ხელნაკეთი ჩანთები, რომლებსაც მანქანის კვალი არ ეტყობა - ტყავზე გრავირების ქართველი ოსტატი

ნიჭიერი ქართველი ხელოვანი სოფო დულარიძე საქართველოში სულ ახლახან დაბრუნდა. წლების განმავლობაში გერმანიაში ცხოვრობდა და სწორედ იქ დაეუფლა ტყავზე გრავირების ტექნიკას. სოფო ტყავის ხელნაკეთ ჩანთებს ქმნის, რომელსაც მანქანის კვალიც კი არ ეტყობა, ყველა დეტალს ხელით ასრულებს, რაც ნამუშევარს უნიკალურს და განსხვავებულს ხდის.

- პროფესიით არქიტექტორი ვარ, თუმცა შეიძლება ითქვას, ყველა ჩემი ჰობი უკვე პროფესიაცაა, რადგან ისე ღრმად ვეცნობი თითოეულ საქმიანობას, უკვე ჰობს სცდება.

- როგორ მიაგენით თქვენს მიმართულებას ჩანთების დიზაინში? როგორ მიხვდით, რომ ეს იყო საქმე, რომელიც გინდოდათ, მთელი ცხოვრება გეკეთებინათ?
- როდესაც საცხოვრებელი შევიცვალე და გერმანიაში ველოდებოდი დასტურს ჩემს არქიტექტორად მუშაობის შესახებ, თავისუფალი დრო ბევრი მქონდა. ამ მოლოდინის პერიოდში ვეცნობოდი იქაურ კულტურას, დავდიოდი სხვადასხვა მუზეუმში და გამოფენებზე, ხშირად იმართებოდა საკვირაო, ასევე საქველმოქმედო ბაზრობები და სწორედ მაშინ შევამჩნიე ტყავის ჩანთა, რომლის ვიზუალმაც მიმიზიდა და დიდხანს ვაკვირდებოდი. ეს არ იყო უბრალოდ ტყავის ჩანთა, ეს იმხელა შრომატევადი საქმის შედეგი იყო, რომ გაოცებულმა ვიკითხე, სად მზადდებოდა ეს ჩანთები. იმავე დღეს დავრეგისტრირდი შემსწავლელ კურსზე და მალევე დამიკავშირდნენ. ჩემი პირველი ნამუშევარი იყო ტყავის ქამარი, რომელიც სიხარულით და სიამაყით ვაჩუქე მეუღლეს. მანაც ვერ დამალა აღფრთოვანება და მას მერე მეხმარება, რომ ჩემი საყვარელი საქმის ოსტატად ვიქცე.

- როგორია თქვენი შემოქმედებითი სამყარო? რა არის თქვენი ინსპირაციის წყარო?
- ძალიან მეხმარება ჩემს საქმეში ის, რომ ვარ პროფესიონალი მხატვარიც. ძირითადად ჩემი ჩანთის დიზაინის ავტორი ჩემი 9 წლის შვილი ნუციკოა, რომელიც ასევე აქტიურადაა ჩართული და ბევრჯერ შენიშვნებიც კი მოუცია კონკრეტულ დეტალებზე. ბუნებრივ ტყავს თავიდან ბოლომდე თავად ვამუშავებ, საბოლოოდ ფერებსაც მე ვაძლევ. ძირითადად დასრულებულ ნამუშევარში ჩემი იმდღევანდელი სულიერი მდგომარეობა აისახება ხოლმე, მე ხომ თითოეულ დეტალში ჩემს სამყაროს გადმოვცემ.

- თქვენს ნამუშევრებს მანქანის კვალი ეტყობა, თუ ყველაფერი ხელით არის შესრულებული?
- აბსოლუტურად ყველაფერი ხელით იქმნება. თითოეული გვირისტი ხელით მაქვს ამოქარგული და შეკერილი.

- რა მასალით მუშაობთ?
- ამ ეტაპზე მხოლოდ ბუნებრივ ტყავს ვამუშავებ, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ჩემს კოლექციაში გამოჩნდეს სხვადასხვა მასალაც.

- აღნიშნეთ, რომ ხელით მუშაობთ. რთული არ არის ამ ტექნიკით მუშაობა?
-  ნამდვილად რთული და შრომატევადია, თუმცა როგორც კი შედეგს ვხედავ, ყველანაირი დაღლა მეხსნება.

- ვინ არიან ის ადამიანები, ვინც თქვენს ჩანთებს ატარებენ?
- რადგან საქართველოში ახალი ჩამოსული ვარ, ჯერჯერობით ახლობლების წრემ გაიცნო ჩემი შემოქმედება. თუმცაღა სამომავლოდ დიდი გეგმები მაქვს და ასევე ვგეგმავ, ჩანთების და ქამრების კოლექციას ფეხსაცმლის ხაზი შეუთავსო. ამ მიმართულებითაც დაწყებული მაქვს მუშაობა და სულ მალე სასიამოვნოდ გაოცებულს დავტოვებ ქართველ მომხმარებლებს.

- თქვენს ნამუშევრებში თქვენი ნიშა იცნობა. პლაგიატების მსხვერპლი თუ გამხდარხართ?
- არ მახსენდება მსგავსი შემთხვევა, რადგან ჩემი ნამუშევრები განსაკუთრებული სიყვარულით იქმნება და როდესაც რამის დაკოპირებას ცდილობ, ის სხვა ენერგეტიკას ატარებს. ამიტომ ამ მხრივ არ ვფიქრობ რომ ვინმე პლაგიატი გამომიჩნდება, რადგან საქართველოში ამ ტექნიკით კონკურენტები არ მყავს.

- ალბათ ბევრი სირთულის დაძლევა გიწევთ. ამ დროს რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახის თანადგომა? რა როლი აკისრიათ თქვენი ოჯახის წევრებს თქვენს შემოქმედებაში?
- ჩემი ოჯახის თანადგომა არის პირველი სტიმული, რომელიც მჭირდება. ყველაზე დიდი როლი კი ჩემს განვითარებაში დედაჩემს მიუძღვის, რომელსაც ყოველთვის სჯერა ჩემი. ვერასოდეს ვკმაყოფილდები შედეგით. სულ რაღაცას ვსწავლობ, მუდმივად თვალს ვადევნებ ახალ ტექნოლოგიებს და მასალებს, რომ კიდევ უფრო მეტი სიახლე შევიტანო ჩემს შემოქმედებაში.

- თქვენი წარმატება საქართველოს ფარგლებს გარეთ დაიწყო?
- დიახ, ჩემი წარმატება საქართველოს ფარგლებს გარეთ დაიწყო და მინდა ჩემს ქვეყანაშიც ვიყო წარმატებული და მოთხოვნადი, როგორც დიზაინერი და როგორც არქიტექტორი, რადგან ორივე საქმე ჩემთვის ძალიან ძვირფასი და საყვარელია.

- ჩანთების გარდა სხვა ნივთებსაც ქმნით?
- ჩანთების გარდა აქსესუარებს, საფულეებს, ქამრებს და ფეხსაცმელებს ვქმნი.

მერი ბლიაძე

კომენტარები

natia 2020-07-10 21:27
rogor daukavshirde sofios?
natia fartenadze 2019-06-20 11:53
rogor davukavshirde sopo dularidzes?
დავითი 2019-03-30 08:35
სოფო არის უნიჭირესი დიზაინერი ოქროს ხელები აქ

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები