ხეზე კვეთა ერთ-ერთი უძველესი ხელოვნებაა და ტრადიციული საქართველოსთვის. სხვადასხვა კუთხეში განსხვავებული ხასიათის ფორმები და ფიგურები ყოველთვის არსებობდა. დღეს საქართველოში ხის მხატვრულად დამუშავება ნაკლებადაა პოპულარული და ნელნელა დავიწყებას ეძლევა. სხვადასხვა კუთხეში თითზე ჩამოსათვლელია ხის ოსტატები. გიგა გიგაური ერთ-ერთი მათგანია. მთაში ცხოვრობს, სოფელ მუგუდაში. 20 წელია ჩარხთან დგას და ხეზე ძველი ქართული ორნამენტები გადააქვს. ჩუქურთმების გამოჭრა არავისგან უსწავლია, თვითნასწავლი ოსტატია. შრომით, დაკვირვებით, საკუთარ თავზე მუშაობით ხეზე კვეთის მისეულ მეთოდებს მიაგნო და ასე ცდილობს გაიმარტივოს რთული სამუშაო, თუმცა ამბობს, რომ მისი მოსაწონი ნაკეთობა ჯერ
- მამაჩემის დედის ძმა ჩარხავდა ხოლმე ხეზე, დიდი ინტერესით ვაკვირდებოდი, რას როგორ აკეთებდა, აქედან დაიწყო ჩემი გატაცება. ტექნიკური უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული, მაგრამ ჩემი პროფესიით არასოდეს მიმუშავია. 1993 წელს დავამთავრე უნივერსიტეტი და იმის მერე ვმუშაობ ხეზე. თავდაუზოგავად ვშრომობდი სასურველი შედეგის მისაღწევად, ჩარხვა არც ისე მარტივი საქმეა, მივაგენი ჩემეულ მეთოდებს, რამაც მუშაობა გამიმარტივა. რაც შეეხება ხეზე კვეთას, ვაკეთებ ძველ კავკასიურ ჩუქურთმებს, რომელიც ოპიზრების დროინდელი ჩუქურთმაა. იშვიათად თანამედროვე ფიგურებიც შემაქვს ნამუშევრებში. უამრავი ძველი ქართული ჩუქურთმა არსებობს, რომელიც დიდ მოწონებას იმსახურებს მნახველში. ერთ-ერთი სიახლე რაც შემოვიტანე, არის ხის ყანწი. შეიძლება სხვა ხელოსნებიც აკეთებენ ხის ყანწებს, მაგრამ თუ მის გაკეთებას ანდომებენ ერთ თვეს, მე ვაკეთებ ერთ დღეში. როგორც უკვე ვთქვი, მივაგენი ხელით ჭრის ჩემეულ მეთოდს და ეს ამის დამსახურებაა.
- რა იარაღებით მუშაობთ?
- ძველისძველი ჩარხი მაქვს და იმაზე ვმუშაობ. ალბათ ძალიან მივეჩვიე და ამიტომ ვერ ვცვლი.
- ძირითადად რა ნივთებს აკეთებთ?
- ძირითადად სასმისებს ვაკეთებ. ყანწები, დოქები, ჭიქები, ქვევრები - ეს ჩემი შემოქმედების მცირედი ჩამონათვალია. ის დღე დაკარგულად მიმაჩნია, თუ ხის სუნი არ შევიგრძენი. სულ ცოტა ხნის წინ დავწერე პროექტი და მოვიპოვე ევროკავშირის გრანტი, დამაფინანსეს და სახლში გავხსენი სახელოსნო მაღაზია. მე ვცხოვრობ გუდაურისკენ მიმავალ სამხედრო გზის ნაპირზე. ტურისტებს ძალიან მოსწონთ ჩვენი ეროვნული სამისები, თავისი არაჩვეულებრივი ჩუქურთმებით. რაც მეტი ქართული ეროვნული ნივთი გავა საზღვარგარეთ, მით მეტი ქვეყანა გაგვიცნობს.
- რა მასალისგან აკეთებთ ამ სასმისებს?
- ძირითადად კაკლის ხეზე ვმუშაობს. პირველ რიგში იმიტომ, რომ ტყეში ხეს არ მოვჭრი, არც ერთ ადამიანს არ აქვს უფლება, საკუთარი ინტერესებისთვის ტყეში ხე მოჭრას. კაკალს ვყიდულობ იმ ადამიანებისგან, ვინც საკუთარ ეზოში მოჭრა ეს ხე გარკვეული მიზეზების გამო. მეორე ისაა, რომ კაკალი ძლიერი ხეა. არ იბზარებ, დიდხანს ძლებს და ლამაზი ფერი აქვს.
- რამდენად რთულია ხეზე მუშაობა?
- ძალიან რთულია ხეზე მუშაობა. 20 წელი ჩარხთან ვდგავარ, ხელები ხეზე მუშაობასგან სულ დაჭრილი მაქვს. დავიწყოთ ხის მოჭრით, თითოეულ სამუშაოს მე თვითონ ვასრულებ, სისტემატიურად მიწევს ფიზიკური მუშაობა, თუმცა როცა ადამიანს საკუთარი საქმე გიყვარს, გსიამოვნებს რასაც აკეთებ, ამ დროს დაღლაც სასიამოვნოა. განსაკუთრებით მაშინ ხარ კმაყოფილი, როცა შენს მიერ შერქმნილი ნივთი მნახველში მოწონებას და აღფრთოვანებას იმსახურებს.
- როცა თქვენ მიერ შექმნილ ნივთს საბოლოო სახეს მისცემთ, რას განიცდით მაშინ?
- ვფიქრობ, რომ რაღაც აკლია, ისეთი არ გამოვიდა, როგორიც მინდოდა. სიმართლე გითხრათ, ჩემი გაკეთებული არც ერთი ნივთი არ მომწონს (იღიმის) და ყოველ ჯერზე ვცდილობ უფრო და უფრო უკეთესი გავაკეთო. იქნებ როგორმე მოვაწონო ჩემ თავს ჩემი სასმისები.
მერი ბლიაძე
კომენტარები