როგორ მოვუაროთ კაქტუსს - რჩევები გოგონასგან, რომლის ორანჟერეაში სამასზე მეტი კაქტუსი ბინადრობს

სალომე ასათიანის ორანჟერეა მრავალფეროვანი მცენარეებით გამოირჩევა. ის ქუთაისის ერთ-ერთი კერძო სახლის ეზოშია განთავსებული. მართალია, აქ უამრავ სხვადასხვანაირ მცენარეს შეხვდებით, თუმცა სალომე საკუთარ თავს მაინც მოყვარულ ფლორისტს უწოდებს. "ჩემი დიდი სურვილია, ამ სფეროში წარმატებული გავხდე, მინდა კარგად შევიმეცნო ეს სამყარო და ფლორისტის სტატუსიც მერე მომენიჭოს. აქამდე რაც შევძელი, ჯიშები მოვიძიე, ჩემი სამყარო გავამრავალფეროვნე და უკვე ოთხი წელიწადია ორანჟერეა დავდგი," - გვეუბნება რესპონდენტი. მის მცენარეებს შორის კაქტუსების რაოდენობა სამ ასეულს კარგა ხანია ასცილდა. ამჯერად მასთან ვისაუბრებთ კაქტუსზე, როგორც ოთახის მცენარეზე.

- მსმენია,
თითქოს კაქტუსის სახლში ქონა არცთუ სახარბიელოა, რადგან ცუდი ენერგეტიკა აქვს, თანაც იწუნებენ, ეკლიანი და მსუსხავიაო. თქვენ რას გვეტყვით?


- ბევრისგან მსმენია, რამ შეგაყვარა ეს ეკლიანები, რა არის მათში საინტერესოო? ამაზე აღარ ვბრაზდები, რადგან ერთმა კარგმა ადამიანმა თქვა, ვისაც კაქტუსები უყვარს, სამყაროს სხვანაირად ხედავსო. კაქტუსი ძალზე საინტერესო მცენარეა, სხვა "სიღრმეები" აქვს. მოდის გამო მას ვერ შეიყვარებ. თუნდაც მოვლის წესებიც თავისებური აქვს, აგრეთვე ყვავილობაც. არანაირი უარყოფითი ენერგეტიკა არა აქვს, ეკლები კი თავის დასაცავად სჭირდება. ზედმეტი ზრუნვაც არ მოსწონს. ერთხანს რომ მიატოვო, შესაძლოა კვირტი გამოიღოს ან რამე სიახლით გაგაკვირვოს. მე 300-ზე მეტი კაქტუსი მაქვს, თუმცა ჯიშებიც მეორდება. მიყვარს ასტროფიტუმის ჯგუფი და რამდენიმე სახეობა მაქვს, ასევე მამილარიაც.

ყველას სხვადასხვა ხასიათი აქვს და აქედან გამომდინარე, ერთნაირად ვერ მოუვლი. ეუფორბია შედარებით ნაზია, სიცივეს და მორწყვას ვერ იტანს. კაქტუსს ზედმეტი წყალი ისედაც არ უყვარს, ეუფორბიას კი განსაკუთრებით. ჩემთვის რთული არ არის მათთან ურთიერთობა, მათი ხასიათი კარგად გავიცანი. მხოლოდ ერთი კაქტუსი გამიფუჭდა. გასული წლების ყინვასაც კი გადაურჩნენ. კაქტუსები ძალიან რომ მიყვარს, ალბათ, იმიტომ გადარჩნენ.


- როგორ უნდა გავამრავლოთ?

- მე სამი მეთოდით ვამრავლებ: გადაჭრით, მეორე - თესლით და "შვილით" - რომ გამოიბამს, იმ წამონაზარდს ვაცილებ და ცალკე ვრგავ. სხვათა შორის, ბევრი კაქტუსი არ იკეთებს ახალ "შვილს". ან უნდა გადაიჭრას, ან როცა იყვავილებს, თესლი შევინახოთ და დავთესოთ. ზოგიერთს სულაც წლები, ხან 50 წელიწადიც კი სჭირდება, რომ იყვავილოს. არსებობს ისეთი კაქტუსებიც, რომლებიც სწრაფად მრავლდებიან "შვილებით", ბევრს გამოისხამს. თესლით გახარება დროს მოითხოვს. გადარგვიდან და გადაჭრიდან 2 წელიწადი სჭირდება კაქტუსს, რომ სრულყოფილი სახე მიიღოს.

ასტროფიტუმიდან ჯობს თესლი ავიღოთ, ცერეუსს კი ვჭრი და ისე ვამრავლებ. ყველაზე სწრაფი ხერხი მაინც "დედისთვის შვილის" მოხსნა და მერე ქოთანში გადატანაა - ეს საუკეთესო ვარიანტია. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები