მანანა საყევრიშვილი ოჯახთან ერთად ტაბახმელაში ცხოვრობს. დაოჯახების შემდეგ საკუთარი დრო და ენერგია შვილების აღზრდას დაუთმო. ამის პარალელურად აშენებდა ბაღს, რომელიც დღეს ყველას აღაფრთოვანებს. პანდემიის დროს ბაღის მოვლასა და გაშენებაში შვილებიც ჩართო და ეს პროცესი ბევრად ხალისიანი გახადა. თვლის, რომ ბავშვები ჯანსაღ გარემოში უნდა გაიზარდონ, რაც სამომავლოდ დადებითად აისახება მათ ცხოვრებაზე.
- პროფესიით ფარმაცევტი ვარ. ვმუშაობდი ერთ-ერთ სააფთიაქო ქსელში. როდესაც დავოჯახდი, გადავწყვიტე, მთელი ჩემი დრო შვილების და ოჯახისთვის დამეთმო. დღეს მათთან ერთად ვცხოვრობ ტაბახმელაში.
- სადაც ულამაზესი ბაღიც გააშენეთ...
- დიახ.
- ვინ გეხმარებოდათ ბაღის გაშენებაში?
- ბაღის გაშენებაში არავინ არ მეხმარება. ჩემით ვაშენებ საყვავილეებს, ვაკალმებ ვარდებს, ვამრავლებ ძირებს. მეუღლე ფინანსებით, მეხმარება. მოგეხსენებათ, ბაღის გაშენებას ფინანსები სჭირდება.
- ფინანსების გარდა ბაღის გაშენება დიდ შრომას და ძალისხმევას მოითხოვს...
- გეთანხმებით. ნამდვილად შრომატევადია და ძალიან დიდი დროს მოითხოვს. ძალიან რთულია ბაღის გასუფთავება სარეველასგან. ამასთან მნიშვნელოვანია იცოდე სად რომელი მცენარე დარგო, რომელს ჩრდილი უყვარს და რომელს მზე. მაგალითად, სუკულენტებს ქვიანი ადგილი უყვარს. ვცდილობ ყოველდღიურად ავიმაღლო ცოდნა, ბევრს ვკითხულობ ყვავილების შესახებ.
- სანამ ბაღის გაშენებას გადაწყვეტდით, წინასწარ დაგეგმეთ თუ თავისთავად მოხდა ყველაფერი?
- ბაღის გაშენება როდესაც გადავწყვიტე, იყო პატარა მონაკვეთი, შემდეგი თავისთავად მოვიდა იდეები გაფართოებაზე და დიზაინზე. მინდოდა, რომ აივნიდან მქონოდა ლამაზი ხედი, ფართობიც საკმაოდ დიდია, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია. ყვავილის გარად ვრგავ წიწვოვან მცენარეებს, ნაძვებს, რადგან ძალიან ალამაზებს ეზოს.
- ბევრი საბავშვო დეტალია თქვენს ბაღში შეტანილი. ასე შვილების გამოა?
- პანდემიის დროს, იზოლაციაში ყოფნა ძალიან გაუჭირდათ ბავშვებს, ამიტომ გადავწყვიტე გამეხალისებინა. ვარგვევინებდი ყვავილებს, ვარწყვევინებდი მცენარეებს და თითქმის მთელი დღე ვიყავით ეზოში. ახლაც იგივეს ვაგრძელებთ.
მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი ბაღის გალამაზებაში დამეხმარა უნიჭიერესი ადამიანი, შორენა მარტიაშვილი, რომელიც კახეთში ცხოვრობს. შემთხვევით ვიპოვე ინტერნეტში, ეზოს ხელნაკეთ სუვენირებს ამზადებს რკინა-ბეტონით და ქვით. საკმაოდ გამძლეა, არ ფუჭდება მზეზე, წვიმასა და ყინვაში.
- ხეხილიც გაქვთ ბაღში?
- დიახ, ხეხილიც მაქვს და დიდ უპირატესობას ვანიჭებ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს. სხვა ადგილასაც მაქვს გაშენებული ხეხილი და კენკროვანები. ჩემს შვილებს ვზრდი ჯანსაღი პროდუქტით.
- სამომავლოდ თუ გაქვთ რაიმე იდეა, რის განხორციელებასაც აპირებთ ბაღში?
- სამომავლოდ ვგეგმავ დავრგა უამრავი წიწვოვანი მცენარე. მინდა გავაშენო კიდევ ბევრი ყვავილის სახეობა, ძირითადად - ყინვაგამძლე და მრავალწლიანი, რადგან ტაბახმელაში არის სიცივე და ზოგი მცენარე ვერ უძლებს ყინვას. მინდა, რომ ჩემს შვილებს ჰქონდეთ ლამაზი ეზო, სასიამოვნო გარემო. ბავშვი უნდა იზრდებოდეს ხალისიან და ლამაზ გარემოში, რომ კარგი ფსიქიკა ჩამოუყალიბდეთ.
მერი ბლიაძე