ცნობილი მხატვარი, რომელიც სტუდენტებს ასწავლიდა, ფინანსურად ეხმარებოდა და გზას უკვალავდა - ამბები მოსე თოიძეზე და მისი კულტურული კერა

დედაქალაქის მთავარი გამზირიდან, დაახლოებით 100 მეტრში, თბილისელებისათვის ცნობილი „ლაღიძის წყლებიდან“ კონსერვატორიისკენ ასახვევ ქუჩაზე, ერთი 4-სართულიანი სახლია, რომელიც თავის დროზე იტალიელ არქიტექტორ კარლ მორეტს აუგია და თავადაც აქ, ბოლო სართულზე ცხოვრობდა. 1920 წლიდან სახლის ერთ-ერთი ბინა მხატვარ მოსე თოიძეს ეკუთვნოდა, რომელიც ამავდროულად მისი სახელოსნოც გახლდათ. მუზეუმი აქ 1968 წელს დაფუძნდა და ექსპოზიციის ძირითად ნაწილს წარმოადგენს ფერწერული ტილოები და გრაფიკა, მხატვრის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტო და დოკუმენტური მასალები, მოსე თოიძის პირადი არქივი, მემორიალური ნივთები, ავეჯი და ბიბლიოთეკა. მუზეუმშივე გამოფენილია სხვა ცნობილი
მხატვრების ნამუშევრებიც: ირაკლი და გიორგი თოიძეების გრაფიკა და ფერწერა, იაკობ ნიკოლაძისა და კოტე მერაბიშვილის სკულპტურები.



თვალში მაშინვე გხვდება რამდენიმე ნივთი, მოსე თოიძის მიერ შეგროვებული ეთნოგრაფიული კოლექცია, ძველი ხურჯინი, ფაიფურის ნაკეთობანი, მხატვრის პალიტრა, ფუნჯები და მოლბერტი. ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს: როიალი, მხატვრის მეუღლის სამკაულების ზარდახშა და ერთ-ერთი სკივრი, რომლითაც ალექსანდრა სუდინას პეტერბურგიდან თბილისში თავის მზითვი ჩამოუტანია. მხატვარს 6 შვილი ჰყავდა: დავითი, ირაკლი, ნინო, ალექსანდრა (შურა), გოგი და არჩილი, თუმცა, მათგან ერთი - არჩილი ადრე გარდაიცვალა. 5 შვილის გარდა, მოსემ გაზარდა 2 ძმისშვილიც, რადგან მხატვრის უფროსი ძმა გიგო პირველი მსოფლიო ომის დროს, თბილისში ჩამოყვანილი დაჭრილების მოვლისას ტიფის ეპიდემიას შეეწირა. მოსე თოიძის მეორე მეუღლე გახლდათ ეკატერინე ყიფშიძე.

როცა მან ბინა შეიცვალა, სახლ-მუზეუმმა 1971 წლიდან უკვე აქტიური ფუნქციონირება და დამთვალიერებლის მიღება დაიწყო. როგორც მოსე თოიძის დროს იყო ეს ადგილი ერთ-ერთი კულტურული კერა თბილისში, იგივე დატვირთვა აქვს ახლაც და ამაზე მხატვრის ოჯახის წევრები ზრუნავენ. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს კედლები ყოველდღიურად ბევრ სტუმარს მასპინძლობს, იმართება სხვადასხვა სახის შეხვედრები, პრეზენტაციები და გამოფენები. სახლ-მუზეუმში სამაჩაბლოდან, აფხაზეთიდან და შემდეგ უკვე აგვისტოს ომის შედეგად დევნილ მოზარდებს მასპინძლობდნენ. მათთვის შეიქმნა საკვირაო სკოლა და ფსიქო-რეაბილიტაციური ცენტრი, რომელიც ომსა და მრავალ ტრაგედიაგამოვლილ მოზარდებს ფსიქოლოგიური ტრავმების გამკლავებაში ეხმარებოდა. საკვირაო სკოლა დღეს კიდევ უფრო გაფართოვდა, ბავშვებს მრავალფეროვან პროგრამებს სთავაზობენ. აქ ტურისტებიც ხშირად მოდიან. მათ შორის გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების დირექტორი ოლივერ რეგნერი, რომელიც მოსე თოიძის სახლ-მუზეუმს თბილისში ხუთ აუცილებლად სანახავ ღირშესანიშნაობას შორის ასახელებს.



მოსე თოიძე XIX-XX საუკუნეების საქართველოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა გახლდათ, კერძოდ, ახალი ქართული სახვითი ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი და განმავითარებელი, გრაფიკოსი, ფერმწერი, საქართველოს სახალხო მხატვარი, აკადემიკოსი (ასევე ყოფილი საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი და საკავშირო აკადემიის პირველი მოწვევის აკადემიის ნამდვილი წევრი), თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და რექტორი, ფერწერის ფაკულტეტის კათედრის გამგე და პროფესორი.



ის თბილისში დაიბადა და გაიზარდა. ალბათ სწორედ ამიტომაა მის შემოქმედებაში ასე მრავლად ეროვნული და ძველი თბილისის მოტივები. თავდაპირველად მოსე თოიძე სვანეთის უბანში, მამისეულ ორსართულიან, ეზოიან სახლში ცხოვრობდა. ხატვით ბავშვობიდან იყო გატაცებული. სწავლობდა პაპიდოვის კერძო სკოლაში. ერთხელ, რაღაც ცხოველს ხატავდა თურმე, ილია წინამძღვრიშვილსა და დავით ყიფიანს უნახავთ და ბავშვისთვის ნიჭი შეუქიათ.



დაწყებითი სამხატვრო განათლება მიიღო თბილისში, კავკასიის საზოგადოების ნატიფი ხელოვნების სკოლის პედაგოგ ტერ-ასატუროვთან. შემდგომში ის ილია ჭავჭავაძის უშუალო დახმარებით სასწავლებლად პეტერბურგში გაემგზავრა და 1896 წელს ჩაირიცხა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტზე, ილია რეპინის კლასში. იმავე წელს მოსე თოიძეს ილია რეპინის რეკომენდაციით პედაგოგობის უფლება მიენიჭა. 1904 წლის ჩათვლით მოსე თოიძე პეტერბურგის აკადემიაში იყო რეპინის ასისტენტი და მის კლასში პრაქტიკული მეცადინეობები მიჰყავდა. 1905 წელს დაბრუნდა თბილისში და პედაგოგიური მოღვაწეობა გააგრძელა კავკასიის საზოგადოების ნატიფი ხელოვნების სკოლაში, ასევე ასწავლიდა სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებაშიც. აღსანიშნავია მისი 1915 წელს გამართული პერსონალური გამოფენა, რომელიც საქართველოს კულტურული ცხოვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენად იქცა. ფართო საზოგადოებამ მისი 300-მდე ფერწერული ნამუშევარი იხილა, სადაც ასახულია ძველი თბილისის ხედები და თბილისელების ყოფა-ცხოვრება, ასევე საქართველოს სხვადასხვა კუთხის ბუნება და ხალხის ზნე-ჩვეულებების ამსახველი სურათები, ისტორიულ თემაზე შექმნილი ტილოები, გამოჩენილი მოღვაწეებისა და მწერლების პორტრეტები, რომელთაგან არაერთი, ქართული სახვითი ხელოვნების ოქროს ფონდშია შესული. მან პირველმა მხატვრებს შორის XIX საუკუნის 90-იან წლებში შექმნა ბევრი საზოგადო მოღვაწის, მეფეთა თუ წმინდანთა პორტრეტები. ლითოგრაფიული წესით დაბეჭდილ ამ ნამუშევრებს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ავრცელებდა და მას დიდი საგანმანათლებლო მისია ჰქონდა.



მოსე თოიძეს დიდი ღვაწლი მიუძღვის არაერთი მხატვრის განათლების საქმეში. მისი უშუალო მონაწილეობით გადაწყდა ლადო გუდიაშვილისა და დავით კაკაბაძის პარიზში გამგზავრების საკითხი. მეტიც, თურმე მან სიიდან ამოიღო თავისი შვილი ირაკლი და მის მაგივრად დავით კაკაბაძე ჩაწერა - მას უფრო სჭირდებაო.



1920 წელს მოსე თოიძემ თავისი სახსრებით თბილისში დააარსა უფასო სამხატვრო სტუდია და მოსწავლეებს მთელი საქართველოდან იწვევდა. დადიოდა ქალაქებსა და სოფლებში და აგროვებდა ხატვით გატაცებულ ახალგაზრდებს. თუ ვინმეს თბილისში საცხოვრებელს მაშინვე ვერ უშოვიდა, თავისთან ტოვებდა და მერე მათ ჭერზეც ზრუნავდა. 10 წლის განმავლობაში 1000-ზე მეტმა ახალგაზრდამ დაამთავრა მოსეს სტუდია. შემდგომ პერიოდში სამხატვრო აკადემიის სტუდენტების უმეტესი ნაწილი ყოფილი სტუდიელები იყვნენ. თავისი ფაკულტეტის სტუდენტებს თითქმის სულ ამარაგებდა სამუშაო მასალით და თან ეუბნებოდა, - ეს ჩვეულებრივი კი არა, ჯადოსნური საღებავებია, თავად დახატავენ, აბა, სინჯეთო... თავისი მოღვაწეობის პერიოდში მხატვრების არაერთი თაობა აღზარდა: უჩა ჯაფარიძე, სოლიკო ვირსალაძე, სერგო ქობულაძე, მიხეილ ჭიაურელი, ქეთევან მაღალაშვილი, ლადო გუდიაშვილი, ნათელა იანქოშვილი, ზურაბ ნიჟარაძე, თამარ აბაკელია და სხვა. მათ შორის არიან მისი შვილები ირაკლი და გოგი თოიძეები და ძმის შვილიშვილი გივი თოიძე.



მის გულუხვობასა და ქველმოქმედებაზე ლეგენდები დადიოდა და მისი აღზრდილები ამის შესახებ თავიანთ მოგონებებში ხშირად წერდნენ. ძალიან სწრაფად მუშაობდა, ბევრს ხატავდა, ნამუშევრებს დაუნანებლად ყიდდა და თანხას სამხატვრო სტუდიას ახმარდა. ბევრი „მამას“ ეძახდა. მისი რამდენიმე მოსწავლე, მხატვრის ერთ „ფანდსაც“ იხსენებს: ეტყოდა თურმე, წამომყევი სახლში, კარგი წიგნი უნდა გათხოვოო. მიიყვანდა თავისთან, შეაჩეჩებდა ხელში რაიმე წიგნს და გაუშვებდა. როცა წიგნს გადაშლიდნენ, ფული ხვდებოდათ. ეს იმდენჯერ ჰქონდა გაკეთებული, ბოლოს უკვე ყველამ იცოდა, რატომ პატიჟებდა მოსე თოიძე ახალგაზრდებს თავის ბიბლიოთეკაში.



სხვა ცნობილ მხატვრებთან ერთად, მან და მისმა შვილმა ირაკლიმ რუსთაველის თეატრში არსებულ ლიტერატურულ კაფე ,,ქიმერიონში“ ორი დარბაზის მოხატვაზეც იმუშავეს. მოსეს ორი კომპოზიცია ეძღვნება პირველი ქართული ოპერების - „თქმულება შოთა რუსთაველზე“ და „აბესალომ და ეთერის “ სპექტაკლების პრემიერას. ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში მას კიდევ რამდენიმე მიმართულებით აქვს წვლილი შეტანილი. სკოლის ასაკში სახალხო თეატრის მხატვარ-დეკორატორიც იყო და თამაშობდა კიდეც როლებს. ასევე მნიშვნელოვანია მისი მოღვაწეობა მე-2 დასის სათავადაზნაურო ჟურნალში ,,კვალი“, რომლის მთავარი რედაქტორიც გიორგი წერეთელი იყო, ხოლო პირველი, მთავარი მხატვარ-გამფორმებელი - მოსე თოიძე... სიცოცხლის ბოლომდე შემოქმედებაში წყვეტა არ ჰქონია, მის სახლში მუდამ ხალხმრავლობა იყო. მოსე თოიძე 1953 წელს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა, დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.



მოსე თოიძის სახლ-მუზეუმში მასპინძლობისა და საუბრისთვის დიდ მადლობას ვუხდით მხატვრის შთამომავალს, ბატონ დავით ამირეჯიბსა და მის მეუღლეს ქალბატონ ქეთევან ბენდელიანს.


ანა კალანდაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები