ბევრი საინტერესო ნამუშევარი მინახავს, მაგრამ ეს უნიკალური ჭაღი მართლაც საოცრად შთამბეჭდავი აღმოჩნდა. იგი დიზაინერმა სამოვრითა და ჩაის ჭურჭლით შექმნა. თეა ლომიძე პროფესიით ქიმიკოსია, თუმცა სპეციალობით არ მუშაობს, წლებია, საკუთარ თავს არაპროფესიონალ, თვითნასწავლ დიზაინერს უწოდებს. ქმნის როგორც სამოსს, აქსესუარებს, ასევე საყოფაცხოვრებო ნივთებს. "ჩემი ცხოვრება ჩემი სურვილიდან გამომდინარე ავაწყვე, მივყვები საქმეს, რომელიც ძალიან მიყვარს. ვცხოვრობ და ვარსებობ ამით, სხვა საქმე არ მაქვს. რაც აქამდე გამიკეთებია და ვაკეთებ, ყველაფერს სიყვარულითა და დიდი მონდომებით ვქმნი. ჩემს საქმეში რომ ვიხარჯები, ეს უდიდეს სიამოვნებას მგვრის", -
- პირველი ჭაღი 12 წლის წინ გავაკეთე. ლამაზი და მარტივი იყო, ელიავას ბაზრობაზე დაგრეხილი რკინის “სეტკები” რომ იყიდება, იმისგან დავამზადე. ჭაღი გასაყიდად და კომერციული თვალსაზრისით არ შემიქმნია, სალონის გასაფორმებლად დავკიდე. ერთხელაც სალონში ერთი ქალბატონი შემოვიდა, კაბის შეკერვა უნდოდა, ჭაღი რომ დაინახა, იკითხა: - ვისი გაკეთებულიაო? - ჩემი-მეთქი, მივუგე. ძალიან მომეწონა და უნდა შევიძინოო. ვუთხარი, - ამის მსგავსს ერთ კვირაში გაგიკეთებთ-მეთქი. არა, ზუსტად ეს მინდაო. ვერ გავაგებინეთ, რომ ინტერიერის გასაფორმებლად გვქონდა. მოკლედ, ჩამოგვახსნევინა და 300 ლარი გადაგვიხადა. მის სანაცვლოდ, სალონისთვის ისევ გავაკეთე, ოღონდ ცოტა სხვანაირი. სწორედ იმ ფაქტმა გააჩინა ჩემში იდეა, ჭაღებზე მემუშავა და ეს ჩემს საქმიანობაში ერთ-ერთი მიმართულებაც ყოფილიყო. მოგვიანებით სხვადასხვანაირი სანათების სერია გავაკეთე. საერთოდ, მუდმივად სიახლეებს ვეძებ, ერთფეროვნება, ერთ ადგილზე გაჩერება არ მიყვარს. სულ რაღაცას ვაკეთებ, შეიძლება ჩემი გაკეთებული ნივთი ყველას არ მოუვიდეს თვალში, მთავარია, მოეწონოს მას, ვისაც ეს საქმე ესმის.
- არ გაქვთ პრეტენზია, რომ ის ყველასთვის მისაღები იყოს?
- არა, ის უნდა მოეწონოს მას, ვისაც კრეატიული ხედვა აქვს. ამიტომ, სულ ვცდილობ, ისეთი რამ შევქმნა, რაც მათთვის სიახლე იქნება. ეს ეხება ტანსაცმლის ხაზსაც და აქსესუარებსაც... თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 12 წლის წინ საქართველოში მე გავათანამედროვე ბეწვეული, - მაქმანებით, სვაროვსკის თვლებით, ატლასით ვაწყობდი...…ყოველთვის ვცდილობ, საკუთარი ხელწერა მქონდეს და ჩემი ნამუშევარი არ ჰგავდეს სხვას. ამიტომაც არის, რომ ნებისმიერ ნივთში, ბოთლია თუ სამოვარი, სხვა რაღაცას ვხედავ.
- მოდი, სამოვრის ჭაღზე ვისაუბროთ, დარწმუნებული ვარ, მსგავსი არასდროს არავის შეუქმნია...
- მართლაც კარგი გამოვიდა, მაგრამ ეს იმ იდეის ნაწილია მხოლოდ, რომლის განხორციელებასაც ცოტა ხანში ვაპირებ. აქამდე შესაბამისი ფინანსების უქონლობის გამო ვერ შევძელი, რადგან საკმაოდ ძვირი ჯდება. მოკლედ, მაქვს 12 ჭაღის ესკიზი, თითოეული წელიწადის თითო თვესთან ასოცირდება. უკვე გაკეთებულია ნოემბრისთვის, ანუ ჩაის სმის სეზონისთვის განკუთვნილი ჭაღი. ბავშვობიდან მიყვარს სამოვრიდან ჩაის დალევა, სწორედ აქედან წამოვიდა იდეა. აღმოვაჩინე ძველსძველი (150 წლის) ხარიტონოვის სამოვარი, მაგრამ მარტო ის მშრალი იქნებოდა და გასაწყობად გამოვიყენე ყველაფერი, რაც მასთან ასოცირდება - ჭიქები და მათი ჩასადებები, კოვზები. ავიღე სამოვარი ექვსი ჭიქის ჩასადებით, მასში მოვათავსე ბროლის ჭიქები და მათში 6 ედისონის ნათურა დავაყენე. ყველა ნივთი, რაც გამოვიყენე, ძველია, არაფერი თანამედროვე. თითოეული ძლივს მოვიპოვე და შევაკოწიწე. ამაში მეგობრები დამეხმარნენ. ჭაღი რომ გამზადდა, ხომ უნდა დამეკიდა, ჩვეულებრივი ჯაჭვი კი ძალიან შაბლონური იქნებოდა. ვინაიდან ჩაის დალევას კოვზიც სჭირდება, ამიტომ ჯაჭვის შესაქმნელად 48 მელქიორის კოვზი გამოვიყენე. ეს კოვზები ისე გადაიგრიხა, რომ მათგან მყარი ჯაჭვი აეწყო.
- საკმაოდ ძვირად ღირებული ჭაღია, რადგანაც ყველა გამოყენებული ნივთი ძველია და ანტიკვარული...
- კი, ასეა, ამიტომ მადლობა ჩემს მეგობრებს (ნათია შარაბიძე, თამუნა გაგნიძე, დათო მარტიაშვილი, ბაია ფხაკაძე). ერთმა ბროლის ჭიქები მომიტანა, მეორემ - ჭიქის ჩასადებები, მესამემ - ბროლის მძივები... საბოლოოდ ლამაზი და კრეატიული ჭაღი გამოვიდა.
- სამოვრისგან შექმნილი ჭაღი ჭერზე დასაკიდად რამდენად უსაფრთხოა?
- ახლა რომ იყიდება 20-30-კილოგრამიანი, თანამედროვე ბროლის ჭაღები, მათზე უფრო უსაფრთხოა. ბევრად ნაკლებსაც იწონის (12 კილოგრამი). მინდა, მქონდეს დიდი ვერანდა, ეს ჭაღი ეკიდოს იქ, კუთხეში და ჩემს საყვარელ მეგობრებთან ერთად ჩაის ვსვამდე, ვტკბებოდე, - ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს? დარწმუნებული ვარ, ასეთი ჭაღი არც კაფეში კიდია და არც რომელიმე რესტორანში...
ლალი ფაცია
კომენტარები
და კიდე ვინც ააწყო და საბოლოო სახე მისცა მაგ ნივთს იმას რატო არ იძახით