თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ჭაღის უნიკალური ისტორია და საოცარი ფაქტები

სრულიად საქართველო დიდი მოლოდინით ელის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გახსნას. ხუთწლიანი პაუზის შემდეგ ის სრულიად განახლებული იერსახით წარდგება საზოგადოების წინაშე. მაყურებელს ელის ბევრი სიურპრიზი და დიდი ემოცია, რომელიც შეუძლებელია ვერ გამოხატოთ, როდესაც განახლებულ ოპერისა და ბალეტის თეატრს ნახავთ.

პირველი საოპერო თეატრიდან დღემდე...
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრს ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. თბილისის პირველი საოპერო თეატრი საზეიმოდ, 1851 წლის 8 ნოემბერს გაიხსნა. ის ძველი მერიის ტერიტორიაზე, თავისუფლების მოედანზე მდებარეობდა. შენობა 1874 წელს ხანძარმა გაანადგურდა, პრაქტიკულად არ გადარჩა არც ერთი

დეკორაცია, კოსტიუმი თუ რეკვიზიტი, ვერ მოხერხდა მდიდარი სანოტო ბიბლიოთეკის გადარჩენაც. ხანძარს შეეწირა გიგანტური, ტონანახევრიანი ჭაღიც, რომელიც ვორონცოვმა პარიზიდან 9 400 ფრანკად გამოიწერა. ეს ჭაღი მარსელიდან წამოსულა გემით, ქართველები მას ფოთში დახვდნენ. ჭაღი 12 დიდ ყუთში იყო გადანაწილებული და თბილისისკენ ურმებით წამოიღეს. ცნობილია, რომ გზაში ჭაღის ნაწილი დაიფშვნა და ის მეორედ გამოიწერეს. ასევე სრულიად განადგურდა თეატრის დარბაზი, ფოიე და ფარდა, რომელიც მხატვრის, გრიგოლ გაგარინის მიერ იყო გაფორმებული. ფარდაზე გამოსახული იყო  სამწუხაროდ თეატრმა მხოლოდ 23 წელი იარსება.

თბილისის ოპერის ჭაღის შექმნის ისტორიაზე, ჭაღის იდეის ავტორის, ნოდარ ერგემლიძის შვილი, ეკა ერგემლიძე გვესაუბრება:

1973 წელს დამწვარი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის აღდგენა-რეკონსტრუქციის პროცესში შენობის არქიტექტურული ანსამბლისა და ცენტრალური ჭაღის, მთლიანად განათების სისტემის ორგანული შერწყმა ერთ-ერთი უპირველესი ამოცანა იყო.

ოპერის თეატრის ცენტრალური ჭაღის ესკიზზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები 1975 წელს შეჯამდა. კონკურსის გამარჯვებული 35 წლის მხატვარი, თბილისის სამხატვრო აკადემიის გამოყენებითი ხელოვნების კათედრის უფროსი მასწავლებელი ნოდარ ერგემლიძე გახდა. ჟიურის 28 ხმიდან, 26 ხმა მან მიიღო. მოსამზადებელი სამუშაოები მალევე დაიწყო. მამას სურდა ხარისხიანი, მაღალმხატვრული ღირებულების ჭაღის შეექმნა და მუშაობის პროცესში  იგი სწორედ ამ პრინციპებს დაეყრდნო. აღსანიშნავია, რომ მაშინ საქართველოში მსგავსი მასშტაბის სამუშაოების წარმოების ტრადიცია პრაქტიკულად არ არსებობდა.

რას გვეტყვით განათების სისტემის შესახებ?

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ინტერიერში განლაგებულია 11 სხვადასხვა სახეობის  33 ჭაღი, ერთი სახეობის 89 ბრა, 360 პლაფონი ხუთნაირი დეკორით, 16 ბრა სპეციალურად კიბის უჯრედისთვის, 4 ტორშერი და ცენტრალური, 600 ნათურიანი ჭაღი, რომლის დიამეტრი 4,5 მეტრია,  სიგრძე 7 მეტრს შეადგენს, წონა კი - 2,5 ტონაა.განათების სისტემა იქმნებოდა ინტერიერის დეკორის, მისი სტილის გათავლისწინებით, ამიტომ ჭაღების დეკორატიულ ნაწილში, რომელიც დამზადებულია თითბერისგან, გამოყენებულია ის ორნამენტული მოტივები, რომლებიც დამახასიათებელია ინტერიერის მხატვრული გაფორმებისთვის.

როგორც ცნობილია, ოპერის ჭაღის შექმნისას გამოყენებულია ავსტრიული ბროლი, რას გვეტყვთ ამის შესახებ?

ბროლი ავსტრიულმა ცნობილმა კომპანია „ჰაუპტმა“ დაამზადა. ჯერ კიდევ მაშინ  „ჰაუპტს“ 100 წლიანი ისტორია ჰქონდა. იმ დროისთვის მისი ნახელავი ამშვენებდა ნიუ-იორკისა და ვენის საოპერო თეატრს, პარიზის გრანდ-ოპერასა და მსოფლიოს სხვა თეატრებს. ოპერის თეატრის სინათლის არმატურაში გამოყენებულია 200 სახეობის სხვადასხვა ზომისა და ფორმის ბროლის დეტალი, რომელიც ყოველ ჭაღში სხვადასხვა ვარიანტით მეორდება. ცენტრალურ ჭაღში გამოყენებულია 2 სახის უმაღლესი ხარისხის ბროლი „bohemian glass “ და „strassencristal “ („ბოჰემურიმინა“ და „ქუჩისბროლი“).ამ პერიოდში ოპერის თეატრში, სადაც ავსტრიული ბროლი ინახებოდა, განსაკუთრებული დაცვის ზომები არ არსებობდა. უკვე აწყობილი ჭაღებიდან, ტორშერებიდან და ბრებიდან ბროლის დეტალები იკარგებოდა, ამიტომ ნოდარ ერგემლიძემ გადაწყვიტა, შენობაში მხოლოდ უახლოესი ადამიანები მიეყვანა. მისი მეგობრები, და, სიძე, მამა, მთელი ოჯახი საცხოვრებლად ოპერის თეატრში გადავიდა, რადგან იქ მხოლოდ უახლოესი ადამიანები ყოფილიყვნენ, თვალ-ყური ედევნებინათ სამუშაოებისთვის და რომლებიც მთელი პროცესის უდანაკარგოდ მიყვანაში დაეხმარებოდნენ, ვინაიდან, შემდეგ აღარ იქნებოდა შანსი იმისა, რომ ბროლი ხელმეორედ შემოეტანათ ქვეყანაში.

მართლაც, ოპერის ათასფრად მბრწყინავმა ზღაპრულმა ჭაღმა თბილისელები და მისი სტუმრები შენობის გახსნისთანავე აალაპარაკა.

 2010 წლიდან მიმდინარეობს ჭაღის და განათების კონსტრუქციის  რესტავრაცია. საერთო ჯამში ჭაღის და მთლიანად ოპერის თეატრის განათების სისტემას რესტავრაციამდე  აკლდა დაახლოებით 12 000  ერთეული ბროლის დეტალი. იგივე მონაცენების ბროლი, შესაბამისი ლაბორატორიული დასკვნებით და სერტიფიკატებით,  ფონდი ,,ქართუ"-ს მიერ შეძენილი იქნა კომპანია ,,სვაროვსკისაგან". ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ოპერის თეატრის განათების სისტემაში გამოყენებული ბროლის ზოგიერთ დეტალს კომპანია აღარ აწარმოებდა. ფონდი „ქართუს“ ძალისხმევით კი მოხდა ამ დეტალების სპეციალური შეკვეთა და მისი დამზადება. მეტალის კონსტრუქციებსა და ორნამენტებს ჩაუტარდა სპეციალური ქიმიური დამუშავება, მეტალი მთლიანად გაპრიალდა და დაიფარა კოროზიის საწინააღმდეგო  ლაკით. რესტავრაციის პროცესში  სამუშაოებს ზედამხედველობას უწევდნენ  ნოდარ ერგემლიძის ოჯახის წევრები,   მისი შვილი თორნიკე ერგემლიძე  და ის პერსონალი, რომელიც 1975-1977 წლებში უშუალო მონაწილეობდნენ  ოპერის თეატრის განათების სისტემის  აწყობასა და მოტაჟში. აღსანიშნავია, რომ ამ სამუშაოების შედეგად ჭაღი და მთლიანად განათების სიტემა აღდგა იგივე ხარისხის და ფორმის ბროლით, რაც გამოყენებული იყო ჭაღის და მთლიანად ოპერის თეატრის განათების  თავდაპირველ ვერსიაში.

როგორც ოპერისა და ბალეტის თეატრის მუზეუმის დირექტორმა,რუსუდან დაუშვილმა გვიამბო, ძალიან საინტერესო რიტუალია ჭაღის გაწმენდის პროცესი. საჭიროებისამებრ ჭაღი წელიწადში ერთხელ ან ორჯერ  გაწმენდას საჭიროებს, სწორედ ამიტომ სპეციალური ჯალამბარის მეშვეობით, 40 წუთის განმავლობაში, ნელ-ნელა ეშვება ქვემოთ. მის გაწმენდას 1 სრული დღე სჭირდება. ეს ფაქტი ყოველთვის ყურადღების ცენტრშია მედიის მხრიდან, ყველას სურს ნახოს, როგორია გიგანტური ჭაღი, რომელსაც სულ რამდენიმე საათით შეგიძლია შეეხო. მნიშვნელოვანია ასევე წითელ დარბაზში არსებული 2 დიდი ჭაღი, რომელიც იმეორებს ცენტრალური ჭაღის დეტალებს.

ოპერის ჭაღი ნებისმიერი ადამიანისთვის არის ულამაზესი და საოცარი ქმნილება, ყველას საკუთარი ისტორია აკავშირებს მასთან, აი, რას იხსენებს იმ დროის მოსწავლე, ქალბატონი თინიკო ხარაძე: 

„მაშინ მე 6-7 წლის გოგონა ვიყავი. ფიგურულ სრიალზე დავდიოდი, ბალეტის გაკვეთილებს ვიღებდი ცნობილი ბალეტმეისტერის - იური ზარეცკისთან. ძალიან მიყვარდა საბალეტო სპექტაკლებზე სიარული. ამ სიამოვნების მიღებაში მეხმარებოდა ჩემი ბიძა - გალაკტიონ ჩხაიძე, რომელიც იმ წლებში ოპერის თეატრში ე.წ. ,,შუქით მხატვრად" (გამნათებელი) მუშაობდა. მისი დახმარებით მოვხვდი ოპერის ჭაღის სამართავ პულტთან. იმ დროს ამ განყოფილების ოპერატორად მუშაობდა დიდი კომპოზიტორის დიმიტრი არაყიშვილის შვილიშვილი დიმა არაყიშვილი, რომელმაც უფლება მომცა, ჩამექრო ოპერის ჭაღი. დამერწმუნეთ, 6-7 წლის ბავშვისთვის, რომელიც ყოველ მისვლაზე ამ ჭაღს, როგორც ზებუნებრივ საგანს უცქერდა, მასთან შეხება წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თან ამას ისიც დაემატა, რომ ბავშვი, რომელიც მუსიკალურ შვიდწლედში დიმიტრი არაყიშვილის შემოქმედებას სწავლობდა, მის ნაწარმოებებს უსმენდა, უცებ პირისპირ აღმოჩნდა მის შვილიშვილთან, რომელიც როგორც მის თანატოლს, ისე დამხვდა და ,,მეგობრულად" მედგა გვერდში ამ ,,საპასუხისმგებლო მისიის" შესრულების დროს. მაშინ თბილისში ცნობადი სახეების და მათი ოჯახის წევრების მიმართ სრულიად განსხვავებული პატივისცემა იყო. ალბათ, ამ გარემოებების თანხვედრამ გამოიწვია ჩემში ეს დიდი ემოცია, რომელიც დღემდე ცოცხლობს“.

როდესაც თეატრი დაიწვა, განადგურდა თეატრის ფარდაც, რომლის ავტორიც სერგო ქობულაძე გახლდათ. მისი ბოლო ესკიზის მიხედვით გაკეთდა სპეციალური პრინტი, რომელიც გერმანიაში დაიბეჭდა, 11X17 მეტრზე შერსულებულია ყოველგვარი გადაბმის და ნაკერის გარეშე. ესკიზზე სამხატვრო აკადემიის პროფესორმა ნანა იაშვილმა და მისმა სტუდენტებმა იმუშავეს, საქართველოს კულტურის სამინისტროს დახმარებით კი 42-წლიანი პაუზის შემდეგ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა ეს სავიზიტი ბარათი დაიბრუნა. ქობულაძის ფარდის ასლის დაბეჭდვა გერმანულმა კომპანია „გერიეცმა“ განახორციელა. 

სრული რესტავრაცია ჩაუტარდა სკამებს, რომელიც მსოფლიო კატალოგში შესულია „სავარძელი-თბილისი“-ს სახელით.

ცოტა რამ ისტორიიდან
ხანძრის შემდეგ, 1896 წელს დასრულდა არქიტექტორ შრეტერის მიერ დაპროექტებული ახალი „სახაზინო თეატრის“ მშენებლობა, რომელიც 1200 კაცზე იყო გათვლილი (ეს არის დღევანდელი ოპერის თეატრის შენობა). თეატრის გეგმის პროტოტიპად რიჰარდ ვაგნერის ბაიროითის თეატრი იყო აღებული. შენობის სახეს ისლამური არქიტექტურისთვის დამახასიათებელი ელემენტების ერთობლიობა განსაზღვრავს. ახალ შენობასაც 1973 წელს გაუჩნდა ხანძარი, რომელმაც თითქმის მთლიანად დააზიანა ინტერიერი. ხანძრის შემდეგ თეატრის შენობა საფუძვლიანად გადაკეთდა. მისი არქიტექტორები იყვნენ ლერი მეძმარიაშვილი და მურთაზ ჩაჩანიძე. რეკონსტრუქციის ავტორებმა შეძლეს შენობის აღმოსავლური, ფსევდომავრიტანული სტილის შენარჩუნება. ამ სტილს ისრული თაღები, დეკორატიული კოშკურები, სტალაქტიკური მორთულობა, ორნამენტული მოტივები ქმნის. ასევე შენარჩუნდა შენობის წინა ფასადი.



2010 წლის შემდეგ...
2010 წელს დაიწყო თეატრის მასშტაბური რესტავრაცია. დაემატა ღია ვერანდები, განსაკუთრებით შეიცვალა და გაიზარდა სცენის ნაწილი. დღეს ყველა საჭირო კომუნიკაცია აღჭურვილია უახლესი ცენტრალიზებული და კომპიუტერიზებული მართვის სისტემით. თეატრის ცენტრალური დარბაზი 1065 მაყურებელს იტევს. სცენას აქვს 4 მოძრავი ბაქანი. სულ 5 დარბაზია: 2 ბალეტის, 1 გუნდის, 1 მცირე დარბაზი და 1 დიდი დარბაზი. საორკესტრო ორმოს კონსტრუქცია ასაწევ-დასაწევი იატაკით სიმფონიური კონცერტების ჩატარების საშუალებას იძლევა. თეატრის ფოიეში მდებარეობს დარბაზები, ე.წ. წითელი დარბაზი და სარკეებიანი დარბაზები, სადაც შეიძლება კამერული კონცერტებისა და სხვადასხვა სახის შეხვედრის გამართვა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი არის ის, რომ ზედმიწევნით შენარჩუნდა ის ძველი იერსახე, რაც ჰქონდა თეატრს მანამდე. ასე რომ, კავშირი სიძველესთან არ გაწყვეტილა, თუმცა, შენობა შეივსო თანამედროვე ელემენტებითაც.

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გახსნა 2016 წლის დასაწყისში იგეგმება. მაყურებელს ელის არაჩვეულებრივი წარმოდგენები, შენსანიშნავი გარემო და სიამაყის შეგრძნება, რომ ეს ყველაფერი საქართველოში ხდება. 

კიდევ უფრო ვრცლად და კიდევ უფრო ბევრ საინტერესო ამბავს ამ უნიკალურ შენობაზე, მის ინტერიერსა და ისტორიულ ნივთებზე „შინის“ მომდევნო ნომერში წაიკითხავთ. განახლებული ოპერის ექსკლუზიური ფოტოები კი გალერეაში იხილეთ.
სალომე გორგოშიძე


კომენტარები

Tbilisi 2024-02-11 12:46
ახლა უკვე 2024 წელია. ულამაზესი ოპერა დიდი ხანია გაიხსნა. გახსნაზე ბატონი ივანიშვილი არ მივიდა, რადგანაც ნაცებმა მორიგი პროვოკაცია მოაწყეს და საპროტესტო აქციით აღნიშნეს ოპერის გახსნის მშვენიერი დღე. რატომ გადაეცით ივანიშვილს მოსაწვევიო. ჩვენც გვინდა შესვლაო. მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა, ნეტა ერთხელ მაინც თუ იყო რომელიმე იქ მდგომი ნაცებიდან მისული ოპერაში. მოკლედ აი ასეთი "მადლიერება" დაინახა ივანიშვილების ოჯახმა, ამ პროექტის დაფინანსებისა და განხორციელებისთვის. სხვა რამდენი რამე აქვთ გაკეთებული ვინ დათვლის. მარა ერთი სათანადო მადლობა არავის უთწვამს. ძალიან სამწუხაროა ასე რომ იქცევა ბევრი ადამანი. დაუნახაობა და უმადურობა ხომ დიდი დანაშაულია. ოპერას კი ვუსუროთ წარმატებები!
marita 2016-01-21 13:04
საღოლ ბიძო. მაგარი კაცი ხარ! იქნებ ღმერთმა მაინც გადაგიხადოს იმ უამრავი სიკეთისთვის, რაც შენ საქართველოს გაუკეთე, თორემ ქართველებისგან მადლობასაც არ უნდა ელოდე...
მიმი 2015-12-26 13:42
ეს შესანიშნავი საახალწლო საჩუკარი კარტველ ხალხს გაუკეტა ბატონმა ბი9დზინა ივანიშვილმა,რისტვისაც დიდ მადლობას მოვახსენებ წინასწარ ვულოცავ მტელ მის ოჯახს ახალ წელს,გტხოვტ ნუ მი9ბლოკავტ , წინასწარ გიხდიტ მადლობას.

კომენტარის დამატება