ქართველი დიზაინერი, რომელიც თურქეთში საოცარი დიზაინის ფეხსაცმელს კერავს

ხელსაქმით ბავშვობიდან იყო გატაცებული. დედის ტანსაცმელს ჭრიდა და თავისთვის იკერავდა. შემთხვევით არაფერი ხდება, ბავშვობის გატაცებამ თავი იჩინა და დღეს ცისი დაუშვილი დიზაინერია. ცისი თურქეთში ცხოვრობს. სამშობლოს სიყვარულით შთაგონებული, უცხო ქვეყანაში საოცარი დიზაინის ფეხსაცმელებს ქმნის. ყველა დეტალს ხელით ამუშავებს, გაზაფხულის ფერად-ფერადი ყვავილები, საუცხოო ფორმები ფეხსაცმელზე ხელით გადააქვს. მისი შექმნილი ნამუშევრები ადამიანებს აოცებს და განსაკუთრებულ განწყობას უქმნის.


- ხელოვნება ბავშობიდან ჩემი ნაწილია, დედას ვგავარ, ისიც ხელოვანია. ბავშვობაში მეც და ჩემი დაც მისი შეკერილი ტანსაცმლით დავდიოდით. ვჭრიდი მის ტანსაცმელს და ჩემთვის ვიკერავდი. დავამთავრე სამხატვრო

აკადემიის მედიახელოვნების ფაკულტეტი. მეექვსე წელია სტამბულში ვმოღვაწეობ, აქ ვისწავლე ფეხსაცმელების კერვა, ეს იყო ყველაზე რთული, მაგრამ ნაყოფიერი 5 წელი. გამიმართლა, ძალიან კარგი ადამიანი გავიცანი. თურქია, პატარა სახელოსნო გვაქვს. მე დიზაინერი ვარ, საბავშვო სპორტულ ფეხსაცმელებს ვქმნით. ამის შემდეგ გადავწყვიტე CISA შემექმნა.


- პირველი ფეხსაცმელი ვისთვის შეკერეთ?
- მიხარია, როცა ჩემს შექმნილ ფეხსაცმელებს საყვარელ ადამიანებზე ვხედავ. სულ პირველად ფეხსაცმელი ჩემი მეუღლისთვის შევკერე. ეს ერთადერთი ფეხსაცმელი იყო, რომელიც მას ფეხს არ სტკენდა. ყოველ შემთხვევაში, თვითონ ასე იძახის. როცა ახალი მოდელი მაქვს ჩაფიქრებული, წინასწარ ვიცი, ვის უნდა ვაჩუქო. პირველ ნამუშევარს არასდროს არ ვყიდი.

- რით გამოირჩევა თქვენი ნამუშევრები?
- ახლა საგაზაფხულო კოლექციაზე ვმუშაობ. ეს არის ის, რის შექმნაც მსიამოვნებს და მაბედნიერებს. თითოეული ფეხსაცმლის მოდელი ჩემი შექმნილია და ანალოგი არ აქვს. ძირითადად ვმუშაობ ტყავზე. მუშაობის პროცესი ჩემთვის თერაპიაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ქვეყნიდან ასე შორს ვარ, ამიტომ შაბათ-კვირასაც არ ვისვენებ, იდეები მაწუხებს. ხანდახან რამდენიმე მოდელზე ერთდროულად ვმუშაობ, ვერც ერთს ვერ ველევი, რომ გვერდზე გადავდო, ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ დასრულებულს. ამ მიზეზით ბევრი გათენებული ღამე მახსოვს.


- ფეხსაცმელზე დეტალებს ხელით ამაგრებთ?
- ყველა დეტალს ხელით ვამუშავებ. ერთ-ერთი ძალიან ლამაზი და განსხვავებული ნამუშევარი იყო ყვავილებიანი ჩანთა და ფეხსაცმელი. თითოეული ყვავილი ხელით მაქვს გამოჭრილი და დამუშავებული. საკმაოდ შრომატევადი იყო და დიდი დრო მოითხოვა, თუმცა შედეგით ისეთი კმაყოფილი ვიყავი, სიხარულით დავფრინავდი. ეს შეკვეთა საფრანგეთიდან მივიღე.

- რა ფერი დომინირებს თქვენს ნამუშევრებში?
-მიყვარს ხალასი და ბედნიერი ფერები, აი ისეთი, საუცხოო განწყობაზე რომ დააყენებს ადამიანს. ჩემს ნამუშევრებში სწორედ ასეთი ფერები ჭარბობს.


- ალბათ დიდ დროს და ძალისხმევას მოითხოვს ეს სამუშაო...
- ყველაფერი, რაც ხელით კეთდება, ანუ ხელნაკეთია, დიდ შრომას და ძალისხმევას მოითხოვს. წარმოიდგინეთ, პატარ-პატარა ყვავილები, სხვადასხვა დეტალი ხელით ისე უნდა გამოჭრა და შემდეგ დაამაგრო, რომ იოტისოდენა ხარვეზიც არ ჰქონდეს. ამას დიდი სიფრთხილე, დაკვირვება და ნებისყოფა სჭირდება. სამაგიეროდ შედეგი ძალიან სასიამოვნო და საამაყოა. მით უმეტეს, როცა ადამიანები აღფრთოვანებულები არიან შენი ნაშრომით და ამას ემოციით გამოხატავენ.


- ფეხსაცმლის ფასები როგორია?
- ვცდილობ, ფასები ყველასთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს.

- სად ახდენთ მათ რეალიზებას?
- მიკვეთავენ უცხოეთიდან და მერე ვუგზავნი. ძალიან მინდა, ჩემს ნამუშევრებზე ძირითადი მოთხოვნა საქართველოდან იყოს. როცა საქართველოში ვაგზავნი ნამუშევარს, მთელ სულს და გულს ვაქსოვ.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
- ჩემი ყველაზე დიდი სურვილია საქართველოში დავბრუნდე. ძალიან კარგი გეგმები მაქვს და იმედია, განვახორციელებ.

მერი ბლიაძე

კომენტარები

c. 2017-03-19 18:17
Madloba yvelas. Tea
Tea 2017-02-19 09:13
Dzalian magariaa. Ciss shen bevrs miagwevv da warmatebulii dixainericc gaxdebi saqartveloshii. Shen shenitt gaikvalee gzaa sxvebisgann gansxvavebit. Jerr cxovreba win gaqvss da ufro mets miagwevv da sheqnii.
inga 2017-01-28 22:35
gavgijdi ise momewona,magaria
mari 2017-01-10 12:53
ბევრი უშრომია და უწვალია გოგონას, თურქულ ბაზარს მოერგო აშკარად, საქართველოსთვის ცოტა უგემოვნოა, თუმცა ყველას თავიოსი გემოვნება აქვს და ბევრსაც შეიძლება მოეწონოს. წარმატება ვუსურვოთ ცისას.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები