"კონდიტერია ჩემთვის ჰობია, სულ ძიების პროცესში ვარ..." - კონდიტერი, რომლის ნამუშევრები ბევრს აღაფრთოვანებს

ხატმწერმა, ფერმწერმა, რესტავრატორმა და კონდიტერმა თამარ ჯიხვაშვილმა, რომლის ნამუშევრებიც დღეს ბევრს აოცებს, ქუთაისის ხელოვნების ლიცეუმის დამთავრების შემდეგ სწავლა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ფერწერა-რესტავრაციის ფაკულტეტზე გააგრძელა. წლების განმავლობაში, მონაწილეობა აქვს მიღებული უცხო ქვეყნების გამოფენებში. 2017 წელს აბსტრაქციები შეასრულა ლუქსემბურგსა და გერმანიაში. კულინარიით ბავშვობაში დაინტერესდა. მისი მომზადებული დესერტი ხელოვნების ნიმუში უფროა და ალბათ ამიტომაც ჰყავს ქალბატონ თამარს და მის შემოქმედებას თაყვანისმცემლების არმია.

- პროფესიით მხატვარი გახლავართ. ძალიან ბევრი გატაცება მაქვს, თუმცა მინდა უფრო და უფრო მეტი შევისწავლო. ვფლობ ქარგვას, კერვას, თექას, ხატწერას,
ფერწერის რესტავრაციას, ფერწერას, კომპიუტერულ გრაფიკას, ფოტოგრაფიას, ფილამწყობის კურსებიც კი მაქვს გავლილი. მიტაცებს კულინარია, კონდიტერია. სიამოვნებით შევისწავლიდი ვენეციური მინის ტექნოლოგიას. ხელოვნების სფეროში ბევრი მიმართულებების შესწავლაა შესაძლებელი. ასევე კვების ტექნოლოგიაში. თითოეული მათგანის სიღრმისეული შესწავლით, ის შეიძლება ადამიანმა ხელოვნების დონეზეც კი აიყვანოს.

- არაერთი ხატი დაგიწერიათ, რესტავრაცია გაგიკეთებიათ. ალბათ ყველაზე საპასუხისმგებლო მაინც ხატებზე მუშაობაა. მოგვიყევით თქვენი ამ სფეროში მოღვაწეობის შესახებ...
- ხატწერა და რესტავრაცია ორივე საპასუხისმგებლო პროფესიაა. რესტავრაციის დროს, როდესაც სხვის ნამუშევარს ეხები, რაც არ უნდა დაბალი დონის შესრულების იყოს ხელოვნების კუთხით, დიდი პატივისცემით უნდა მოეკიდო. არავის აქვს უფლება სხვისი ნამუშევარი დააზიანოს. ხატწერას რაც შეეხება, ეს ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა, დიდი ცოდნა ჭირდება, რადგან იქ მთლათ შენს ნებაზე არაა ხატვა. ის ფერთა ღვთისმეტყველებაა და ჩარჩოში ხარ მოქცეული. თუ არ იცი იკონოგრაფია, შეიძლება ხატვით დახატო რაღაც, მაგრამ ის იქნება დარღვევა. ასევე სულიერადაც, ხატმწერის შინაგანი მხარეც უნდა იყოს მზად ამ საქმისთვის. შინაგანი სიმშვიდე ჭირდება. ხატებს 17 წლიდან ვხატავ. დღემდე ბევრი ხატი მაქვს დახატული. ჩემი ხატები საქართველოშიც არის, როგორც ტაძრებში, ისე ოჯახებში. ასევე საზღვრებს გარეთაც.

- რა პროექტებში გაქვთ მონაწილეობა მიღებული?
- პირველი იყო წმინდა სამების სახარებაზე მუშაობა რუსუდან ფეტვიაშვილის ხელმძღვანელობით, სადაც დიდი გამოცდილება მივიღე. მერე იყო მარტვილის ექსპედიცია, სადაც ფრესკების რესტავრაცია-კონსერვაცია მიმდინარეობდა. იქაც დიდი გამოცდილება მივიღე მონუმენტურ რესტავრაციაში. შემდეგ ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში ჯრუჭის პროექტი, სადაც ორ ხატს ჩავუტარე რესტავრაცია-კონსერვაცია.

- ხატმწერი კულინარიით როგორ დაინტერესდით?
- სინამდვილეში ეს პირიქით მოხდა. ხატწერას სანამ დავეუფლებოდი, მანამდე დავეუფლე კულინარიას. დაახლოებით მესამე კლასში ვიქნებოდი. ეს დედაჩემის და ბებიაჩემის დიდი დამსახურებაა. დედაჩემის მხრიდან ძალიან კარგი კულინარები მყავს. საოცრად გემრიელ კერძებს ამზადებენ. დროთა განმავლობაში შევეზარდეთ მე და კულინარია ერთმანეთს.

- მონდომების გარდა, ალბათ, განსაკუთრებული ნიჭია საჭირო, რომ შოკოლადით, სხვადასხვა ტკბილეულით ასეთი შედევრები შექმნათ...

- მიყვარს რთულ მასალასთან შეჭიდება და მისი დამორჩილება. ყველა საქმეში ასეა. სირთულეების გადალახვის დროს ცოდნა გემატება და იზრდები, როგორც სპეციალისტი. 2010 წლიდან დავინტერესდი შოკოლადის ტექნოლოგიით. ყველაფერი ინტერნეტის საშუალებით შევისწავლე. დღესაც ინტერნეტია ჩემი მასწავლებელი, ჩემი იდეების წყარო და სტიმულის მომცემი. აქედან უფრო ხელმისაწვდომია ნახო, როგორ ვითარდება მსოფლიო. ამავე დროს შენც ვითარდები და ფეხს უწყობ, რომ არ ჩამორჩე. როგორც გითხარით, ნამცხვრების ცხობა საკმაოდ პატარა ასაკიდან დავიწყე. შემდეგ, დროთა განმავლობაში ვხვეწავდი ამ ყველაფერს, ვეჭიდებოდი სირთულეებს, რაც გამოცდილებას მმატებდა.

- საინტერესო, ორიგინალური და სახალისო შეკვეთები თუ გაქვთ ხოლმე? თითოეული დესერტის იდეა თქვენ გეკუთვნით, თუ მომხმარებლების თხოვნებსაც ითვალისწინებთ?
- კონდიტერია არის ჩემთვის ჰობი და რაც ჩემს ფოტოებზეა ასახული, არის მხოლოდ ჩემი შემოქმედება. ჩემი ნამუშევრებიდან შეკვეთით შეიძლება იყოს 5% შესრულებული, ისიც ჩემი დიზაინით. დანარჩენი ოჯახში რჩება ახლობლებისთვის. ჩემით ვიგონებ რეცეპტებს, ფორმებს და სულ ძიების პროცესში ვარ. როცა შეკვეთებზე ხარ ორიენტირებული, ძიების თავი აღარ გაქვს. საკმაოდ რთულია, რადგან ძიება შრომატევადია და დიდი ენერგია, აზროვნება სჭირდება, შემდეგ კი რეალობაში განხორციელება. დამღლელია მუშაობის პროცესი, მაგრამ შედეგს რომ ხედავ, გახარებს და ამ ყველაფრის მიუხედავად ბოლოს ამბობ, რომ ეს ამად ღირდა.

- მხოლოდ კონდიტერია არ არის ის, რასაც თქვენ ქმნით. დიდი კომპანიებისგან, ან უცხო ქვეყნებიდან თუ გაქვთ შემოთავაზებები თანამშრომლობის ან პარტნიორობის შესახებ?
- ქვევრის თემა რომ შევქმენი, ამან ძალიან დიდი ყურადღება გამოიწვია საზოგადოებაში. ერთი კვირის განმავლობაში ვინ აღარ მწერდა. დღე და ღამე კომპლიმენტები არ გაჩერებულა. უამრავი თბილი წერილი მივიღე, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი თითოეულ ადამიანს. ბევრი შემოთავაზება იყო, მაგრამ პანდემია აჩერებს ჯერჯერობით ყველაფერს და ჩვენც უნდა დავემორჩილოთ რეგულაციებს.

- საახალწლოდ რა სახის ნამუშევრები გქონდათ და რომელიმეს თუ გამოარჩევდით?
- დიახ, არაერთი განსხავავებული ნამუშევარი შევქმენი. ნამუშევრების გამოყოფა მიჭირს, რადგან თავიანთი ისტორიებით და განწყობით იმდენად სხვადასხვა ხასიათისაა თითოეული მათგანი.



მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები