ნინო ფერაძის სახლი-სახელოსნო და საოცარი ნამუშევრები

80-იანი წლების ქართველ მხატვართა თაობამ უკვე კარგა ხანია გააცნო მსოფლიოს ჩვენი ქვეყანა საკუთარი შემოქმედებით. ეს იყო ტრადიციულ ფესვებზე აღმოცენებული მხატვრების თაობა, რომლებმაც ინოვაციური ტალღა შექმნეს. მათ შორის ერთ-ერთი ნინო ფერაძეა, რომელსაც შინ, სახელოსნოში ვესტუმრეთ. 
ნინო ფერაძის პერსონალური გამოფენები თბილისის გარდა არაერთხელ გაიმართა მადრიდში, ჰამბურგში, დორდრეხტში, სტამბოლში. მხატვარს მიღებული აქვს: პრიზი კიევის საერთაშორისო ფესტივალზე ანიმაციური ფილმის მხატვრობისთვის; პრემიები საერთაშორისო ბიენალეებზე: საქართველოს მხატვართა სპეციალური პრიზი „წლის საუკეთესო მხატვარი გრაფიკის დარგში“ და ა.შ. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს, გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, ჰოლანდიის, ბელგიის, ამერიკის
შეერთებული შტატების, თურქეთის, პოლონეთის, ნორვეგიის, უნგრეთის, საბერძნეთის, სლოვაკეთის, ესტონეთისა და იაპონიის მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში.

- მთელი ცხოვრება ვხატავ, ამ საქმით დავიწყე, დღემდე ამით მოვდივარ და ერთი წუთითაც არასდროს მიფიქრია სხვა პროფესიაზე. მხატვრობა უკვე პროფესიაც არ არის ჩემთვის, - ის ჩემი ცხოვრების წესია. ცხოვრების წესი, რომელიც უდიდეს სიხარულს განიჭებს და თუ ამ სიხარულის გაზიარება სხვებისთვისაც შეგიძლია, სხვა რა უნდა გინდოდეს?! ხატვის დროს შეგიძლია შენი შინაგანი სამყარო წარმოაჩინო იმ კუთხით, როგორიც თავად გსურს, შეგიძლია გადაჭრა პრობლემები, ყოველგვარი აყალმაყალისა და ჩხუბის გარეშე და ეს ტილოზე მოხდეს. ალბათ იგივე შეუძლია მწერალსაც, მაგრამ ჩემთვის ყველაზე საინტერესოა ფერისა და ხაზის შეგრძნება, მათი მეშვეობით კი კონკრეტული ემოციის გამოხატვა, რომელიც შემდგომ ზემოქმედებას მოახდენს მნახველზე და იმ ადამიანსაც კი, რომელსაც საერთოდ არ აქვს სახვითი ხელოვნების მიმართ ინტერესი, რაღაც ემოციას გაუჩენს.



- თუკი თქვენი შემოქმედებითი ბიოგრაფია ბავშვობიდან იწყება, მაშინ როდის დაიწყო პროფესიული კარიერა?

- სამხატვრო აკადემიაში დიზაინზე ჩავაბარე, შემდგომ დაზგური გრაფიკის ფაკულტეტზე გადავედი. სწავლის ბოლო წელს, როდესაც უკვე სადიპლომო ნამუშევარს ვასრულებდი, მუშაობა დავიწყე კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ ანიმაციის დამდგმელ მხატვრად. ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ამ სფეროში საქმიანობა, დაახლოებით ათ ფილმზე ვიმუშავე. ზოგი სურათი დღესაც არსებობს, ზოგიერთის მოძიება კი არქივშიც შეუძლებელია. ჩემი პირველი ანიმაციური ნამუშევარი იყო ლადო სულაქველიძის სადიპლომო ფილმი „პორტრეტი“, აღსანიშნავია „დიდი ტალღა და პატარა ტალღა“, რომელიც ძალიან მიყვარს და ვფიქრობ, რომ ტექნოლოგიურადაც საკმაოდ საინტერესოა, თან რამაზ ჩხიკვაძემ გაახმოვანა. ანიმაციაზე მუშაობამ კინოაზროვნებაც მასწავლა. შემდეგ ანიმაციური კინოს სარეჟისორო კურსებიც გავიარე. ტელევიზიაშიც მაქვს ნამუშევარი მანანა ბერიკაშვილის სატელევიზიო სპექტაკლზე „ქართლის ცხოვრება“. სპექტაკლი ლექსების კოლაჟით იყო შექმნილი, მახსოვს, საქართველოს რუკა შევქმენი და ლამაზი ბროწეულებით მოვხატე. ეს გამოცდილება მომდევნო წლებშიც გამომადგა. 2013 წლიდან ვთანამშრომლობ სტუდია თორე-სთან (იტალია), რომლის ეგიდითაც ხორციელდება პროექტები წიგნის გრაფიკასა და ანიმაციური ფილმების სფეროში.





ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში მხატვართა კავშირთან, რომლის სტიპენდიატიც ვიყავი, ფუნქციონირებდა შემოქმედებითი ცენტრები, სწორედ ასეთი ცენტრი იყო სენეჟში, მოსკოვთან ახლოს, სადაც ხშირად ჩავდიოდით და მეტად ნაყოფიერ შემოქმედებით ცხოვრებას ვეწეოდით. იქ იყო კარგი გრაფიკული საბეჭდი სახელოსნოები, ფერწერის სახელოსნოები, ჩამოდიოდნენ საუკეთესო მხატვრები მთელი კავშირიდან, უცხოელი მხატვრებიც მუშაობდნენ, მაგალითად, ამერიკელები, შვედები, ჩვენ ვეცნობოდით ერთმანეთის შემოქმედებასა თუ ტრადიციებს, ვუზიარებდით გამოცდილებას, შთაბეჭდილებებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო შემოქმედებითი ზრდისა და წინსვლისთვის. უკვე ფეხი რომ ავიდგი, ჰოლანდიაში შემოქმედებით სახელოსნოში წავედი, შემდეგ გერმანიაში პლენერზე, მაშინ ახალგაზრდა

ვიყავი და ადვილად ვმოგზაურობდი. უცხოეთში მეტწილად საკუთარი ინიციატივითა და პირადი კონტაქტებით მივდიოდი, ამას ნელ-ნელა მოჰყვა გამოფენები. როდესაც ერთ კონკრეტულ ადგილას მქონდა ექსპოზიცია, გამოფენის დასრულებამდე აუცილებლად ვიღაც ჩნდებოდა და ახალ გალერეასა თუ დარბაზს მთავაზობდა, ასე ეწყობოდა და მეც ძალიან ბევრს ვმუშაობდი. დღეს ამის ორგანიზება ინტერნეტითაც შეიძლება, მაგრამ მხოლოდ ეს არაა საკმარისი, პირადი ურთიერთობები და ხშირი მოგზაურობაც აუცილებელია პროფესიული წინსვლისთვის.





- როგორია შემოქმედებითი პროცესი?

- როდესაც რაიმე ახალი თემა იბადება, უფრო მეტს ვფიქრობ მანამდე, ვიდრე თავად მუშაობის პროცესში. შეიძლება დიდხანს ვიფიქრო, თან დამქონდეს ჩანახატი, რომელსაც დროდადრო დავხედავ, ეს თემა ვატრიალო, ვატრიალო, უცებ მივხვდე, რომ მზად ვარ და მუშაობა დავიწყო.

- როგორც მდიდარი შემოქმედებითი ბიოგრაფიის მქონე მხატვარს უამრავი გამოფენა გქონიათ. ერთ-ერთი საინტერესო იყო თქვენი უკანასკნელი ექსპოზიცია, რატომ უწოდეთ მას „გზავნილები ბავშვობიდან“?





- ბინა გამოვიცვალე და რადგან შინ ვმუშაობ, შესაბამისად გამოვიცვალე სამუშაო სივრცეც. გადაბარგებისას წავაწყდი ძველ ალბომებს, სურათებს, დიდი ხნის შენახულ და დავიწყებულ ნივთებს, რამაც მოგონებები გააღვიძა და ბავშვობის დროინდელი შეგრძნებები დამიბრუნა, ბევრი რამ გამახსენდა და გამოფენის გაკეთების იდეაც გამიჩნდა. პირველი ნამუშევარი, რომელიც ამ ექსპოზიციისთვის შევქმენი, იყო ქაღალდის ნავები, მათ ორი ბავშვი უშვებს, მდინარის ერთი ნაპირიდან მეორისკენ, ალბათ, მე და ჩემი და. ქაღალდის ნავები, სიმბოლური მოგონებებია, ზოგი აღწევს ჩვენამდე, ზოგი კი ვერა, გზაში იძირება და ქრება... ვფიქრობ, ხშირად უნდა დავუბრუნდეთ ბავშვობის მოგონებებს, რადგან იქ ბევრი საგულისხმო დეტალია, რომელიც გვაკავშირებს მშობლებთან, ოჯახთან, ყველაზე მნიშვნელოვან და ძვირფას განცდებთან. გამახსენდა, როგორ აღვიქვამდი პირველად თეატრს, ცირკს, მეტად შთამბეჭდავი იყო უჩვეულო განათება, რომელიც სპექტაკლებსა და წარმოდგენებს სდევდა თან, მომწონდა ჯამბაზები, როგორ მოვხვდი პირველად ტყეში, სადაც ყველაფერი მაკვირვებდა, როგორ მომითხრეს ანგელოზების არსებობის შესახებ და კიდევ ბევრი ბავშვობის შთაბეჭდილება ამოტივტივდა, რომელიც შემდგომ ჩემმა ექსპოზიციამ ასახა, გამოფენის სახელწოდებაც ამან განაპირობა.

- თქვენ თქვით, რომ სახლთან ერთად სახელოსნოც შეიცვალეთ, როგორი უნდა იყოს მხატვრის სამუშაო სივრცე?





- ამჟამად ბევრად უფრო კარგი გარემო მაქვს სამუშაოდ, ახალი სივრცე მზიანი და ნათელია, სწორედ ისეთი, როგორიც მომწონს. გარდა ამისა, იზოლირებულია, რადგან არ არის ქალაქის ცენტრში, ჩემთვის ამასაც აქვს მნიშვნელობა. ჩემი აზრით, სამუშაო სივრცეს დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ, რომ შესაბამის განწყობას გიქმნის და შემოქმედებით პროცესში გეხმარება, შესაძლოა რაღაც მიმართულებებიც კი მოგცეს.

- როგორც ვხედავ, სხვადასხვა ფერის კედლები გაქვთ სახელოსნოში, ეს მოდური ტენდენციაა, თუ უბრალოდ ასე მოგწონთ?

- სხვადასხვა ფერით ორი სივრცეა გამიჯნული - მისაღები და სამუშაო. აქ უკვე ექვსი თვეა გადმოვედით და ჯერ ვერ მოვიცალე ნახატების დასაკიდებლად, თუმცა უკვე ვიცი, სად რას დავკიდებ. რაღაცების შეცვლასაც ვაპირებ, ავეჯის და კედლის მოხატვა მაქვს გეგმაში.

- თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია ინტერიერში ნახატი?





- ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩემთვის აუცილებელია, ვერ ვიცხოვრებ ისეთ ინტერიერში, სადაც ნახატები არ არის კედელზე. მახსოვს, ჩვენს სახლში არასოდეს ყოფილა ცივი და ცარიელი კედლები. გარდა იმისა, რომ ესთეტიკურად გსიამოვნებს, უხეშად რომ ვთქვათ, ეს არის ლაქა კედელზე, რომელიც თავის ფუნქციას ასრულებს, რადგან ინტერიერზე მუშაობის დროს, რაღაც ლაქა გჭირდება, ეს იქნება პანო თუ სხვა დეკორატიული ელემენტი.

- თავად თუ გიმუშავიათ ინტერიერის დიზაინზე?

- ჩემი მეუღლე ვახტანგ ჭელიძე არქიტექტორია და მასთან ერთად ვმუშაობ ხოლმე ინტერიერის დეტალებზე, კერძო დაკვეთების შემთხვევაში. არაჩვეულებრივი პროექტი მოვამზადეთ ბაქოში სასტუმროსთვის, მაგრამ შემდგომ მხოლოდ ერთი ნაწილი განხორციელდა, ეს იყო რესტორანი, ქრიზანთემების ლამაზი ოთახით, ორგინალური კარიბჭით, უჩვეულო დეტალებს შეიცავდა აღმოსავლურ მოტივებზე. სამწუხაროდ, პროექტის შემდგომი და მნიშვნელოვანი ნაწილი აღარ განხორციელებულა, არადა ძალიან ლამაზი და საინტერესო იყო კონცეპტუალურადაც და ვიზუალურადაც. ჩემმა მეუღლემ დააპროექტა, ვიზუალურ მხარეზე მე ვიზრუნე და პროექტი წიგნის ფორმითაც დავბეჭდეთ.



საინტერესო სარესტავრაციო სამუშაო მაქვს შესრულებული მთაწმინდაზე, ერთ-ერთი სახლის სადარბაზოში კედლის მხატვრობა აღვადგინე. ძალიან ცუდად შენახული სივრცე იყო, ამიტომ მხატვარ-რესტავრატორები დამეხმარნენ მის გასამაგრებლად და შემდგომ მე აღვადგინე XIX საუკუნის მოხატულობა. თხუთმეტმეტრიანი ხარაჩოები დამჭირდა, უზარმაზარი სამუშაო ჩავატარე. გარდა ამისა, კედლები მაქვს მოხატული მოსკოვსა და თბილისში კერძო სახლებში.

- როგორც მახსოვს, დეკორატიული ნივთებიც გაქვთ მოხატული?

- ვფიქრობ, თუკი მხატვარი ხარ, არ აქვს მნიშვნელობა, რა მასალაზე მუშაობ, ყველა საინტერესოა, მთავარია, შენი შემოქმედებითი ფანტაზია განახორციელო.

თეა იაკობაშვილი

კომენტარები

ლია ამირანაშვილი. 2023-02-24 14:52
ქედს ვიხრი ნინო ფერაძის ოქროს ხელების წინაშე...

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები