საოცარი სახლი, სადაც მხატვარი და ხელოვნებათმცოდნე ცხოვრობენ - სტუმრად ქეთევან კორძახიასა და ირაკლი სუთიძესთან

ძველ სახლებსა და ნივთებს ყოველთვის განსაკუთრებული აურა, სული აქვთ. თითქოს, გეუბნებიან: შენ სად იყავი, მე რომ დავიბადე, დაჯექი, ჩემს ისტორიას მოგიყვებიო. თუ ჭკუა გაქვს, უნდა დაუჯერო და ყური დაუგდო...
ციმაკურიძის 6. ლამაზი ორსართულიანი სახლი. რიკულებიანი, პატარძალივით მორთულ-მოკაზმული აივანი. პატარა სარკმლები. კლასიკური კარი თავისივე კარის ჩაქუჩით. გარედანაც კი შეამჩნევთ, რომ ზღურბლს თუ გადახვალ, საოცარ სამყაროში აღმოჩნდები - ისტორიებით, ტრადიციებით, ლეგენდებით, წარსულით და რაც მთავარია, ხელოვნებით სავსე სახლში, რომლის მასპინძლები ხელოვნებათმცოდნე ქეთევან კორძახია, მხატვარი ირაკლი სუთიძე და მათი „საბაკა“ არიან.





თავიდან დავიწყოთ...

თითქმის ორი ასეული წლის წინ რიგითი მოხელე აპოლონ მონასტირსკი ბაქოდან თბილისში ჩამოვიდა, თან მეუღლე ფელიცია და 4 მცირეწლოვანი შვილი ახლდა. მონასტირსკიმ ახლანდელ ციმაკურიძის და ძველ „ვადავოზნაიას“ ქუჩაზე სახლის აშენება დაიწყო, თუმცა თავად იქ ცხოვრება ვერ მოასწრო, რადგან აშენებამდე გარდაიცვალა. ნაადრევად დაქვრივებული ფელიცია, რომელიც მეანი გახლდათ, შვილებთან ერთად დასახლდა აქ და პირველ სართულზე სამშობიარო გახსნა. ვინ იცის, რამდენი ბავშვის დაბადების მოწმეა ეს სახლი და რამდენი ჩუღურეთელი იწონებდა თავს აქ დაბადებით!

ამ სახლის თავდაპირველი მეპატრონის შთამომავლისგან შეიძინეს ჩვენმა მასპინძლებმა სახლი ციმაკურიძის 6-ში.





25 წლის წინ...

სუთიძე-კორძახიას ოჯახის აქ დასახლება ცოტათი უცნაური ამბავია, ბედისწერის არსებობაში რომ დაგარწმუნებს, ისეთი:

„სახლს ვეძებთ. 8000 დოლარი გვაქვს. ერთხელ გასვენებაში მივდიოდი. ავტობუსში მეგობარი შემხვდა, რომელმაც ლაპარაკ-ლაპარაკში ამ სახლის შესახებ მითხრა. ჩავიდე ეს 8000 დოლარი ჯიბეში და მოვედი. სახლის პატრონები რამდენიმე დღეში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მიფრინავდნენ. საბოლოო ფასი 15 ათასი დოლარი იყო. იხტიბარი არ გავიტეხე, ამოვიღე ჩემი ფული და დავუდე მაგიდაზე... და რა მოხდა? არც უფიქრიათ, ისე დამთანხმდნენ. ჩვენი ბედი, რომ ამ სახლში მოვხვდით და ამ სახლის ბედიც, რომ ვინმე ისეთი არ შემოვიდა აქ, ვინც ყველაფერს მიწასთან გაასწორებდა“, - იგონებს ქეთევან კორძახია.

ასეა თუ ისე, სახლი მათი გახდა და ოჯახმა საკუთარი კერის მოწყობა დაიწყო. როგორც მასპინძელი იხსენებს, შენობა ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო: შუშაბანდში - სამზარეულო, ეზოში - ჩეჩმა, კიბე - ჩამოქცეული... „უცებ დავინახე რესურსი, რა შეიძლებოდა აქედან გამოსულიყო... და გამოვიდა!“



შინ...

„სახლი მატერიალურია, ქონებაა, საცხოვრისია, მაგრამ სულ სხვაა „შინ“ ყოფნა - არათუ არსებობა და ცხოვრება, არამედ შენს ადგილას ყოფნა“, - ამბობს მასპინძელი და მიგვიძღვის შინ, თავის ციხესიმაგრეში. ქეთევან კორძახიას პროფესიული ცხოვრების განმავლობაში უამრავი გამოფენა აქვს მოწყობილი, უამრავ მხატვარს იცნობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ ნახატებს აფასებს, გამოფენს, ყიდის, მაგრამ... სახლში მხოლოდ ერთი მხატვრის ნახატები აქვს. არ გაგიკვირდებათ - ირაკლი სუთიძის - რადგან „შინ“ ყველაფერი ვერ გექნება, არამედ მხოლოდ ის, რაც თავს „შინ“ გაგრძნობინებს. მაშ, შევიდეთ შინ!

სახლში შესვლისთანავე კიბესა და კედელს შორის მოქცეული ანტიკვარული უნაგირი იპყრობს ყურადღებას, რომელიც ნამდვილი კავკასიური წესით არის შექმნილი და ორ ასეულ წელიწადს ითვლის. უნაგირებს მისაღებშიც დაინახავთ, კოვბოის ქუდებსა და სხვა აქსესუარებთან ერთად, რომლებსაც ირაკლი სუთიძე თავად აკეთებს. ვერ ვიტყვით, რომ მხატვარი ცხენოსნობით არის გატაცებული, ამას ცხენოსნობით ცხოვრება უფრო ჰქვია. აკი, 2003 წელს თავის პერსონალურ გამოფენაზეც ცხენზე ამხედრებული მივიდა, ჰოდა, ცხენებისადმი სიყვარული მხატვრობაში რომ არ ასახულიყო, როგორ შეიძლებოდა! „ყაბარდოული ცხენი“, „ახალთექური ცხენი“, „ლანსელოტის ცხენი“... - ესენი სულ ირაკლი სუთიძის ცხენებია... როგორც დავით ანდრიაძე წერს, ნამდვილი ბუნებისშვილები და ამავე დროს, კულტურის ჭეშმარიტი ნიმუშები თავიანთი აღკაზმულობით და არამხოლოდ.


შესასვლელი კარიდან ხელმარცხნივ ქეთევან კორძახიას ფშაველი ბებიის, ერმონია ბაიაშვილის, მოქსოვილი ფარდაგია, რომელიც 1909 წლით თარიღდება (მაშინ მასპინძლის ბებია მხოლოდ 15 წლის გახლდათ).

ქსოვისა და კერვის ნიჭი თავადაც აქვს, იყო დრო, პეჩვორქის შექმნით (ქსოვილის ნაკუწებით კერვის ხელოვნება) ოჯახს ვინახავდიო, ერთ ნამუშევარს მეორე სართულის კედელზე უკავია ადგილი.

სამზარეულო მასპინძლისა და სტუმრების საყვარელი ადგილია. აქაც ბევრი ძველი ნივთია: ანტიკვარული ბლენდერი, სასწორები, ძაფის სართავი, კერამიკული ნაკეთობები, მინის ქილები... რთულია ერთი რომელიმეს გამორჩევა, თავად მასპინძელს კი თითოეულ მათგანზე აქვს ამბავი. პირველ სართულზეა ირაკლი სუთიძის სახელოსნოც, თუმცა იქ შესვლის უფლება მხოლოდ თავად მხატვარს აქვს...







კიბეს მეორე სართულზე, შუშაბანდში ავყავართ. ამ ადგილს ქეთევან კორძახია თავის „ზამთრის ბაღს“ უწოდებს და სამართლიანადაც - აქ ბევრზე ბევრი მცენარეა. შუშაბანდის გავლით კაბინეტისკენ მივდივართ. ამ ოთახში მასპინძლებს არაფერი შეუცვლიათ. კარებიც კი არ არის არც გამოცვლილი, არც განახლებული, ჯერაც ეტყობათ ძველი საღებავის კვალი.

კაბინეტიდან მოჩუქურთმებულ აივანზე გავდივართ, იმ აივანზე, ქუჩაში გამვლელებს რამდენიმე წამს რომ აშეშებს, იმდენად მომხიბვლელია. ქალბატონი ქეთევანის თქმით, აივანი სახლის სავიზიტო ბარათია.

ბოლოს აბაზანაში შევდივართ. მიუხედავად იმისა, რომ აქ რემონტი წლების წინ, 90-იანებშია გაკეთებული და ის მასალაა გამოყენებული, რისი შეძენის საშუალებაც მაშინ იყო, ყველაფერი საოცრად დახვეწილია. ლურჯისა და თეთრის კომბინაცია, ფანჯარა, ჭაღი და პატარა დეტალებიც კი თავს საოცრად მშვიდად გაგრძნობინებს. რთულია, უბრალოდ აბაზანა უწოდო, დამოუკიდებელი ოთახია - ლამაზი და მყუდრო.


მასპინძლები

ხელოვნებათმცოდნე და მხატვარი - რეალურად, საკმაოდ საშიში კომბინაციაა, თუმცა, როგორც ჩვენი მასპინძელი ამბობს, კარგი ტანდემი შედგა. ერთმანეთი სამხატვრო აკადემიაში გაიცნეს. ირაკლი სუთიძემ 18 წლის ცეცხლისფერთმიანი „პეპი“ თეთრი ნაბდით მოიტაცა და პაოლო იაშვილის სახლში წაიყვანა:

„მე ხარის წელსა და ხარის თვეში ვარ დაბადებული, ირაკლი - ცხენის წელსა და ლომის თვეში. ის სამეფო ტახტზე ზის, არავის აწუხებს და არავინ არ უნდა შეაწუხოს, არც ინტერვიუები უყვარს. მე სულ 3 საათი მძინავს, მეტი არ მჭირდება. ვიცი, ასე არ შეიძლება, მაგრამ სულ იმის შეგრძნება მაქვს, რომ ცხოვრებაში რაღაცას ვერ ვასწრებ. მე და ირაკლი ერთმანეთს ვავსებთ, ერთი ინტერესი, ერთი მენტალობა გვაქვს. ერთადერთი მხატვარი, რომელიც თავიდან ბოლომდე გამომყვა, ირაკლია. მხატვრის ცოლობა არ არის მარტივი, ძალიან რთულია, თუმცა ის გვშველის, რომ მე ამას პროფესიონალის თვალით ვუყურებ და პროცესების მართვა შემიძლია“, - გვეუბნება ქალბატონი ქეთევანი.



სახლის ერთხელ დათვალიერება არ კმარა, თვალების ცეცებას ვაგრძელებთ. ირაკლი სუთიძის ნახატების ნახვა ხომ მხოლოდ აქ არის შესაძლებელი, თუ პერიოდულ გამოფენებს არ ჩავთვლით. ამბობენ კიდეც, რომ ეს სახლი კი არა, მუზეუმია, ანდაც - სახლ-მუზეუმი... ერთი ნახატის შექმნას თვეები სჭირდება, რადგან მხატვარი ვიზუალური ეფექტის გასაძლიერებლად ლისირების მეთოდს იყენებს - საღებავის ერთი ფენა გაშრობის შემდეგ იფხიკება და მეორე ისმება, ეს პროცესი რამდენჯერმე მეორდება, შემდეგ იმ ტილოზე ცხოვრებას ცხენები, თევზები, დევის ცოლები, სკივრები იწყებენ...

როგორც ქეთევან კორძახია ამბობს, სახლი ემსგავსება პატრონს და პატრონიც ემსგავსება სახლს: „ამ სახლში არაფერია ისეთი, რასაც ფუფუნების საგანი შეიძლება უწოდო, ჩვენ არც კოლექციონერები ვართ. უბრალოდ, დრომ ამ ყველაფერს თავისი დანიშნულება მისცა...“

მარიამ ტურძილაძე

კომენტარები

Tea 2021-01-16 21:10
საყვარელია, მაგრამ დამღლელია ამდენი ნივთი. საცხორებლად არაკომფორყული მგონია.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები