ბურანო - მოგზაურობა ბედნიერი ფერებისა და ზღაპრების კუნძულზე (ქართველი გოგონას შთაბეჭდილებები)

თუ სადმე დედამიწაზე არსებობს ადგილი-ზღაპარი, სადაც ღამ-ღამობით ელფები და ფერიები ცოცხლდებიან, თუ სადმე დედამიწაზე არსებობს ადგილი-ცისარტყელა, სადაც მზე, წვიმა, ადამიანები და ფერები ერთად ცხოვრობენ, თუ სადმე დედამიწაზე არსებობს ადგილი-პარალელური სამყარო, სადაც მხოლოდ მხიარულებისთვის, სიჭრელისთვის და ბედნიერი სახეებისთვის მოიძებნება სივრცე - ეს ადგილი აუცილებლად იქნება ბურანო - ბედნიერი ადამიანების, ფერადი სახლების და ჯადოსნური ფანჯრების კუნძული.

ბურანო ვენეციასთან ახლოს მდებარე პატარა კუნძულია, სადაც სულ რაღაც 2 777 ბედნიერი, მხიარული და ფერადი ადამიანი ცხოვრობს. ალისასავით საოცრებათა ქვეყანაში ვერა, მაგრამ ფერების ამ კუნძულზე კი
ვიმოგზაურე და სწორედ ამის შესახებ მინდა, მოგიყვეთ ახლა.

პირველი შთბეჭდილება


გაოცება, აღფრთოვანება, ბავშვური აღტაცება - ეს ის გრძნობებია, რომლებიც ამ ფერადი სახლების ჯერ კიდევ ნაპირიდან დანახვისას გეუფლება და მოუთმენლობა გჭამს, სანამ ვაპორეტოდან მიწაზე გადმოდგამ ფეხს. მერე ინსტიქტურად გიფართოვდება თვალები, გეღება პირი და აღფრთოვანების სხვადასხვა ფრაზებს წარმოსთქვამ. გახსენდება ყველა ზღაპარი რომელიც ბავშვობაში წაგიკითხავს, ყველა მულტფილმი რომელიც გინახავს. გახსენდება და თვალწინ გიდგება, თურმე შეიძლება ეს ყველაფერი რეალური იყოს. 15 წუთში დგები კარგ ხასიათზე და ხვდები, რომ ეს 15 წუთი კიდევ დიდი ხანს გაგრძელდება, სანამ აქ ივლი, სანამ ეს ემოციები გაგყვება, ან იქნებ კიდევ უფრო დიდხანს, სანამ ამ ზღაპრულ გარემოს გაიხსენებ ხოლმე.

მეც ასე აღტაცებული, ბედნიერი სახით დავდივარ ქუჩებში. გონებაში მახსენდება ყველა იმ ფერის დასახელება, რაც მისწავლია თუ მინახავს, მაგრამ აქ არსებულების უმეტესობას სახელს ვერ ვარქმევ, ჩემს გონებაში დამახსროვრებულ ფერებს ვერ ვადარებ. ნუთუ, ამდენი ფერი მართლა არსებობს?!

სახლები


ყველა სახლი ფერადია. ყველა სახლის შესასვლელში ფერადი ფარდებია ჩამოკიდებული. იქნებ შიგნით მაცხოვრებლები ასე უცხო თვალისგან იცავენ თავს? იქნებ მწერებისგან? ან იქნებ, უბრალოდ, წლების წინ შეთანხმდნენ, რომ ასე უფრო ლამაზი და მიმზიდველი იქნებოდა მათი კუნძული, ასე ერთხმად გადაწყვიტეს, რომ ბედნიერებაში ეცხოვრათ და აქ ჩამომსვლელი ადამიანებისთვისაც მიენიჭებინათ მათი წილი ბედნიერება. მოკლედ, ამის ზუსტი მიზეზი ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ სილამაზის აღსაქმელად ზედმეტი მიზეზები არც გჭირდება. დაე, იყოს ისეთი, როგორიც არის.

დავდივარ და ყურებამდე გაღიმებული ვათვალიერებ თითოეულ სახლს, აქ ხომ ყვავილები ყველა ფანჯრის განუყოფელი ნაწილია. ყველა სახლს აქვს პატარა ეზო, განსაკუთრებულად მოვლილი, თუმცა ყველა რაღაცით განსხვავებული და გამორჩეულია. ერთი ეზო, ფიფქიასა და შვიდი ჯუჯას ქანდაკებით ყველაზე მეტად დამამახსოვრდა. წარმოვიდგინე, როგორ ცოცხლდებიან ღამღამობით და დადიან ჩაბნელებულ ფერად სახლებს შორის. რატომაც არა? ამ კუნძულზე ხომ ყველაფერი შესაძლებელია!

ადამიანები და მათი მეგობრები

აქ ადამიანებიც ისეთივე ფერადები არიან, როგორც მათი სახლები და მათი შინაური ცხოველებიც ისეთივე ბედნიერები არიან, როგორც ადამიანები. ქუჩაში უამრავი ტურისტი დადის, თუმცა ადგილობრივს პირველი შეხედვისთანავე იცნობ. 80 წლის ბაბუები ფერადი შორტებით მათსავით მობერებულ ძაღლებს ეთამაშებიან, გამოპრანჭული ბებოები ფერადი ქოლგებით და მარაოებით ხელში წყლის სანაპიროზე განლაგებულ სკამებზე სხედან და ჭორაობენ. ბავშვები ველოსიპედებით სეირნობენ, თან ტემპერამენტიანი იტალიური საუბრის მანერით დროდადრო ფრაზებს ესვრიან ერთმანეთს.

ყველა გიღიმის, შენც თუ გაუღიმებ, გესალმებიან. რა მნიშვნელობა აქვს ვინ ხარ, საიდან მოხვედი? სალამი და ღიმილი ყველასია. ასეა აქ და თითქოს ყველაფერი იდეალურადაა, ზუსტად ისე როგორც ფელინის ფილმებში და უცებ მახსენდება მისი სიტყვები „აქ არ არსებობს დასაწყისი. არ არსებობს დასასრული. არსებობს მხოლოდ უსასრულო ვნება სიცოცხლისა“.

ნივთები


საფოსტო ყუთები, სახლებზე მიწებებული ნომრები, კაფეების დეკორი, ქოთნები და მათში ჩარგული ყვავილები, ველოსიპედები, ქუჩებში გასაყიდად გამოტანილი სუვენირები და ტანსაცმელები- რათქმაუნდა ყველაფერი ფერადია.
გინდა, ყველაფერი იყიდო, განა იმიტომ რომ სხვაგან უკეთესს ვერ ნახავ? არა, უბრალოდ, გინდა რაც შეიძლება მეტი ნივთი, მეტი მოსაგონარი სუვენირი წაიღო აქედან.

ის, რაც გრჩება

ბოლოს გრჩება ბედნიერების გრძნობა და სიხარულის განცდა, რომ ეს ყველაფერი ნახე და ამდენი ფერი ერთად აღიქვი. გრჩება ფეხები უკან, არ გინდა წახვიდე, თითქოს არ გყოფნის ის, რაც ნახე და განიცადე. გრჩება ახალი შეგრძნებები, გიჩნდება ახალი ემოციები, გგონია, რომ აღარასოდეს ჩაიცვამ მუქ ფერს და აღარასოდეს ივლი მოწყენილი. გრჩება ბედნიერებისგან და ღიმილისგან დაჭიმული სახის კუნთები და ფოტოალბომი ტელეფონში, რომელიც არასოდეს ყოფილა ასეთი ჭრელი და მრავალფეროვანი.
გრჩება განცდა, რომ უილიამ ბასკერვილის შეკითხვაზე: „თუ გინახავს ადგილი, სადაც ღმერთი ისე იგრძნობდა თავს, როგორც საკუთარ სახლში“ - შენ პასუხი ისევ აქ, იტალიაში იპოვე.

თამარ ფურცხვანიძე

კომენტარები

ი,ჯ, 2019-08-15 12:38
მართლაც ძალიან ლამაზი და თავისებური კუნძულია ბურანო, რაც ზუსტად და ძალიან ლამაზად აღწერა ავტორმა. მინდა დავამატო ამ სხვადასხვა ფერად შეღებილი სახლების პრაქტიკული დანიშნულება (პლიუს იტალიელების მძაფრი ესთეტიკური სილამაზის აღქმის და გადმოცემის უნარი). მე როგორც მითხრეს იქაურმა მცხოვრებლებმა ორი მიზეზის გამო ღებავდნენ სახლებს ესეთ ფერებად. პირველი მიზეზი (ალბათ უფრო მოგონილი) იყო ამ კუნძულზე საღამოობით ძლიერი ნისლი, ამითომ ღებავდნენ სხვადასხვა და მკვეთრ ფერებად სახლებს, რომ ადგილობრივებს საკუთარი სახლების მიგნება გაადვილებოდათ, ხოლო მეორე მიზეზი (და უფრო რეალური) იყო ადგილობრივი მეთევზეების სიყვარული ალკოჰოლის მიმართ, შინ დაბრუნებულებს ადვილად რომ გაერჩიათ საკუთარი სახლები.
კედებს გაფიცებ,ალბა 2019-08-13 11:23
აკი ქართველი ტინგიცები მარტო ბრენდებს იცვამენო?
tata 2019-08-12 14:27
madloba avtors am chanatseristvis. kidev ertxel ganmatsdevina sixarulis da bednierebis is shgrdzneba, rats sharshan am saotsari kundzulis naxvit ganvitsade. kvelas vusurveb buranos jadosnur samkaroshi moxvedras da am bednierebastan ziarebas.
მარიამი 2019-08-08 11:28
უჰ, ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითხე
Teo 2019-08-05 17:43
საოცარი სტატიაა. მადლობა თამარს ემოციების გაზიარებისთვის

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები