ქართული ოჯახი, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოებს ამზადებს

ალბათ დამეთანხმებით, რომ სათამაშო ბავშვების შემეცნებითი უნარების განვითარებისთვის მართლაც მნიშვნელოვანი დეტალია. სათამაშო ბავშვს გარემოს შეცნობაში ეხმარება. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რამდენად სუფთა და ეკოლოგიურად უსაფრთხო მასალისგანაა იგი დამზადებული, რადგან ბოლო დროს გაივსო ბაზარი "საშიში" სათამაშოებით.
ზვიად კომლაძე პროფესიით ელექტრო-ინჟინერ-ქიმიკოსია, მაგრამ საკუთარი პროფესიით არ უმუშავია. ხის სათამაშოების შექმნის იდეა დაახლოებით 17 წლის წინ დაებადა, თუმცა სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე საკუთარი იდეების განხორციელებას ვერ ასწრებდა. ჩვიდმეტი წლის შემდეგ მოახერხა და საკუთარი სახსრებით აპარატი შეიძინა, რომლითაც ხის სხვადასხვა, ეკოლოგიურად სუფთა ნივთის დამზადება დაიწყო.

- 2000
წელს შემთხვევით მოვხვდი ერთ-ერთ სარეკლამო კომპანიაში, სადაც მთხოვეს ლაზერის აპარატის გაშვება-მომსახურება. აპარატი გავუშვი და დავინტერესდი მასთან მუშაობით. კომპანიის მფლობელებს შევთავაზე, რომ მე თვითონ ვამუშავებდი ამ აპარატს, რაზედაც სიხარულით დამთანხმდნენ. აქედან დაიწყო ყველაფერი: მაინტერესებდა როგორც ნახაზების შექმნა, ისე მათი ლაზერით გამოჭრა და აწყობა.
სარეკლამო შეკვეთების სიმრავლიდან გამომდინარე მაშინ, სამწუხაროდ, ჩემი იდეების განსახორციელებლად ძალიან ცოტა დრო მრჩებოდა. ჩვიდმეტი წლის შემდეგ მოვახერხე საკუთარი სახსრებით აპარატის შეძენა და ბედნიერი ვარ, რომ ყოველდღიურად ვიხდენ ამ ოცნებას.
ჯერჯერობით ისევ ძიებაში ვარ, რა არის ის საუკეთესო პროდუქტი, რაც ძალიან გაახარებს პატარებს. ამაში საკუთარი შვილების ემოციები, სურვილები ძალიან მეხმარება.

- თითოეული ნივთი ხელნაკეთია. ვინმე გეხმარებათ მათ შექმნაში, თუ ყველაფერს მარტო ართმევთ თავს?
- იმისათვის, რომ ლაზერის მანქანამ მასალა გამოჭრას, პირველ რიგში აუცილებელია შეიქმნას ნახაზი, რომელიც აუცილებელია იყოს ზედმიწევნით ზუსტი. წინააღმდეგ შემთხვევაში დეტალები, რომლითაც ეწყობა ესა თუ ის ნაკეთობა, არ დაემთხვევა ერთმანეთს და ყველაფერი თავიდან გახდება დასაწყები. ჩემი საქმიანობა ჯერჯერობით ოჯახურია, ასე რომ, ჩემი დამხმარეები მხოლოდ ოჯახის წევრები არიან.
ისე, რა თქმა უნდა, ბიზნესის გაფართოებასთან ერთად ვაპირებ მომსახურე პერსონალის დაქირავებას, ვფიქრობ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დასაქმებასაც.

- დღეისთვის რა ნივთებს ამზადებთ?
- დღეისათვის ოცამდე სათამაშოს ვაწარმოებ, აქედან ყოველი მათგანი განსაკუთრებულია და დიდი პოპულარობით სარგებლობს. ყველა ნივთი ჩემი შექმნილია და შვილებივით მიყვარს.

- აქვს მნიშვნელობა, ხის რომელი მასალისგან იქმნება ნივთები?
- კი, რა თქმა უნდა. ბევრი მასალა ვცადე, ვერც ჩინურმა, ვერც უკრაინულმა და ვერც ბელორუსიულმა მასალამ ვერ გაამართლა. ზოგი არ იხეხებოდა სათანადოდ, ზოგი ადვილად დაიშალა უხარისხობის გამო, ზოგიც გახეხვის (გაშკურკვის) შემდეგ ხიწვებს იტოვებდა, რაც ძალიან სახიფათო იყო. საბოლოოდ მივაგენი და დღეს ერთ-ერთი ქარხნის მიერ დამზადებულ მასალას ვიყენებ. სერთიფიკატი, რომელიც ამ მასალას ახლავს, შთამბეჭდავია თავისი ბუნებრივობით.

- რაც შეეხება სათამაშოებს. რა ტიპის სათამაშოებს აწარმოებთ?
- ძირითადად საბავშვო სათამაშოებს. სხვადასხვა ზომისა და ფორმის თოჯინის სახლებს, ავეჯს, ლოკომოტივს, სპორტულ მანქანას, კალათებს და ა.შ. ასე რომ, არჩევანი როგორც ბიჭებისთვის, ასევე გოგოებისათვის საკმაოდ დიდია.
ჩვენი საქმიანობისთვის პრიორიტეტული ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოებია. ამიტომ ვიყენებ იმ მასალას, რომელსაც ვენდობი და საკუთარი შვილების ჯანმრთელობას ვანდობ. არ ვიყენებ არანაირ წებოს, ლაქს, საღებავს და ა.შ. მხოლოდ ხე და ე.წ. ფანერაა, რომელიც ლაზერის მანქანით არის დაჭრილი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ სათამაშოების აწყობაში აქტიურ როლს იღებს მშობელიც, რაც ერთობ აუცილებელია შვილებთან ურთიერთობაში და მათ შემდგომ განვითარებაში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა თავისი ფანტაზია განავითაროს და შეღებოს სათამაშოები სურვილისამებრ, სასურველ ფერებში.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
- სამომავლოდ ვგეგმავთ გამოვუშვათ მექანიკური სათამაშოები, რაც დიდ შრომას მოითხოვს. თუმცა მონახაზები უკვე მაქვს. ასე რომ, სულ მალე ვიხილავთ ბაზარზე ეკოლოგიურად სუფთა და ჯანმრთელ სათამაშოებს, რომლებიც დაიქოქება და იმოძრავებს.
მერი ბლიაძე

კომენტარები

Makvina 2018-07-31 19:15
Arachveulebriviaa....aranairad sashishi...mec maqvs dzalian kmayofili vart me da chemi shvilebi...ugrmesi madloba aseti sufta produqtistvis
ხათუნა 2017-08-23 12:42
ბრწყინვალე იდეაა და შემსრულებელიც მარჯვე და ყოჩაღი! ვუსურვებ წარმატებებს, მითუმეტეს რომ პროდუქტი ქართულია და ეკოლოგიური ნიშნის გარდა "ეროვნულობითაც" გამოირჩევა!...
კარგი იქნება, თუ ინვესტორი დაინტერესდება და დააბანდებს ფინანსებს როგორც წარმოებაში, აგრეთვე რეალიზაციის კუთხით...
ზაზა 2017-08-22 19:34
ძალიან პოზიტიური ინფორმაციაა. ბავშვები მშობლებთან გატარებული დროის სერიოზულ დეფიციტს განიცდიან და ამავე დროს ბაზარი დატვირთულია უხარისხო, ჯანმრთელობისთვის მავნე და გონებრივი განვითარებისთვის არაფრისმომცემი (მაგ. ასე პოპულარული სპინერი) სათამაშოებით. ფანტაზიის მქონე შემოქმედი ადამიანი ადვილად შექმნის ბავშვებისთვის საინტერესო, ერთობ სასარგებლო გასართობს. წარმატებები ამ ნოვატორ მეწარმეს და ძალიან კარგი იქნება, თუ ვინმე დაინტერესდება და დარგის განვითარებისთვის საჭირო თანხას ჩადებს საქმეში. არ მგონია ამ ბიზნესმა მოგება არ ანახოს მეწარმეს.
ირინა 2017-08-22 19:19
ვფიქრობ ეს არის დიდი მიღწევა ქართველი მეწარმის მიერ, როგორც იქნა მოვაშორებთ ბავშვებს ჩინური-მოწამვლელ სათამაშოებს ...იმედი მაქვს ბევრი მშობელი უკვე დაინტერესბულია ჩემსავით, სად შეიძლება შევიძინოთ ???
Fati fati 2017-08-20 11:39
მივესალმები და წარმატებები თქვენ. იტალიაში ვნახე მაღაზიაში ერთი კუთხე ხის სათამაშოებს ჰქონდა დათმობილი და დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მომეწონა ხის მატარებელი რომელიც რამდენიმე ვაგონისგან იყო შემდგარი თავისი ლიანდაგით გვირაბებით და მეც მშვენივრად გავერთე. ძალიან მომეწონა ასევე ხის მოზრდილი სამხარეულო სადაც პატარა გოგონები სიამოვნებით თამაშობდნენ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები