როგორ სახლში ცხოვრობს ლადო კახაძე

"უმთავრესია კომფორტი და უსაფრთხოება! უსაფრთხოებაში ჰიგიენური ნორმების დაცვას ვგულისხმობ! კომფორტი თავად უნდა შექმნა და ეს დანგრეულ სახლშიც კი არის შესაძლებელი! ნივთები ადვილად მისაწვდომი უნდა იყოს!" - გვითხრა ექიმმა, საზოგადო მოღვაწემ, მწერალმა და პუბლიცისტმა ლადო კახაძემ... მან თავისი სახლიდან ის ისტორიული ნივთები გაგვაცნო, რომლებიც მისთვის უდიდესი საგანძურია.

- ოჯახში მხოლოდ ერთი ადამიანი არ ცხოვრობს, რამდენიმე წევრისგან შედგება და სახლი რომ ყველამ თავის ჭკუაზე გადააწყოს, ასე არ გამოვა! ამიტომაც უნდა იყოს საერთო ნიშნულზე შეთანხმება. მთავარია, სახლში ესთეტიკა, სისუფთავე იყოს დაცული! ჰიგიენური ნორმები

უნდა იყოს დაცული მაქსიმალურად და არ აქვს მნიშვნელობა, სახლი ძველია თუ ახალი! აუცილებლად უნდა იყოს ის ნივთები მოვლილი, რომლებიც შენ გემსახურებიან! ახლა უფრო ღია ტიპის სახლებია, მაგრამ მე ტრადიციულ სახლში გავიზარდე და იგივე რიტმში ვაგრძელებ ცხოვრებას!


- არაჩვეულებრივი ბიბლიოთეკა გაქვთ...
- წიგნის გარეშე ცხოვრება ძალიან ძნელია! მართალია დღეს კომპიუტერი ბევრ ინფორმაციას იძლევა, მაგრამ წიგნთან დაჯდომას სულ სხვა ხიბლი აქვს! ალბათ ჩვენ სხვანაირად გაგვზარდეს და ამიტომაც მიმაჩნია, რომ კაბინეტი განსხვავებულად უნდა იყოს მოწყობილი! ჩვენში ასეა რომ ბიბლიოთეკა წლების განმავლობაში გროვდება. შთამომავლობა ტოვებს და გადადის ხელიდან ხელში... მახსოვს ძალიან დიდი გაჭირვება რომ იყო, ხალხს გამოჰქონდა წიგნები და ბუკინისტებთან აბარებდნენ. მათთვის იმდენად რთული იყო საყვარელი წიგნების შელევა, პირდაპირ სიცოცხლე დააკლდათ. ასეთი ადამიანები სამწუხაროდ ჩემს ირგვლივაც იყვნენ... ყველაზე დიდი საჩუქარი წიგნია! თუ ღირებული წიგნი კიდევ ავტორის მიერ არის ნაჩუქარი, ის ხომ საერთოდ ენით აუწერელი განძია!


- მისაღები ოთახი როგორ უნდა იყოს მოწყობილი?
- როგორც ზემოთ ვახსენე, ჩემთვის უმთავრესია კომფორტი და უსაფრთხოება! უსაფრთხოებაში ჰიგიენური ნორმების დაცვას ვგულისხმობ! კომფორტი თავად უნდა შექმნა და ეს დანგრეულ სახლშიც კი არის შესაძლებელი! ნივთები ადვილად მისაწვდომი უნდა იყოს! სტუმარი ღვთისაა და ამიტომაც სტუმარი შეიძლება ნებისმიერ დროს შემოვიდეს და მაშინ თუ დაიწყე სახლის დალაგება, კარგად ყოფილა საქმე... სახლი მუდმივად მოვლილი უნდა იყოს! მისაღებიც ასე უნდა იყოს გათვალისწინებული! კარგად განათებული და სტუმრის მისაღებად მომზადებული! 

- მეგობრებისგან ნაჩუქარი რა ძვირფასი ნივთები გაქვთ?
- ჩემმა უფროსმა მეგობარმა, შესანიშნავმა მხატვარმა – გივი კასრაძემ ჩემი უფროსი ქალიშვილი დახატა და ეს ნამუშევარი ჩემ კაბინეტშ მიკიდია... ძალიან კარგი სურათია! ძალიან კარგი სამეგობრო მყავს! გიგა ბათიაშვილი სრულიად საქართველოს საგანძურია! მან მაჩუქა ახალგაზრდობაში შექმნილი სქემა, ძველი თბილისი როგორი უნდა ყოფილიყო, თავის აღწერით, მინაწერებით... ეს სასწაული ნამუშევარი კაბინეტში მიკიდია! მითხრა, ყველას ვერ ვანდობ, ისეთი ადამიანის კაბინეტში უნდა ეკიდოს, რომელიც გაღვიძებისას ამ ნამუშევარს რომ შეხედავს, ცრემლი მოჰგვაროს, ან იმედიანი შეძახილის სურვილი გაუჩინოსო... პატრიარქის ნაჩუქარი ხატი მაქვს, რომელიც შემოსასვლელში მიკიდია, იქ სადაც ხატებია... საკუთრივ პატრიარქმა თავისი ხელით რომ გადმომცა, ასეთი ხატი მაქვს! ერთ სიცოცხლედ ღირდა, სამების მშენებარე ტაძარზე რომ სამრეკლოს ზარის ჩამოტანაზე გვერდით ვედექი! ეს წარუშლელი შთაბეჭდილებაა!
ჩემს სახლში ინახება ჩემი საყვარელი კაცის, ფრიდონ სულაბერიძის ნაჩუქარი ლეკვერთხები! მე ძველი მოცეკვავე ვარ და იმ ლეკვერთხებით მოვიარე მთელი მსოფლიო! თამაზ გოგოტიშვილი ამაყობდა ჩემით, რა მოწაფე აღვზარდეო და როდესაც ნინო რამიშვილთან მივედით გასინჯვაზე, მაშინ მაჩუქა ამ დიდებულმა კაცმა ეს ლეკვერთხები. გასმას რომ ვაკეთებ, სულ მგონია, ისევ ის ლეკვერთხები მიჭერს!
ავტორებისგან ნაჩუქარი უამრავი წიგნი მაქვს... ჩამოთვლა გამიჭირდება, ბევრი ჩემი მეგობარია, ბევრი მწერალთა კავშირის წევრია... ბატონმა ვახტანგ დავითაიამ ახლა სულ ახალი წიგნი მაჩუქა, რაც ჩემთვის ძალიან ძვირფასია! მე მყავს მეგობარი – გია ჯაფარიძე, რომელიც ბრწყინვალე მოქანდაკეა! შვილიშვილი – ანდრეა რომ შემეძინა, თავის ხელით შექმნილი ანდრია პირველწოდებულის სტატუები მაჩუქა. ეს ისტორიული საგანძურია ჩემთვის!


- უამრავ ქვეყანაში ყოფილხართ... რას იძენდით სახლისთვის?
- საზღვარგარეთი ბევრ ქვეყანაში საბჭოთა პერიოდში ვიმყოფებოდი. იქ ყველაფერი იშოვებოდა, რაც აქ ჯერ კიდევ არ იყო ან დახლქვეშ იყიდებოდა... მაშინ ახლად შექმნილი ოჯახი მქონდა და უმეტესწილად თავის მოვლის საშუალებებს ვიძენდი. ასევე - ჩასაცმელებს... ჩემი მეუღლე ნამდვილად უფლის საჩუქარია, რომელსაც არასოდეს არ უთქვამს, ეს და ის მინდაო... ერთი სული მქონდა ხოლმე, მისთვის ინდოეთიდან ლამაზი სამკაულები ჩამომეტანა. ჩემს სიმამრს ძალიან უყვარდა ნაპოლეონი და საფრანგეთიდან ნაპოლეონის პატარა ბიუსტი ჩამოვუტანე. რუსუდანის ხატი მაქვს ჩამოტანილი...


- ავეჯზე რას გვეტყვით?
- ჩვენს სახლში არის ძველი ავეჯი, რომელიც ორ საუკუნეზე მეტი ხნის არის... რასაკვირველია, რესტავრირება ჩავუტარეთ და ძალიან ვუვლით. ძალიან სასიამოვნოა ძველი ავეჯი, რომელიც ისტორიას გაგონებს... მე მაგალითად, ჩემი მეუღლის მშობლებს მაგონებს, რომლებსაც დედას და მამას ვეძახდი. ჩემი დიდი ბაბუის დანატოვარი ავეჯი მაქვს, რომელიც ამჯერად ჩემს უფროს ქალიშვილთან ინახება... ძველისძველი ხმალი მაქვს, რომელსაც ისე ვუვლი, როგორც ცოცხალ არსებას!


- ყვავილები გიყვართ, გაქვთ სახლში?
- კი ბატონო! ძალიან ალამაზებენ გარემოს! ძალიან ხშირად ვიძენთ და საგულდაგულოდ ვუვლით! მცენარე იგივე ადამიანია და ადამიანზეც უკეთესი მე თუ მკითხავთ!
არაჩვეულებრივი ძაღლი გვყავს, რომელიც ჩემს უფროს შვილიშვილს მამამისმა აჩუქა. სასწაული არსებაა, რომელიც ყველაფერს ცვლის ჩემს ცხოვრებაში.
ამჯერად ცალ-ცალკე ვცხოვრობთ, ასე გახდა საჭირო... ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე, ყოფილ ათაბეგოვზე ვცხოვრობთ მე და ჩემი მეუღლე. მე თვითონ ნარიყალას ძირში დავიბადე. ის სახლი აღარ არსებობს ახლა. ყველაზე ბოლოა - გომის ქუჩა, საიდანაც ძველი თბილისი ხელის გულზე ჩანს! ამიტომაც მიყვარს სიძველე - "სიძველისადმი გრძნობა პატივი, თუ შენში მაინც ოდნავ ელვარებს..." - აი ამ სტრიქონების ავტორის ამბორი მახსოვს თავზე... ილია ვეკუას კოცნა მახსოვს თავზე, იოსებ ნონეშვილის, ილიკო სუხიშვილის, ნინო რამიშვილის, ზურიკო ანჯაფარიძის და რომელი ერთი ჩამოვთვალო... მოზაიკასავით არიან ეს ადამიანები ჩემს ტვინში და როცა ძალიან გამიჭირდება, ისინი საშველად მოდიან. სასწაული გალერეაა!

მანანა გაბრიჭიძე

კომენტარები

Zu ra 2019-05-23 13:00
ბატონი ლადო არის იშვიათად კარგი, მოკრძალებული ადამიანი, ჭეშმარიტი ქართველი, რომელიც ფულსა და ქონებას კი არა, მის ირგვლივ მყოფი ადამიანების სიყვარულს "აგროვებს"
გთხოვთ არ დაბლოკოთ 2019-05-17 03:14
ეს სტატია დაკვეთილია ,თუ? ეს კაცი ყველაფერი ყოფილა და ქვეყანა, რომ ააშენა, ადრინდელი პოლიტიკოსობა არ უწერია
ვახო 2019-05-16 14:45
ამ კაცს ნამუსი აქვს?
ტოტო 2019-05-13 13:44
უკაცრავადმაგრამ ეს ცნობილი ექიმი,რომელიც ასეთი პოპულარულია და ამდენ ათასებს აკეთებს ყოველ თვე ამ ბინაში ცხოვრობს ? რაღაც მეეჭვება...
თუ მარტო ეს ბინა აქვს,არ აირჩიოთ ,მერე არ მოუნდეს გამდიდრება...
Marine 2019-05-10 02:30
ნეტავ ბევრნი იყვნენ ასეთები. ყველას გულს ვერ მოიგებს ადამიანი და არც არის საჭირო

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები