ნინო ჩაკვეტაძე ის თანამედროვე ქართველი მხატვარია, რომლის სახელიც რა ხანია გასცდა საქართველოს ფარგლებს და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ინტერნეტსივრცეშიც. დამთვალიერებლისთვის მაშინვე მეტად ახლობელი და სულის ნაწილი ხდება ეს საოცრად თბილი და მრავლისმთქმელი ნახატები - დიდთვალება ბავშვები, საყვარელი მოხუცები, სევდიანი ბუები...
ვერაზე დაიბადა და გაიზარდა. მათი სახლის წინ ლეღვის ხე იდგა, უყვარდა მასზე აძრომა. მოგვიანებით ბავშვობის ხე და საკუთარი თავი ტილოზე "გადაიტანა", პორტრეტს "ჩემი ხე" ჰქვია - ნახატზე შემოდგომაა, ხის ტოტზე გოგონა ზის და გვერდით პატარა ჩიტი მობუზულა...
წლების შემდეგ სახლში, სადაც
აქაურობას ძალიან უხდება ცოცხალი და გამხმარი ყვავილები. ყვავილებს მთელი ზაფხულის განმავლობაში აგროვებს, რომ შემდეგ ლარნაკებში, თასებსა და ჩაიდნებში გადაანაწილოს. უყვარს, როგორც ყვავილების ხატვა, ისე მათთვის სურათების გადაღება - ყვავილების "ფოტოსესია" დიდ სიამოვნებას ანიჭებს...
მშობლები ყოველმხრივ ხელს უწყობდნენ. თითქოს თავიდანვე იცოდა, რომ მხატვარი გახდებოდა. ნიკოლაძის სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა და მას მერე ფუნჯი ხელიდან აღარ გაუგდია.
კედლებზეა გამოფენილი წლების განმავლობაში შეგროვებული ნამუშევრები, რომლებიც მხატვარს არავისთვის ეთმობა. ზოგიერთი მისი ოჯახის წევრების საკუთრებაა, ზოგიც პირადად მისია. რამდენჯერმე შეელია ნახატს და მერე ძალიან ინანა. ამიტომ მას შემდეგ განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება თავის ნახატებს, თუ გულთან ძალიან ახლოსაა, მაშინ აუცილებლად უნდა დარჩეს და არსად "წავიდეს"...
ნინო ჩაკვეტაძის ნამუშევრები დამთვალიერებელში სხვადასხვაგვარ ემოციასა და ერთგვარ ნოსტალგიას აღძრავს - სრულიად უცხო პერსონაჟები თითქოს ძალიან მშობლიურია, შემოდგომა-ზამთრის ამსახველი ნახატებიდან კი საოცარი სითბო იღვრება, ალბათ ამას მხატვრის მიერ შერჩეული "მშვიდი" და "ბუნებრივი" ფერები უწყობს ხელს და ყველასათვის ნაცნობი თემების სიხშირე, რომელიც მარტივად, თუმცა არა ბანალურად აქვს გადმოცემული.
დიდთვალება პერსონაჟების სახეზე სევდასთან ერთად სიხარულიც ჩანს. ზოგიერთის თვალში მოხტუნავე ეშმაკუნებსაც ხედავ და ზოგჯერ ეს ფიგურები მფარველი ანგელოზის სახითაც გევლინებიან. ბევრს სურდა, მხატვარ-ილუსტრატორ ნინო ჩაკვეტაძის ნახატებიანი სამოსი ან ჩანთა ჰქონოდა, ამიტომ ამაზეც დაფიქრდა და დღეს მისი ნამუშევრებით დაპრინტული მაისურებითა და ნაჭრის ხელჩანთებით ქუჩაშიც გხვდებიან...
ინტერნეტის "გააქტიურების" შემდეგ მისი შემოქმედება კიდევ უფრო პოპულარული და ხელმისაწვდომი გახდა ყველასთვის. მხატვარს სწერენ სხვადასხვა ქალაქიდან. სხვადასხვა ენაზე მოსულ წერილებს შორის არაბულიცაა. თარგმნის, აინტერესებს, რას სწერენ. ყოველთვის ისმენს ხალხის აზრს, რომელიც, თამამად შეიძლება ითქვას, მუდამ დადებითია...
- ყოველდღიურად ძალიან ბევრი ადამიანი ათვალიერებს ჩემს ნახატებს. გამოფენა ყოველთვის არ იმართება, შეძლება წელიწადში ან ორ წელიწადში ერთხელ ჰქონდეს ადამიანს ერთად თავმოყრილი ნახატების ხილვის საშუალება, ამიტომ გადავწყვიტე, პატარა კუთხე მომეწყო. ვფიქრობდი, გაამართლებდა და არც შევმცდარვარ. ეს გალერეა მაისის დასაწყისიდან არსებობს და ახლა აქ მოდიან დამთვალიერებლები.
სახლში ვმუშაობ. ეს ბევრად მოსახერხებელია ჩემთვის, რადგან დროს ოჯახსაც ვუთმობ. მთავარია, პირველ ეტაპზე ხელი არაფერმა შემიშალოს, ჩანაფიქრის განხორციელება დავიწყო და მერე შეწყვეტა, გასვლა-გამოსვლა, ტელეფონზე საუბარი ან სხვა რამ, ხელს აღარ მიშლის. ვცდილობ, სამზარეულომ დიდი დრო არ წამართვას. თან თანამედროვე ბავშვებს დიდად არ უყვართ სადილები, ყველაფერს იწუნებენ, ამიტომ მარტივად ვაგვარებ ამ საკითხს (იღიმის). ძირითადად გვიან ღამით ვმუშაობ და ამიტომ გადავწყვიტე, სახლში ვხატო, თუმცა, ყოველდღიურად მოვდივარ გალერეაში და მერე აქედან წასვლა აღარ მინდა (იღიმის).
- კედლებზე გამოფენილი ნახატები სხვადასხვა წელს არის შექმნილი. ერთ-ერთ ნახატზე გავამახვილებ ყურადღებას. ხანდაზმული წყვილი გადასასვლელთან დგას და იქვეა მითითებული მისამართი "ბარნოვის ქუჩა #43". ეს კონკრეტული ადგილი და ადამიანებია?
- დიახ, მაგრამ სამწუხაროდ, მათ არ ვიცნობ. ნახატზე ასევე მითითებულია თარიღი 2014 წლის 14 დეკემბერი, ანუ როცა ისინი ვნახე. მანქანიდან შევნიშნე, 53-ე სკოლასთან იდგნენ და ალბათ ტრანსპორტს ელოდნენ. მოგეხსენებათ, ეს ვიწრო ქუჩაა და დიდხანს ვერ შეყოვნდები, მაგრამ მალევე ვინანეთ, რომ არ გავჩერდით და წაყვანა არ შევთავაზეთ. იმავე საღამოს შევუდექი ამ ნახატის ხატვას.
სტუმრებს მისაღებ ოთახში იღებს. ანტიკვარულ მაღაზიაში შეძენილი "ბუფეტი" რესტავრატორებს განაახლებინა, ასევე - მაგიდა და სკამები. დეიდის სახლიდან წამოღებული ტუმბა მწვანე-ზურმუხტისფრად შეაღებინა. მასზე ექიმ-მეთოჯინე ნანა ყაულაშვილის მიერ დამზადებული ზარდახშა დევს. შეიძლება ითქვას, რომ აქ ახალი მხოლოდ სავარძლები, პატარა მაგიდა და სარკეა, თუმცა ისინიც ძველებურ სტილშია გადაწყვეტილი. სამზარეულოს კარადაც თანამედროვეა, თუმცა ვინტაჟის სტილის. იქ ერთი, ბებიის ნაქონი, ხელით მოხატული ჭიქა დევს, რკინის ჩაიდანიც სოფელ ტაშისკარიდან ჩამოიტანა და ეს ნივთები, ბევრ სხვასთან ერთად, ბავშვობას აგონებს... დერეფანში ორი საკიდია, მხატვრის ფანტაზიის წყალობით სახეცვლილი.
- საკიდზე სამი მცირე ზომის სარკე იყო ჩამონტაჟებული. ამ სახითაც მომეწონა, მაგრამ შეძენისთანავე გადავწყვიტე, რომ თითო-თითო სარკე ამომეღო და მათ მაგივრად ნახატები ჩამესვა. ამგვარად საკიდები უფრო ორიგინალური და მხატვრის სახლის შესაბამისი გამოვიდა.
ოთახში კედელზე ასევე თვალში მოგხვდებათ გალიის ფორმის ორი საკიდი - ერთი პატარა, მეორე კი შედარებით მოზრდილი. ერთი თავად შეიძინა, მეორე აჩუქეს. მათზე ნინოს ნახატების მიხედვით შექმნილი მისალოცი ბარათები სარჭებითაა დამაგრებული.
მხატვრის კიდევ ერთი გატაცება მაქმანებია. შეიძლება ითქვას, კოლექციონერია. ზარდახშაში აწყვია როგორც ძველი, ხელით ნაქარგი მაქმანები, ისე თანამედროვე, ქარხნული წესით დამზადებული. მაქმანებით მხოლოდ სუფრას და ბალიშისპირს კი არა, ნახატებსაც აფორმებს.
- ზარდახშა, რომელშიც მაქმანები აწყვია, წლების წინ მშრალ ხიდზე შევიძინე. მაქმანებს ხშირად ემატება ახალ-ახალი. ირგვლივ ყველამ იცის, რომ მიყვარს, მეგობრებიც მჩუქნიან და თავადაც ვიძენ. თუმცა, აქ ყველა არ არის, მაქმანებით სავსე ერთი დიდი სკივრი შინაც მაქვს.
- აქ ორი ბალიშისპირია მაქმანით გაფორმებული...
- დიახ, პირველად მაქმანი ჩემს ნახატებთან გამოვიყენე. ერთხანს ანგელოზებს ვხატავდი - რომლებიც მაქმანებში იყო მოქცეული.
- თქვენი ოთახისთვის ჭურჭელი როგორ შეგროვდა?
- დაახლოებით სამი წელია, რაც ჩაიდნებს ვაგროვებ. ძველი ფაიფურის ჭურჭელი ყოველთვის მომწონდა, სახლშიც მქონდა. ერთხელ ფირუზისფერი ჩაიდანი შევიძინე და მას შემდეგ მივხვდი, რომ ეს ნივთები უნდა შემეგროვებინა. მშრალი ხიდის გარდა, არის ძველი ნივთების მაღაზიებიც, სადაც დავდივარ და თავად ვარჩევ ამგვარ "ნიმუშებს". მჩუქნიან კიდეც. დღესდღეობით ალბათ 50-მდე ჩაიდანი მექნება.
აქვეა საკმაოდ ძველი მინიატიურული სერვიზიც, რომელიც ახლობელმა მაჩუქა, შენ სხვაზე მეტად დააფასებ და გაუფრთხილდებიო.
- აქვე დგას სამოვარი...
- ეს ნიკოლოზის დროინდელი ნივთია, რომელიც 15 წლის ასაკში ბიძაჩემმა მაჩუქა. იმ წელს იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის მოსწავლე გავხდი. ბიძაჩემმა მომიტანა სამოვარი და მითხრა, მხატვარი ხარ და მას ყველაზე კარგად შენ გამოიყენებო. ეს საჩუქარი მაშინვე დავაფასე, იმ ზაფხულს დავჯექი და ნატიურმორტი დავხატე, სადაც სამოვარიც იყო.
- ყვავილები რომ გიყვართ, ეს ნათელია, საკიდზე მცირე ზომის ყვავილებიანი კაბის გულისჯიბეშიც კი ყვავილები აწყვია...
- ეს შროშანია. თეთრია და ლამაზად ხმება. რაც შეეხება კაბას, ის ჩემს უმცროს შვილს ეცვა ნათლობისას. ბავშვები რომ იზრდებიან, დაპატარავებულ ტანსაცმელს გავცემთ ხოლმე, მეც ასე ვიქცევი, მაგრამ ჩემი გოგონების რამდენიმე კაბა შენახული მაქვს. ესეც ერთ-ერთი მათგანია. კაბა ვინტაჟური სტილისაა და ვფიქრობ, მოუხდა ინტერიერს.
- როგორ ფიქრობთ, ვინტაჟი ის სტილია, რომელიც თქვენთან ახლოსაა, თუ ნახატებს უხდება?
- ვფიქრობ, მხოლოდ სადა კედლები და ჩემი ნახატები არ იქნებოდა საკმარისი იმ გარემოს შესაქმნელად, რაც მინდოდა, ამიტომ ვინტაჟის სტილის ინტერიერი ყველაზე მეტად მოერგებოდა როგორც გარემოს, ასევე ჩემს ნახატებს. ამ სტილში გამიკეთებია ჩარჩო ნახატისთვის და სარკისთვისაც, მარგამ ეს თითზე ჩამოსათვლელი შემთხვევებია, რადგან ხატვას დიდი დრო მიაქვს.
მინდა, სეზონების მიხედვით ამ სივრცეში თემატური გამოფენები მოვაწყო - ზამთრის სეზონზე საშობაო გამოფენა, საგაზაფხულოდ კიდევ სხვა წარმოვადგინო, რათა აქ მოსულ სტუმრებს მუდმივად დახვდეთ სიახლეები.
ანა კალანდაძე
კომენტარები