რკინისა და ხის სიყვარულით შექმნილი ნამუშევრები - ავეჯის ქართველი დიზაინერის შოურუმი

არც ისე დიდი ხნის წინ თბილისს კიდევ ერთი ავეჯის შოურუმი შეემატა. შესაძლოა, ამ ამბავში განსაკუთრებული არაფერი იყოს, თუ არ გავითვალისწინებთ, რომ ესაა ადგილი, სადაც სახელოსნო და შოურუმი ერთ სივრცეშია მოთავსებული, რაც დაინტერესებულ ადამიანს საშუალებას აძლევს, ნახოს, სად და როგორ მზადდება ავეჯი, რომელმაც შემდეგ შეიძლება, მის საკუთრებაში გადაინაცვლოს. ზემოხსენებული ავეჯის სახელოსნო-შოურუმის სულისჩამდგმელი ნიკუშა მენაბდიშვილია, რომელმაც აქამდე მრავალფეროვანი გზა გამოიარა. ნიკუშას სასაუბროდ შოურუმში ვეწვიეთ...



- სოფლიდან ვარ. ბავშვობიდან ვჭიდაობდი, ძიუდოისტი ვიყავი. თბილისში 12 წლის ასაკში ჩამოვედი და სპორტსკოლაში გავაგრძელე სწავლა, მაგრამ მერე
სპორტს თავი დავანებე, ალბათ იმიტომ, რომ არ მქონდა მიზანი, არც კვარცხლბეკზე ასვლის სურვილი. ეს იყო დაახლოებით 2005-2006 წელი, პერიოდი, როცა ჩვენს ქვეყანაში ბევრი რამ იცვლებოდა, მათ შორის წარმოდგენები, შეხედულებები, თუ მანამდე მხოლოდ ერთი - ქუჩური გზა არსებობდა, ახლა უკვე სწავლას ფასი და აზრი ეძლეოდა. ამიტომ მეც გადავწყვიტე, მესწავლა - მოვემზადე და 21 წლისამ ჩავაბარე ილიას უნივერსიტეტში, სხვათა შორის გრანტიც ავიღე, არადა, ფაქტობრივად მე-5 კლასიდან სკოლაში არ მივლია.



- პროფესია როგორ აირჩიეთ?

- მამიდაჩემი რაიონში კულტურის სახლის დირექტორი იყო, ჩვენს სოფელში, ვაჩნაძიანში, ვინ აღარ ჰყავს ჩამოყვანილი - ეპატიჟებოდა კულტურის და ხელოვნების წარმომადგენლებს და კარგ საღამოებს, შეხვედრებს აწყობდა. ეგ იყო მაშინდელი ანდერგრაუნდიც და ყველაფერიც. გარდა ამისა, გვქონდა კინოჩვენებები, კულტურის სახლში არსებობდა წრეები - ჩონგურის, სალამურის, ცეკვის, მოკლედ რომ ვთქვა, მამიდა ხელს უწყობდა სოფელში კულტურის განვითარებას. იმ პერიოდში პატარა კი ვიყავი, მაგრამ ასეთმა გარემომ ეტყობა, მაინც იქონია გავლენა ჩემზე. როდესაც უნივერსიტეტში ვაბარებდი, ავირჩიე მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი. მეორე კურსზე, როცა უკვე საგნები მე უნდა ამერჩია, ხელოვნებათმცოდნეობაზე შევჩერდი. არც მინანია, საინტერესო ლექტორები მყავდა. სტუდენტობის პერიოდშიც და სწავლის დამთავრების შემდეგაც ვცდილობდი, რაიმე პროგრამის მეშვეობით დავსაქმებულიყავი, მაგრამ არაფერი... მივხვდი, რომ ან დისტრიბუტორად უნდა მემუშავა, ან ბანკში, ან პოლიციაში, ან ჯარში, მაგრამ დიდად არც ერთი არ მხიბლავდა. იმ პერიოდში მოვიყვანე ცოლი, ქეთი მაჭავარიანი, რომელიც უნივერსიტეტში გავიცანი. ცოლი კი მოვიყვანე, მაგრამ საწოლი არ გვქონდა, იატაკზე გვეძინა, წავედი და გუგა კოტეტიშვილს ვთხოვე საწოლის ესკიზი, ამიხსნა ძალიან მარტივად, რა და როგორ უნდა გამეკეთებინა. იქიდან გამომდინარე, რომ მამაჩემს თავის დროზე ჰქონდა უზარმაზარი ხის საამქრო, სადაც ავეჯს ამზადებდა, ამ საქმესთან შეხება მქონდა. მერე მამამ რუსეთში ააწყო ეს საქმე და იქ საქმიანობდა, სანამ დაიღუპებოდა. სახლში ინსტრუმენტები გვქონდა და ყოველთვის მომწონდა ჩხირკედელაობა. 10 წლისამ ჩოგბურთის მაგიდაც კი გავაკეთე. მოკლედ, რჩევის მიღების შემდეგ მივედი ელიავაზე ხელოსანთან და ვუთხარი, რისი გაკეთებაც მინდოდა. რომ ვუყურებდი, როგორ ადუღებდა ხელოსანი დეტალებს, ჰაერში მტვრის და რკინის ნაწილაკები როგორ იბნეოდა, ძალიან ვისიამოვნე პროცესით, ჩავერთე და მომეწონა.



ამის პარალელურად, გეტყვით იმასაც, რომ დედაჩემი მკერავია, სახლში ყოველთვის გვქონდა ძვირფასი ქსოვილები. ერთ ზამთარს, საქმე რომ არ მქონდა, ქუდების კერვა დავიწყე, სხვათა შორის, ეს კიმონოც ჩემი დიზაინით შეკერა დედამ. ჩვენი სახლის გვერდით, სალონში მუშაობდა ერთი გოგო, რომელსაც ვანახე ჩემი შეკერილი ქუდები. ერთხელაც მითხრა, რომ მამამისი რკინაზე მუშაობდა. მეც ავდექი და შევთავაზე, ფართი ვიქირაოთ, მე შეკვეთებს ავიღებ და მამაშენმა გააკეთოს-მეთქი. ასეც მოვიქეცით და ავტოფარეხში დავიწყეთ საქმიანობა. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, ამ ადამიანს ინსულტმა დაარტყა, რა თქმა უნდა, მუშაობა აღარ შეუძლია, მაგრამ სულ ვეუბნები, მოდი და როცა გინდა, იფუსფუსე-მეთქი, დღემდე გვეხმარება რაღაცებში. მოკლედ, ავტოფარეხში გავაკეთე სახელოსნო. ვიღებდი შეკვეთებს, დავდიოდი ხელოსნებთან, ვეკითხებოდი, რა და როგორ უნდა გამეკეთებინა. 5-6 თვეში შევიცვალე სახელოსნო და ამ ტერიტორიაზე, ოღონდ სხვა შენობაში გადმოვედი. მუშაობის პროცესი ჩემთვის დიდი სიამოვნებაა. შეიძლება ესკიზი გქონდეს, მაგრამ მასალამ – რკინამ, ხემ არ მოგცეს საშუალება, გააკეთო ისე, როგორც ჩაფიქრებულია, ამიტომ გიწევს სხვა კონცეფციაზე მუშაობა, ცოცხალი და ძალიან საინტერესო პროცესია. მოკლედ, ავიღე სტარტი და ვმუშაობდი და ვმუშაობდი, ნამუშევრები რომ დამიგროვდა, გავაკეთე გამოფენა, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა, მეტიც, ავეჯის დიდი ნაწილი სწორედ იმ სივრცემ დაიტოვა, სადაც ეს გამოფენა მოვაწყვეთ. ამის შემდეგ დიდი შეკვეთები წამოვიდა.



- ეს სივრცე, სადაც ახლა ვართ, შენი და გუგას ერთობლივი პროექტია?

- გუგა არის ჩემი მასწავლებელი. დიდი კომფორტია, როცა გვერდით გყავს მისნაირი ადამიანი და გეძლევა საშუალება ჰკითხო, მოისმინო მისი დარიგება. ერთობლივი მუშაობისას ჩვენც გვქონდა კრიზისი და გადავწყვიტეთ, ცალ-ცალკე გაგვეგრძელებინა. ზუსტად მაშინ უფრო დიდი პასუხისმგებლობა ვიგრძენი და მეტად „მივაწექი“ საქმეს. ამ დროს, პირველ რიგში, საკუთარ თავს უმტკიცებ, რომ შეგიძლია. გუგა ყოველთვის ჩემი დიდი გულშემატკივარია.



- რაც შეეხება ტენდენციებს ავეჯის დიზაინში, რა არის აქტუალური და რას ითხოვენ ძირითადად?

- მე მაგალითად, ვმუშაობ ხეზე და რკინაზე. დიზაინს განაპირობებს მოცემულობები და მასალა, რითაც ვმუშაობთ. პროცესში შეიძლება დიზაინი შეიცვალოს, იმიტომ, რომ ჩვენ როგორც წარმოგვიდგენია, ისე არ დამუშავდეს. ხშირად ამას ძველებურ სტილს ეძახიან, რაც მაღიზიანებს, ეს არ არის ძველებური სტილი. ასეთ, ბუნებრივ ნამუშევრებში უფრო მეტად იგრძნობა ადამიანი, სითბო, ემოცია, აურა. იმიტომაცაა ძვირფასი ხე და რკინა, რომ ამ ენერგიას ინახავს.



- ინტერიერის ავეჯის გარდა, ექსტერიერის ავეჯზეც მუშაობთ...

- ჩემი ნამუშვრები ფუნქციურად მრავალფეროვანია. აი, მაგალითად, სავარძელი შეიძლება გამოიყენო როგორც ეზოში, ტერასაზე, ვერანდაზე, ასევე ოთახშიც, დაალაგებ ბალიშებს, იქნება რბილი და მოიხმარ კომფორტულად.

- შეგიძლიათ ურჩიოთ ჩვენს მკითხველს, როგორ შეიძლება მარტივად გააახლო ძველი ნივთი?



- ყველაზე მარტივი გამოსავალია საღებავი. შეღებვის დროს, სადაც პატარა ხარვეზია, იქ შეიძლება გახეხო. იდეალური ფორმის გამოყვანაზე არ უნდა ჩაიციკლო, მთავარია, ხელს რომ გადაუსვამ უხეში არ იყოს. ფერს რომ შეუცვლი, ნივთი ცოცხლდება და სრულიად სხვა ხდება.

- მეუღლე რამდენადაა ჩართული შენს საქმიანობაში, თუნდაც იდეების დამუშავების პროცესში?



- მეუღლე ზრდის ორ შვილს, უფროსი 4-ნახევრისაა, პატარა - 2-ნახევრის. ახლა ორივე ბაღში მივიყვანეთ, ჩემს მეუღლესაც გამოუთავისუფლდა დრო, და უკვე აქვს საშუალება, სხვა რაღაცებზეც დაიწყოს ფიქრი, მოდის ხოლმე აქ და ცდილობს, დამეხმაროს.

ციცი ომანიძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები