მატანი ისტორიული სოფელია კახეთში, ახმეტის რაიონში. ადრე ერწოდ მოიხსენიებოდა. მე-18 საუკუნეში მატანი კახეთის თავადებს, ჩოლოყაშვილებს ეკუთვნოდათ. სოფელში და მის შემოგარენში უამრავი ისტორიული ძეგლია, მათ შორის არის მეფე ერეკლეს მიერ აშენებული გალავანი, რომელსაც სოფელი მტრისგან თავის დასაცავად იყენებდა. დღეს იგი მედიდურად გადმოჰყურებს ალაზნის ხევს, დროთა ჟამთასვლას მისთვის ვერაფერი დაუკლია.
გალავნის ეზოს თავადი ჩოლოყაშვილების მიერ აშენებული ღვთისმშობლის კარის ეკლესია ამშვენებს. ამ დიდებულ ისტორიულ ძეგლს უკვე 26 წელია გაბო პაპა სრულიად უსასყიდლოდ, უანგაროდ ემსახურება, უვლის ხეხილს, ყვავილებს, ბალახს, ასუფთავებს ტაძარს, ეზოს. გალავნის გასაღებს მეუღლის გარდა
გაბრიელ ხაძუაშვილი 86 წლისაა. გალავნის კარიბჭესთან ველოდები, რომ მეგზურობა გამიწიოს. აღმართი ნელი ნაბიჯებით, ხელჯოხის დახმარებით ამოიარა. გაბო პაპა გამხდარია, ჩამომჭკნარი, სახე და კისერი ღრმა ნაოჭებით აქვს დაღარული, ზღვისფერი თვალები უციმციმებს. მხოლოდ თვალებში შერჩენია ახალგაზრდული სიძლიერე, გასაოცარი ღონე.
- მატანი პატარა სოფელი ყოფილა, მერე თანდათან გაიზარდა. დღეს საკმაოდ დიდი სოფელია. კარგად მახსოვს, ომი რომ დაიწყო. ძალიან ღარიბული ცხოვრება იყო. ბავშვები ფეხშიშველები და ტიტვლები დავრბოდით, ცარიელ მჭადზე ვიზრდებოდით. ომმა უარესი ქნა. სკოლიდან სამი კლასი რომ დავამთავრე, გამომიყვანეს, ძალიან მინდოდა სწავლის გაგრძელება, მაგრამ მამა აღარ მყავდა ცოცალი, დედას ძალიან უჭირდა, ძლივძლივობით გვკვებავდა შვილებს, ამიტომ მეც უნდა მემუშავა და დედას შევშველებოდი. ჩემს დროს ლამის დაიხურა სკოლა, ვინც ბიჭები იყვნენ სოფელში, ყველა გამოჰყავდათ სკოლიდან, რომ ემუშავათ, მწყემსად წასულიყვნენ, ოჯახს ლუკმაპურის საშოვნელად შეშველებოდნენ. ომი რომ დამთავრდა, გაჭირვებამ და შიმშილობამ კარგა ხანს გასტანა სოფელში. თუ რამე მოსავალი მოჰყავდა ხალხს, მთავრობას მიჰქონდა, აქ რჩებოდა მოსავლის ნარჩენები. 1966 წელს გადავედით საბჭოთა მეურნეობაზე, ამის მერე მოძლიერდა სოფელი, სასუქი შემოვიდა, კარგი მოსავალი მოჰყავდათ. ყველა ფულზე მუშაობდა. ბალღებს სკოლიდან რომ დაითხოვდნენ, დედებს სამუშაოდ დაჰყავდათ. თუ ბავშვი არ იმუშავებდა, უმაღლესში ვერ ჩაირიცხებოდა. უმაღლესში რომ მიდიოდი, ცნობა უნდა გქონოდა კოლმეურნეობიდან, რომ ნამუშევარი იყავი. დღეს კიდენა შეიძლება ამ მთავრობას ბევრი ემდურება, მაგრამ ლუკმაპურის ფული გვაქვს. მე და ჩემს ქალსა იმდენი გვაქვს პენსია, თვიდან თვემდე გვყოფნის. ახლა კაცს მილიონი რომ მისცე, შეიძლება ერთ დღეში დახარჯოს, მაგრამ ჩვენ ეკონომიით გაგვაქვს თავი თვიდან თვემდე, თან მე და ჩემი მეუღლე ჩვენ დასამარხ ფულსაც ვაგროვებთ.
სოფელი დაცარიელდა 10 კომლში ერთი მაინც წასულია საზღვარგარეთ, განსაკუთრებით ქალები. ახალგაზრდობა თბილისში გაიხიზნა, რაგდან აქ სამსახურს ვერ შოულობენ.
- ტაძრის მოვლა-პატრონობა ვინმემ გთხოვათ თუ თქვენ თვითონ აიღეთ საკუთარ თავზე?
- აქ ღვთისმშობლის ეკლესიაა, მიტოვებული და უპატრონო იყო. ეს გალავანი იყო დაცული და დაკეტილი, მაგრამ ეკლესიას არავინ უვლიდა, სანთლის დანთება რომ ვინმეს უნდოდა, ვერ შემოდიოდნენ. აქ ხშირად მოდიოდა ზვიად გამსხურდია, სცენას გამართავდნენ, თათბირობდნენ. ხალხი რომ გაიგებდა, ზვიადი მოდიოდა, ამოდიოდნენ და ხვდებოდნენ პრეზიდენტს. 1990 წელს ჩვენი სოფლის ახალგაზრდობა თხოვნით მივიდა ალავერდის მეუფესთან, მღვდელი მოითხოვეს, მეუფემ გამოაგზავნა მოძღვარი. რუისპირელი ახალგაზრდა მამაო იყო, იმან მთხოვა, გალავნის გასაღები ჩამებარებინა და მიმეხედა. იმ დროს ეს დიდ სირცხვილად მიაჩნდათ, ყველას ეთაკილებოდა ეკლესიაში შესვლა, მაგრამ მე დავთანხმდი. აი, უკვე 26 წელია უანგაროდ ვემსახურები ეკლესიას და ხალხს.
ბევრი ხალხი მოდის სანთლის ასანთებად, აქვე ვცხოვრობ, მეძახიან და ვუღებ კარებს. ჩემს გარეშე ვერ შევლენ. ჩემი მეუღლის გარდა ამ გასაღებს ვერავის ვანდობ. სულ ღიას ვერ ვტოვებ, პირუტყვი შემოვა და გააჩანაგებს აქაურობას. ხეხილი გვაქვს, 10 ადამიანი თუ თავმდაბლად შემოდის, ერთი მაინც გამოერევა ისეთი, ვინც ხეხილს აზიანებს, ტოტებს ატეხავს. ამ ეზოში მხოლოდ ორი ხე იდგა, ახლა რასაც ხედავთ, ყველაფერი ჩემი ჩარგულია, ნერგები ამომქონდა. ბალხს ვუვლი, ვთიბავ. ეს ბოლო პერიოდია გამიჭირდა, ასაკი თავისას შვება. ბოლოს სამი მღვდელი მოვიდა და იმათ გავათიბინე (იღიმის). აქვე დედაო ცხოვრობს. ხილს რომ დავკრიფავ, მოვუკითხავ ხოლმე, ზოგს დიდ გობზე დავაწყობ, ეკლესიის კართან დავდებ და მოსალოცად მოსულებს ვუმასპინძლდები, ძალიან უხარიათ. წელს მოსავალი მოიკოჭლებს. ეს ხეხილი მავთულით შემოვღობე, ყველას თავისუფლად ვერ გავუშვებ, ბალხიც ზიანდება, ბევრი ფეხი რომ ხვდება და ხეხილიც.
- ყვავილებიც თქვენი დარგულია?
- კი, ეს ყვავილებიც მე დავრგე და მე თვითონვე ვუვლი. ორ დღეში ერთხელ ვრწყავ, აქამდე ხმელ ფოთლებს სათითაოდ ვაცლიდი, უკვე მიჭირს, ჯანი აღარ მომყვება. ამ ზამთარს ძალიან ცუდად ვიყავ, ხეხილის ძირები იყო გამოსაბარი, კარგი ახალგაზრდობა მოდის, იმათ ვტხოვე და მომეხმარნენ. შემოდგომაზე ფოთოლი რომ ჩამოდის, მარტო ვეღარ გამაქვს, ვინმეს უნდა ვთხოვო. აქამდე არავისთვის არაფერი მითხოვია, 25 წელი სულ მარტო ვუძღვებოდი ყველაფერს. ახლა ჩემი მეუღლე, მედავითნე და ერთი სტიქაროსანი მეხმარებიან.
- გალავნის ისტორია მოგვიყევით. რას ყვებოდნენ თქვენს ბავშვობაში მოხუცები?
- ეს გალავანი მეფე ერეკლეს დროს აშენებულა. აქ ყოფილა ძალიან გემრიელი და ცივი წყარო, სამწუხაროდ, ახლა დაშრა. ეს წყარო რომ ენახნა მეფე ერეკლეს, ეთქვა, აქ უნდა გავაკეთო გალავანი და წყარო შიგ მოვაყოლოო. მე-17 საუკუნის ბოლო წლებში დაუწყიათ მშენებლობა და მე-18 საუკუნის დასაწყისში დაუმთავრებიათ. ლეკიანობა იყო და მტრისგან თავდასაცავად აუშენებიათ. აქ დიდი ზარი იყო დაკიდებული, მხოლოდ განგაშის და რაიმე საშიშროების მოახლოების დროს შემოჰკრავდნენ ხოლმე. წინაპრები იტყოდნენ, ის ზარი რომ დაირეკებოდა, თელავამდე ჩადიოდა იმის ხმაო. ახლა პატარა ზარი გვაქვს წირვის და ლიტანიობის დროს, ეს ზარი ეხმიანება სოფელს.
- რა ბედი ეწია იმ ზარს?
- კომუნისტებს ჩამოეხსნათ, დაემტვრიათ, ურემზე დაედოთ, თელავში ჩაეტანათ და გადაედნოთ. ეს ზარი ისე არ ირეკებოდა, თუ რამე ხიფათი არ იყო. შემოჰკრავდნენ და მთელი სოფელი აქ მოიყრიდა თავს. გალავანს ორი კარები აქვს. ამოიყვანდნენ სოფლის დედაკაცებს, ბალღებს და შიგნიდან კეტავდნენ გალავანს. სათოფურებია დატოვებული და მტერს შიგნიდან ეომებოდნენ ჩვენები. კუთხეებში ოთხი ბურჯია, ამ ბურჯებში სამსართულიანი ოთახები ყოფილა, იქიდან დარაჯობდნენ კაცები. ეზოში რამდენიმე ნასახლარია, ახლა უკვე იმ ადგილას მხოლოდ ნანგრევებია. ზემოთ თავადების ნასახლარია, აქ თავად ჩოლოყაშვილებს ეცხოვრათ და ეს ეკლესია კარის ეკლესიად აუშენებიათ. გლეხკაცსაც არ უშლიდნენ შესვლას და ლოცვას.
- ქაქუცა ჩოლოყაშვილის შესახებ რას ყვებოდნენ თქვენს ბავშვობაში?
- ჩოლოყაშვილები საქართველოს ისტორიაში სამშობლოს უანგარო სიყვარულით გამოირჩეოდნენო. მე როცა პატარა ვიყავი, მაშინ ამბობდნენ, რომ ქაქუცას 100 კაცი ყოლია ჩვენს ტყეში, მთაწმინდის გორზე. იქ ნაბინავარი წყაროა. თურმე იქიდან ებრძოდა პოლკოვნიკი ქაქუცა კომუნისტებს. როცა 1921 წელს მენშევიკურ მთავრობას საქართველო დაუტოვებია, ქაქუცა არ გაჰყოლია, აქ დარჩენილა და ქართველი ერის განმათავისუფლებელ მოძრაობას ჩადგომია სთავეში, ბევრი უბრძოლია, მაგრამ სამწუხაროდ, ვერაფერი გაეწყო. როცა საფრანგეთში გადაიხვეწა, აქაური კაცი გაჰყოლია, ბათირა რქმევია. იქ დაიღუპნენ და დაიმარხნენ ორივე.
ჩოლოყაშვილები მატნის გალავანთან
ქაქუცა კი გადმოასვენეს, მაგრამ ბათირა სამუდამოდ უცხო მიწაზე დარჩა. სიკვდილის წინ ქაქუცას დაუბარებია, როცა მოვკვდები, ჩემი ცხედარი დაწვით, რომ ჩემი ფერფლი ოდესმე დამოუკიდებელ საქართველოში დაიკრძალოსო. სანამ ქაქუცა საფრანგეთში წავიდოდა, ახმეტას რუსის ჯარი მოდგომოდა, მოუტანიათ ზარბაზნები, რახან ქაქუცა აქ იმალებოდა, მთელი მატანი მისი მომხრე ეგონათ, განეზრახათ ეს ზარბაზნები მატნისთვის დაეყარათ და ხალხი ამოეხოცათ. ფიქრობდნენ, რომ ყველა ძველი მთავრობის მომხრე იყო. ამბავი მიეტანათ, ვითომ მთელი სოფლის კაცობა ქაქუცასთან ერთად ტყეში იყო გახიზნული. ცხენებით გამოსულა ორი ოფიცერი და უთქვამთ, აბა ჯერ გავიდეთ მატანში, ვნახოთ, მართლა ასეა თუ არაო. გამოსულან და მთელი სოფლის კაცები სოფლის ცენტრში მდგარან და ბაასობენ. უთქვამთ, 100 კაცის გამო მთელი სოფელი როგორ გავასწოროთ მიწასთანო და უკან გაბრუნებულან. ასე გადარჩა მატანი დაბომბვას.
დიდი გაჭირვება აქვთ გავლილი ჩვენს წინაპრებს, მაგრამ მარტო მატანი არ იყო ამ დღეში. შევარდნაძე როცა ჩამოვიდა საქართველოში (სხვათა შორის მასაც ძალიან მოსწონდა ეს ადგილი და გვსტუმრობდა ხოლმე), იმ პერიოდში რუსებმა ტყეში დაბომბეს ჩვენი ახალგაზრდები. უთენია შეშის მოსატანად წასულიყვნენ ბიჭები. რუსებს ვაჰაბისტები ჰგონებიათ და ბომბი ჩამოუგდიათ. ერთი ბიჭი დაიღუპა, ახალგაზრდა ცოლ-შვილი დარჩა. დიდი ტრაგედია იყო სოფლისთვის. რომ ჩამოასვენეს, მთელი მთავრობა ჩამოვიდა სამძიმრის სთქმელად, შევარდნაძეც იყო მაშინ.
ე, მარტო წისქვილის ქვა არ დატრიალებულა ჩვენს თავზე. ვლოცულობ, შვილო, ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა მაინც იცხოვრონ დალაგებულ, გამთლიანებულ საქართველოში. დედა ღვთისა რომ არ იცავდეს ჩვენს მიწა-წყალს, აქამდე ჩვენი ძვლებიც აღარ იქნებოდა. ხან ფიქრები რომ გამიტაცებს ხოლმე, მიკვირს, ამ პატარა ერმა ამდენის გადატანა როგორ შევძელით?
მერი ბლიაძე