ცნობილები, რომლებსაც სახლებში საინტერესო ანტიკვარები აქვთ

არ ვიცი, ძველებური ნივთების მიმართ სიყვარული ოჯახური ტრადიციებიდან მოსდგამთ ადამიანებს, თუ ესეც გემოვნების საკითხია, მაგრამ ჩვენს ირგვლივ მრავლად არიან ისეთები, ვინც მრავალსაუკუნოვან, ანტიკვარულ ნივთებს სახლებში ინახევენ და ამით ამაყობენ კიდეც. ამბობენ, თითოეულ ნივთს, ძველი მეპატრონის აურა მოჰყვებაო, მაგრამ რამდენად რეალურია ეს, ალბათ ძნელი სათქმელი იქნება. ფაქტი კი ერთია, თუ ძველებური ნივთი, ძვირფასი ადამიანის დანატოვარია, ის მფლობელისთვის განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს.
ამის კარგი მაგალითია რუსთაველის თეატრის მსახიობი მარინა კახიანი, რომელიც შუაგულ თბილისში, არქიტექტურული თვალსაზრისით გამორჩეულ სახლში ცხოვრობს. წლების განმვალობაში ამ კორპუსის მკვიდრნი
მაღალჩინოსნები და სახელმწიფო მოხელეები იყვნენ. ყველა აქციამ თუ მღელვარებამ სწორედ ამ ნაგებობის „ზურგზე“ გადაიარა. მსახიობის რამდემიე საუკუნოვანი სპარსული ავეჯი, ბებიისეული ბუფეტი, დედამთილის ნაჩუქარი „სეკრეტერი“ თითქოს სიძველითა და ისტორიების სიმრვალით ტოლს არ უდებს მრავლისმნახველ ქუჩასა და კორპუსს.


მარინა კახიანი:
- 32 წელია აქ ვცხოვრობ, მე და ჩემმა მეუღლემ, რეჟისორმა გია მატარაძემ, ამ სახლში 7 წელი გავატარეთ. მე-18 საუკუნის სპარსული ავეჯი ჩემი მშობლებისაა. მე პატარა ვიყავი, როცა შეიძინეს. დედაჩემს ძველებური ავეჯი ძალიან უყვარდა და ხშირად სტუმრობდა ანტიკვარულ საკომისიოებს. ამპირის კამოდი-გორკა და ხალიჩაც იმდროინდელი შენაძენია. ბებია-ბაბუის ნაქონი ძველებური ბუფეტი სამზარეულოში დგას და ძალიან მიყვარს, ბავშვობას მახსენებს. ბუფეტის სახელურზე ჩამოკიდებული კასტანიეტები ესპანეთიდან ჩამოვიტანე. სხვათა შორის, დედაჩემის სიყვარული ძველებური ნივთების მიმართ მეც გამომყვა და მისი მადლობელი ვარ, რომ ძველი ავეჯი არ გადაყარა და ასე ვთქვათ, შემინარჩუნა. პიანინო არის „ციმერმანის“ ფირმის, აქ ფოტოები, პრიზები და დიპლომები მიწყვია.„სეკრეტერი“ ჩემმა დედამთილმა პირადად მაჩუქა. სამწუხაროდ, მასთან მხოლოდ 3 წლის მანძილზე მომიწია ურთიერთობამ. ჯერ დედამთილი გარდაიცვალა, მისი ორმოცის შემდეგ - მამამთილი, რომელმაც კიდევ ერთხელ დაუმტკიცა მას დიდი სიყვარული.

იხილეთ ვრცლად: მარინა კახიანის სახლი ანტიკვარული ავეჯით - „ამ სახლმა და მისმა ბინადრებმა ბევრ რამეს გაუძლეს“

ქართველი დივა ნანი ბრეგვაძე ვაკეში შვილთან და შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს. მათთან სტუმრობისას გიდობა ეკა მამალაძემ გაგვიწია. კლასიკურ- რეტრო სტილში გაადწყვტილ ბინაში უმარავი საინტერესო ნივთია წარმოდგენილი, თუმცა სიძველითა და მნიშვნელობით ყველაზე გამორჩეული რომანოვების ისტორიული ხალიჩაა, რომელიც ქალბატონი ნანის მისაღები ოთახის კედელზე საპატიო ადგილს იკავებს.

ეკა მამამლაძე:
- ამ სახლში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი რომანოვების ხალიჩაა. უკვე იმდენი ხნისაა, რომ შეიძლება ითქვას, ყავლი გაუვიდა. ხედავთ, გაქექილია, ზუსტად იმ ადგილას, სადაც იჩოქებდნენ ხოლმე. ეს ისტორია დეტალებში არ ვიცი, მაგრამ ერთ-ერთ რომანოვს ცოლად ჰყავდა ბაგრატიონ-მუხრანსკის ქალი, რომლის და მანია გაუთხოვარი იყო. რომანოვის მეუღლემ ეს ხალიჩა თავის დას მისცა, რომელიც აქვე ახლობლად ცხოვრობდა. მანიაზე დედაჩემის უახლოესი მეგობარი ზრუნავდა. სწორედ მასთან საუბრისას წამოცდა ერთხელ, თუ ამ ხალიჩის გაყიდვა გადავწყვიტე, მხოლოდ ნანის მივყიდი, სხვას არავისო მართლაც ასე მოხდა.


იხილეთ ვრცლად: როგორ მოხვდა რომანოვების სამეფო ხალიჩა ნანი ბრეგვაძის ოჯახში

მაკა მახარაძე ამჟამად სწორედ იმ ბინაში ცხოვრობს, სადაც თავის დროზე ნატო ვაჩნაძისა და ნიკოლოზ შენგელაიას ოჯახი ცხოვრობდა. ამ ბინას ქალბატონი ნატოსა და ბატონი ნიკოლოზის შემდეგ რამდენიმე მფლობელი ჰყავდა. 16 წლის წინ კი სახლი მაკა მახარაძის ქალიშვილმა, ნატო მურვანიძემ და სიძემ ნიკა თავაძემ შეიძინეს. აღმოჩნდა, რომ ნატოს ძალიან ჰყვარებია ძველებური ნივთები და უმეტსი მათგანი მშრალ ხიდზე შეუძენია, თუმცა, რასაკვირველია, ოჯახს აქვს წინაპრების მიერ შემორჩენილი ანტიკვარებიც.

ნივთებზე საუბრისას მაკა მახარძე აქცენტს მათი ოჯახისთვის ზეისტორიულ სავარძელზე აკეთებს:

- დედაჩემის მშობლებისეული სავარძელი ჩვენთვის ზეისტორიული, ძალიან მნიშვნელოვანი ნივთია. მანამდე არ ვიცი, ვისი იყო, საკმაოდ ძველი დროის ნაკეთობაა. დედას ერგო მზითევში და დაწესებული იყო - ქალის ხაზით გადადიოდა. თუმცა, ჩემთან ამ ნიშნით არ მოხვედრილა. საქმე ასე იყო: მამაჩემმა, კოტე მახარაძემ ერთი მსახიობის თეატრი როცა დააარსა, პირველი სპექტაკლისთვის „რაც მტრობას დაუნგრევია“ ესაჭიროებოდა სავარძელი. იმ პერიოდში დედა და მამა დიდი ხნის განქორწინებულები იყვნენ, მაგრამ ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. დედამ მამას ათხოვა ეს სავარძელი და თითქმის ყველა სპექტაკლში მამაჩემისთვის თანმდევი რეკვიზიტი გახდა. ჩემთან კი სავარძელი მამის გარდაცვალების შემდეგ აღმოჩნდა.
ეს ჭიქის ჩასადგმელი კი მამიდას სახსოვარია. ის სუხიშვილების ანსამბლის პირველი თაობის მოცეკვავე იყო, ძალიან დახვეწილი ქალბატონი და თავისი წეს-ჩვეულებები ჰქონდა. მაგალითად, არასდროს გამოუყენებია ქაღალდის ხელსახოცები, მით უმეტეს ცხვირსახოცები. როცა ჩემთან მოდიოდა და ჩაის ჩვეულებრივ ჭიქაში ვუსხამდი, გიჟდებოდა. ამიტომ ერთხელაც მაჩუქა ჭიქა თავისი ჩასადგმელით, თან კოვზიც მოჰყვებოდა. როცა მოვალ, ჩაი ყოველთვის ამით დამალევინეო, - მითხრა. სამწუხაროდ, იმის შემდეგ ჩაი ჩვენთან აღარც დაულევია.


იხილეთ ვრცლად: მაკა მახარაძის სახლი და იშვიათი ნივთები
ციცი ომანიძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები