ნებისმიერი სახლი ისტორიაა და მასში მცხოვრებ ადამიანებზე მოგვითხრობს... სახლი, რომელიც ცოტა ხნის წინ მოვინახულე, მშვენიერ, აქტიურ, საქმიან ქალბატონს, "პალიტრა მედიის" კრეატიულ დირექტორ მარიკა დარჩიას ეკუთვნის...
ინტერიერი ისეთია, როგორიც თავად მარიკა, - თვალს რომ სიამოვნებს, რომ შეგიტყუებს, გაგაოცებს და კრეატიულობით გაგაბრუებს... იქ ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა მინიატიურული სახლების კოლექციაა. ეს ქალბატონი დიდი ხანია ამ სახლების შეგროვებითაა გატაცებული და უკვე სერიოზული კოლექციის პატრონია. კოლექციაში კი მთელი მსოფლიოს სახლებია თავმოყრილი...
ამ ნივთებს ჩემი მასპინძლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მისთვის სპეციალური თაროებიც კი შეუკვეთავს და შინ რამდენიმე
"ამ სახლების "შეგროვება" ალბათ მანამდე დაიწყო, ვიდრე პირველი მინიატიურული ნამუშევარი ჩემამდე მოვიდოდა... საერთოდ, ძალიან მიყვარს ქალაქი და იქ არსებული საცხოვრებელი შენობები. პატარაობიდან მახსოვს, თბილისში სახლებს გულდასმით ვაკვირდებოდი, ვფიქრობდი, ნეტავ, ვინ უნდა ცხოვრობდეს იქ-მეთქი? თუ ძალიან ძველი იყო, წინა საუკუნის, იმით მაინტერესებდა - ვინ და როდის ააშენა და ვისი შეკვეთით. რატომ მოუნდათ, რომ ასეთი ყოფილიყო?" - ამბობს ჩემი მასპინძელი და განაგრძობს: "1993 წელს შოტლანდიაში, კოლეგებთან ერთად, დიდხანს საერთო პროექტებზე ვმუშაობდი. ერთხელაც, ქუჩაში პირველად რომ გავედი სასეირნოდ, სულ პაწაწუნა სახლი დავინახე. რა მომივიდა, არ იცით? ერთი ბეწო ციცქნა სახლმა ისე მომაჯადოვა, რომ იმ წუთას მასპინძელ ქალბატონს ვკითხე, - ეს რა არის-მეთქი? - ასეთი რამ ჩვენთან ბევრია. პირველად ნახეთო?
პირველად ვნახე და პირველივე ნახვით შემიყვარდა... იმის მერე უკვე ყველა ქვეყანაში ყურადღებას იქცევდა და მაოცებდა ეს ულამაზესი მინიატიურები".
მას ნაკლებად აინტერესებს ცნობილი შენობები, ამა თუ იმ ქვეყნის სიმბოლოებად რომ არის აღიარებული. საცხოვრებელი სახლები უფრო იზიდავს, თუმცა აქვს ძალიან ცნობილი ნაგებობების მინიატიურული ვარიანტებიც...
"ჩემს კოლექციაში მართლა ძალიან ლამაზი ნამუშევრებია, თითოეულზე თითქმის ყველაფერი ისევეა დატანილი თავისი ბაღებით, აივნებით, ქონგურებითა თუ სათოფეებით, როგორც ორიგინალში. საოცრად ფაქიზი ნამუშევრებია. სხვათა შორის, არ ღირს იაფი. როდესაც ამის შეგროვება დავიწყე, ყველას ვეუბნებოდი, თუ სადმე წახვალთ და თუ ძვირი არ ეღირება, იქნებ პატარა სახლი ჩამომიტანოთ-მეთქი. ჰოდა, ჩემი კოლექცია თანდათან გაფართოვდა. მეც, სადაც ჩასვლა მიწევდა, ყველგან ვყიდულობდი, მიუხედავად იმისა, იმ ქვეყნის სახლი უკვე მქონდა თუ არა. კოლექციისთვის თითოეული მნიშვნელოვანია... ისე, ამ საქმეში მერაბის დიდი წვლილიც არის, მარტო ამდენს ვერ შევძლებდი და ამას გაძლებაც უნდა. ამას წინათ ჩემმა კლასელმა დამირეკა და მითხრა, "მიუნხენში ვიყავი და სახლი გიყიდეო", - გვეუბნება ქალბატონი მარიკა.
რატომღაც ისე მოხდა, რომ მის კოლექციაში მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა არ არის წარმოდგენილი. ავსტრალიიდან რომ აქვს სახლი, ამით ძალიან ამაყობს. როდესაც უცხოეთში მიემგზავრება, უნდა, მსგავსი საჩუქარი საქართველოდანაც წაიღოს, მაგრამ წუხს, რომ აქ სასუვენირე ინდუსტრია ძალიან ღარიბია: "არის ეკლესიები, თასები, ქვევრები, ყანწები, ხანჯლები, - გასაგებია, რომ ღვინის ქვეყანა ვართ და ამ სუვენირებით სწორედ იმაზე ხდება ხაზგასმა, რომ ქვევრი დიდი კულტურის ნაწილია და იუნესკომაც აღიარა, მაგრამ წარმოიდგინეთ, რა ლამაზი იქნებოდა, ჩვენი სახლები სუვენირებად რომ იყოს ქცეული - პატარა აივნებიანი, ან ისტორიული, ევროპული შენობები, რომლებიც თბილისში საკმაოდ არის. მჯერა, რომ ეს არ არის ადვილი გასაკეთებელი, ამას ყალიბი უნდა, მერე დაფერვა, ტექნოლოგიურად რთულია, ფილიგრანული შრომაა, მაგრამ მერწმუნეთ, ამისგან საკმაოდ კარგი ინდუსტრია აგორდებოდა. ტურიზმისთვის აუცილებელი ნაწილიც არის", -
ამბობს მარიკა დარჩია და დეტალურად გვათვალიერებინებს კოლექციას, თითოეულ სახლს ხელში იღებს და მის ისტორიას გვიამბობს.
- ამ კოლექციას თავისებური მოვლაც სჭირდება. მინიატიურული ნამუშევრებია და ხშირად სჭირდებათ მტვრის მოცილება...
- კი, მათი მოვლა მართლაც ძნელია. მაქვს სპეციალური ფუნჯი და იმით ვასუფთავებ. ვფიქრობ, ადგილსამყოფელი შევუცვალო. შევცდი, რომ ღია თაროები გავუკთე... ამათ დალაგებას რომ ვიწყებ, შეიძლება ერთი საათი ისე წამართვას, ვერც კი გავიგო, რადგანაც ფიქრებში მივდივარ, ყოველი მათგანი რაღაცას მაგონებს, უცებ აღმოვაჩენ ხოლმე, რომ სადღაც ხეც ყოფილა, სადღაც - ყავილი, ანუ თითოეულის ხელახლა შეცნობა ხდება. თანაც იმის გამო, რომ შეუმინავ თაროებზეა განლაგებული, ზოგიერთი ცოტა დაზიანდა კიდეც, რაღაც ნაწილები ჩამოტყდა.
- სახლი გიყვართ, სახლებს აგროვებთ, მაგრამ სახლში ყოფნა, თქვენი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, ნაკლებად გიწევთ... ამაზე რას მეტყვით?
- როგორი ჩამჭრელი კითხვაა... ალბათ სწორედ ამიტომ გადაიტვირთა ჩემი სახლიც... ეს ნივთები თითქოს მასთან საჩუქრად მომაქვს და ყოველ კუთხეს მაქსიმალურად ვტვირთავ, რომ მარტო არ იყოს და თუნდაც კედელმა, სიცარიელე და უჩემობა არ იგრძნოს. ჩემი ასეთი საქციელი თითქოს საკუთარი კომპლექსია, რომ სახლის წინაშე თავს დამნაშავედ ვგრძნობ...
როგორც გითხარით, ამ ქალბატონის სახლი თავად მას ჰგავს-მეთქი და ეს მართლაც ასეა. იქ მისი ხელით შექმნილ უამრავ ნივთს ნახავთ, მაგალითად, მაგიდის გადასაფარებლებს, რომლებიც მართლაც ორიგინალური და ექსკლუზიურია. მსგავსი რამ არსად, არასდროს შემხვედრია, - მამაკაცის ჰალსტუხებისგან შექმნილი მაგიდის საოცარი გადასაფარებლები. მოკლედ, ხელმარჯვე დიასახლისია, რომლისთვისაც არა მარტო კულინარობა, ქარგვა და კერვაც ჩვეულებრივი რამ არის, რადგანაც მიაჩნია, რომ ქალი ნებისმიერ შემთხვევაში ჩვეულებრივი დიასახლისი უნდა იყოს.
"დიახ, სადილიც უნდა მოამზადო და ნუგბარიც. საერთოდ, თუ გემრიელი ადამიანი ხარ, ამ საქმეშიც გემრიელი უნდა იყო. სამსახურიდან რომ მოვდივარ, არ მიყვარს წამოწოლა, არ არის ეს ჩემს ხასიათში, არც სავარძელში ჯდომა მსიამოვნებს, ვერასდროს დავამზადებ სადილს დამჯდარი, შინ ფუსფუსი მიყვარს. ხელებს საქმით როცა აკავებ, მაშინ ტვინს ათავისუფლებ. გონიერი ბებია მყავდა, ქარგვას და კერვას მასწავლიდა, მე კი სულ ვეჯუჯღუნებოდი, - რად მინდა, რაში უნდა გამომადგეს-მეთქი? ერთხელაც, ძალიან სერიოზულად მითხრა (მოხდენილი და ლამაზი ქალი იყო), 24 წლის ვიყავი, ბაბუაშენი რომ გადაასახლეს (14 წელი გადასახლებაში იყო), 3 შვილი მყავდა და ტვინმა კი არა, ხელმა გადამარჩინაო... ჰალსტუხებისგან გადასაფარებელს რომ ვკერავდი, დიდ საქმეში ვიყავი, გაშლილი მქონდა ამდენი სხვადასხვანაირი, საოცარი აბრეშუმის ქსოვილი, ჯერ შავად ვკინძავდი, მერე ვკერავდი. შრომატევადი საქმეა, დიდი დროც მიჰქონდა.
მერე ჩემ გარშემო ბევრმა გაიგო ეს ამბავი და ჩემი სახლი ნაირ-ნაირი ჰალსტუხით აივსო. მრგვალი მაგიდისთვისაც შევკერე გადასაფარებელი და ჩემს მძახლებს ვაჩუქე. ძალიან ლამაზი გამოვიდა, შარფიც... გახსნილი მქონდა საკერავი მანქანა და ყველგან ჰალსტუხები იყო გაშლილ-გადაკიდებული", - ამბობს მარიკა და საუბარს აგრძელებს იმაზე, თუ რომელი ადგილი უყვარს სახლში, რომელიც ზოგადად დიდ სიამოვნებას ანიჭებს.
- ოთახი, სადაც ჩემი პატარა სახლებია განლაგებული, "ჩემი" ოთახია. იქ მაქვს აქსესუარებიც და ყველაფერი იქ არის. თუმცა ეს სამზარეულოც ჩემი ოთახია იმიტომ, რომ აქაც დიდ დროს ვატარებ და ჩემი მინიატიურები აქაც მაქვს თაროებზე მოთავსებული.
ცხოვრებაში ბევრ რამეს მიაღწია, თუმცა ერთი ოცნება ვერ აისრულა - პატარა საკუთარი სახლი უნდოდა ჰქონოდა, სადაც პატარა ბაღიც ექნებოდა, ბოსტანიც და ორივეს თვითონ მოუვლიდა.
- ამბობთ, რომ ყველა სახლი რაღაცაზე მოგვითხრობსო. რაზე მოგვითხრობს თქვენი სახლი?
- სადაც კი მიცხოვრია, ყველა სახლი მიყვარდა. ვერაზე ვიზრდებოდი, სულ მინდოდა, რომ ბაღის სიახლოვეს მეცხოვრა. მერე როდესაც ამ სახლში, სადაც ახლა ვცხოვრობ, ჩემი უამრავი მეგობარი გადმოვიდა, თან, რომ გავიგე, ვერის პარკთან ძალიან ახლოს იყო, მეც მომინდა. აქაურობამ მომხიბლა და დავსახლდი. ახლა ძალიან ვგულშემატკივრობ ამ ბაღს. ისეთი უბნისთვის, როგორიც ვერაა, ასეთი მწვანე კუნძული მისწრებაა. ჯერ ერთი, რომ ძველია, მერე ბოტანიკოსებს აღვაწერინე პარკში არსებული მწვანე ნარგავები და გაოცდნენ, უნიკალური და იშვიათი ნერგებია.
ბაბუა ხშირად სტუმრობდა მეგობარს ზემო ვერაზე, მეც მივყავდი ხოლმე, გზად ვერის სასაფლაოს ფეხით ვჭრიდით. მხოლოდ რამდენიმე ხნის მერე მივხვდი, რომ სასაფლაოს გავლა გვიწევდა (არადა, სასაფლაო იმ დროისთვის უკვე დახურული იყო) და ბაბუას შიშით ვკითხე, - ეს ხომ სასაფლაოა-მეთქი? ნუ გეშინია, ბაბუ, შენ რომ გაიზრდები, ეს სასაფლაო ბაღი იქნება, ისევე, როგორც ვერის ბაღი, ისიც ერთ დროს სასაფლაო იყოო.
მერე ძალიან დიდხანს, სკოლის პერიოდში ველოდებოდი, რომ იქ ბაღი გაჩნდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. იქ ისევ სასაფლაო დაბრუნდა...
მოკლედ, ეს ადგილი, სადაც ახლა ვცხოვრობ, ძალიან მეძვირფასება და ამ სახლში ცხოვრება საერთოდ სიმწვანის და ვერის ბაღის განსაკუთრებულ სიყვარულსაც უკავშირდება...
ლალი ფაცია