ექკსლუზიური ინტერვიუ მსოფლიო ვარსკვლავების რჩეულ ქართველ მხატვართან

მხატვარ ეკა ფერაძის სახელი არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოშია ცნობილი. მეტიც, ეკა ფერაძე უკვე ბრენდია, რომელზეც არჩევანს აკეთებენ ცნობილი კოლექციონერები და ჰოლივუდის ვარსკვლავები. მაგალითად, მის მიერ შექმნილი კორსეტები აქვთ ანჯელინა ჯოლისა და კრისტინა აგილერას. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაკავებულია, არ ავიწყდება ადამიანები, ვისაც დახმარება სჭირდება და ხშირად მართავს საქველმოქმედო გამოფენებს.

- ეკა, საუბარი შორიდან დავიწყოთ. 1995 წელს, თოიძის სასწავლებლის დასრულების შემდეგ სასწავლებლად გერმანიაში გაემგზავრეთ. რა სირთულეებთან იყო დაკავშირებული უცხო ქვეყანაში ფეხის მოკიდება და შემდეგ უკვე თავის დამკვიდრება?
- ადამიანს,
სადაც უნდა წავიდეს, სირთულეები ყველგან ხვდება, მით უმეტეს მისთვის უცხო ქვეყანაში და განსხვავებული მენტალიტეტის მქონე ხალხში. იოლი გზა ნამდვილად არ გამივლია. საქართველოდან მეუღლესა და ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად წავედი. დღეს, ნამდვილად არ ვნანობ ჩემს გადადგმულ ნაბიჯს, პირიქით, ძალიან ბედნიერი ვარ და მადლობა უფალს ამისთვის.



- ალბათ დიდი გამოცდილება მოგცათ გერმანიამ. რომ არა ეს ქვეყანა, როგორი იქნებოდა ეკას შემოქმედებითი ცხოვრება?
- როცა საქართველო დავტოვე, მაშინ ქვეყანაში საკმაოდ მძიმე მდგომარეობა იყო, შემოქმედებაზე ხომ საუბარიც ზედმეტია. იმ დროს, ჩემს სფეროში მუშაობით, თავს ნამდვილად ვერ ვირჩენდი, მაგრამ დღეს უკვე სხვა სიტუაციაა. მაშინ საქართველოში არ არსებობდა: მობილური, კომპიუტერი, ინტერნეტი, ადამიანები განათლების მისაღებადაც კი ვერ ტოვებდნენ საზღვრებს. ახლა შედარებით ადვილია, შენი შემოქმედებით წარდგე მსოფლიოს წინაშე. დღევანდელ დღეს შრომისმოყვარე ადამიანი ყველაფერს მიაღწევს. დაუზოგავი შრომა, განათლების მიღება და საკუთარი თავის განვითარება - ესაა წარმატებული ცხოვრების ფორმულა. რომ არა გერმანია, საქართველოშიც ასეთივე შრომისმოყვარე და ბრძოლისუნარიანი ვიქნებოდი. ბევრისგან მსმენია - გაუმართლაო. მე ასე არ ვფიქრობ. მეტ-ნაკლებად ყველას გვიმართლებს ცხოვრებაში, მაგრამ იმ მომენტში შეფასების უნარია საჭირო. ვინც ამას დროულად და სწრაფად აკეთებს, საჭირო დროს, საჭირო ადგილას აღმოჩნდება, რასაც ჩვენ გამართლებას ვეძახით. პირადად მე, ამის შეფასების უნარი არ მაქვს, ამიტომ გადავწყვიტე, ბევრი ვიშრომო და თავად მივიდე იმ ადგილას, სადაც მსურს ყოფნა. აქედან გამომდინარე, ჩემი ხედვა ასეთია, თუ ადამიანს უყვარს შრომა, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია.

- პირველი გამოფენა ბერლინში გქონდათ, თქვენს შემოქმედებას დღეს უკვე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იცნობენ. როგორი იყო თქვენი ემოციები, როცა გამოფენა პირველად საქართველოში გამართეთ...



- ძალიან რთულია ევროპაში კარგ გამოფენებში მონაწილეობის მიღება, შეიძლება ითქვას, შეუძლებელიც კი, განსაკუთრებით მაშინ, თუ ზუსტად არ იცი და არ გაქვს მოქმედების გეგმა. თუმცა, როგორც ყველა პატრიოტისთვის, ჩემთვისაც, საქართველოში გამოფენების მოწყობა ყველაზე ძვირფასია. საქართველო ჩემი სამშობლოა და უპირატესობას ქართველ დამთვალიერებელს ვანიჭებ. ყოველთვის ვცდილობ, ქართველებმა პირველებმა იხილონ ჩემი ახალი ნამუშევრები, მათ სხვანაირი შეფასება იციან, ამიტომაც არიან პრიორიტეტულები ჩემთვის, ევროპაში მხოლოდ სახელი აინტერესებთ.

- თქვენი ნახატები ინტერიერსაც საოცრად ერგება - ამის ბევრი მაგალითი გვინახავს. სპეციალურად ხატავთ ხოლმე ნამუშევრებს ინტერიერისთვის და თუ ითვალისწინებთ ამ დროს ამა თუ იმ სივრცის შესაძლებლობებს?
- ინტერიერისთვის ისეთ ნამუშევრებს ვქმნი, რომ მათი 90 % ნებისმიერ თანამედროვე დიზაინში ჯდება. მაქსიმალურად ვცდილობ, ნახატიდან სითბო მოდიოდეს. ზოგადად, ადამიანები ნახატებს ინტერიერის მიხედვით არჩევენ, მაგრამ ბევრი ჩემს ნახატს ურჩევს ინტერიერს. წარმომიდგენია, რამდენად ძვირფასია ჩემი ნამუშევარი ასეთი ადამიანებისთვის. მართალია, მე ვხატავ ინტერიერისთვისაც, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ მსურს სხვისი რჩევებით შევქმნა ნახატი, ასეთ შემთხვევაში ის ჩემი აღარ იქნება.

- ოდესმე თუ შეხვედრიხართ შეუსაბამო სივრცეში „არასწორად“ წარმოჩენილ თქვენს ნამუშევარს?



- დიახ, შევხვედრივარ. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ნამუშევრის ესთეტიკურ მხარეს, ასევე განლაგებას. შესაძლოა დიდ კედელზე პატარა ნახატი იყოს ან პირიქით, პირველ რიგში სიმეტრიები უნდა იყოს დაცული.

- როდისაა ესა თუ ის ნახატი, ან დეტალი ზემდეტი ინტერიერში?
- გადატვირთული არაფერი მიყვარს. ნახატებსაც კი არ ვტვირთავ ზედმეტი დეტალებით. ნახატი, როცა კედელზე კიდია, თვითონ უნდა ჩანდეს და ყურადღება სხვა დეტალებზე არ უნდა გადადიოდეს.

- პირადად თქვენ რა მოგწონთ ევროპულ და ქართულ ინტერიერში და რა იწვევს ნეგატიურ განწყობას?
- ახლა თითქმის აღარაა განსხვავება ევროპულსა და ქართულს შორის. თუმცა აზიური ელემენტები საქართველოში ბევრია, უფრო ევროპა-აზიურის შერწყმაა.



მიყვარს ნათელი ინტერიერი, არ მომწონს ისეთი ფერები, რომლებიც ფსიქიკაზე უარყოფითად მოქმედებს, ასევე - მომრგვალებები ოთახებში, თაღები. უფრო კლასიკური სტილი მიზიდავს.

- აბსტრაქციაში გადაყვანილი, აფრიკულ მოტივებზე შექმნილი ნახატები თქვენი შემოქმედების კიდევ ერთი ხაზია. რამდენადაც ვიცი, ამ თემიდან შემოსულ თანხებს აფრიკელი ბავშვების ფონდში რიცხავთ. გარდა ამისა, ხშირად მართავთ საქველმოქმედო გამოფენებს.
- სიტყვა ქველმოქმედება არ მომწონს. მაღიზიანებს, როცა ჩემზე ამბობენ, ქველმოქმედიაო. მე გამოფენებს სიყვარულისთვის ვაკეთებ, ვიღებ თანხას ხალხისგან და სიყვარულით ვჩქუნი მათ, ვისზეც გული მიკარნახებს. არ მიყვარს, როცა მიმანიშნებენ - ამას დაეხმარე ან იმას დაეხმარეო. ადამიანების დიდი ნაწილი ქველმოქმედებას მხოლოდ მატერიალურში ხედავს. პირადად მე, ქველმოქმედებას სიყვარულში ვხედავ, სიყვარულს კი ბევრი არამატერიალური გზა აქვს. ერთი კითხვა მაქვს და თქვენი მკითხველის აზრი მაინტერესებს, როცა ადამიანს თევზის ჭერას ასწავლით, ესაა ქველმოქმედება, თუ თევზს რომ დაუჭერთ და მისცემთ - ის? ჩემთვის პირველია. ჩემთვის ქველმოქმედებაა, მაგალითად, ასწავლო ადამიანს სახლის აშენება, მან სხვას ასწავლოს და ა.შ. სხვა შემთხვევაში ღმერთს ხელს უშლით მოქმედებებში და დათვურ სამსახურს უწევთ ადამიანებს, რადგან მათ უნდა იცოდნენ შრომის ფასი.

- ეკა, თქვენი სამგანზომილებიანი ნახატები იმდენად ცოცხალია, გინდა ხელით შეეხო. თუმცა ამბობთ, რომ ისინი ცოტა ხანს „ცოცხლობენ“, რატომ?
- ხეს, პორტრეტს ბევრი ხატავს, ადამიანის ხელს თითქმის ყველაფერი დაუხატავს, ამიტომ მე მუდმივად ძიებაში ვარ. სულ ვფიქრობ, ნეტავ, რა არ შექმნილა ჯერ? ამასთან, აუცილებლად აღვნიშნავ, რომ ყველა შემოქმედის ნამუშევარი ორიგინალია, განუმეორებელია სამყაროსთვის და ვაფასებ, მაგრამ ამ ეტაპზე, პირადად ჩემთვის, ძვირფასი სწორედ ჯერ არნახული და არ შექმნილია. თავიდან, როცა 3D-ს ვხატავდი, მეც გაოცებული ვიყავი, მაგრამ მერე შევეჩვიე და ახლის ძიება დავიწყე. ისინი ჩემთვის ცოცხლობენ ცოტა ხნით, რადგან უფრო მეტი ეფექტი მსურს. ამჟამად ვმუშაობ ახალ სტილზე, ხელოვნების სხვადასხვა მიმართულება გადამყავს 3D-ში... ეფექტი მინდა გიჩვენოთ ნახატით და არა შერეული ტექნიკით. ის, რასაც მხოლოდ მე ვხედავ ნახატში, მინდა გადმოვიტანო ტილოზე და ყველასთვის შესამჩნევი გავხადო.



- თქვენს ნამუშევრებს იძენენ მსოფლიოს ცნობილი ადამიანები. ნახატების გარდა ქმნით კორსეტებს, რომლითაც მოხიბლულნი არიან ჰოლივუდის ვარსკვლავებიც. შეგიძლიათ დაგვისახელოთ, ვინ ფლობს თქვენს ნამუშევრებს?
- დიახ, კორსეტებს და საქორწინო კაბებს დიდი ხნის წინათ ვქმნიდი. ახლა აღარ ვმუშაობ ამ სფეროში, რადგანაც ეს საქმიანობა ბიზნესად იქცა და შემოქმედებითი განვითარების მხრივ უკან დამწია. დღესაც არსებობს ქსოვილი სახელად „ეკა“ და ამავე სახელწოდების ჩემი შექმნილი მოდელებიც იკერება, მაგრამ პირადად მე აღარ ვმონაწილეობ ამ სფეროში და ეს საქმე ჩემს ყოფილ ბიზნესპარტნიორს გადავეცი. მთლიანად ვაჩუქე. ამ ეტაპზე ჩემთვის მთავარი შემოქმედებითი მუშაობაა.

- დასასრულ, გვითხარით, ახლა რა თემაზე მუშაობთ, თუ აპირებთ უახლოეს მომავალში საქართველოში ჩამოსვლას და ქართველების თქვენი ნამუშევრებით „განებივრებას“?
- აუცილებლად ვესტუმრები საქართველოს საინტერესო გამოფენით. სამწუხაროდ ხშირად ვერ ჩამოვდივარ, რადგანაც საგამოფენო ნამუშევრების რაოდენობა არ მიგროვდება. მაგრამ აუცილებლად გესტუმრებით. (იღიმის). მიყვარხართ ყველა.

ციცი ომანიძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები