"ემოცია, რომელსაც შეიძლება, ხელით შეეხო..." - ორი შვილის დედის მიერ აღმოჩენილი ახალი საქმიანობა და დიორამები, რომლებიც მნახველებს აღაფრთოვანებს

თამუნა იანვარაშვილი პროფესიით ჟურნალისტია, თუმცა საკუთარი თავი 2 წლის წინ სულ სხვა სფეროში აღმოაჩინა - ხელოვნების მიმართულება დიორამაში. სწორედ მას მერე ქმნის საოცარ დიორამებს, რომლებიც მნახველის აღტაცებას იწვევს. თავის საქმიანობაზე და სამომავლო გეგმებზე თამუნა თავად გვიამბობს.

- ჟურნალისტობის შემდეგ ერთ-ერთ მსხვილ იურიდიულ კომპანიაში ვმუშაობდი მენეჯერად, თუმცა არც ეს აღმოჩნდა საჩემო საქმე. დიორამა კი ის მიმდინარეობაა, სადაც ყველაზე მეტად შემიძლია საკუთარი თავის გამოხატვა, ვარ თავისუფალი და კრეატიული. მყავს ოჯახი, 2 პატარა გოგონა, რომლებიც მუდმივად ჩართულები არიან მინიატურების შექმნის პროცესში. 

- როგორ
დაიწყო თქვენი შემოქმედებითი ბიოგრაფია და სანამ დიორამებით დაინტერესდებოდით, მანამდე ხელოვნებაში თუ გქონდათ სხვა რაიმეს შექმნის მცდელობა, თუ ხატავდით ან ძერწავდით?

- ყველას უკვირს, როდესაც ვამბობ, რომ არ მაქვს ხატვის ნიჭი, არც შეხება მქონია არასდროს ხელოვნებასთან. ასე სპონტანურად მოვიდა იდეები ჩემთან, 2 წლის წინ, ახალი წლის წინა დღეებში, როდესაც საახალწლო დეკორაციებით მობეზრებულმა გადავწყვიტე, განსხვავებული და დასამახსოვრებელი ნამუშევარი შემექნა. იმ დროს არაგვისპირში ვიყავი, მოვძებნე ხის მორი და მასზე ხის მერქნისგან გავაკეთე პატარა სახლი, დავამატე თოვლის ეფექტი, ნაძვები, ირმები და ასე შეიქმნა პირველი დიორამა. თუმცა მაშინ წარმოდგენა არ მქონდა, რომ ეს ხელოვნების მიმართულება იყო. შემდეგ დროთა განმავლობაში მოვიძიე ინფორმაცია, ინტერნეტის საშუალებით და დღემდე ვცდილობ დავხვეწო და განვავითარო ჩემი მინიატურები.

დიორამა შინაარსობრივად არის სამგანზომილებიანი სცენა, რომელიც შეიძლება იყოს წარმოსახვით შექმნილი ან რომელიმე კონკრეტული სახლის, ადგილის ასლი. ძირითადი მიმართულება ჩემი ნამუშევრების, რომლებსაც ჩემი სახელისა და გვარის აბრევიატურების მიხედვით "თაია"-ს ბრენდით ვქმნი, არის ფანტაზიაზე აგებული, ზღაპრული, ფერადი სამყარო. თუმცა დროთა განმავლობაში ბაზარზე გაჩნდა მოთხოვა დამემზადებინა რეალური სახლების ასლები, რაც ბევრისთვის ემოციებთან არის კავშირში. "თაია" არის ემოცია, რომელსაც შეიძლება ხელით შეეხო.


- რა მასალებით მუშაობთ და როგორია მუშაობის პროცესი? როგორ ირჩევთ თემას, შემდეგ რა დრო სჭირდება ამ თემის დიორამად ქცევას? რამდენად რთული და შრომატევადია და რა უნარებს მოითხოვს ყველაზე მეტად...

- დიორამაზე მუშაობა, ძალიან შრომატევადი და რთულია. დიდი მნიშვნელობა აქვს, რა სურს მომხარებელს, სწორედ ამაზეა დამოკიდებული, სირთულე, მასალა, დრო და ა.შ. მაგალითად, უნდა ბავშვობის სახლის მინიატურა - მისი დრო და ფასი ითვლება დეტალებიდან, კონსტრუქციიდან, სირთულიდან გამომდინარე. ძირითად მასალად მაინც ვიყენებ პოლივინილქლორიდს, იქსპიესს, თიხას, ხავს, ჯოხებს და ა.შ.


დიორამების რეალიზება 2 წლის წინ დავიწყე, დასაწყისშივე გავყიდე ჩემი ფანტაზხიით შექმნილი ნამუშევრები. დროთა განმავლობაში გაჩნდა მოთხოვნა, შეკვეთებზე გადავსულიყავი.
რამდენიმე თვის წინ დავამატე, დღიურები, რომლებზეც გადამაქვს მინიატურული კარები, ფანჯრები, აგურები, ხეები და ა.შ. მინდოდა დიორამისთვის პრაქტიკული დანიშნულება მიმეცა და მომხმარებლისთვის მიმეცა საშუალება ,გამოეყენებინათ. ვფიქრობ, ნამდვილად გამორჩეული და დასამახსოვრებელი საჩუქარია ყველასთვის, განურჩევლად სქესისა და ასაკისა.


- ვინ არიან თქვენი გულშემატკივრები და ვის რჩევებს ითვალისწინებთ ხოლმე?
- როგორც ყოველთვის, მეგობრები და აახლობლები, თუმცა უნდა აღვნიშნო, კოლეგებიც, რომლებიც წლებია საქართველოს ბაზარზე არიან და ძალიან წარმატებულად ქმნიან და ყიდიან თავიანთ ნამუშევრებს. მათგან უფრო მეტად ვითვალისწინებს რჩევებსაც და შენიშვნებსაც.
როდესაც დიორამებზე მუშაობა დავიწყე, ბევრმა არ იცოდა რა იყო, ვფიქრობ, მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ, ვინც პოპულარიზაცია გაუწია ამ სფეროს. მაქსიმალურად ვცდილობ, ჩემი წვლილი შევიტანო. დროთა განმავლობაში ბევრი ინტერესდება და ძალიან სასიამოვნოა, კონკურენცია იზრდება, ესე იგი ბაზარზე მოთხოვნაც ჩნდება.

- სამომავლო გეგმები როგორია?
- მაქსიმალირად ვცდილობ საქართველოს ფარგლებს გარეთაც დავიწყო დიორამების გაყიდვა, ასევე სადაც კი შემიძლია, ცოდნა და გამოცდილება მივიღო სტარტაპის ფუნქციონირებისთვის, ყველგან გავდივარ ტრენინგებს, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ნამუშევრების დახვეწა, არამედ მისი სწორი გზით მიწოდებაც ვისწავლო. აუცილებლად ვგეგმავ სახელოსნოს გახსნას და სასწავლო კურსის შექმნას, რომელიც ბავშვებისთვის იქნება გათვლილი, ვფიქრობ, დიორამა არის ის მიმდინარეობა, რომელიც ხელს შეუწყობს მათი ფანტაზიის და წარმოსახვის გაუმჯობესებას, ასევე მოტორიკას.









კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები