროდუქტის დასაჭრელ-გასამზადებლად და ეს ყველაფერი, ბუნებრივია, ახლოს უნდა იყოს წყალთან. ყველა დია სახლისმა სამზარეულო თვითონ უნდა მოაწყოს და მოირგოს. შეიძლება მაღალი დონის სამზარეულო გქონდეს, მაგრამ კომფორტს არ გიქმნიდეს, ამიტომ დეტალებს დიდი მნიშვნელობა აქვს.


რაც შეეხება სტუმრების თემას - მოგეხსენებათ, პატარა ბავშვი გვყავს, ხმაურზე რეაგირებს, იღვიძებს და მაინცდამაინც ხშირად არ მოდიან ხოლმე, მაგრამ ზოგადად, მიყვარს სტუმარი, ხალხმრავლობა. ამ მხრივაც ბევრად კარგი იყო ჩვენთვის ვაკეში გადმოსვლა, მეგობრები უცებ შემოივლიან ხოლმე, შეიძლება ვიღაც გზადაა, ვიღაცას არ აქვს დიდი დრო და ცოტა ხნით ახერხებს შემორბენას. ბაგებში მოსვლა კი წინასწარ უნდა დაეგეგმათ, დაერეკათ, აქ უფრო სხვანაირადაა და ეს მომწონს.

ლაკოს შვილის - იკას თეთრ ოთახში, ასევე თეთრი ავეჯი დგას, ცისფერი ტონალობა კი კედლის დეკორით და ფარდებითაა შეტანილი.

- ბავშვმა მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება. ზოგადად ემოციური ვარ, არ მიჭირს სიყვარულის გამოხატვა, მაგრამ იკამ უფრო მაგრძნობინა, რა არის რეალური სიყვარული (იღიმის), უფრო გავხალისდი და ცხოვრებას სხვა ინტერესი მიეცა. ალბათ მეც გავიზარდე, ნაკლებად ვნერვიულობ იმ სისულელეებზე, რაზეც ადრე უფრო ვღელავდი, სხვა პრიორიტეტები გამიჩნდა, ზოგადად გადაფასება მოხდა. როცა ვთქვათ, ქვეყნის ფარგლებს გარეთ, საქმის გამო მიწევს წასვლა, ძალიან მიჭირს ხოლმე მისი დატოვება, მაგრამ ვთვლი, რომ ყველა ადამიანს სჭირდება განტვირთვა და გასვლა.


ლაკოს თბილისური ბინის შემდეგ წყნეთის აგარაკზე გადავინაცვლეთ. სახლი არც ისე დიდი ხნის წინ, აშენებულ-გამზადებული შეუძენიათ:










- დაახლოებით 10 წელია, რაც წყნეთში აგარაკი გვაქვს. როცა შევიძინეთ, თითქმის მთლიანად გაკეთებული იყო, მოწყობაზე კი უკვე დედამ იზრუნა. როგორც ჩანს, ძალიან გემოვნებიანმა ადამიანმა გააკეთა და მერე გაყიდვა მოუწია. წყნეთთან კარგი მოგონებები მაკავშირებს. ჯერ მარტო იმიტომ მიყვარს იქ ასვლა, რომ მთელი ოჯახი ერთად ვიკრიბებით, ერთად ვცხოვრობთ, გვაქვს აუზი, ხშირად მოდიან მეგობრები, მხიარულებაა. საერთოდ, ძალიან მიყვარს ზაფხული, დათვივით ვარ, შემიძლია ზამთარში დავიძინო და ზაფხულში გავიღვიძო, შეიძლება ითქვას, ამ სეზონზე ვცოცხლდები, წყნეთიც ზაფხულთან ასოცირდება და განსაკუთრებული ემოციები მაქვს.

ციცი ომანიძე

კომენტარები

მანანა 2024-02-12 10:25
და, ფიჭვნარის გაჩეხვის უფლება საიდან
Nina 2019-08-01 10:57
Tipiuri saxlia.veraferi gamorcheuli ver davinaxe.dizaineris saxls namdvilad ar hgavs.
კატო 2018-12-26 19:45
აბა დიზაინი?!

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები