"ვეფერები ყვავილებს და სულ ყვავიან..." - თიანეთში მოწყობილი ორიგინალური ეზო მრავალფეროვანი ყვავილებით

ორი შვილის დედა ნანა გუშარაშვილს თიანეთში ნამდვილი წალკოტი აქვს გაშენებული. თანაც ეს ეზო არა მხოლოდ მრავალფეროვან მცენარეებით გამოირჩევა, არამედ ორიგინალური დიზაინითაც, რომლის შემოქმედიც ასევე თვითონაა - ოჯახის წევრებთან ერთად. ქალბატონი ნანა თავად გვიამბობს ამ ეზოზე.

- ყვავილებთან ურთიერთობას სიმშვიდე მოაქვს... ყოველი დილა და საღამო ჩემთვის დღესასწაულის მომტანია. ძირითადა დღის ამ პერიოდში ვუვლი, ვრწყავ, ვასუფთავებ გახმარი ფოთლების, არასასურველი და სარეველა ბალახისგან... ვეფერები მათ, რადგან ვხედავ, როდესაც ამას ვაკეთებ, გამუდმებით ყვავიან... დედაჩემსაც ულამაზესი ეზო ჰქონდა... მთელი ცხოვრება ეზოსი თუ არა, ისევე როგორც სხვა
დიასახლისებს, ოთახის ყვავილები მეც მქონდა...

დაახლოებით 5 წლის წინ მე და ჩემმა შვილებმა ძალიან უბრალო, ხის ზედმეტი ტოტებისგან შევკარით პირველი საყვავილე, უფუნქციო პლასტმასის ბოთლებისგან ლამაზი საყვავილეები გამოვჭერით, სადაც ულამაზესი პეტუნიები ჩავრგეთ და ყველგან, სადაც ხელი მიგვიწვდებოდა - ხეებზე, კედლებზე ჩამოვკიდეთ. გარდა ამისა, ძველი ფეხსაცმელების, რიყის ქვებისგან გაკეთებული საყვავილეები, თიხის დოქები - ეს იმ საყვავილეების მოკლე ჩამონათვალია, რომელსაც საკუთარი ხელით ვაკეთებთ და ვალამაზებთ ჩვენ ეზოს. მას შემდეგ, ყოველ ზაფხულს ნელ-ნელა ვითარდება ჩვენი ბაღი და ახლობლები ნანუკას გარდენიასაც კი უწოდებენ...


უამრავი ჯიშის ყვავილი მაქვს, მაგალითად პეტუნიები, რომლებიც ძალიან უბრალო მოვლას საჭიროებს, ძალიან ადვილად მრავლდება და ამავდროულად ულამაზესს ფონს გვიქმნის... კიდევ ალიანდრა, ნაირ-ნაირი მიხაკები, სუმბული, დელფინიუმი, შაშვისპირა, ზამბახები ვარდები, პიონები და ა.შ. წელს სხვადასხვა ფერისა და დეკორატიული ყაყაჩოებიც მოვამრავლე...
ჩემმა შვილმა, რომელიც გერმანიაშია, სხვადასხვა ფერის ჰოლანდიური ტიტები ჩამოიტანა, დავრგეთ და გერმანელმა გოგონებმა ძალიან გამახარეს - პირველივე წელს იყვავილეს...

იქიდან გამომდინარე, რომ თიანეთი მაღალმთიან მუნიციპალიტეტებს შორისაა, საკმაოდ ცივი კლიმატია. ზოგიერთი მცენარე ვერ იზამთრებს და ვცდილობ, ისეთი მცენარეები შევარჩიო, ჩვენს კლიმატს რომ გაუძლებს და მოერგება. თუმცა ოთახის ყვავილებს მაინც უჭირთ გამოზამთრება, რადგან ზამთარში რამდენიმე ოთახში გვაქვს გათბობა და ყველა ყვავილი ვერ ეტევა, თან არც შეიძლება ბევრი მცენარე საძინებელ ოთახებში, რადგან ბევრ ჟანგბადს საჭიროებს... მეგობრები მყავს, რომლებსაც ასევე ძალიან უყვართ მცენარეები და ვცვლით ხოლმე ერთმანეთში, ერთს რომ გაუფუჭდება, ვისაც გვაქვს ვაძლევთ და ასე დაუსრულებლად...

გაზაფხულიდან იწყება განახლება ნიადაგის, რომელიც აუცილებლად უნდა შეეცვალოს და უნდა მიაშველო ბუნებრივი სასუქი...
მოვლა-მორწყვა ყოველდღიურად უნდა აუცილებლად, რადგან მალევე ჭკნებიან და მოიწყენენ ხოლმე... ჩვენთან იმდენად ნოყიერი ნიადაგია, ქიმიური დანამატები არც არის საჭირო... თუმცა მავნებლებთან ბრძოლა მაინც მიწევს, ოღონდ მეგობრებისგან გაგებული და გაზიარებული ბიოლოგიური ნაყენებით. მაგალითად, ბანანის ქერქისგან, თამბაქოსგან და ა.შ.

იმდენად მიყვარს ყვავილები, ოჯახში ხუმრობენ ხოლმე, ახლობელს რომ ურეკავს, პირველ რიგში, - როგორ გყავს ყვავილები, ეკითხებაო. სადაც წავა, არ არარსებობს ყვავილის გარეშე დაბრუნდესო. კარგად მახსოვს, ჩემი უფროსი გოგო სამეგრელოში იყო მივლინებით და მირეკავს - დედი, ძალიან ლამაზი და მოვლილი ბაღები აქვთ, უამრავი ლამაზი ყვავილითო. რა თქმა უნდა, დავაბარე, თუ მოგცემენ, წამოიღე-მეთქი. რამდენიმე დღის შემდეგ დიდფესვიანი ხე-ყვავილა ჩამომიტანა. რომ დავინახე ლამის ვიტირე - რანაირად ატარე-მეთქი, შემეცოდა, ძალიან მძიმე იყო...

მცენარეებს ერთი არაჩვეულებრივი თვისება აქვთ - როგორც მოუვლი, ისე გაგახარებს, ყვავილებით გადაიპენტება და გაიბადრება... კიდევ უამრავი გეგმა მაქვს და ყოველივე ამის შემდეგ კვლავ დიდი სიამოვნებით გიმასპინძლებთ ჩემს ბაღში...

კომენტარები

ნაირა ბადურაშვილი 2019-07-04 12:54
ჩემო ნანა მალადეც შენს ქალობას არამარტო ყვავილებით ხარ ლამაზი ლამაზი სულის პატრონი ხარ კყავს არაჩვეულებრივი ოჯახი რითაც ვამაყობთ შენი ახლობლები,მიყვარხა და წარმატებებს გისურვებ ჩემო კარგო ⚘⚘⚘⚘
ნინო 2019-07-02 12:07
ნანიკო, ნანიკო შენ და შენი უალამაზესი გარდენია!

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები