მაგიდა, რომლის ირგვლივ ისხდნენ ილია, აკაკი, ვაჟა... რენტგენის პირველი აპარატი - მიხეილ გედევანიშვილის სახლი ისტორიული ნივთებით და მოგონებებით

ამ სახლში, სადაც ქართველთა საამაყო ექიმი და საზოგადო მოღვაწე მიხეილ გედევანიშვილი ცხოვრობდა, დღეს მისივე სახლ-მუზეუმია.
ზღურბლს როგორც კი გადააბიჯებ, წინა საუკუნის დასაწყისში აღმოჩნდები - იმ დროში, როცა აქ ცხოვრობდნენ მიხეილი და მისი მეუღლე ანასტასია. მათ შემდეგ, ასევე საზოგადოებისთვის საკმაოდ ცნობილი ადამიანები - დიმიტრი გედევანიშვილი და ყველასთვის საყვარელი, ულამაზესი მსახიობი თამარ ციციშვილი, შემდეგ - მათი შთამომავლები...

აქ უამრავი ნივთია, რომელიც ამ სახელებს უკავშირდება, ხოლო კედლებზე მათი პორტრეტებია. თითოეული მათგანის ბიოგრაფია ღირსეული და გამორჩეულია იმ მხრივ, რომ თავდადებით ემსახურებოდნენ საყვარელ საქმეს. აქ
ყველა ფოტო და ნივთი ისტორიას ინახავს.

მუზეუმის დიასახლისი, დიდებული ადამიანების შთამომავალი, მშვენიერი ქალბატონი მანანა გედევანიშვილია, რომელიც არ იღლება თავის წინაპრებზე, ნივთებსა თუ სხვა საინტერესო ამბებზე საუბრით. ქალბატონი მანანას პორტრეტიც ბევრმა მხატვარმა დახატა, მათ შორის ერთ-ერთი თვალსაჩინო, მზეო გოგოჭურის შექმნილი ფერწერული ტილოა.





მანანა გედევანიშვილი:

- ამ სახლში ვიზრდებოდი და დაბადებიდანვე განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს ყველაფ მიმართ, რადგან ჩემი წინაპრები, ასევე ადამიანები ჩემ გარშემო, მართლაც დაუვიწყარნი იყვნენ...


პაპა - მიხეილ გედევანიშვილი

...მიხეილს დედა ადრე გარდაეცვალა, მამა ოფიცერი ჰყავდა, ის რუსულ გარემოცვაში იზრდებოდა. გიმნაზიაში რუსულ ენაზე სწავლობდა, ამიტომ ქართულად ვერ ლაპარაკობდა. მამა ფულს რომ უტოვებდა ტკბილეულის საყიდლად, იმ თანხას აგროვებდა, იყიდა ლექსიკონი და გადაწყვიტა, რომ ქართული ენა თავისით ესწავლა - სირცხვილია, რომ ქართველმა ქართული ენა არ ვიცოდეო... გიმნაზია რომ დაამთავრა, უკვე არაჩვეულებრივად ფლობდა ენას.




საოცრად შრომისმოყვარე კაცი უამრავ საქმეს ასწრებდა: ფსიქიატრიული საავადმყოფოს პირველი დირექტორი გახლდათ 25 წლის განმავლობაში; საკუთარი სახლის პირველ სართულზე კერძო მრავალპროფილიანი საავადმყოფო ჰქონდა, სადაც თბილისის საუკეთესო ექიმები მუშაობდნენ, მიხეილი გაჭირვებულებს უფასოდ მკურნალობდა; დაწერა თბილისის სანიტარიული განვითარების გეგმა; აირჩიეს ქალაქის სათათბიროს წევრად და იყო სათათბიროს ექიმი... სხვათა შორის, პაპას ძმა დავითიც, ცნობილი ნევროლოგი და ფსიქიატრი, ალექსანდრე ყაზბეგის მკურნალი ექიმი იყო მწერლის გარდაცვალებამდე.

ფიზიოთერაპიის და რენტგენის პირველი კაბინეტი საქართველოში პაპაჩემმა გააკეთა. ეს ყველაფერი რომ შენახულია, მამაჩემის დამსახურებაა. აქ არის რენტგენის აპარატი, პაპამ თავად შეიძინა პარიზში, წახნაგოვანი ფორმის სპეციალურ კაბინაში (ისიც შენახული გვაქვს). პაციენტი ჯდებოდა, გარკვეული რეჟიმი ირთვებოდა და ასე მკურნალობდნენ რევმატიზმს, რადიკულიტს და ბევრ რამეს. კაბინას ცოტა ხანს მამაც იყენებდა, ის ფიზიოლოგი გახლდათ. ძალიან ხშირად ლენინგრადიდან ურეკავდნენ, სწერდნენ კიდეც, ოღონდ რენტგენის აპარატი მოგვყიდეო... თუმცა მამას ეს არც უფიქრია. მისი სამუშაო კვირა ძალიან გადატვირთული იყო - ცალკე სამეცნიერო მუშაობა, ცალკე ლექციები, ღამის 2-3 საათზე იძინებდა. მამას სტუმრები უყვარდა, კარგ ხასიათზე დგებოდა და სუფრას ისე უძღვებოდა, ყველა ამბობდა, რა შესანიშნავი თამადააო.





პაპას კაბინეტში გრძელი მაგიდა დგას, სადაც მუშაობდა. გულგრილი იყო ნივთებისა და ავეჯის მიმართ, მაგრამ როცა გაიგო, რომ მაგიდა გრიგოლ ორბელიანს ეკუთვნოდა და შთამომავლები ყიდდნენ, წუთითაც არ დაფიქრებულა, მაშინვე იყიდა.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ექსპონატია ასევე მრგვალი მაგიდა, რომლის ირგვლივ ისხდნენ ილია, აკაკი, ვაჟა, ივანე მაჩაბელი, იაკობ გოგებაშვილი... ამ მაგიდასთან მუშაობდნენ 1912 წელს, როცა ილია ჭავჭავაძის თხზულებების კრებული გამოსაცემად მზადდებოდა. მიხეილი თავად იყო რედაქტორი და 1914 წელს მისი ხარჯით გამოიცა წიგნი, რომელიც გამოწერით გავრცელდა. ჩვენთან ხშირად დადიოდა პოლონელი ელჩი, მან ნახა ილია ჭავჭავაძის „თხზულებანი“ და ყოველ ჯერზე ათვალიერებდა. ძალიან მოსწონდა პოლონელი მხატვრის ჰენრიხ ჰრინევსკის ფერადი ილუსტრაციები. ეს გამოცემა ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას წარმოადგენს და ელჩი ბუკინისტებთან ეძებდა წიგნს. როცა მიაგნო და იყიდა, უზომოდ ბედნიერი იყო.

პაციენტის მიერ დახატულ პაპას პორტრეტს რენტგენის აპარატთან ხედავთ. აი, ზემოთ, დიდი ფორმატის ფოტოპლაკატი პაპამ ჩამოიტანა, სადაც იმდროინდელი საფრანგეთის გამოჩენილი მედიკოსები არიან ერთად გადაღებული. წლების წინ ლუვრში ფრანგული პლაკატის გამოფენაზე ესეც მოხვდა, რომელიც მერე წიგნში შეიტანეს, ჩვენ გვაქვს ის წიგნი.

მივყვებით ქალბატონ მანანას და მიხეილ გედევანიშვილის გვარის ისტორიას და ოჯახის სხვა ღირსეულ წინაპრებს ვეცნობით მათი პორტრეტებისა და ნივთების ფონზე.





გედევანიშვილები და ციციშვილები

- გედევანიშვილები საკათალიკოსო ტაძარს ემსახურებოდნენ. ისინი მამულებს ფლობდნენ მცხეთაში, გოროვანსა და წეროვანში. სვეტიცხოველში, ტაძრის გარეთ ეზოს სამხრეთით, გედევანიშვილთა გვარის წარმომადგენლები არიან დაკრძალული, მათი საძვალე იყო. ეს პატივი ერგოთ იმიტომ, რომ ასწლეულობით სვეტიცხოვლის მცველები იყვნენ. მნიშვნელოვანია გედევანიშვილების გერბი და სიგელი, რომელსაც ამშვენებს ერეკლე II-ის, მისი მემკვიდრის გიორგი XII-ის, ანტონ I-ისა და ანტონ II-ის ხელმოწერები. სიგელის ორიგინალის შენახვა რანაირად შეძლეს, ახლაც მიკვირს.

სვეტიცხოვლის ორი ძვირფასი ხატიდან (გედევანიშვილებმა აჩუქეს), ერთი რევოლუციის მერე, მაშინვე მოიპარეს, მეორე - უკვე გაძარცვული ხატი, ჩვენმა ნათესავმა ეკატერინე გედევანიშვილმა გამოიტანა და მასთან ინახებოდა. სიკვდილის წინ ვაჟიშვილს დაუბარა, რომ გედევანიშვილების ხატს მიტოს (მამაჩემს) უანდერძებდა და დავით ჭიჭინაძემაც ჩვენ გადმოგვცა.

ჟურნალისტმა ნათელა კობიაშვილმა, ჩვენი არქივის ნახვის მერე, რამდენჯერმე მითხრა, შენი გვარის წარმოშობის შესახებ რატომ არაფერს წერო. იმდენი მელაპარაკა, რომ ბოლოს დავწერე. მთელი ისტორია აქ არის, წიგნში „გვარი ელიოზისძეთა და გედეონისძეთა“. ავტორად მარტო ნათელას გვარი მინდოდა ყოფილიყო, მაგრამ მითხრა - შენი შვილიშვილები არ წაიკითხავენ და სჯობს მიაწეროო.





ციციშვილებს რაც შეეხება, საქართველოს უკანასკნელი დედოფალი მარიამ ციციშვილი დედაჩემის, თამარ ციციშვილის დიდი პაპიდა იყო. დედას პორტრეტი - ლადო გუდიაშვილის დიდი ფერწერული ტილოს რეპროდუქცია ძალიან მომწონს. პატარა ვიყავი, მაგრამ კარგად მახსოვს, ამ ფერწერულ ტილოზე მუშაობისას, ისინი მეგობრულად საუბრობდნენ და გუდიაშვილი დედას ხშირად ეუბნებოდა: თამარა, იცოდე, შენი სახე უნდა დავხატოო... რას გულისხმობდა? დედას პორტრეტის დასრულების შემდეგ, ლადომ დაიწყო ქაშუეთის ტაძრის მოხატვა, სადაც ღვთისმშობლის ფრესკას თამარის სახე აქვს. ერთ დღეს სახლში ვართ, რეკავს ლადო და მესმის დედას ხმა: მართლაა! ხარაჩო ჩამოხსენით? მოვალ, ახლავე მოვალ. დედამ მითხრა, რომ ქაშუეთში მიდიოდა ფრესკების სანახავად. როცა დაბრუნდა, კარი გავუღე და მაშინვე ვკითხე: მოგეწონა? - განსაკუთრებით, არაჩვეულებრივია მოციქულები, მომეწონა! - აი, ასე მიპასუხა, ეუხერხულებოდა, რომ მისი სახე დახატა, თავის თავზე კი არ უთქვამს - მომეწონაო, ეს დამამახსოვრდა.

დედაზე კიდევ პატარა ეპიზოდს გავიხსენებ: ერთ დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ომის შემდგომი წელი და საოცარი გაჭირვების პერიოდი იდგა, ბავშვებს - ჩვენ და მეგობრების შვილებს, სახლში დღესასწაული მოგვიწყო. ოპერის თეატრიდან საკარნავალო ტანსაცმელი გამოიტანა, ყველას მოგვარგო და ისეთი ლამაზი წარმოდგენა გვაჩუქა, რომელიც დღესაც ახსოვს ყველას და მეც, რა თქმა უნდა. დედა უკრავდა ფორტეპიანოზე, გვამღერებდა, თამაშებს იგონებდა. იმ ზეიმის ამსახველი ფოტოებიც არსებობს...

მამიდაჩემი ქეთო, გრიშაშვილის მეგობარი იყო, ლამაზად ქარგავდა, ლითონზე მუშაობდა. ამ ნაზ და არაჩვეულებრივი სილამაზის ქალს ყველა ეტრფოდა. 30 წლისა გარდაიცვალა, ტუბერკულოზი ჰქონდა...

ბებიამ, ანასტასია გედევანიშვილმა (ბებიაც გედევანიშვილი იყო) წიგნი შემაყვარა, სამი წლისას მიკითხავდა ქართულად, რუსულად, ფრანგულად და მითარგმნიდა. ის წერდა პატარა მოთხრობებს და ჟურნალ „ნაკადულში“ აქვეყნებდა, ფსევდონიმით „ტასო“ ან „გედევანი“.

ოჯახსა და ნათესაობაზე მზრუნველი გერმანელი ბებია, ვილჰელმინა შერცინგერი (დედის დედა) ყველას ძალიან უყვარდა. სტუდენტი ვიყავი, როცა გარდაიცვალა...

ამ აფიშაზე წერია, რომ ბიძაჩემი შალვა გედევანიშვილი ფილმის „ქეთო და კოტე“ დამდგმელი რეჟისორია ვახტანგ ტაბლიაშვილთან ერთად. შალვა ამბობდა, რომ ფილმიდან თამარ ციციშვილის სცენების ბევრი ეპიზოდი ამოჭრეს მის თვალწინ და ის კადრები (ფირები) არ მისცეს, რომ თავისთვის მაინც შეენახა.

ვახტანგ ციციშვილი (თამარის მამის ძმა) კონიაკის წარმოების დარგის სპეციალისტი იყო, შექმნა კონიაკი „ენისელი“. ის იყო ერთადერთი მეღვინე - სტალინური პრემიის მფლობელი. სტალინმა ყირიმის კონფერენციის დროს სადილი გაუმართა რუზველტსა და ჩერჩილს. სუფრაზე თურმე, იდგა ფრანგული კონიაკი და „ენისელი“. ჩერჩილს კონიაკი უყვარდა, ორივე გასინჯა და აირჩია „ენისელი“ - სვამდა და თან აქებდა. მეორე დღეს ჩერჩილის დაბადების დღე ყოფილა და სანამ გაფრინდებოდა, სტალინს მისთვის ერთი ყუთი „ენისელი“ გაუგზავნია. ამ ფაქტიდან ორი წლის შემდეგ, ვახტანგ ციციშვილი სტალინური პრემიის ლაურეატი გახდა...

დრამატურგსა და მწერალ სოსო გედევანიშვილს (ბებიას ძმა) კულტურის მინისტრის პოსტი ეკავა. არის ავტორი პიესისა „სინათლე“, რომლის მიხედვით გენიალური ბალეტი დაიდგა, სადაც ვახტანგ ჭაბუკიანი ცეკვავდა. მას ჰქონდა სახლი არმაზში და სხვათა შორის, არმაზის ცნობილი გათხრები მის ეზოში წარმოებდა, სადაც ის უძვირფასესი ექსპონატები იპოვეს, რომელთა შორის არის ბილინგვა და სხვა განძი.





სახლი...

ბინას რაც მუზეუმის სტატუსი მიენიჭა, უამრავი უცხოელი ესტუმრა. ერთხელ ნორვეგიის პრეზიდენტი გვეწვია ორ თანაშემწესთან ერთად. დადგა შუა ოთახში, ირგვლივ ათვალიერებს და უცბად მეკითხება: თქვენ აქ ცხოვრობთ? - კი, - ვუპასუხე. - მართლა აქ ცხოვრობთო? - კითხვა გამიმეორა. ეტყობა, თანამედროვე ბინების შემყურეს, ძველი რომ ასე შენარჩუნებული ნახა, ძალიან უჩვეულოდ მოეჩვენა. აქ იყო იუგოსლავიის დედოფალი, რომელიც ინგლისის დედოფლის ახლო ნათესავია. დამირეკეს და მითხრეს, რომ ყოფილი დედოფალი ჩამოსულია ინკოგნიტოდ და აინტერესებს პრივატული მუზეუმები, ჩვენ თქვენი სახლის ნახვა შევთავაზეთო. ძალიან სასიამოვნო ქალი აღმოჩნდა. რამდენიმე წლის შემდეგ, ინგლისში დედოფლის სასახლეში მთელ ნათესაობას მოეყარა თავი და ზეიმს ტელევიზიით აჩვენებდნენ. უცებ, ჩემმა შვილიშვილებმა შეამჩნიეს: შეხედე, „ჩვენი“ დედოფალი... მართლაც, ელისაბედის გვერდით იდგა ჩვენი ნაცნობი, არაჩვეულებრივი ქალბატონი თავზე გვირგვინით, რომელმაც ამ სახლში მიღებული შთაბეჭდილებები წიგნში ჩაგვიწერა.

საერთოდ ვერ წარმომიდგენია, აქ რამე რომ შევცვალო. ეზოში შესანიშნავი ბაღი იყო, მეც მახსოვს - ვარდებში ჩაფლული და შუაში აუზით. აქ ყოფნა არ სწყინდება ადამიანს. ავეჯი ძირითადად უძველესია და ფაქტობრივად, ყველა ნივთს თავისი ისტორია აქვს.

აი, ჩვენი დიდი ჰოლანდიური კარადის მსგავსი არსად მინახავს. ცოტა ხანს ჰააგაში ვცხოვრობდი და არაჩვეულებრივ მუზეუმებში დავდიოდი, სადაც ამ სტილის კარადას ვეძებდი. ვნახე კიდეც ამდაგვარი, მაგრამ ასეთი ლამაზი არ იყო. კარადა დედ-მამამ იყიდა პეტერბურგში, საქორწინო მოგზაურობის დროს. მამაჩემს ავეჯი დიდად არ აინტერესებდა, მაგრამ თუ ისტორიული ღირებულება გააჩნდა, არაფერს იშურებდა მის შესაძენად. ცნობილი კომპოზიტორი მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვი პაპას პაციენტი იყო. კომპოზიტორი წლები ცხოვრობდა თბილისში და მუსიკალურ ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობდა. როცა თბილისიდან მოსკოვში გადასვლა გადაწყვიტა, იპოლიტოვ-ივანოვმა საკუთარი როიალი აჩუქა პაპაჩემს. საიმპერატორო შეკვეთით არის დამზადებული, თავსახურის ქვეშ ლამაზი გერბებია ამოტვიფრული.






პაპას დროინდელია ფრანგული სამედიცინო ლიტერატურა. მინის კარადა საავადმყოფოში იდგა პირველ სართულზე და წამლებს ინახავდნენ.

ოთხი თეფში ნინო ჭავჭავაძის სერვიზის ნაწილია, თეფშის შუაში არის მისი ინიციალები, საფრანგეთში შეუკვეთა. სხვათა შორის, წინანდლის მუზეუმში მხოლოდ ერთი ასეთი თეფში ინახება.

ფრანგული სეკრეტერი, ინკრუსტაციებით მორთული, დედას აჩუქა ბიძამ - დეიდის ქმარმა. ზუსტად ასეთი, ოღონდ ცოტა დიდი, იცით, სად ვნახე? ვერსალის სასახლეში, მარია ანტუანეტას ბუდუარში. დედას ბიძა ნიკოლოზ გაბაშვილი, დავით სარაჯიშვილის პარტნიორი იყო. სანამ პარტნიორი გახდებოდა, სარაჯიშვილმა თავისი სტიპენდიით გააგზავნა საფრანგეთში, სადაც შეისწავლა ღვინისა და კონიაკის ტექნოლოგია. როცა დაბრუნდა, მივიდა სარაჯიშვილთან მადლობის სათქმელად და თან კონვერტი დაუდო - აქ ის ფულია, რაც თქვენი სტიპენდიიდან დამრჩაო. - რას ამბობ, სამი წელი პარიზსა და ბორდოში ცხოვრობდი და ფული ვერ დახარჯეო? - გაუკვირდა დავით სარაჯიშვილს. - ვცდილობდი, ეკონომიურად მეცხოვრაო, და ფული უკან დაუბრუნა. ახალგაზრდა კაცის პატიოსნებით გაოცებულმა სარაჯიშვილმა, ნიკოლოზი მაშინვე თანამშრომლად აიყვანა და მალევე პარტნიორიც (მეწილე) გახადა. ეს ფრანგული სეკრეტერი სწორედ სარაჯიშვილს უჩუქებია გაბაშვილისთვის. დედაჩემს დეიდა და ბიძა შვილივით ზრდიდნენ და ძალიან უყვარდათ, როცა გათხოვდა, მაშინ აჩუქეს...

მუზეუმს მრავალფეროვნებას მატებს საჩუქრად გადმოცემული ისეთი დიდი მხატვრების ფერწერული ტილოები, როგორებიც არიან მოსე თოიძე, ირაკლი თოიძე, ზურაბ ნიჟარაძე, თენგიზ მირზაშვილი, კორნელი სანაძე, დიმიტრი ერისთავი, თემო ჯაფარიძე... ამ სახლში ყოველთვის თან მდევს წარსული, წინაპართა აჩრდილები, ამ გრძნობას ვერ ვიცილებ...


ნანული ზოტიკიშვილი

კომენტარები

ideodub 2024-10-17 10:30
This non- linear relationship makes it challenging to use peak EST in isolation as a prognostic factor of IUI success buy priligy pills
ideodub 2024-10-16 09:04
clomiphene metoprolol lek paralele But the North Bay based railway is also taking some extra measures in the wake of the disaster earlier this month that killed 47 people when an unattended 72 car Montreal, Maine Atlantic Railway train carrying oil derailed, caught fire and exploded, levelling the Quebec city s downtown core viagra priligy Various techniques to perform a liver biopsy are by laparoscope, transjugular, or percutaneously
დავით ამირეჯიბი. 2022-12-08 20:32
ქალბატონი თამარ ციციშვილი უახლოესი მეგობარი იყო მოსე თოიძის ქალიშვილის, ალექსანდრა თოიძის და ვლადიმერ მაჭავარიანის ოჯახის. მოსე თოიძის სახლ მუზეუმში გამოფენილია მოსე და ირაკლი თოიძეების შესრულებული თამარ ციციშვილის ცნობილი პორტრეტები, და ფოტო მასალა.
ტოტო 2022-03-13 15:46
ძალიან ვისიამოვნე ამ სტატიის წაკითხვით.
გადლობა ქალბატონ მანანა გედევანიშვილს.დიდი ბედნიერებაა ასეთი ოჯახები.
ნინო 2022-03-11 00:22
რა საინტერესოა, დიდი სიამოვნებით ვესტუმრებოდი ამ მუზეუმს, სად არის ზუსტად?

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები