21-ე საუკუნის ახალი ტრენდი - კერამიკული ფილებით სახლის განახლება

სახლის დიზაინი არა მხოლოდ მის გარეგნულ სილამაზეს, არამედ ფუნქციური სივრცის, კომფორტული და ინდივიდუალური გარემოს შექმნასაც გულისხმობს. ჩვენი საცხოვრებელი ადგილის მოწყობის დროს არაერთი დეტალია გასათვალისწინებელი, ოთახების განლაგებით დაწყებული, კედლების ფერითა და სწორი მასალის არჩევით დამთავრებული. თანამედროვე ეპოქაში ამ ყველაფერს დიდი ყურადღება ექცევა, რამდენადაც ფიზიკური გარემო მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის სულიერ მდგომარეობაზე, განწყობაზე და ზოგადად ფსიქოლოგიაზე.

21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი სახლის აშენებისა თუ განახლების დროს გამოყენებული მასალის ეკოლოგიურობისა და მდგრადობისადმი განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა გახდა. სწორედ ამიტომ გასულ წლებში ცალსახად დაიხვეწა
აქამდე კონსერვატიულ სფეროებად წოდებული ისეთი ინდუსტრიები, როგორიც მაგალითად კერამიკული ფილების წარმოებაა. ჩვენს ბავშვობაში არსებული ერთფეროვანი ფილები შეცვალა თანამედროვე ტენდენციების შესაბამისად შექმნილმა მასალამ, რომლის ირგვლივაც ხშირად ისმის ისეთი ცნობლი ბრენდების სახელები, როგორიცაა Ceramica Vogue, Versace Ceramics, Lamborghini Tiles, რომელთაც ამ სფეროს მოდის ინდუსტრიისთვის დამახასიათებელი გლამურული ელფერი შესძინეს.

იტალიაში, კერძოდ ბოლონიაში, კერამიკული ფილების ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოფენაზე ყოფნისას სრულიად შემეცვალა წარმოდგენა ამ, ჩვენთვის ჯერ კიდევ ნაკლებად პოპულარულ მასალაზე და გადამაწყვეტინა უფრო მეტი ინფორმაციის მოძიება თუ როგორ შეიძლება კერამიკული/ფაიფურის ფილების გამოყენებით სახლისთვის სრულიად ახალი, დახვეწილი და ინოვაციური ელფერის შეძენა. ამიტომაც ალბათ საინტერესოა კერამიკული ფილების მსოფლიოში არსებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი ონლაინ მაღაზიის Sognando Casa-ს წარმომადგენლის, მატეო ლაცარისგან იტალიაში აღებულ ინტერვიუს.

- შეგიძლიათ გვითხრათ, რა უპირატესობა აქვს კერამიკულ ფილებს?
- ზოგადად ფილები ძალიან მყარი, ძლიერი და რთულად მსხვრევადი მასალაა. დამცავი ზედაპირი წყლის შეღწევისგან იცავს მას და ამდენად მაღალი ტენიანობის დროსაც კი ინარჩუნებს პირვანდელ სახეს. ამიტომაცაა რომ ამ მასალით ძირითადად სააბაზანოს, სამზარეულოსა და სარეცხ ოთახებს აპირკეთებენ.
ამასთან ერთად ფილები ბუნებრივ მასალასთან შედარებით, როგორიცაა ხე, მარმარილო და ა.შ., ნაკლებად ძვირი ჯდება და ამასთან არჩევანის დიდი შესაძლებლობაცაა. მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა ისაა, რომ დროთა განმავლობაში არ იცვლის ფერს და ადვილად არ ზიანდება. მაღალი ხარისხის კერამიკული ფილების რამდენიმე ასეული წელიც კი ძლებს, თუ სათანადოდ არის მოვლილი.

- რა უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა, როდესაც არჩევს ფილების სახლის განახლებისთვის?
- ამ დროს რამდენიმე დეტალია გასათვალისწინებელი:
• რამდენადაც არჩევანის დიდი საშუალებაა, აქცენტი თქვენს გემოვნებასთან ახლოს მდგომ ფერზე, ფორმაზე და ეფექტზე (იქნება ეს ხის, მეტალის, მარმარილოს თუ ქსოვილის ეფექტით) უნდა გააკეთოთ;
• უნდა ეცადოთ, კარგი ხარისხის, თუმცა არა ძალიან ძვირი ფილები აარჩიოთ;
• ფერი მეტ ნაკლებად უნდა შეესაბამებოდეს სახლში განთავსებულ ავეჯს და სხვა ნივთებს;
• ფილების ზომა სხვადასხვა უნდა იყოს, რაც დამოკიდებულია ოთახის ფუნქციაზე (სამზარეულოსი და სააბაზანოს განახლება უმეტესად მცირე ზომის ფილებით ხდება);
• უფრო დიდი სივრცის შესაქმნელად ხშირად მომხმარებლებს ვურჩევთ იატაკის ფილები კედლებზეც გამოიყენონ, თუმცა არავითარ შემთხვევაში პირიქით;
• როგორც აღინიშნა დასაწყისში, მასალის არჩევისას უნდა მიჰყვეთ თქვენს გემოვნებას და სურვილებს, თუმცა კარგი იქნება თუ გაითვალისწინებთ რომ პრიალა ზედაპირის ფილები გასაწმენდად უფრო ადვილია, ვიდრე ნატურალური ტექსტურის, და ამასთანავე თუ სივრცე შედარებით მცირეა, პრიალა ზედაპირის მქონე ფილები სინათლეს უკეთესად ირეკლავენ და უფრო დიდ სივრცეს აჩენენ.

- რას სახის ფილებია დღესდღეობით ტრენდული?
- ამჟამად ყველაზე პოპულარული ხის ეფექტის ფილებია. გაყიდვების 70% სწორედ მათზე მოდის. თუმცა მარმარილოს ეფექტის მქონე ფილებიც თანდათან ტრენდული ხდება. მიმდინარე წლის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი, რაც შეიძლება რეალისტური და ბუნებრივი ეფექტის მქონე ფილებია.

- როგორ უნდა აარჩიოს ადამიანმა ხარისხიანი ფილა?
- თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით ნებისმიერ ადგილზე შეიძლება ხარისხიანი, მომხმარებლისთვის სასურველი ფილის შეძენა, თუმცა ისეთი იტალიური ბრენდები, როგორებიცაა Atlas Concorde, Iris FMG, Florim, Marazzi Groups, და ზოგიერთი ესპანური მწარმოებელი კომპანია ყოველთვის უმაღლეს ხარისხთან ასოცირდება.

- რა არის ფილის საშუალო ღირებულება და რამდენად ძვირი ჯდება ამ მასალით სახლის თანამედროვედ გადაკეთება?
- საშუალოდ 1 კვადრატულ მეტრი 20€ ჯდება. თუმცა, რა თქმა უნდა, ფასი ხარისხისა და ბრენდის შესაბამისად მერყეობს. ამასთან, ამ მასალის მდგრადობის, გამძლეობისა და ხანგრძლივობის გათვალისწინებით იგი ერთ-ერთ ყველაზე ხარჯ-ეფექტურ მასალად ითვლება. სახლის განახლებისას, ფილებს დაახლოებით საერთო ღირებულების 5% უკავიათ, რაც არც თუ ისე ბევრია.

გვანცა კაკაურიძე

კომენტარის დამატება