სახლი თელავში, რომელიც დიდი ისტორიითა და დიდი ადამიანებით ამაყობს

არსებობს სახლები, რომლებშიც, როგორც კი შეაბიჯებ, მაშინვე გრძნობ რაღაც უცნაურს, დიდებულსა და განსაკუთრებულს, თან შინაურს და თან უცხოს. ეს სახლიც ერთ-ერთი მათგანია - თელავის ერთ ჩვეულებრივ ქუჩაზე სხვებისგან არაფრით გამორჩეული დგას, მაგრამ გადააბიჯებ თუ არა ზღურბლს, სულ სხვა დროსა და სივრცეში ხვდები - უკან იტოვებ 21-ე საუკუნის ქაოსს, ხმაურს, ცივილიზაციას და შენ წინ იშლება დიდებული მოგონებებით, ისტორიული მოვლენებითა და საოცარი ადამიანებით მდიდარი წარსული. ეს ვახვახიშვილების სახლია, რომელიც 1800-იანი წლებიდან არსებობს და უკვე ორ საუკუნეზე მეტია, ამაყობს თავისი ბინადრებითა და განსაკუთრებული
სტუმრებით.

მასპინძელიც განსაკუთრებულია - ვახვახიშვილების შთამომავალი, ცნობილი რეჟისორი კოტე მირიანაშვილი, რომელიც ძალ-ღონეს არ იშურებს, ამ სახლს სიცოცხლე შეუნარჩუნოს, მისი ისტორია შთამომავლებს გადასცეს და უფრო მეტიც - სურს, სახლს სათანადო რეაბილიტაცია ჩაუტარდეს და თელავს კიდევ ერთი საინტერესო სივრცე აჩუქოს იქ მოწყობილი ერთგვარი კულტურული სალონის სახით... თუმცა ეს უკვე მომავალია, ჩვენ კი ისევ წარსულში დავბრუნდეთ და ისტორიაში ვიმოგზაუროთ...



ვახვახიშვილები

ცოტა რამ ვახვახიშვილებზე, რომელთა ერთი შტოც - რევაზიანთი, ამ სახლში დაფუძნდა.

ვახვახიშვილებს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი ეკავათ ძირძველ ქართულ ფეოდალურ საგვარეულოთა შორის. ეს გვარი სათავეს მესხეთიდან იღებს. მოგვიანებით ცენტრალურ ხელისუფლებაში თანამდებობა მოიპოვეს და გადმოვიდნენ აღმოსავლეთ საქართველოში. აქ თავი გამოიჩინეს სახელმწიფო და სამხედრო სარბიელზე. სამეფო კარზე ეპყრათ მდივანბეგის, ეშიკაღასბაშის, ბაზიერთუხუცესისა და სხვა გავლენიანი თანამდებობები.

ვახუშტი ბაგრატიონმა თავის ნაშრომში ვახვახიშვილთა გვარი კახეთის თავადთა შორის მეშვიდე ადგილზე მოიხსენია. იოანე ბაგრატიონი თავის გენეალოგიურ ნაშრომში მოგვითხრობს, რომ XIII საუკუნის მიწურულს ვახვახიშვილები იყვნენ „სამცხის თავადნი ვახვახად წოდებულნი“, რომლებიც დამკვიდრდნენ თელავში და „იწოდებიან ვახვახის შვილად თავადად, აგრეთვე ბაზიერთ-ხუცის შვილებადცა, ხოლო სახლის კაცნი ამათნი იწოდებიან ყორჩიბაშის შვილებად და კახის შვილებად. თავად ვახვახიშვილთა საგვარეულოს წარმომადგენლები ხშირად იხსენიებიან შუა საუკუნეების ქართულ საისტორიო საბუთებში.



თელავში ვახვახიშვილებს ისტორიული ციხეც ეკუთვნოდათ, რომელიც 1743 წელს ზაალ ვახვახიშვილს აუგია. შემორჩენილია ციხის კუთხის ბურჯები და კედლის ნაწილი. ამ უძველეს ქალაქში ვახვახიშვილებს წლების განმავლობაში წამყვანი პოზიციები ეკავათ და წინამძღოლობდნენ ქალაქს.

ჩვენი მასპინძლის, ბატონი კოტეს პაპის პაპა, თავადი რევაზ ვახვახიშვილი თელავის და კახეთის თავადაზნაურთა წინამძღოლი, ე.წ. მარშალი იყო. სწორედ მისი აშენებულია ეს სახლი 1800-იან წლებში, სადაც ის ოჯახით დაბინავდა და აქედან დაიწყო სახლის დიდი ისტორია...



- სავარაუდოდ, იმ წლებში ეს სახლი ასეთივე იყო. ერთსართულიანი, ძალიან მოსახერხებელი და კარგად გადანაწილებული სივრცეებით, - გვიამბობს ბატონი კოტე, - სახლის გეგმარება სრულიად შენარჩუნებული გვაქვს, არაფერი შეგვიცვლია. რასაც ხედავთ, სულ ხე და აგურია. სარეაბილიტაციო პროექტისთვის კონსტრუქტორი გვყავდა მოყვანილი ახლახან და ისიც გაოცდა ნაგებობის სიმყარითა და მშენებელთა სიმარჯვით. ჭერის თბოიზოლაცია თიხით და ხით იმგვარადაა შესრულებული, რომ ზამთარში ძალიან თბილია, ზაფხულში - გრილი. კარ-ფანჯრები ხისაა, თანაც ფანჯრები ორმაგია, როგორც თანამედროვე მინა-პაკეტი, ორგან კედლის ღუმელია ჩაშენებული, რომელიც მთელ სახლს ათბობს ზამთრობით.

სახლს ორი შემოსასვლელი ჰქონდა იმთავითვე. აივნიდან შემოდიხარ პირდაპირ სასტუმრო ოთახში, რომელიც ერთგვარი დარბაზია. აივანი კი მისი ერთგვარი საზაფხულო დამატებითი სივრცეა. ამ ოთახს ყოველთვის მთავარი ფუნქცია ეკისრებოდა - აქ იკრიბებოდა მთელი ოჯახი და აქ მასპინძლობდნენ სტუმრებს.



სადარბაზოდან საქმიან ნაწილში ხვდებოდი - იქ ყოველთვის იყო სამუშაო კაბინეტი. დანარჩენ ოთახებში მოწყობილი იყო საძინებლები, სამზარეულო, სასადილო. სახლში არ იყო საპირფარეშო, რადგან მაშინ თავადებს პირის ფარეშები ემსახურებოდნენ. ჩემს არქივში ინახება სარემონტო სამუშაოების დაწვრილებითი ხარჯთაღრიცხვა, რომლის მიხედვითაც შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ მეოცე საუკუნის დასაწყისში აივანი ღია ტერასით შეუცვლიათ, აგრეთვე გაუმართავთ სააბაზანო ოთახი. ვატერკლოზეტი (უნიტაზი) და შეშის გამათბობელიანი აბაზანა კი გამოუწერიათ.

ეზო, რასაც ახლა ხედავთ, რა თქმა უნდა, ასეთი მცირე არ გახლდათ. ფასადის წინ, თითქმის ერთ ჰექტარზე,



იშვიათი ხეხილის ბაღი იყო. მეც კი მოვესწარი განსაკუთრებული ჯიშის მოტკბო-მომჟავო უზარმაზარ თუთას (მთელი უბნის ბებიები ანგინის წამლად რომ ხმარობდნენ მის ნაყენსა და მურაბას), ორნაირად დამყნობილი ნუში თეთრად და ვარდისფრად ყვაოდა, სახლთან ახლოს კი დეკორატიული ხეები იდგა: სადარბაზოსთან ტუიების ხეივანს მოჰყავდით, მოშორებით კი მაგნოლია ყვაოდა. მისი სურნელი ჩემში ბავშვობის ასოციაციას იწვევს ახლაც.

ამ ოჯახის მკვიდრნი ლიბერალური მსოფლმხედველობით გამოირჩეოდნენ. ამ მიზეზით აქ რუსის ჟანდარმერიას ჩხრეკაც ჩაუტარებია - აკრძალულ ლიტერატურას ეძებდნენ და მხოლოდ პარიზიდან ჩამოტანილი საფერფლე წაუღიათ, რომელზეც ფრანგი სოციალისტების გაზეთის, „ლ’იუმანიტეს“ სათაური იყო დაბეჭდილი. იმ დროისათვის ახლად თარგმნილი და პოპულარული მარქსის „კაპიტალი“ კი ვერ ნახეს - მოსამსახურეების სადგომში ინახებოდა. ოჯახის თითქმის ყველა წევრი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აქტივისტი იყო და ზრუნავდნენ თელავში საგანმანათლებლო სისტემის ევროპულ ყაიდაზე დამკვიდრებისთვის. გლეხობისთვის საქართველოში ერთ-ერთი პირველი სასოფლო-სამეურნეო კოოპერაცია დააფუძნეს და ასწავლიდნენ გლეხებს ვენახის მოვლის თანამედროვე მეთოდებს. ამიტომაც უყვარდათ ეს ოჯახი და ალბათ ამანაც განაპირობა, რომ გასაბჭოების შემდეგ მათ რეპრესიები ნაკლებად შეეხოთ. გადაასახლეს მხოლოდ ლევან ვახვახიშვილი, რომელიც მენშევიკების დროს თელავის ქალაქის თავი - ერობის თავმჯდომარე იყო.

სახლში ვიღაცები კი შემოასახლეს და წლების განმავლობაში თავადი ვახვახიშვილები აი, ამ დარბაზში ცხოვრობდნენ, რომელიც კარადებით, გარდერობებით, ფარდებით და თეჯირებით იყო ოთახებად დატიხრული... მოგვიანებით დედამ და მამამ მოახერხეს და ე.წ. მდგმურები აქედან გაიყვანეს. დაიბრუნეს სახლი და ძველებური ინტერიერიც აღადგინეს.



მიხაკო წერეთელი

თავად ვახვახიშვილების გარდა, ამ სახლს კიდევ რამდენიმე საინტერესო და დიდებული ადამიანის სახელი უკავშირდება. ერთ-ერთი გახლავთ ცნობილი ისტორიკოსი, მეცნიერი, პოლიტიკოსი, პუბლიცისტი, ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენელი მიხაკო წერეთელი. მას ცოლად ჰყავდა თავად რევაზ ვახვახიშვილის ქალიშვილი მარიამი, რომელიც გათხოვების შემდეგ წერეთლის გვარს ატარებდა და ცნობილია, როგორც მეუღლის დიდი მეგობარი და თანამოაზრე.

- მარიამი მეუღლესთან ერთად ხშირად სტუმრობდა ამ სახლს. აქ არის მათი ნაქონი საწოლი, გარდერობი, საწერი მაგიდა, რბილი ავეჯი და სხვა ნივთები - გვიამბობს ბატონი კოტე, - ძალიან მინდა, მარო პაპიდას ოთახი, მემორიალურად ვაქციო და მიხაკო წერეთლის სახელობის იყოს. ჩამოთვლილი ნივთები მიხაკო და მარო წერეთლებს ეკუთვნოდათ თბილისში, იქიდანაა ჩამოტანილი პაპიდა მაროს გარდაცვალების შემდეგ.



გოგონა ვახვახიშვილის ოჯახი

გოგონა ვახვახიშვილი ჩვენი მასპინძლის - ბატონი კოტეს დედა გახლდათ. გოგონას ძმა 1948 წელს გარდაიცვალა და ვახვახიშვილებში რევაზიანთა შტოც გოგონას გარდაცვალების შემდეგ დასრულდა.

გოგონას დაბადებისას ვახვახიშვილები ორ სახლში ცხოვრობდნენ - თელავს ძირითადად ზაფხულობით სტუმრობდნენ, მეტ დროს თბილისში, კოტე მესხის ქუჩაზე არსებულ სახლში ატარებდნენ, იქ დაიბადა გოგონაც.

კოტე მირიანაშვილი:

- მეორე მსოფლიო ომის დროს კი თელავის სახლი ნამდვილი თავშესაფარი იყო: აქვე იყო ტყე შეშისთვის, მაშინ ჯერ კიდევ სამჯერ დიდი იყო ეზო და ბებიას სიმინდი მოჰყავდა თურმე, ბოსტანიც ჰქონდა, სამოქალაქო ომის დროს მეც აქეთ გამოვარიდე ოჯახი და თავადაც კარგი ბოსტანი მქონდა...

დედაჩემი განსაკუთრებული ქალი იყო - მხიარული, კონტაქტური, არტისტული და ძალიან ლამაზი. გარშემო ყველას უყვარდა და სასურველ საპატარძლოდაც ითვლებოდა. მიუხედავად დემოკრატიულ-ლიბერალური აზროვნებისა, ოჯახს მაინც თავადიშვილი სურდა სიძედ, მაგრამ, მოგეხსენებათ, ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გინდა.



გოგონას ცხოვრებაში გამოჩნდა თელავში იმხანად სამსახურებრივად მივლინებული სამხედრო ექიმი, ბიძინა მირიანაშვილი. სრულიად არა თავადი. კარგი შესახედი, ნაფრონტალი, ევროპულად გამოწკეპილი (ერთი წელი ავსტრიაში, საბჭოთა საოკუპაციო ჯარში მსახურობდა) ახალგაზრდა ოფიცერი იყო. ახალგაზრდებმა სულ რაღაც ორ კვირაში გადაწყვიტეს დაქორწინება. გოგონამ ოჯახსაც წარუდგინა რჩეული და ძმამ, რომელიც საკმაოდ მკაცრი გახლდათ, ურჩია წყვილს, ცოტა მოეცადათ. მით უმეტეს, რომ სასიძოს პოლკს ერთი წლით ციმბირში გზავნიდნენ და, რა თქმა უნდა, გოგონას ოჯახს არანაირი სურვილი არ ჰქონდა, ერთადერთი ქალიშვილი იმ გადასაკარგავში გაეშვა...

თუმცა ნამდვილ სიყვარულს წინ რა დაუდგება, ჰოდა, გოგონა მეორე დღესვე გაიპარა და გულისსწორს გაჰყვა ციმბირში... ციმბირის ტაიგაში ჩაკარგულ საავიაციო პოლკში რამდენიმე თვე იცხოვრეს, სამშობლოში დაბრუნებულები კი თბილისსა და თელავში - ორ სახლში ცხოვრების ტრადიციას აგრძელებდნენ. ასე გავიზარდეთ ჩვენც, მე და ჩემი და. დროის დიდ ნაწილს ვატარებდით აქ, თელავის სახლში, რომელიც ორივეს უზომოდ გვიყვარს. მამაჩემის, ბიძინა მირიანაშვილის დიდი დამსახურებაა, რომ ეს სახლი გადარჩა. მამას ჰქონდა იმის შეძლება, რომ უფრო თანამედროვე და გარკვეულად უფრო კომფორტული გაეხადა სახლი, მან კი შეინარჩუნა ის, რაც დახვდა, შეძლებისდაგვარად აღადგინა ძველებური და ოჯახი თავად მოერგო შენობას.



სერგო ფარაჯანოვი

კოტე მირიანაშვილი:
- იმ რამდენიმე ადამიანს შორის, რომლებსაც ამ სახლზე კვალი დაუტოვებიათ, გოგონა ვახვახიშვილის ძუძუმტე და დიდი მეგობარი სერგო ფარაჯანოვიც გახლდათ. ამ სახლის ინტერიერის შექმნაში, იმ ნივთების შერჩევა-შეძენაში, რომლებიც ჩემმა დედ-მამამ შემოამატა ბინას, ფარაჯანოვი აქტიურად მონაწილეობდა, არა მხოლოდ რჩევების სახით, არამედ მატერიალურადაც. კინემატოგრაფიულ ნიჭთან ერთად, ის ხომ საუკეთესო მხატვარი და ინტერიერის დიზაინერიც იყო. ძალიან უყვარდა საჩუქრების გაკეთება და დედას ხშირად ჩუქნიდა დეკორის ნივთებს... როდესაც თეატრალურ ინსტიტუტში ვაბარებდი და მას აზრი ვკითხე, ასეთი პატარა გამოცდა მომიწყო: მიმითითა ადგილი ვორონცოვზე, სადაც უნდა წავსულიყავი და სახლისთვის ხუთი ნივთი მეყიდა. ალბათ, ამით სურდა გამოეცადა ჩემი გემოვნება, რასაც ფარაჯანოვი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. ფარდა, რომელიც დასავლეთ ფლიგელისკენ გამავალ კარზე კიდია, ერთ-ერთია იმ ხუთ ნივთს შორის, რომლებიც მაშინ ვიყიდე და ეს ფარდა ძალიან მოუხდა ინტერიერს. ფარაჯანოვმაც დადებითად შეაფასა ჩემი გადაწყვეტილება და გზა დამილოცა თეატრალური ინსტიტუტისკენ.

მომავალი


რაც შეეხება სახლის მომავალს, ბატონ კოტეს დიდი იმედი აქვს, რომ სახლი კვლავ ღირსეულად განაგრძობს ცხოვრებას და ამისთვის ის საკმაოდ ბევრს შრომობს:

- ეს სახლი ანდამატივით იზიდავს ადამიანებს და როდესაც აქ ვინმეს ვმასპინძლობ, ისეთი განცდა მაქვს, თითქოს სახლის კედლებს, მის წინაპრებს ესმით და მათაც უხარიათ სტუმრები. ძალიან მინდა, აქაურობას რესტავრირება გაუკეთდეს და ერთგვარ სალონად იქცეს. ადამიანები მოვლენ, შეიგრძნობენ მე-19 საუკუნის სულს, არა მხოლოდ შეხედავენ აქ გამოფენილ უძველეს ავეჯს, რომლის დიდი ნაწილი ასევე მე-19 საუკუნეში სხვადასხვა ქვეყანაშია შექმნილი, არამედ დასხდებიან, შეეხებიან ძველ ნივთებს, გადაინაცვლებენ იმ ეპოქაში და იმოგზაურებენ ამ სახლის ბინადართა წარსულში. სარეაბილიტაციო პროექტი, რომელიც თითქმის დასრულებულია, სწორედ ასეთი მიდგომითაა შესრულებული და მაქსიმალურად იცავს შენობის ავთენტურობას. ეს იქნება კიდევ ერთი პატარა კულტურულ-ეთნოგრაფიული კერა თელავში, რომელიც ბევრ ადამიანს მოიზიდავს.

ლელა ზურებიანი

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები