ზამთარი ყველაზე მეტადაა დახუნძლული სამხიარულო სუფრებით - ქართველები ორჯერ ახალ წელს ვზეიმობთ, კიდევ - შობის დღესასწაულს, ამას ემატება ბევრი სხვა მიზეზიც, თუნდაც სიცივე, რომელიც სრულიად საკმარისია სუფრის გასაშლელად და "ჩასასხდომად". აბა, ის ქართული სუფრა რა სუფრაა, თუ მას კარგი თამადა არ ჰყავს. ალბათ ყველა თქვენგანის საახლობლოშიც მოიძებნება ერთი-ორი კარგი თამადა, თავადაც შეგიფასებიათ მისი "თამადობა", და იმედია, ჩვენს მკითხველებს შორისაც ბევრია სუფრის კარგი წინამძღოლი. ერთი ასეთი აღიარებული და ცნობილი თამადა ჩვენც ვიპოვეთ - ისტორიკოსი, წიგნების ავტორი, მასწავლებელი და თანაც მსახიობი ნუგზარ
როგორც ენციკლოპედიურ წყაროებში ვკითხულობთ, თამადა ქართული პურობის, სუფრის გამძღოლია. ჩვეულებრივ, მასპინძელი ან თანამეინახენი თამადად ირჩევენ ჭარმაგ, პატივსაცემ მამაკაცს, რომელიც სუფრის თადარიგის მცოდნედ და მჭევრმეტყველად ითვლება. სუფრის დანიშნულების (ქორწილი, ძეობა, დღეობა, ქელეხი და სხვა) მიხედვით, თამადას ევალება ტრადიციული სადღეგრძელოების წარმოთქმა, სმის წესების, სუფრის წესრიგის, ცეკვა-სიმღერისა და ლხინის მთელი მსვლელობის რეგულირება. ეთნოგრაფიული მონაცემებით, ძველად ოჯახებში თამადობას ბავშვობიდანვე აჩვევდნენ. საქართველოს მთიანეთის საკულტო დღეობა-წვეულებებზე თამადას არ ირჩევდნენ - მის მოვალეობას ხევისბერი ან გვარ-ხატის რომელიმე მსახური ასრულებდა, საოჯახო სარიტუალო პურობას კი ოჯახის უფროსი მამაკაცი უძღვებოდა. ზემო სვანეთში "თამადა", "თამათა" ერქვა თიბვის მესვეურს, წინამძღოლს, რომელიც მუშაობისას სიმღერას იწყებდა. "თამადის" ნაცვლად ზოგჯერ თურქულიდან შემოსულ სიტყვას "ტოლუმბაშსაც" (თურქ. ტოპლუმ ბა – თავყრილობის/შეკრების უფროსი/თავი/მეთაური) ხმარობენ. ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანის ცნობით, "ტოლუმბაში" "ამხანაგების თავს" ნიშნავს.
თამადა სასურველია იყოს იმ საზოგადოებაში პატივცემული, განათლებული, ენაწყლიანი, მომთმენი. უნდა იცნობდეს ოჯახს, შეკრებილ საზოგადოებას, ქართული სუფრის ტრადიციებს. თამადის ძირითადი მოვალეობა ლხინის მსვლელობის ორგანიზებაა. ამისათვის მისი მთავარი ინსტრუმენტი არის სადღეგრძელო, მისი შინაარსი, სადღეგრძელოთა რიგი და მათი მონაცვლეობის ტემპი. სადღეგრძელო, თავისი შინაარსით, არის ლოცვის ვარიანტი. სასურველია, თამადის სიტყვა არ სცილდებოდეს სწრაფი აღქმის ზღვარს (სავარაუდოდ 3-4 წუთი). თამადა ვალდებულია ახსოვდეს, რომ ხალხი ლხინში გასართობად მოდის. გართობის ყველაზე მიმზიდველი ფორმა ურთიერთობაა, თამადა კი ამის ხელშემწყობია (ყველას მოგეხსენებათ, რა შემაწუხებელია გაუთავებელი "მომისმინეთ, მომისმინეთ").
სადღეგრძელოთა რიგი განსაზღვრულია. მასში შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე ჯგუფი, რიგითობის მიხედვით. პირველი სადღეგრძელო ღმერთის სამადლობელია. პირველ ჯგუფს განეკუთვნება სადღეგრძელოები ლხინის მიზეზის გარშემო (იუბილარის, მექორწილეების, მათი ოჯახის წევრებისა და ნათესავების და სხვ.); მეორე ჯგუფში აუცილებელი სადღეგრძელოები შედის(წასულების, სამშობლოს, პერსონალურად დამსწრე საზოგადოების ან გარკვეული ჯგუფების მიხედვით და სხვ.); მესამე ჯგუფი თავისუფალ სადღეგრძელოებს მოიცავს.
სუფრის ხელმძღვანელი შეიძლება ბევრი იყოს, მაგრამ ნამდვილი თამადა (თავისი ხელოვნების ჭეშმარიტი მცოდნე) იშვიათია.
"უკვე ჩათავდა სოფლად რთველი და ყურძნის კრეფა,
აზვავებული შემოდგომა ბეღლებს ჩაბარდა.
სტუმრებისათვის ლავაშებით დახურეს სეფა
და ჭავჭავაძე გულბაათი დასვეს თამადად.
დასვეს თამადად გოლიათი მსმელი კახელთა,
დასვეს და დაჯდა, დაიმშვენა, სუფრას გახედა..."
ეს სტრიქონები ლადო ასათიანმა ლეგენდარულ ქართველ მსმელსა და თამადას, გულბაათ ჭავჭავაძეს მიუძღვნა... ის ევროპაში პირველი ცნობილი თამადა იყო, რომელიც სუფრაზე 30 ლიტრ ღვინოს სვამდა...
გულბაათ ჭავჭავაძე 1796 წელს დაიბადა. 16 წლის დარჩენილა ობლად. ჰყავდა ორი ძმა და ერთი და. მთელი ცხოვრება გაატარა წინანდალში. ამუშავებდა მიწას, აშენებდა ბაღებს, უვლიდა ვენახს და აყენებდა ღვინოს. მისი ღვინო ნაქები იყო, თვითონ კი - ცნობილი, როგორც პირველი ტოლუმბაში, სუფრის გამგებელი კახეთში. მე-19 საუკუნის საქართველოში გულბაათ ჭავჭავაძე აღიარებული იყო უპირველეს თამადად და ღვინის მსმელ ვაჟკაცად. ყველა თანამესუფრეს ათრობდა. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო მისი თამადობა რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე II-ის თბილისში სტუმრობის დროს, 1850 წელს. ის წინანდლიდან საგანგებოდ მიიწვიეს. იმპერატორი ქეიფის დამთავრების შემდეგ გადაეხვია გულბაათს, მადლობა გადაუხადა და პეტერბურგში მიიწვია სტუმრად. გულბაათი მართლაც ეწვია მას დაბადების დღის აღსანიშნავ ნადიმზე - ქართულად ადღეგრძელა იმპერატორი, ოთხლიტრიანი ყანწი გამოცალა და ალავერდი იქ დამსწრე დიდგვაროვან საზოგადოებასთან გადავიდა, მაგრამ ვერავინ გაბედა, მიუხედავად იმისა, რომ ყველას დიდი სურვილი ჰქონდა, თავი მოეწონებინა იმპერატორისთვის...
ახლა კი ჩვენს თამადას დავუბრუნდეთ: ბატონ ნუგზარ მოლაშვილს 2016 წლის 1 იანვარს 60 წელი უსრულდება, იუბილე აქვს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა. სტუდენტობის დროიდან, 1977 წლიდან, მუშაობდა მცხეთის არქეოლოგიურ ექსპედიციაში. 1992 წლიდან ისტორიას ასწავლის ილია ვეკუას სახელობის თბილისის 42-ე სკოლაში და ერთ-ერთ კერძო სასწავლებელში. არის ივანე ჯავახიშვილის პრემიის ლაურეატი და "ღირსების ორდენის" კავალერი. დღესდღეობით ასევე დაკავებულია პროექტში "ქერჩი - დაკარგული გმირები“ - ჯარისკაცის მამას განასახიერებს.
- ბატონო ნუგზარ, საინტერესოა თქვენგან გავიგოთ, რას წარმოადგენს თამადის ფენომენი?
- ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა გამიჭირდება. აზრთა სხვადასხვაობაა როგორც სიტყვის, ასევე თამადის დანიშნულებასა და მნიშვნელობაზე. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ იქ, სადაც კარგი თამადა უძღვება თავყრილობას ("სუფრაც“ არაქართულია სიტყვაა), დროც სწრაფად და შინაარსიანად გადის და ის მიზანიც მიღწეულია, რისთვისაც საზოგადოებაა შეკრებილი. რაც შეეხება წარმომავლობას, ჭირსა და ლხინში თავკაცის არჩევა თუ დანიშვნა ბევრგანაა მიღებული, მაგრამ იმ ფორმით, როგორითაც ჩვენთანაა საუკუნეების მანძილზე, სხვაგან არ მეგულება.
- ზოგადად ქართული სუფრის წესებზე რას ფიქრობთ? დღეს ბევრი აკრიტიკებს ქართულ სუფრას, რომელიც ხანდახან ღრეობაშიც გადადის. თქვენ როგორ მიგაჩნიათ, რას ნიშნავს კარგი ქართული სუფრა და როგორია ის ტრადიციულად?
- ასე დავიწყებ: ჯერ უნდა გავარკვიოთ, რა არის წესი, ტრადიცია... ყველანაირი წესი ოდესღაც დგინდება. კანონი ვერ იტანს ინტერპრეტაციას, წესი უფრო მოქნილია. გასათვალისწინებელია ცხოვრების ტემპი და რიტმი... ხანდახან კი არა, ხშირად გადადის ღრეობაში... მკვიდრდება გამოთქმები: "წამო, დავლიოთ", "ჩავთვერი"... გახსენებაც აღარ მინდა.
- ქართულ ტრადიციებზე რა აზრის ხართ და რომელი არ მოგწონთ? მაგალითად, ხშირად საუბრობენ ქელეხის ტრადიციებზე, რომელმაც დამახინჯებული ფორმა მიიღო...
- ტრადიცია უნდა იყოს დადებითი ემოციის მატარებელი, სასიამოვნო, გულითადი და არა დამღლელი, დამქცევი. ქელეხის ნამდვილად დამახინჯებული ფორმაა დამკვიდრებული. ჩემი აზრით, საფლავზე ნათქვამი მოსახსენიებლით და პურ-ღვინით უნდა მთავრდებოდეს ეს რიტუალი... ალბათ ამ ტრადიციის აღდგენაში ეკლესია უნდა ჩაერთოს.
- ხშირად აკრიტიკებენ თამადას, რომელიც ან სათანადოდ ვერ უძღვება სუფრას, ან მეტისტემად მკაცრია და ხმას არავის აღებინებს. როგორი უნდა იყოს სინამდვილეში თამადა და რა მოვალეობები აკისრია მას?
- ასეთი ადამიანი თამადა არ არის. არ შეიძლება თამადა იყო იმის გამო, რომ ხარ მინისტრი, დირექტორი ან, თუნდაც, პოეტი. რადგან ქართულ მეტყველებაში ღრმად აქვს გადგმული ფესვი ცნება "დროს ტარებას" (დრო უნდა "გავატარო“, კი არ "გამოვიყენო"), ამიტომ, თამადის მოვალეობაა, გარკვეული დროის განმავლობაში ადამიანს დაავიწყოს ყოფითი პრობლემები, "იფსიქოლოგოს". თამადობა და ქართული ლხინი ხშირად წარმატებით ითავსებდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ფუნქციას.
- ერთ-ერთი ცნობილი თამადა ბრძანდებით. თქვენი გადმოსახედიდან, როგორი თამადა ხართ?
- ყოველგვარი ყალბი თავმდაბლობის გარეშე მოგახსენებთ, რომ ჩემი "ცნობილობა“ გადაჭარბებულია (აქვე მინდა ვთქვა, ბევრი სხვისიც). ყველას თავისი წრე იცნობს და აფასებს. ჩემი აზრით, არ ვარ "ჭინჭყლი“ და "მომისმინეთ“ თამადა. და რაც მთავარია, მიყვარს სხვისი თამადობა და ვარ ყოველთვის მისკენ. ერთი ფაქტი გამახსენდა, რომელიც ჩემს თამადობას ეხება: რამდენიმე წლის წინ, ქორწილში ვიყავი მეუღლესთან ერთად, არა როგორც თამადა. განცალკევებული მაგიდები ახალი შემოსული იყო მოდაში და მეც თავს "მოდუნების" უფლება მივეცი. ლხინი ჯერ შუამდეც არ იყო მისული, რომ მეუღლემ (კარგი თამადის შვილმა) ნაღვლიანად გადმომხედა და მისაყვედურა: მიდი რა, თამადას მიეხმარე, ნახე, რა საცოდავ დღეშიაო. ეს დიდი შეფასება იყო.
- პირველად როდის წარუძეხით სუფრას, რა განცდა გქონდათ და ზოგადად რა პასუხისმგებლობაა ეს?
- მახსოვს პირველი თამადობა მეგობრის, ვაჟა ქევხიშვილის ქორწილში, კახეთში, კალაურში. სტუდენტები ვართ და მეტი რა გვინდა... გაშლილია უზარმაზარი სახლის ორ სართულზე ხვავიანი, მადლიანი სალხინო ნუგბარი. კურსელებმა საჩვენოდ შევარჩიეთ ერთი მყუდრო მაგიდა "ეპიცენტრს" მოშორებით, აივანზე, და სტარტს ველოდებით. დრო გადის და რაღაც ნერვიული ჩოჩქოლი იწყება. თამადა ვეღარ ახერხებს თურმე მოსვლას! ამ დროს შემთხვევით (!) გადავეყარე ყალყზე დასადგომად გამზადებულ ვაჟას! "ახლა უარი არ მითხრა, თორემ არ ვიცი, რას ვიზამო!“. ასე აღმოვჩნდი 500-კაციანი ქორწილის თამადად 25 წლის ყმაწვილი! ისიც კარგად მახსოვს, რა უჩვეულოდ გაგრძელდა პირველი სადღეგრძელო, როგორ მიკანკალებდა ხმა... გარიჟრაჟზე ბედნიერმა, მეუღლესთან ერთად (რაღაც, ხშირად ვახსენებ, თანაკურსელები ვართ) ღიღინით დავტოვე "თანამდებობა“.
- მე მამა მყავს კარგი თამადა და ვიცი, რის გამო აფასებენ კარგ თამადას. მას უნდა ჰქონდეს ზომიერი სიმკაცრე, ქარიზმა, ერკვეოდეს საქართველოს ისტორიასა და ქართულ პოეზიაში, ასევე ქართულ ხალხურ სიმღერებში, და არასდროს იმეორებდეს ერთსა და იმავეს. თქვენ ყველაფერთან ერთად ისტორიკოსი ბრძანდებით, რაც უდიდესი პლუსია, შესანიშნავი გადმოცემის უნარი და კარგი იუმორი გაქვთ. ამ თვისებებს რას დაამატებდით, კიდევ რა სჭირდება კარგ თამადას?
- ყველა ჩამოთვლილი თვისება აუცილებელია. რა დავამატო? ხშირად ვამბობ – მანქანის მართვის უფლება ბევრს აქვს, მაგრამ ერთეულები არიან რჩეულნი; ლექსს ბევრი წერს, მაგრამ... არის რაღაც, რაც არ ისწავლება.…ვფიქრობ, მთავარია, გჯეროდეს იმის, რასაც ამბობ.
- თუ გაგქცევიათ სუფრა და როგორ მოქცეულხართ ასეთ დროს?
- სუფრა არა, ერთხელ რამდენიმე წევრი "ურევდა". საქმე მივიყვანე აუცილებელ სადღეგრძელოთა დასრულების ეტაპამდე, ღირსეულად გადავაბარე თამადობა მეჯვარეს და ქორწილი დავტოვე.
- როგორ სუფრაზე ჯობს თამადობა – დიდ, ქორწილის სუფრაზე, თუ პატარაზე?
- ჩემთვის ორივე ერთნაირად საპასუხისმგებლოა. ერთნაირად ვიხარჯები.
- თუ ემზადებით ხოლმე განსაკუთრებულად რომელიმე სუფრის გაძღოლისთვის? ალბათ, გარკვეულწილად, დამღლელიც არის ეს სტატუსი. ხომ შეიძლება, არ გინდოდეთ სუფრის გაძღოლა და უბრალოდ ქეიფი გსურდეთ, ითვალისწინებენ ხოლმე ამ სურვილს?
- განსაკუთრებულად არა, მაგრამ რაღაც "ჩარჩოს“ ვადგენ. რა თქმა უნდა, დამღლელიც არის, სასიამოვნოც. ადრე უფრო ხშირად იცოდნენ ჩაციება, ახლა - ნაკლებად. საერთოდ კი, მთავარია, თამადობა არ გექცეს სამსახურად!!!
- რომელი სადღეგრძელო გიყვართ ყველაზე მეტად?
- სადღეგრძელოს სადღეგრძელო! ოღონდ, არ მახსოვს, ბოლოს როდის ვთქვი.
- რამდენად აუცილებელია თამადისთვის, რომ თავადაც დალიოს და სხვებსაც დააძალოს დალევა? ზოგიერთს ასე ესმის თამადობა.
- დაძალების კატეგორიული წინააღმდეგი ვარ! (ნეტა, ვინ იტყვის, მიყვარსო). თუმცა კარგია, თუ თამადა ღვინოს კარგად იტანს.
- თქვენს ვაჟებს და შვილიშვილებს თუ ასწავლით ქართული სუფრის ადათ-წესებს?
- სწავლებით არა, უფრო შენიშვნებით. ოჯახის წევრთა სწავლება, ზოგადად, ურთულესი საქმეა.
- იქნებ რაიმე სახალისო შემთხვევა გაიხსენოთ თამადობასთან დაკავშირებით.
- მახსოვს, ერთ-ერთ ქორწილში, შობა-ნაახალწლევებს (2-2 გვაქვს!), ნეფე-პატარძალს კინაღამ ვუსურვე - "მრავალს დაესწარით"-მეთქი. გზაში "დავეწიე“ სიტყვას!
- ამ საახალწლოდ ვადღეგრძელოთ ჩვენი მკითხველი და საქართველო. რას ურუსვებს მათ ცნობილი თამადა?
- 2016 "ვეფხისტყაოსნის“ წელია! ვიქცეთ "ვეფხისტყაოსნის“ საქართველოდ!
ლელა ზურებიანი
კომენტარები
სადამდე დაეცა ერი