ქართველი დიზაინერი, რომელიც საბერძნეთში აკეთებს კედლის დეკორს

მარიამ მურუსიძე მხატვარ-დიზაინერია. მისი ძირითადი საქმიანობა ხატვაა. სკოლის დამთავრების შემდეგ ხელოვნების სამ პროფესიას დაეუფლა. სწავლობდა დიზაინის ფაკულტეტზე, სამხატვრო აკადემიაში დაამთავრა მედია ხელოვნების ფაკულტეტი, გავლილი აქვს ჭრა-კერვის შემსწავლელი კურსები. ამბობს, რომ სამივე პროფესია ძალიან დაეხმარა განვითარებაში. ამჟამად საბერძნეთში ცხოვრობს და საქმიანობს. დღეს მისი ძირითადი საქმიანობა ინტერიერის მოხატვაა.

- ხელოვნებით ბავშვობიდან ვარ დაინტერესებული. ჩემი ძირითადი საქმიანობა ხატვაა, ხელოვნება კი იმდენად ღრმა და დაუსრულებელია, მთელი ცხოვრება ვითარდება და მასთან ერთად შემოქმედიც იზრდება და ყველაფერს ედება. მეც ასე ვარ, ყველაფერს ვეხები, რაც კი ხელოვნებას
უკავშირდება. ყოველთვის ყველაფერს ვხატავდი და ვქმნიდი, რაც კი მომეწონებოდა.

- რა მასალებზე გიმუშავიათ, რა დეკორაციები და ნივთები შეგიქმნიათ აქამდე?
- როგორც აღვნიშნე, ხელოვნებაში ყველაფერს ვეხები. კონკრეტულად ერთ რაღაცაზე არ ვჩერდები. მიყვარს მრავალფეროვნება. უამრავი ნამუშევარი მაქვს შექმნილი და დახატული. ვიყენებ ყველაფერს, რაც კი მომეწონება. განსაკუთრებით მიყვარს თიხაზე მუშაობა. ვხატავ ასევე კედლებზე, შუშის ბოთლებზე, ვქმნი ნაქარგებს. ძალიან მომწონს ძველი ქართული ნაქარგები, რომელსაც ვათანამედროვებ, მიყვარს ასევე აქსესუარების კეთება და ა.შ.

- კედლების და ინტერიერის მოხატვა როდის გადაწყვიტეთ?
- სადაც არ უნდა წავიდე, ხელოვნებით ყველგან ვარ დაკავებული. ყველაფერს ვაკვირდები, მიყვარს ლამაზი ადგილები. საბერძნეთი სწორედ ის ქვეყანაა, სადაც შეგიძლია სილამაზით დატკბე. საბერძნეთში რამდენიმე წლის წინ ნათესავს კედელი მოვუხატე, რამაც შემდეგში დიდი მოწონება დაიმსახურა. გაჩნდა ბევრი მსურველი და ასე დაიწყო ჩემი კარიერა საბერძნეთში. ჩემი შემოქმედება რომ მეტ ადამიანს გაეცნო, ფეისბუქზე გავაკეთე გვერდი, სადაც ჩემს ნამუშევრებს ვტვირთავ.

- რამდენად მარტივია ეს საქმე?
- საერთოდ ხელოვნება ძალიან შრომატევადია, სწორედ ამიტომ არის ძვირფასი. მაგრამ ჩემთვის ეს საქმე მარტივია, რადგან მიყვარს ის, რასაც ვაკეთებ. ოთახი თვითონ მეუბნება, თუ რა ნახატი უნდა შესრულდეს კედელზე. შემდეგ, როდესაც ვიწყებ ხატვას, გონებით ვითარდება ნახატი. ასევე ვითვალისწინებ ადამიანის ხასიათს. ზოგჯერ თვითონ მეუბნებიან, რა სურთ.

- რა დროს ანდომებთ ერთი ოთახის მოხატვას?
- გააჩნია, რა ზომის ნახატს ვხატავ. ზუსტად ვერ ვიტყვი, რამდენი დღე შეიძლება დამჭირდეს, მაგრამ ჩემთვის მთავარია სასურველ შედეგს მივაღწიო. საერთოდ ხატვაში სირთულეები მიყვარს, დეტალებს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. ასე რომ, შეიძლება ზოგჯერ ცოტა დიდი დრო დამჭირდეს დასახატად.

- რამდენად მოდურია დღეს ხელით მოხატული სახლის ინტერიერი?
- დღესდღეობით კედლის მოხატვა ძალიან აქტუალური გახდა, რაც ძალიან მომწონს. ხელით მოხატული ოთახი საოცრად ალამაზებს ინტერიერს. მართალია ძალიან შრომატევადია, მაგრამ საინტერესოა. ამჟამად საბერძნეთში ვარ დაკავებული ინტერიერის მოხატვით. ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყანაშიც ნელა-ნელა შემოდის ეს ტენდენცია. ძალიან მინდა, საქართველოს ნათელი ფერებით ვხედავდე.

- სპეციალური საღებავებით იხატება კედლები?
- ჩემი საყვარელი ადგილი სამხატვრო მაღაზიაა. შიგნით რომ შევდივარ, გამოსვლა მავიწყდება. ხარისხს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, კედლის მოსახატად ვიყენებ გუაშს, ასევე აკრილის საღებავს. უამრავი ხარისხის საღებავი არსებობს, უპირატესობას კი კარგი ხარისხის საღებავს ვანიჭებ.


იხილეთ ვიდეო



- რამდენად თამამი ხართ ფერებთან მიმართებაში?
- ყველაზე თამამი ფერებთან მიმართებაში ვარ. ფერები ძალიან დიდი როლს თამაშობენ ადამიანის ცხოვრებაში და არამარტო... ბავშვი ორმოცი დღის განმავლობაში, სანამ თვალი აეხილება, ფერებს ხედავს და ამ ფერებით აღიქვამს გამოსახულებებს. მე დღემდე ფერებით ვეცნობი სამყაროს.

- ვინმეს რჩევებს ან მითითებებს ითვალისწინებთ, თუ ყველაფერს თავად, პირადი გემოვნებით და გადაწყვეტილებით აკეთებთ?
- ყოველთვის პროფესიონალი მასწავლებლები მხვდებოდნენ და მათ რჩევებს ვითვალისწინებდი. ხატვის ანბანი აუცილებელია კარგმა პედაგოგმა შეგასწავლოს, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ჩემს მასწავლებლებს. ჩემს ხელწერაში მათი გავლენაც იგრძნობა. სანამ პროფესიონალი გახდები, ბევრი შრომაა საჭირო. ნიჭი მთავარია, მაგრამ აუცილებელია გყავდეს კარგი მასწავლებელი. შემდეგ უკვე თვითონ ირჩევ სტილს და შენ თვითონ ავითარებ საკუთარ თავს.

- თქვენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ვინ არის?
- ამჟამად ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ჩემი მეუღლეა, რომელიც ბევრ საკითხში მეხმარება. ყოველთვის მოსწონს ჩემი ნამუშევარი, რაც დიდ სტიმულს მაძლევს.

მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები