ახალგაზრდა წყვილის გემოვნებიანი ბინა, რომელსაც ინტერნეტში დიდი მოწონება ხვდა წილად

როდესაც მშენებარე კორპუსში საცხოვრებელი ფართი შეიძინეს, მათი სართული ჯერ კიდევ არ იყო აშენებული, ამიტომ მთლიანი ბინა საკუთარი გემოვნებით და სურვილით დაგეგმეს.  მარკეტინგის და კომუნიკაციების სპეციალისტი მირიან ჯუღელი და მისი მეუღლე, არქიტექტორი და ინტერიერის დიზაინერი ეკა ოძელაშვილი შვილებთან ერთად უკვე სამი წელია ამ ლამაზ და მყუდრო ბინაში ცხოვრობენ. თითოეული დეტალი, კუთხე ერთმანეთთან შეთანხმებით მოაწყვეს. ამბობენ, რომ ყველაფერი წინასწარ გათვალეს, შესაბამისად, შედეგით ძალიან კმაყოფილები არიან.





- ეს ბინა საბურთალოზე, ირაკლი გამრეკელის ქუჩაზე მდებარეობს, საკმაოდ მყუდრო და ქალაქის ხმაურისგან მოწყვეტილ უბანში, თუმცა ასევე
ძალიან ახლოს ყველაფერ იმასთან, რაც ცხოვრებაში გჭირდება ადამიანს. მაგალითად, სავაჭრო ცენტრი, ლისის ტბა, სკოლა, ფაქტობრივად ყველაფერი, რაც გვჭირდება, 5-7 წუთის სავალზეა. ბინა 2017 წელს შევიძინეთ, ხოლო საცხოვრებლად 2018 წლის ბოლოს გადმოვედით. ჩვენი სართული ჯერ კიდევ არ იყო აშენებული, ამიტომ მთლიანი ბინა, მისი გეგმარება, ტიხრები და ა.შ. ყველაფერი წინასწარ დავაპროექტეთ. ზოგადად, ახალ საცხოვრებელს დიდი ხანი ვეძებდით, გვინდოდა ისეთ ადგილზე გადავსულიყავით, სადაც გვექნებოდა ხედი, დამოუკიდებელი ეზო ბავშვებისთვის, საკმარისი ადგილი პარკინგისთვის და ა.შ. და ეს ყველაფერი ვიპოვეთ.




- რა იყო თქვენი ძირითადი ამოცანა სივრცის მოწყობისას?

- აქ გადმოსვლამდე, პატარა ბინაში, ერთსაძინებლიან ე.წ. „ხრუშოვკაში“ ვცხოვრობდით, შესაბამისად ამ ბინის დაპროექტება რომ დავიწყეთ, გვინდოდა ისეთი სივრცე შეგვექმნა, სადაც თითოეულ კუთხეს თავისი ფუნქციური დატვირთვა ექნებოდა და ასევე სამსახურიდან მოსულებს განტვირთვა და დასვენება გვესიამოვნებოდა. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ბინა ორ ძირითად ზონად არის დაყოფილი, რომელიც ქართული აგურის კედლით იყოფა. ერთი ზონა არის შედარებით აქტიური, სადაც განლაგებულია სამზარეულო, მისაღები, დიდი მუხის მაგიდა, ფირსაკრავი და ა.შ., ხოლო მეორე ზონა შედარებით მშვიდია - აბაზანა და საძინებლები.




- როგორ შეიმუშავეთ გეგმა? რა აუცილებელი კრიტერიუმების გათვალისწინება და დეტალების გათვლაა საჭირო რემონტამდე?

- ჩვენი გამოცდილებით, რემონტის დაწყებამდე უაღრესად მნიშვნელოვანია, წინასწარ გვქონდეს დეტალური წარმოდგენა იმისა, თუ რა გვინდა, რომ მივიღოთ. მიუხედავად ბევრი გაუთვალისწინებელი რამისა, რაც რემონტის პროცესში ჩნდება, ისეთი წინასწარ გათვლები, როგორიცაა, რამხელა იყოს აბაზანა, სად და რამდენი ჩამრთველია საჭირო, რომელ კუთხეში დაიდგას სავარძელი, სად განთავსდეს სასადილო მაგიდა, შესაბამისად მისი განათება, როგორი იყოს, სამზარეულო და ა.შ. ბევრად ამარტივებს რემონტის პროცესს.




კედლები ნეიტრალურ ფერებში გავაკეთეთ, რადგან გვინდოდა, აქცენტი ავეჯზე გადაგვეტანა, შესაბამისად, ჩვენს ბინაში თითქმის ყველა ფერი შეგხვდებათ.

- დღეს როგორ ფიქრობთ, ეს კომბინაცია რამდენად ეფექტური აღმოჩნდა?

- მიუხედავად იმისა, რომ ამ ბინაში სამი წლის წინ გადმოვედით, ახლაც ექსკურსიაზე დავდივართ, ძალიან მოგვწონს ჩვენც და ყველა ჩვენს სტუმარს...




რემონტის დასაწყისში, რამდენიმე სტილის ინტერიერს განვიხილავდით, ყველა ოთახზე გვქონდა რაღაც ჩანახატი გაკეთებული. საბოლოო ჯამში კი მივიღეთ რამდენიმე სტილის შერწყმა – მისაღები ოთახი გამოვიდა ლოფტისა და ბოჰოს სტილში, ისევე, როგორც აბაზანა. სამზარეულო - იტალიურ-სკანდინავიური, შემოსასვლელიც სკანდინავიური, ხოლო საძინებლები – კლასიკური.



იმდენი დრო და ენერგია დავუთმეთ ამ ბინას და იმდენად კმაყოფილი დავრჩით შედეგით, რომ გვიჭირს რაიმე კონკრეტულის გამოყოფა. ჩვენი გადაწყვეტილებები განსაკუთრებით პანდემიის და კარანტინის პერიოდში დავაფასეთ, როდესაც კიდევ ერთხელ მივხვდით, რომ ბინა ზუსტად ის გამოვიდა, რაც გვინდოდა.

მერი ბლიაძე

კომენტარები

ლალუკა 2022-06-16 09:43
მომკალით და ამ აგურის კედლებს ვერ ვიტან
L..M 2022-06-12 11:59
ვინ აღფრთოვანდა?
ნანა 2022-06-06 10:19
მაგარიააა. ძაან მომეწონა.
ირმა 2022-06-05 19:48
რეალისტური რეალიზმი. 100 %

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები