არ იყიდოთ ამ მასალისგან დამზადებული ავეჯი და განსაკუთრებით, ბავშვის ოთახისთვის - გამოცდილი ხელოსნის რჩევები

გემოვნებით და კარგი ხარისხის მიხედვით შერჩეულ ავეჯს უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია ინტერიერში. თუმცა არაპროფესიონალის თვალით ხარისხიანი და უხარისხო მასალის გარჩევა საკმაოდ რთულია, ამიტომ „შინის“ მკითხველს ავეჯის გამოცდილი ხელოსანი გიორგი (კუკური) ლომიძე სასარგებლო რჩევებს უზიარებს.


- როგორ და რა მასალით უნდა იყოს დამზადებული სკამი, რომ გამძლეც იყოს და მოდურიც?
- თუ გვინდა, სკამი იყოს გამძლე და ხარისხიანი, უნდა გაკეთდეს მასიური ხისგან. ყველაზე ხელმისაწვდომი მასალა არის წიფელი. სკამი არის მრავალნაირი. ზოგი არის რბილ ავეჯთან დაკავშირებული, ანუ დასაჯდომი და საზურგე აქვს რბილი. ამ დროს

ვსვამთ ზამბარებს, ან უკეთებენ ელვაშესაკრავებს, რომელიც ზამბარების როლს ასრულებს. შემდეგ მიდის ბამბა, ჯვალო, იგივე ბიაზი, უფენენ ღრუბელს, ბოლოს ზევიდან გადაეკვრება სასურველი ქსოვილი.
როცა სკამი არის მასიური ხისგან, მაგალითად კაკლის, თელის, ნეკერჩხლის მასალისგან დამზადებული, ათეულობით წლებს უძლებს. შესაძლოა სკამი გააკეთო ლამინატით, MDF-ით, ეს ბევრად იაფი ჯდება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ბევრად მალე ფუჭდება. როცა ჩემთან მოდის დამკვეთი, ვურჩევ ცოტა მეტი გადაიხადოს და მასიური ხისგან გააკეთოს სკამი. ასევე მნიშვნელოვანია, როგორი მოპირკეთება ექნება მას, როგორი ლაქით იღებება. უამრავი ლაქ-საღებავია შემოსული ბაზარზე, უნდა შევარჩიოთ ისეთი ლაქი, რომელიც უძლებს ტემპერატურას და პირვანდელ სახეს დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს.

როცა ოჯახში ბავშვები ჰყავთ, ყოველთვის ვურჩევ, რომ ლამინატის მასალისგან დამზადებული ავეჯი არ გააჩერონ სახლში, რადგან ის გამოყოფს მავნე ნივთიერებებს, რაც სასურველი არ არის ბავშვებისთვის, მათი ჯანმრთელობისთვის. მასიური ხე არის ეკოლოგიურად სუფთა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო. მასიური ხეც დამუშავებული უნდა იყოს წყალზე დამზადებული ლაქ-საღებავებით. მთავარია ასევე ოჯახში შევინარჩუნოთ სასურველი ტემპერატურა, 18-20 გრადუსი სითბო ნორმალური ტემპერატურაა, ამ შემთხვევაში ავეჯი დიდხანს ძლებს. ზოგიერთ ოჯახში აქვთ ისეთი გამათბობლები, რომ სახლში არის გაუსაძლისი სიცხე და, რა თქმა უნდა, ეს ავეჯზეც მოქმედებს.

 

მოერიდეთ ემდეეფს და დეესპეს!


- საძინებლის შერჩევისას რას უნდა მიანიჭოთ უპირატესობა?

- რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც მასიურ ხეს ვურჩევ მყიდველს. თუ დამკვეთს არ აქვს იმხელა თანხები, რომ მასიური ხისგან დამზადებული საძინებელი შეიძინოს და იძულებით ყიდულობს ლამინატის, MDF-ის და სხვა მსგავსი მასალისგან დამზადებულ ავეჯს, უნდა ეცადოს, რომ გარშემო წიბოები სულ დაფანერებული იყოს, რადგან შინაგანი გაზები, შხამები და მავნე ნივთიერებები ნაკლებად გამოყოს.


- სამწუხაროდ, ფასიდან გამომდინარე  მომხმარებლების უმეტესობა უპირატესობას მაინც DSP-სა და MDF-ს ანიჭებს. რა თვისებებით გამოირჩევა ეს მასალა და რატომ არ ურჩევთ... ან მათ რას ეტყვით, ვისაც უკვე აქვს ასეთი ავეჯი და ასე უცებ ვერ შეცვლის მას მასიური ხის ავეჯით?
- ყველამ იცის, რომ ეს მასალები იაფია, შეიცავს მომწამვლელ გაზებს, შხამებს. ხალხს არა ქვს საშუალება და სწორედ ამიტომ აკეთებენ ამ მასალისგან ავეჯს. ეს მასალა ორ და სამ დღეში არ მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. უარყოფითი შედეგები დროთა განმავლობაში იჩენს თავს. ყველას ვთხოვ, განსაკუთრებით მათ, ვისაც პატარა ბავშვები ჰყავთ სახლში, ეცადეთ, რომ საძინებელში მაინც არ დაალაგოთ ამ მასალისგან დამზადებული ავეჯი. შეეცადეთ, გაიჭირვეთ, ცოტა მეტი გადაიხადეთ, სამაგიეროდ თქვენი შვილები უსაფრთხო გარემოში იცხოვრებენ.

თუ მაინც გაქვთ ასეთი ავეჯი, გირჩევთ, რომ როცა ემდეეფი ან დეესპე უკვე დამუშავებულია და მზად არის ავეჯი, ამ შემთხვევაში ერთი გამოსავალია, უთოს საშუალებით გარშემო ყველა წიბო dდაიფაროს და დეესპეს მასალები აღარ ჩანდეს.

 

ავეჯის რესტავრაცია


- თუ ავეჯი მოძველდა და დაზიანდა, თუმცა არის ხის, ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული და არ გვინდა მისი გადაგდება. როგორ ხდება მისი განახლება?
- სანამ განახლებასა და რესტავრაციაზე ვიფიქრებთ, ჯერ უნდა შემოწმდეს ავეჯი, რა მასალით არის დამზადებული, ღირს თუ არა რესტავრაცია. თუ ჩავთვლით, რომ ღირს რესტავრაციის გაკეთება, უნდა გადატყავდეს ზედაპირი და დავიდეს ხემდე. ამის შემდეგ უნდა მოხდეს მისი ხელმეორედ დამუშავება. როცა ავეჯს უკეთებ რესტავრაციას, კეთდება სამი სახის რესტავრაცია. პირველი, რომელსაც „ნამდვილი“ რესტავრაცია ჰქვია, ანუ აუცილებლად უნდა აღადგინო დაზიანებული ადგილები, მაგრამ უნდა შეუნარჩუნო თავისი ძველი ხარისხი და ელფერი, ანუ თავდაპირველი სახე. ხშირ შემთხვევაში ძველი ავეჯი დაზიანებულია და შეჭმულია მატლისგან, ამას სპეციალური მკურნალობა სჭირდება. ავეჯის რესტავრაცია რთული პროცესია, ძალიან დიდი დრო სჭირდება, სრულყოფილად რომ მოხდეს მისი გაახლება. ხარისხიან რესტავრაციას დაახლოებით ხუთი თვე სჭირდება. თუ ზედაპირულად გაალამაზებ და საქმეს ერთ თვეში დაასრულებ, ეს უკვე აღარ არის რესტავრაცია.
არის ასევე ზედაპირული რესტავრაციაც, როცა გინდა ავეჯს გამოუცვალო მხოლოდ მასალა, ქსოვილი, ჩაამატო ახალი, გარკვეული დეტალები. მესამე სახის რესტავრაცია არის, როცა აკეთებ თავიდან ბოლომდე ახალ ავეჯს, ამას რეტრო ჰქვია და სულ სხვა სახე აქვს.

- საუბრისას ახსენეთ, რომ ტემპერატურა მოქმედებს ავეჯზე. სხვა რა აუცილებელი პირობები უნდა შევუქმნათ, როგორ მოვუაროთ ავეჯს, რომ დიდხანს გაძლოს?
- თუ ახალი, მასიური ხისგან ვაკეთებინებთ ავეჯს, აუცილებლად უნდა წავუსვათ მატლის საწინააღმდეგო წამალი. სანამ ლაქით მოპირკეთებას დაიწყებს ხელოსანი, ახალ ხეს ესმევა ეს წამალი, რაც გარანტიას გაძლევს, რომ ავეჯს წლების განმავლობაში არავითარი მატლი, ჭია, პეპელა არ მიეკარება. რაც შეეხება ტემპერატურას, აუცილებელია დილით, როცა ადგებით, გაანიავოთ ოთახი, სახლში საჭიროა ჯანსაღი ჰაერი. ოთახში სითბო უნდა იყოს არაუმეტეს 18-20 გრადუსისა. ამ პირობებში ავეჯი ძლებს დიდხანს ძლებს. ისევე როგორც, სიცხე, ყინვაც უარყოფითად მოქმედებს ავეჯზე.


- მინდა რბილ ავეჯსაც შევეხოთ. როგორ უნდა ამოვიცნოთ რბილი ავეჯი, რომ იყოს ხარისხიანი, მალე არ დაკარგოს სირბილე და დიდხანს გაძლოს?
- ძალიან მნიშვნელოვანია და დიდი დაკვირვება სჭირდება რბილი ავეჯის არჩევას. შიგნით აუცილებლად უნდა იყოს ჩაყენებული ზამბარები, ცოტა ღრუბელი და მეტი ბამბა. უფენენ კიდევ ზღვის წყალმცენარეების ბალახს (ასე უწოდებენ). მე რომ ვაკეთებდე ჩემთვის რბილ ავეჯს, აუცილებლად გავურევდი შიგნით თივას. ბუნებრივიც არის და ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, ამასთანავე გამძლეა. ეს ყველაფერი თანმიმდევრობით უნდა იყოს ჩალაგებული. ზამბარის მერე უნდა იყოს ღრუბელი, შემდეგ ბამბა, წყალმცენარეები ან თივა, შემდეგ, რა თქმა უნდა, ქსოვილი. ამ მასალებით და თანმიმდევრობით გაკეთებული რბილი ავეჯი ძალიან დიდხანს ძლებს.

 

ასევე იხილეთ: დივნები, რომლებიც მოდიდან არასდროს გადავა

 

რა უნდა იცოდეთ მატრასზე?


- მატრასების შემთხვევაშიც ასეა?
- იგივე სიტუაციაა ამ შემთხვევაშიც. მხოლოდ ღრუბლით გაკეთებული მატრასები არ არის მიზანშეწონილი. მატრასი არ სუნთქავს შიგნით, ამიტომ მატრასს გვერდზე უნდა ჰქონდეს სასუნთქი ადგილები დატოვებული. როცა ადამიანი მოძრაობს მატრასზე, გადაბრუნდება, ამ დროს მატრასი იკუმშება, ჰაერი გამოდის და ისევ უნდა შევიდეს უკან. ამ ყველაფერს ზამბარები არეგულირებს. ზამბარების გარეშე მატრასი წარმოუდგენელია. სასურველია, მატრასი იყო ორმხრივი ქსოვილით. არის მატრასები, რომლებიც ცალმხრივია, ანუ ქვემოდან ლამინატს უდებენ და ზემოდან არის ღრუბელი შემოჭერილი. ეს უფრო ძველი ტექნოლოგია იყო. თანამედროვე და ჩემთვის მისაღებია ორთოპედიული მატრასები. ძალიან მიხარია, რომ საქართველოში დაიხვეწა ეს ტექნოლოგია.

 

ასევე იხილეთ: "მაღაზიებში შემოთავაზებული 200-ლარიანი მატრასები გადაყრილი ფულია" - რჩევები საძინებლისთვის 

 

სანამ მეორად ავეჯს იყიდით...

 - აქტუალურია მეორადი, საზღვარგარეთიდან შემოტანილი ავეჯი. ურჩევთ მომხმარებლებს ამ ავეჯის შეძენას?

- მეორადი ავეჯი რაც შემოდის საზღვარგარეთიდან, ჯერ კარგად უნდა შემოწმდეს, რა მასალისგანა დამზადებული და მერე უნდა იფიქროთ შეძენაზე. ზოგჯერ შემოდის ავეჯი, რომლიც ძალიან უხარისხოა, აწყობილია იაფი მასალისგან, მაგრამ მყიდველს რადგან ეუბნებიან, რომ ეს არის ბელგიური, გერმანული და სხვა, ჰგონია, რომ აუცილებლად კარგი და ხარისხიანია. ასე არ არის. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ ადამიანს ჰგონია, ღირებული ავეჯი აქვს სახლში, მოუტანია და უთქვამს, რომ უნდა რესტავრაციის გაკეთება. მე კიდევ ვეუბნები, რომ აზრი არ აქვს ამ ავეჯის რესტავრირებას, რადგან ეს არ არის კარგი ხარისხის ავეჯი, არ არის კარგი ჯანმრთელობისთვის. თუ მასიური ხეა, რატომაც არა... არაპროფესიონალი თვალით ამის გარჩევა შეუძლებელია, ამიტომ როცა ავეჯის შესაძენად მიდიხართ, სასურველია გაიყოლოთ სპეციალისტი და მისი რჩევით შეიძინოთ კარგი ხარისხის ავეჯი.

მერი ბლიაძე

კომენტარები

ვანო 2020-05-07 13:13
ეს არის გაბწდული განცხადება. შემიძლია თამამად ვთქვა რომ ამ სტატიის დამწერი ზრუნავს და ადარდებს ჩვენი და ჩვენი პატარების ჯანმრთელობა.
რობა 2019-10-08 00:45
ეს სტატია უფრო ორიენტულია ხის ავეჯზე.რომ წერს ხე უნდა დამუშავდეს და ჭიის საწინააღმდეგო წამალი წაესვასო ეს არაა მავნე? დეესპეს გააჩნია ვისი გამოშვებაა. ის ყველა ხის მოახერხოთ მზადდება,მთავარი წებოა რითაც იკვრება აი აქ არის მთავარი, რამდენად ხარისხიანი წებოთი მზადდება, მდფი სხვა საქმეა იგი ბევრად მყარი არის და მასალაც ეკოლოგიურია, მეტალოს ფანჯრების წარმოება რომ დაიწყო საქართველოში არ ვარგაო არ სუნთქავსო და ა. შ. მარა ეხლა ყველა მაგას აკეთებს. ასე რომ ტყე შეუნახე შვილებსა,
გიორგი 2019-09-25 18:06
მავნებელია აბა რა ჩემი ფეხებია, წებოთია აწყობილი და წებოს ვსუნთქავთ!
ნინა 2019-05-29 16:38
ვერ დავეთანხმები რომ დსპ ან მდფ მავნებელია და ცუდი ავეჯი მზადდება მათი საშუალებით. არსებობს ისეთი მასალა, რომელსაც გააჩნია სერთიფიკატი, რომელიც მიუთითებს რომ მასალა არის ხარისხიანი და ეკოლოგიურად სუფთა, ზუსტად ის რაც ითქვა ზემოთ კომენტარებში E1 ხარისხი. ასეთი კომპანია არის "კასტა", რომელსაც ევროპული და ეკოლოგიურად სუფთა მასალა შემოაქვს და დაგააჩნია სერთიფიკატი.
crpwood 2018-03-17 11:26
595 50 94 66

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები