ცნობილი წყვილის მეურნეობა - გოგა ბარბაქაძე და მაია დობორჯგინიძე შვილებთან ერთად შრომობენ


ამ თემაზე არასდროს ულაპარაკიათ და უხარიათ, რომ ჩვენი ინტერვიუ არ დაიწყო­ მათთვის აქამდე ასჯერ დასმული შეკითხვით: "როგორ გაიცანით ერთმანეთი?"

ცნობილი წყვილი, ნიჭიერი მსახიობები - მაია დობორჯგინიძე და გოგა ბარბაქაძე მიწაზე შრომასა და საკუთარ გარემოზე ზრუნვის შესახებ - აგარაკზეც და თბილისის სახლის აივანზეც - გამოცდილებას გვიზიარებენ.

მაია დობორჯგინიძე: - საგურამოდან 5 წუთის სავალზე, კოტორაანთკარში, მამაჩემმა სახლი ააშენა. იქ ყოფნა ჩემთვის დასვენებაა, ქალაქის ხმაურიან გარემოსა და დაბინძურებულ ჰაერს ვშორდებით. კოტორაანთკარი მაღლობზეა, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ მთაში ვართ. ცვალებადი ჰაერია, ხანდახან მგონია, რაჭაში
ვართ, არადა, თბილისთან ძალიან ახლოსაა.

გოგა ბარბაქაძე: - გვაქვს ალადასტური და ადესა... ვწურავთ ხან ცალ-ცალკე, ხანაც ერთმანეთში ვურევთ; შეიძლება ადესას თავკვერი შევურიოთ, უფრო ასქელებს და უკეთესი ღვინო გამოდის... გვინდა, ყველაფ­ერს ხელი შევავლოთ. შვილებსაც ვაჩვევ შრომას. უნდა იცოდ­ნენ, როგორ მოდის პომი­დორი, იზრდება და მწიფდება ვაშლი, ქლიავი...

მაია: - როცა გოგა რაღაცის კეთებას­ იწყებს, ბავშვებიც (9 წლის გაბრიელი და 3 წლის ბარბარე) ეხმარებიან - რწყავენ, რაც მოსაჭრელია, ჭრიან, ბალახს უვლიან... გოგას თავის თავზე ლაპარაკი არ უყვარს, ამიტომ მე ვიტყვი. აგარაკზე დილით, როგორც კი იღვიძებს, ფუსფუსს იწყებს - სხლავს, ბარავს, თოხნის, მომჭკნარ ფოთლებს აცილებს. წლეულს ვაშლის კარგი მოსავალი გვქონდა და დახუნძლულ ტოტებს ამაგრებდა, რომ არ ჩამოტეხილიყო. უფრო დიდი ეზო რომ იყოს და გვეცალოს, მეტს გავაკეთებდით... მე სარეველა ბალახის მტერი ვარ, შემიძლია, საათობით ვიჯდე და სარეველებისგან ვწმინდო ეზო...

- ბავშვობაში გქონდათ ასეთი მიდრეკილება?­
გოგა: - კი. რაჭაში დავიბადე, ამიტომ სათიბშიც დავდიოდით, ვბარავდით, რაც სოფლის საქმეა, ბაბუასა და ბებიას თითქმის ყველაფერში ვეხმარებოდი. მე და ბაბუას ერთად ხარები მიგვყავდა. მოკლედ, ეს საქმეები ბავშვობიდან მიყვარს.
მაია: - შეიძლება დიდი არაფერი, მაგრამ ჩვენს პატარა მამულში გვაქვს ყურძენი, რამდენიმე ჯიშის ვაშლი, მსხალი, ქლიავი, ატამი. მე და გოგამ ბავშვების სახელზე ალუბალი და ბალი დავრგეთ. წლეულს ალუბალმა მოასწრო და რამდენიმე კუნწულაც გამოიბა, ანუ როგორც იტყვიან, ნიშანი მოგვცა, რაც ძალიან გვიხარია. ბლისა და ალუბლის ყიდვა გოგამ მოინდომა. საგანგებოდ ვიყიდეთ პოლონური ალუბალი. პატარა ხეა, მაგრამ ნაყოფს უხვად ისხამს. გოგამ წლეულს მყნობაც ისწავლა - მეგობარი დაეხმარა და ალუჩა კურკით ამოსულ ქლიავზე დაამყნო...

გოგა: - კურკაზე ამოსული ნერგი სუსტია, უნდა გაძლიერდეს. მყნობა ძნელი მეგონა, მაგრამ იოლი ყოფილა, გამომივიდა.
მაია: - მაღლობი რომ არის და ტემპერატურაც დაბალია, ყველაფერი ცოტა გვიან შემოდის, მაგრამ ძალიან გემრიელია.
გოგა: - შხამქიმიკატს არ ვურევთ, ნატურალურად მოდის ყველაფერი.
მაია: - გაისად მინდა, ბოსტანს მივხედოთ, მწვანილი დავთესოთ. რაც შეეხება ყვავილებს, სხვადასხვა ფერის ვარდები გვაქვს - ცირა ბებომ (გოგას ბებიამ, რომელიც ჩვენი, ყველას ბებოა) გაახარა.
განაგრძეთ კითხვა

კომენტარები

ლევანი 2019-05-25 10:37
ადესა ამოძირკვეთ, მავნეა ჯანმრთელობისთვის.
მაია 2019-03-24 19:36
ადესას როგორ უნდა შეურიო კაცმა თავკვერი. თავკვერი ხელიხელ საგოგმანები ყურძნის ჯიშია. არ გირჩევთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები