ნუნუ გაბუნიას როიალი, წინაპრების სახსოვარი საათი, სარკე და... მოგონებები

კომპოზიტორმა და მომღერალმა ნუნუ გაბუნიამ ბავშვობა რუსთაველზე, ოპერასთან მდებარე ერთ-ერთ სახლში გაატარა. შემდეგ საბურთალოზე გადავიდა, დელისთან, ამჟამად კი ტელევიზიასთან ახლოს ცხოვრობს, მაგრამ დღემდე ბავშვობის დროინდელი სახლი და ეზო ესიზმრება.



მუსიკის წერა სკოლის ასაკში დაიწყო. ჯერ პირველი მუსიკალური სასწავლებელი დაამთავრა, შემდეგ კი თბილისის კონსერვატორიის საკომპოზიციო და ვოკალური ფაკულტეტები. მუშაობა სწავლის პარალელურად დაიწყო, მის ბიოგრაფიაში არის ჟურნალისტიკაში მოღვაწეობის პერიოდიც. გახლდათ საბავშვო მუსიკალური გადაცემების რედაქტორი. 1971 წლიდან იყო საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ორკესტრის სოლისტი. საესტრადო და საბავშვო სიმღერების გარდა, საოპერო, საბალეტო და სიმფონიური
ნაწარმოებების ავტორიცა. მის მიერ შექმნილი „ავე მარია“ მსოფლიოს 18 საუკეთესო „ავე მარიას“ შორის არის.



ქალბატონ ნუნუსთან სტუმრობისას შინ მისი ქალიშვილი მანანა, ოთხი შვილთაშვილიდან ერთ-ერთი და კოკერსპანიელი ბუბუ დაგვხვდა. კომპოზიტორს შინაური ცხოველები ძალიან უყვარს. თურმე ყოველთვის ჰყავდა სახლში კატა ან ძაღლი. მათგან ერთ-ერთი - ტოიტერიერი პიკოლინო, კარგი მომღერალი ყოფილა და წლების წინ მასზე სიუჟეტიც კი მოუმზადებიათ გადაცემისთვის „ვრემია“. პიკოლონოს ისეთ ცნობილ მომღერლებთან ჰქონდა დუეტები ნამღერი, როგორებიც იყვნენ: ელენა ობრაზცოვა, ზურაბ ანჯაფარიძე, ზურაბ სოტკილავა, მაყვალა ქასრაშვილი, ირინა არხიპოვა და ა.შ. ქალბატონი ნუნუ თვლის, რომ როცა ცხოველების გვერდით იზრდებიან ბავშვები, ისინი ყოველთვის უფრო კეთილები და ჰუმანურები არიან.



ქალბატონი ნუნუ წინასწარ მყავდა გაფრთხილებული, რომ მისთვის ძვირფასი ნივთები დაეთვალიერებინა. რასაკვირველია, პირველი როიალია, რომელთანაც ძალიან დიდ დროს ატარებს და 35 წელია კომპოზიტორს „ემსახურება“. თუმცა, პიანინო, რომელთანაც ნუნუ გაბუნიას შემოქმედების ერთი დიდი ნაწილი შეიქმნა, მისი დედის მზითვი ყოფილა. ახლა უკვე ის ინსტრუმენტი ქალბატონი ნუნუს შვილიშვილის საკუთრებააა.



კომპოზიტორს განსაკუთრებით უყვარს ძველი ავეჯი, ჭურჭელი, ანუ ყველაფერი, რაც მის წინაპრებს ეკუთვნოდა და ბუნებრივია, რომ თითოეული მისთვის ძალიან ძვირფასია. ვფიქრობ, ამ თბილ და გულწრფელ ქალბატონთან სტუმრობისას მისი ცხოვრების ბევრი უცნობი დეტალი შევიტყვეთ.

- ქალბატონო ნუნუ, როგორც ჩანს, ძველი ნივთები გიყვართ...



- დიახ, მე ამ ნივთების გარემოცვაში გავიზარდე. ჩემთვის ძვირფას ნივთებს შორის არის ხის სარკე, გველეშაპის ფიგურით, რომელიც ბებიაჩემის ძმამ პარიზიდან ჩამოიტანა, თუმცა, ჩინური ან იაპონური უნდა იყოს. მსგავსი, შედარებით პატარა სარკე ნანახი მაქვს ერმიტაჟში, მაგრამ ჩემი უფრო მაღალი და ლამაზი ფორმისაა. ეს სარკე ერთ-ერთი ძველი ნივთია ჩემს ბინაში, და ასევე საათი, რომელიც XIX საუკუნის 70-იან წლებში ჩამოუტანა ბებიაჩემს პარიზიდან თავისმა ძმამ. 300-ზე მეტი წლისაა და დღემდე ისეთი სიზუსტით მუშაობს, გაოცდებით, მაგრამ გაჩერებული მაქვს, რადგან ყოველ 15 წუთში ისე ხმამაღლა რეკავს, ყველას აწუხებს. ძალიან მიყვარს ბათუმელი ბებიის (მამაჩემი ბათუმში დაიბადა), ანასტასია გეგენავასეული ვერცხლის საშაქრე და სარძევე, რომელზეც ამოტვიფრულია ბებიის ინიციალები - ა. გ.



კალამი მაყვალა ქასრაშვილმა მაჩუქა, როცა საკონცერტო დარბაზის წინ ვარსკვლავი გამიხსნეს. 2011 წელს თბილისის საპატიო მოქალაქე გავხდი და ეს პრიზიც სხვებთან ერთად თაროზე დევს. თბილისში დავიბადე და გავიზარდე და ჩემი ქალაქი ძალიან მიყვარს. ამას წინათ ჩემს ნაწარმოებებს გადავხედე და არ არსებობს სიმღერა, ტექსტში „თბილისი“ არ იყოს ნახსენები. ამიტომ ძვირფასია ჯილდოც, რომელიც თბილისის საპატიო მოქალაქედ წოდებისას გადმომცეს.

ჩემი მეგობრის ნაჩუქარი ეგვიპტიდან ჩამოტანილი ზარდახშაც მოვახვედრე ძვირფას ნივთებს შორის. მოგეხსენებათ, ერთადერთი ქალიშვილი მყავს, მანანა, მაგრამ ჩემს მეორე შვილად ვთვლი ერთ ადამიანს, შოთიკო მაღლაკელიძეს, რომელმაც საკუთარი ხელით გაკეთებული ოქროსფერი ეტლის ფორმის სუვენირი მაჩუქა.



ავეჯიდან ერთ-ერთი კარადა, ვარდის ხისაა და ვერცხლის დეტალებითაა გაფორმებული. ბებიას ნაქონია, მაგრამ არც მან იცოდა, თუ ასეთი ძვირფასი იყო. ეს ნივთი ძალიან მოსწონდა ლენა ობრაზცოვას და სულ მეუბნებოდა, მომყიდეო. თუ ასე მოგწონს, წაიღე-მეთქი, ვჩუქნიდი. ჩემი აზრით, ასეთ ნივთებზე დრო და ჟამი არ მოქმედებს, მაგრამ ჩემს შვილიშვილებს არ მოსწონთ ძველი ავეჯი, თანამედროვე ურჩევნიათ. დრომ გააფუჭა, ბავშვებმაც დააზიანეს და ძლივს დგას ფეხზე. ეს კარადა ანტიკვარების ექსპერტმა რომ ნახა და შეაფასა, აღმოჩნდა, რომ ძალიან ძველი და ძვირფასია. მერე უკვე გავჩუმდი და ლენასთვის აღარ მითქვამს წაიღე-მეთქი (იღიმის).

სუვენირებს შორის ბევრი სხვადასხვა ფორმისა და ფერის კვერცხი აქვს. როცა ამაზე ვკითხე, - მეც ახლა დავაკვირდი, რამდენი დაგროვილაო, - გაეღიმა. თუმცა მათ შორის ერთს - სადა, ყვავილებით გაფორმებულ ნამუშევარს ეტყობოდა სიძველე და მართალი აღმოვჩნდი, ის ქალბატონი ნუნუს ბებიის დროინდელი ყოფილა, რომელიც დაახლოებით 200 წელს ითვლის.



კედლებზე გამოფენილ ფოტოებს შორის, ერთ-ერთი მისი და მეუღლის გოჩა აბაშიძის ფოტოა. ამ ისტორიულ კადრზე ქალბატონი ნუნუ 17 წლისაა. შინ აქვს ლადო გუდიაშვილის ნახატი წარწერით: „ძვირდფას ნუნუს, ლადო გუდიაშვილისგან“.

- ქალბატონო ნუნუ, სახლი ის გარემოა, სადაც მუშაობთ, რეპეტიციები გაქვთ, სხვადასხვა თაობის შემსრულებლები თუ ახლობლები გსტუმრობენ. ალბათ გაქვთ ადგილი, სადაც დაღლილი განმარტოვდებით ხოლმე და ყველაზე უკეთ ისვენებთ...



- სხვათა შორის, ყველაზე კარგად ინსტრუმენტთან ვისვენებ. იქ ჩემს საყაროში ვარ. თუ სახლში არავინაა და სიწყნარეა, მაშინ უკვე შემიძლია, რაღაც დავწერო. ბავშვები ჩემთვის ყველაფერია, მაგრამ მათ ხმაურში ვერ ვმუშაობ. უკვე სამი შვილთაშვილი მყავს, ყირაზე გადადიან, მეოთხე „ხმაურის შემომტანი“ ბუბუა. ყველანი ერთად რომ არიან, თქვენ არ იცით, აქ რა ხდება (იღიმის).

- საზღვარგარეთ ან საბჭოთა კავშირის ქვეყნებში როცა მოგზაურობდით, სახლისთვის ჩამოგქონდათ რამე კონკრეტული? რას იძენდით ყველაზე ხშირად?



- ყოველთვის ვყიდულობდი ჭურჭელს, კარადები სავსე მაქვს და თუ რატომ, ახლავე მოგახსენებთ: ძალიან ახალგაზრდა რომ ვიყავი, შინ ბევრი ჭურჭელი არ გვქონდა. ერთხელაც სტუმრებს ველოდით, ჭურჭელი არ გვყოფნიდა და თეფშები მეზობელს ვთხოვე. ჩემს თეფშებს ნათხოვარი სერვიზი შევმატე და გავაწყვე სუფრა. ამ დროს მამიდაჩემს მეზობლის სერვისის ერთი პატარა თეფში ხელიდან გაუვარდა და გატყდა.

მაშინ დელისთან ერთ-ერთ კორპუსში ვცხოვრობდი და ისეთივე სერვიზი ჰქონდა რუსთაველზე მეორე მეზობელს. მომხდარზე ვერაფრის თქმა გავუბედე ახალ მეზობელს და რუსთაველზე მცხოვრებ დეიდა თათუშას ვთხოვე, სერვისი დაეშალა და იქიდან ერთი თეფში ჩემთვის დაეთმო. ხომ იცი, მოსკოვში ხშირად მიწევს სიარული და ჩამოგიტან-მეთქი, - დავპირდი. მართლაც მომცა და ახალ მეზობელს მივუტანე. მას შემდეგ გამიჩნდა ჭურჭლისადმი ასეთი დამოკიდებულება. დღეს, როცა შინ რამე ჭურჭელი ტყდება, მიხარია და ვამბობ, რა ბედნიერი ვარ, რომ ჩემი თეფში გატყდა-მეთქი.

- შინ ტრიალი, სამზარეულოში ფუსფუსი, რამდენად თქვენია და თუ ახერხებთ?



- ჩემი შვილი ძალიან მეხმარება, თითქმის ყველაფერი მის კისერზეა, მაგრამ როცა რამეს ვამზადებ, როგორც ამბობენ „გემრიელი ხელი მაქვს“.

- ძველებური სამკაულიც გიყვართ?

- დიახ, მიყვარს, მაგრამ ორჯერ „პატივი დამდეს“ და გამქურდეს. პირველად კონცერტზე ვიყავი და როცა შინ დავბრუნდი, კარი დამტვრეული და ყველაფერი დაზიანებული დამხვდა. საერთოდ, კონცერტზე სცენაზე უფრო კარგად ბიჟუტერია ჩანს და ძვირფას ნივთებს არ ვიკეთებდი. მეორედ, ახლობელი დავტოვეთ სახლში, არ ვიცი, რა მოხდა, ვინ მოიყვანა და მაშინ ყველა სამკაული დავკარგე, რაც ჩემი თბილისელი ბებიისგან სახსოვრად დამრჩა. ძალიან ლამაზი ბეჭდები მქონდა. ახლა სამკაული მაქვს, მაგრამ სამწუხაროდ ძველებური აღარ.



- დაბოლოს, ქალბატონო ნუნუ, დღეს როცა ინსტრუმენტს მიუჯდებით ხოლმე, ახალ-ახალი ნაწარმოებები იქმნება, თუ ძველს უბრუნდებით უფრო ხშირად?

- ორივე თანაბრად ხდება. საერთოდ, კარგი პედაგოგები მყავდა: პირველი იყო შალვა მშველიძე, შემდეგ კონსერვარტორიაში: იუნა ტუსკია და ალექსანდრე შავერზაშვილი. მუსიკალურ სასწავლებელში სწავლისას ბატონი შალვა მეუბნებოდა: „დღეს მე ორი ტაქტი დავწერე“. მეორე დღეს კიდევ მიამატებდა და ასე ეტაპობრივად. ვფიქრობდი ხოლმე, ასე როგორ ახერხებს-მეთქი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი უსაყვარლესი პედაგოგი იყო, ვერ წარმომიდგენია ერთი დღე მხოლოდ 2 ტაქტს დავუთმო. ჩემთვის აუცილებელია, მთლიანი მონახაზი მქონდეს, ან მხოლოდ შესავალი სრულად და შუა ნაწილი და ფინალი მერე გავაკეთო. ნაწილ-ნაწილ ვერ ვწერ, არ შემიძლია.

ანა კალანდაძე

კომენტარები

..nodari 2019-10-13 02:48
.martlac SesaniSnavia
მარი 2019-10-01 13:41
ამის შემდეგ გფამოხტება ციღთაც მეტიჩარა ბლოგერი და ქართველების გაჭინთულ პატივმოყვარეობაზე დაიწყებს წერას, სილამაზე აქვს ამ ღირსეულ ქალბატონს ოჯახში, ნეტავ ყველა ქართველ ქალბატონს ჰქონდეს ასეთი სახლკარი და ასე გალამაზებული.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები