"მიყვარს ყველაფერი, რაც ესთეტიკურ სიამოვნებას მანიჭებს" - ყოფილი ფარმაცევტის მიერ მოწყობილი ბაღნარი საგარეჯოში

ქეთი ბაცანაძე პროფესიით ფარმაცევტია, თუმცა ამჟამად დიასახლისია და მთელ დროს თავისი ეზოს მოვლა-გალამაზებას უთმობს. მის ბაღში უამრავი სახეობის ყვევილი ხარობს და თითოეულს დიდი რუდუნებით უვლის.

- საგარეჯოში ვცხოვრობ. პროფესიით ფარმაცევტი გახლავართ. ამ საოცარ პროფესიას სამ ათეულ წელზე მეტი ვემსახურე. ახლა უკვე დამსახურებულ პენსიაზე ვარ. გამითავისუფლდა უამრავი დრო, რომლის უდიდეს ნაწილს ჩემს საყვარელ საქმიანობებს ვუთმობ: კერვას, ქსოვას, ხელნაკეთი ნივთების შექმნას, ლანდშაფტის დიზაინერის ამპლუაც მოვირგე. მიყვარს ყველაფერი, რაც ესთეტიკურ სიამოვნებას მანიჭებს და ვცდილობ ჩემს ირგვლივ ყველაფრისგან შევქმნა სილამაზე.


- ეზოს მოვლას მარტო
ახერხებთ?

- წლების წინ დამებადა იდეა, უბრალო ეზო გადამექცია ყვავილების ბაღად. ეზოში არსებული ხეხილის ნარგავების მიხედვით, ოჯახის წევრების დახმარებით გავაკეთე ბილიკები ცემენტის ფილებით, ქვებითა და ხრეშით, პემზის ქვებით, ტერასები - ძველი კრამიტებით. ასევე მაგიდები და სკამები სხვადასხვა დიზაინით. ამავდროულად ვაგროვებდი ყვავილებს და ვურჩევდი მათ შესაბამის ადგილმდებარეობას.


- მოყვავილე მცენარეების გარდა არაერთი მარადმწვანე მცენარე ხარობს თქენს ბაღში...
- დიახ, ძალიან მიყვარს მარადმწვანე მცენარეები, რომლებიც ზამთარ-ზაფხულ ალამაზებენ ეზოს და ბაღს. ეზოში მიდგას ოლეანდრები, ბეგონიები, მუშმალა, ჩინური იასამანი, რომელსაც განსაკუთრებული არომატი აქვს. წყავი, რომლის ყვავილებიც საოცარ სურნელს აფრქვევენ გაზაფხულზე, ზამბახები, იები, რომლებიც ყოჩივარდების შემდეგ იშლებიან და ნაზი, სასიამოვნო სურნელით ავსებენ გარემოს. იებს მოჰყვება ნარცისები, სუმბულები, ტიტები, ზამბახები, კლემატისი, სურნელოვანი ვარდები და სხვა. ზაფხულში ყვავის ინდოეთის დედოფალი, გენერალი, კანნა, კერია, მიხაკები,ზაფრანები, გვირილები, ინა. განსაკუთრებით მიყვარს პორტულაკები - პატარა, დაბალი მცენარე, ჭრელი ყვავილებით, მთელ ზაფხულსა და შემოდგომას რომ ალამაზებენ ბაღს და ფუტკრებისთვის ნექტარის ულევი წყაროები რომ არიან.


ერთი სიტყვით ყვავილების მოვლა-გამრავლება, ბაღისა და ეზოს აქსესუარების შექმნა, ლანდშაფტის დიზაინი ჩემთვის მუდმივი და უწყვეტი პროცესია. ამ ყველაფრისგან უდიდეს სიამოვნებას ვიღებ და განტვირთვის შესანიშნავი საშუალებაცაა.









მერი ბლიაძე

კომენტარები

ლია 2023-04-19 23:23
ბრავო, სიკეთეში !

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები