"ცხენშებმული გუთნით ვამუშავებდით და მხოლოდ ბიო მეთოდებით ვუვლიდით" - როგორ იქცა ექიმების წყვილი მეღვინეებად

"რამდენიმე წლის წინ ერთ ოჯახში ქმარი, ცოლი და პატარა შვილი ცხოვრობდნენ ტკბილი ცხოვრებით. ქმარი-ექიმი პროფესიით მუშაობდა ანგიოქირურგიაში, ცოლი არაპროფესიით სამოქალაქო სექტორში და პატარაც იზრდებოდა თბილად და ტკბილად. რაც აღსანიშნავია, იმ დროს ისე არ უყვარდათ სოფელი, როგორც უნდა ჰყვარებოდათ. 
ერთ მშვენიერ, ნამდვილად რომ მშვენიერ დღეს, ქმართან მივიდა თანასოფლელი და სთხოვა მიეყიდა მიწა, რომელიც მის მომიჯნედ იყო. მიწის არსებობა ბუნდოვნად ახსოვდა ექიმს. დაინტერესდა, გაიკითხა და აღმოაჩინა, რომ მიწის ნაკვეთი, რომელიც მას მემკვიდრეობით ერგო, მდებარეობდა ფაფრის მინდვრების მიკროზონაში, სადაც საუკეთესო ხარისხის საფერავი იზრდება... ამ
სიახლის გაგების შემდეგ, ქმარმა და ცოლმა დაუყოვნებლივ გადაწყვიტეს დაემუშავებინათ 15 წლის დაუმუშავებელი მიწა და დაერგოთ საფერავის ნერგები, მოევლოთ მხოლოდ ბიოლოგიური შესაწამლი ხსნარებით და საკუთარი ნატურალური ღვინო ჰქონოდათ თავისი ოჯახისთვის და სტუმრისთვის.
ჩანაფიქრი რამდენიმე თვეში სისრულეში მოიყვანეს. თავიდან, როცა ვაზი პატარა იყო, ქმარი უდიდესი ხალისით, დილით ადრიანად მიდიოდა ვაზის შესაწამლად, თვითონ ამზადებდა შაბიამნის ნაზავს, საკუთარი ზურგით შეწამლავდა და შემდეგ სამსახურში მიდიოდა პაციენტებთან.
ყოველკვირეულად ნახულობდaა ცოლ-ქმარი ვენახს და თითქმის ისევე უყვარდათ, როგორც საკუთარი შვილი.

იმავე წელს პაპისეულ მეორე ნაკვეთში რქაწითელიც გააშენეს.
ცოტა რომ მოიზარდა ორივე ვენახი, სანდო ადამიანს ჩააბარეს საპატრონოდ, რომელიც დღესაც სულს და გულს არ იშურვებს. სარეველებისთვის პესტიციდებით შეწამვლის ნაცვლად ცხენშებმული გუთნით ხნავდნენ ვენახს. ვაზის მოტრფიალე ადამიანები მიჰყავდათ ვენახის გასაფურჩნად და მოსავლელად. თვითონაც ისევ ჩართულები იყვნენ ყველა პროცესში.
მესამე წელს მიღებული პირველი მოსავალი, ჯერ კიდევ ახალი გამოსხმული ნაყოფი, მთლიანად გააცალეს ვენახებს, რადგანაც ვაზის ფესვს მეტი ენერგია ჰქონოდა და უფრო ღრმად ჩასულიყო მიწის სიღრმეში მინერალების შესათვისებლად.
მალევე მარნის მშენებლობა წამოიწყეს და ქვევრებიც ჩაყარეს. მეგობრების და ახლობლების რჩევით მარანს "ექიმის ბიო-მარანი" დაარქვეს.
ვაზის გაშენებიდან მეოთხე წელს, რთველი უდიდესი სიხარულით და ზეიმით აღნიშნეს და ნაფერები საფერავი ქვევრში ჩაწურეს.
ერთი კვირის შემდეგ რქაწითელიც ჩაწურეს მეორე ქვევრში." - ვკითხულობთ ამ მართლაც ზღაპრულ ამბავს, რომელიც ექიმების წყვილს - მარინა კაკიაშვილსა და თეიმურაზ რუაძეს გადახდათ თავს და დღესაც ამ ზღაპარში ცხოვრობენ. ქალბატონი მარინა ჩვენს მკითხველს უამბობს, როგორ გახდა ნამდვილი მეღვინე, რა წარმატებები აქვს დღეს და რამდენიმე რჩევასაც მისცემს დამწყებ მევენახეებს.

- მე პროფესიით სტომატოლოგი გახლავართ, ჩემი მეუღლე თეიმურაზ რუაძე კი ანგიო-ქირურგია. მე მრავალი წელია აღარ ვმუშაობ ექიმად და არასამთავრობო სექტორში ვარ დაკავებული. როგორც უკვე მოგეხსენებათ, ჩვენი მეღვინეობაში ჩართულობა დაუგეგმავად მოხდა, მაგრამ ჩვენი ცხოვრების ნაწილი გახდა ეს საქმე. 

ჩვენი ვენახი ახაშნის მიკროზონაში, ფაფრის მინდვრებზეა, სადაც საუკეთესო ხარისხის საფერავი მოდის. ამიტომაც გადავწყვიტეთ, გაგვეშენებინა საფერავი და მოგვევლო მხოლოდ ბიო მეთოდებით. რადგანაც მიწის ნაკვეთი 20 წლის დაუმუშავებელი იყო, ერთ კვირაში დავიწყეთ მისი დამუშავება ყველა წესის დაცვით და გაზაფხულზე ჩავყარეთ საფერავის ნერგები. ვუვლიდით მხოლოდ ბიო მეთოდებით და მიწას ვამუშავებდით ცხენშებმული გუთნით. მეორე წელს მეორე ნაკვეთშიც გავაშენეთ ხიხვი და რქაწითელი. 2019 წელს პირველად რამდენიმე მტევანი რომ მოისხა ვენახმა, მწვანე რთველი ჩავატარეთ და მოვაცილეთ მტევნები, რადგანაც ფესვები უფრო ღრმად ჩასულიყო მიწაში და მეტი მინერალები შეეთვისებინა ვაზს.
2020 წელს ჩვენი პირველი რთველი დიდი სიხარულით აღვნიშნეთ და ჩვენი ნალოლიავები ყურძენი ჩავწურეთ ქვევრებში.
ამ ეტაპზე 3 სახეობის ყურძნისგან ვაწარმოებთ 5 ტიპის ღვინოს: საფერავი ტრადიციული, საფერავი ევროპული, ხიხვი, ხიხვი-რქაწითელი და რქაწითელი. მათი დიდი ნაწილი გადის ექსპორტზე სხვადასხვა ქვეყანაში.

- რა აღმოჩნდა ის მთავარი აზარტი და ხიბლი, რამაც ასე მოგნუსხათ და ეს საქმიანობა თქვენს მთავარ საქმედ აქცია?
- ყოველთვის მიკვირდა, როდესაც ამბობდნენ, ვაზი შვილივით გვიყვარსო. ნამდვილად ასე ყოფილა, ჩვენთვის მეორე შვილივითაა ჩვენი ღვინო და ვენახი.

- რით არის გამორჩეული თქვენი ნაწარმი, რით იზიდავს მყიდველს და რატომ გამოარჩევენ სხვებისგან?
- რადგანაც ჩვენ ორიენტირებული ვართ ნატურალურ მეღვინეობაზე და ვენახს მხოლოდ ბიო მეთოდებით ვუვლით, შესაბამისად ჩვენი ღვინო მაღალხარისხიანი, მინერალებით მდიდარი და ხარისხიანია. დღეს კი მთელი მსოფლიოს მასშტაბით დიდი მოთხოვნაა ასეთ ღვინოზე.
ხშირად ვიღებ მონაწილეობას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო გამოფენებზე, განსაკუთრებით კი გამოვარჩევ RawWineExpo-ს, სადაც მხოლოდ ბიო და ნატურალური ღვინოები არის წარმოჩენილი. ამ და სხვა საერთაშორისო გამოფენების ფარგლებში მონაწილეობა მაქვს მიღებული ბერლინში, კრაკოვში, პარიზში, კოპენჰაგენში, ნიუ იორკში, ლონდონში. ასევე აღვნიშნავდი, რომ ვარ ბუნებრივი ღვინის ასოციაციის წევრი, მეღვინე ქალთა ასოციაციის წევრი და ასოციაციისა "ქალები ღვინის ინდუსტრიაში".

მოხარული ვარ, რომ ავისრულე რამდენიმე წლის ოცნება და გავაშენეთ ახალი ვენახი, სადაც ძველი ქართული ჯიშები გვაქვს გაშენებული და რამდენიმე წელიწადში ამ ჯიშების ღვინოებსაც შევთავაზებთ მომხმარებლებს. სამომავლოდ დიდი სურვილი მაქვს მონაწილეობა მივიღო იაპონიაში და კანადაში ღვინის გამოფენებზე.


- რამდენად ადვილია დღეს მეწარმისთვის საქმიანობა, რა პრობლემებია თქვენი გადმოსახედიდან და თუ არის რამე, რაც ხელს გიშლიდათ, გაბრკოლებდათ ან ახლა გიშლით?
- მეწარმის საქმიანობა არ არის ადვილი. პირველ რიგში მეწარმის და მისი ოჯახის 24-საათიან ჩართულობას მოითხოვს. ასევე, პოპულარიზაციისთვის და ცნობადობისთვის მრავალი შრომის და ფინანსების გაღება არის საჭირო. მე უდიდესი თანადგომა მაქვს ჩემი ოჯახიდან და ამიტომაც არის წარმატებული ჩემი ღვინო, რომელიც პირველივე წელს გავიდა ექსპორტზე იაპონიაში. ახლა კი მალე გავა ექსპორტზე ჰონგ-კონგში და დიდ ბრიტანეთში.

- რამდენიმე რჩევა მიეცით ჩვენს მკითხველს, როგორ უნდა გაარჩიოს კარგი, ხარისხიანი ღვინო ცუდისგან?
- მაღალხარისხიანი ღვინოები ყოველთვის გამოირჩევა მათი ჯიშური სახასიათო ბუკეტებით. მე, როგორც ნატურალური ღვინის მწარმოებელი, მაინც უდიდეს რეკომენდაციას გავუწევ ეკოლოგიურად სუფთა ნატურალურ ღვინოს.

კომენტარები

თინა 2024-01-08 01:01
გარკვევით უწერიათ რომ ცხენით ამუშავებენ და მხოლოდ ბიო პრეპარატებს იყენებენ.
თან ამდენი ასოციაციის წევრები არიან. როგორც ვიცი, მკაცრი მონიტორინგი ტარდება და ასოციაციები მხოლოდ მერე იღებენ თავის წევრებად.
გარდა ამისა, ისე ვერ გავლენ ექსპორტზე, თუ ღვინის ანალიზები ვერ დააკმაყოფილებს მოთხოვნას.
გაუმარჯოთ ასეთ მარნებს, ხარისხზე რომ მუშაობენ.
მიხა 2023-11-11 09:17
თუ ცხენის გუთნით დაამუშავეთ ნაღდი სუპთა ყოპილა აი :)
ლია 2023-11-05 18:09
რადგანაც ვაზის ფესვს მეტი ენერგია ჰქონოდა... რადგანაც ფესვები უფრო ღრმად ჩასულიყო მიწაში და მეტი მინერალები შეეთვისებინა ვაზს... სიტყვა რადგანაც- აქ არაა სწორი,,, უნდა იყოს „რათა“...პატივი ეცით ქართულ ენას!

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები