ჟურნალ "შინ"-ის ვრცელი მიმოხილვა ერთგული მკითხველისგან (ნაწილი მეორე)

გაგრძელება
იხილეთ დასაწყისი
ვსტუმრობ ნიკუშა შენგელაიას მიერ გემოვნებით დაგეგმარებულ ბინას... ვათვალიერებ ინტერიერს, რომელსაც ძალიან უხდება მამუკა მიქელაძის ნახატი "ოჯახი"... რა თქმა უნდა, სოფიკო ჭიაურელის სამეული, ტრილიაჟი; ასევე ყურადღებას იქცევს ოლეგ ტიმჩენკოს ნახატი, ფოტოები, სკივრები, საძინებელში ძველებური ფარდაგები... ზოგადად, მუქი ფარდების ფონზე, ფერთა შესაშური გადანაწილება...
სოფიკო ჭიაურელის ანტიკვარული ნივთები და ნიკუშა შენგელაიას გემოვნებით შექმნილი ინტერიერი...

სერიით "ძველი თბილისის სადარბაზოები" ვეწვიე ბეთლემის ქუჩაზე მდებარე შენობას, რომელიც თბილისში ერთადერთია - ვიტრაჟებით დამშვენებული. საინტერესოა გიორგი ათონელის #31-ში მდებარე შენობის სადარბაზო, ასევე - აღმაშენებლის #36-ში
აღმოსავლურ-გოთიკური სტილით ნაგები სახლის სადარბაზო, მაჩაბლის 17/27-ში - პომპეზური სადარბაზო, რომელიც დღესაც აღმოსავლურ სასახლეს მოგვაგონებს; წინამძღვრიშვილის #39-ში, მხატვარ პოზნანის ხელმოწერაა შემორჩენილი...
ძვე­ლი თბი­ლი­სუ­რი სა­დარ­ბა­ზო­ე­ბი - დაათვალიერე და გაიცანი შენი ქალაქი!

ინტერესითა და მოკრძალებით ვესტუმრე, დავათვალიერე რეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილის ბინა, რომელშიც იგი 1976 წლიდან ცხოვრობს... - "1896 წელს ბებიაჩემს ეს ჭურჭელი მაშინდელმა რუსმა მთავარმართებელმა აჩუქა... რომლის ნაწილიც წინანდლის მუზეუმში ინახება"... ალექსანდრე ჭავჭავაძის შთამომავლის ბინა სადა და მყუდროა. ინტერიერს ძველებური კომოდი, როიალი, ეგვიპტიდან ჩამოტანილი ლამპარი, ჭავჭავაძეების სამელნე, მონღოლი მეომრის ფოლადის ნივთი, ბიბლიოთეკა... ინტელექტუალურ ელფერს სძენს; ამას თან ახლავს გია მირზაშვილის, გოგი მიქელაძის, თენგიზ მირზაშვილის, ელენე ახვლედიანის, პიკასოს, ფრანგ შტუკის, თამაზ ხუციშვილის ფერწერული ტილოები; სერგო ფარაჯანოვის ნაქარგი "ალექსანდრე ჭავჭავაძე", მისივე ნაჩუქარი ლიმონი, დეიდის სახსოვარი ბუდას ფიგურა, ლადო გუდიაშვილის დასურათებული "ვეფხსტყაოსანი" - უშანგი ჩხეიძის წარწერით, ბიზანტიური ხატი, სერვისის ნაწილი - თეფში როიალზე, სტუდენტების, ასისტენტების, მეგობრების სახსოვარი ჭიქები, სუვენირები; სხვათა შორის, მონღოლი მეომრის ფოლადის ნივთში, თურმე აბედს ინახავდნენ...
აქ არც ერთი ნივთი ”ტყუილად” არ შეუნახავთ - ოჯა­ხუ­რი რე­ლიკ­ვია მე­რაბ კო­კო­ჩაშ­ვი­ლის სახ­ლ­ში


ალბათ ბევრმა არ იცოდა, მათ შორის მეც, თუ როგორ მოხვდა რომანოვების სამეფო ხალიჩა ქ-ნ ნანი ბრეგვაძის ოჯახში... ვნახე ხალიჩაც, პეტერბურგში ნაყიდი და ჩამოტანილი ავეჯი და როიალი, კედლებზე ფერწერული ტილოები, ნანისა და ეკას საყვარელი ჭურჭელი, ფოტოები, ქოთნის მცენარეები... შევიხედე საძინებელსა და სამზარეულოში... ახლაც დარწმუნებული ვარ, მათთან მართლაც სინამდვილეში ვიყავი, რადგან შთაბეჭდილებები დღემდე მომყვება...
როგორ მოხვდა რომანოვების სამეფო ხალიჩა ნანი ბრეგვაძის ოჯახში

სიამოვნებით ვესტუმრე ზუგდიდელ ფოლკლორისტს, ლოტბარს, ხატმწერს, დეკორატორს, მებაღეს, არაპროფესიონალ არქიტექტორს, გურმანს... - ბესიკ ჭითანავას საკუთარ, სამსართულიან "უცხო" სახლში, რომელზედაც კოშკი თავად დაუპროექტებია... თვალს მოგტაცებთ 1884 წელს "ციმერმანის" ფირმის გერმანული პიანინო; აქვს კერამიკისა და ლითონის საგნების კოლექცია - დოქები, თუნგები, ქვევრი, ფიალები, გობი, უთო; 200 წლის კორსიკული კარადა... შიდა კიბის ქვეშ ორიგინალური მოსასვენებელია მოწყობილი... კარმიდამო სავსე ხეხილითა და სხვადასხვა ჯიშის მცენარეებით, ყვავილნარით...
„ფოლ­კ­ლო­რის სახ­ლი“ სამეგრელოში - ბესო ჭითანავას სამოთხე

ვეწვიე ცნობილი მხატვრების ქეთი მატაბელისა და გია გუგუშვილის სახლს, ცოტა ხნით მათ შინაურ გარემოში დავყავი... - ბინის შიდა დიზაინი ერთად გადაუწყვეტიათ; ნიჩბისის ქვისგან ბუხარი გაუკეთებიათ; ოთახებს ოჯახის ყველა წევრის მიერ შეგროვებული ძველი ნივთები, თოჯინების კოლექცია ამშვენებს, ცხადია, მასპინძლების ნახატებს პაექრობას ვეცერთი უწევს; ქოთნის მცენარეების სიუხვეა, რომელთაც ქ-ნი ქეთი სიყვარულით უვლის... ყურადღებას იპყრობს უძველესი ლამპარი, მინიატურული წიგნების საინტერესო კოლექცია, სკივრები, ზარდახშები, გემოვნებით შექმნილი ინტერიერი...
იმოგზაურეთ სახლში, სადაც ორი ცნობილი მხატვარი ცხოვრობს - გია გუგუშვილისა და ქეთი მატაბელის ექსკლუზიური ნივთები


გავიცანი 86 წლის გაბო პაპა - ერეკლე მეფის გალავნის მცველი და თელავის რ. სოფ. მატნის მემატიანე - გაბრიელ ხაძუაშვილი, რომელიც 26 წელია, 1990 წლიდან იცავს ტაძარსა და გალავანს... ადრე, გარშემო, მოუვლელი მიწაღორღი, მას ყვავილნარად უქცევია, დაურგავს სხვადასხვა ჯიშის მცენარეები, რომლებსაც ისევე გულიანად უვლის, როგორც ერეკლეს გალავანს... იმედი მაქვს, გაბო პაპა ისევ ცოცხალია და მხნედ არის!..
86 წლის გაბო პაპა - ერეკლეს გალავნის მცველი და მატნის მემატიანე

საგულისხმო წერილია ოპერის თეატრზე - რა უნდა ვიცოდეთ პირველი საოპერო თეატრიდან დღემდე... ინტერესით იკითხება მასალები "სახაზინო თეატრის" არქივიდან, რომელიც 1896 წლით თარიღდება... დღეს თეატრი, რამდენიმეწლიანი რემონტის შემდეგ, განახლებული ჭაღითა და მხატვარ სერგო ქობულაძის ცნობილი ფარდით ხვდება თავის მაყურებელს... ბევრისმთქმელია თეატრის მუდმივმოქმედი ექსპოზიცია შინაარსითა თუ უხვი ფოტომასალით.
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ჭაღის უნიკალური ისტორია და საოცარი ფაქტები

ცნობილ ოპერის მომღერალს მედეა ამირანაშვილს შინ ვეწვიე... თვალში მომხვდა ძველებური ავეჯი, ფოტოები, აფიშები, ფერწერული ტილოები, მისი საყვარელი სუვენირები, ანტიკვარული ნივთები; მაგალითად, ვერცხლის ზარდახშა, რომელიც როიალზე მოკალათებულა და ფრაკიანი მამაკაცი ფორტეპიანოს კლავიშებს უზის, სპილენძისგან გაკეთებული ძველი სასანთლე - გოგონა, ძველი ფორტეპიანო... ყურადღებას იქცევს მშობლების ფოტოები - მამა, ასევე ოპერის ცნობილი მომღერალი, საოცარი ხმისა და გარეგნობის მქონე კაცი, კინოფილმ "ქეთო და კოტე"-ში თავადი ლევანის შემსრულებელი - პეტრე ამირანაშვილი, დედა - შესანიშნავი მეცოსოპრანო ნადეჟდა ცომაია... - "თბილისის ოპერა ჩემთვის დედათეატრია, ქუთაისის - შვილობილი... ყველგან კარგია, მაგრამ სახლში უკეთესია, - ეს ფრაზა ხშირად მითქვამს. არასოდეს მიფიქრია ჩემი ქვეყნის მიტოვება. არადა მიმღერია კანადიდან დაწყებული, ავსტრალიითა და ზელანდიით დამთავრებული, ცხადია, ევროპის ჩათვლით. პარიზში სეზონიც კი გავხსენი, მაგრამ არანაირ შემოთავაზებებს არასდროს დავთანხმებივარ... მთავარია, ადამიანმა ფარ-ხმალი არასდროს დაყარო და იყო მადლიერი!!!"
მედეა ამირანაშვილის და მისი ცნობილი მამის შინაური გარემო

ორსაუკუნოვანი ავეჯით გაწყობილ სახლში, თბილისელი კოლორიტის ლადო კახიძის ბინაში მისთვის ბევრი საინტერესო და ძვირფასი ნივთია; მაგალითად: - პატრიარქის ნაჩუქარი ხატი, ფრიდონ სულაბერიძის ნაჩუქარი ლეკვერთები, ანდრია პირველწოდებულის ქანდაკება, ძველებური საათი, ბ-ნ გიგა ბათიაშვილის მიერ ახალგაზრდობაში შექმნილი თბილისის სქემა, რომელიც მას მისთვის უჩუქებია... ფერწერული ტილოები, ფოტოები, წიგნები და სხვა.
როგორ სახლში ცხოვრობს ლადო კახაძე


დავათვალიერე ოპერის დამდგმელი მხატვრის დავით მონავარდისაშვილის ურთულესი ტექნიკით შესრულებული ავეჯი, ქანდაკებები; ლითონისა და ხის ნაკეთობები: სავარძელი ხანჯლებით, მონეტებით გაფორმებული ზარდახშა, ცხენი, სანათი, სავარძელი ვაჟას პორტრეტის მიხედვით... "კაცი", რომელის ადამიანის ფეხებზე დგას; არაერთი კომპოზიცია აქვს შექმნილი, მათ შორისაა "ბიბლიაში მოგზაურობა", სარკე - "სიბერე", "მოგზაურობა გენეალოგიაში", რომლის შექმნის იდეა წინაპართა ფოტებმა გაუღვივა...
დავით მონავარდისაშვილის ავეჯი-ქანდაკებები და ძველი თბილისი ლითონის ხეზე

ინტერესით იკითხება - ძველად სვანეთში ნადირობის წესებსა და დღევანდელ დღეს გამოცდილი მონადირეების მონაყოლზე, წერილი-ინტერვიუ; შთამბეჭდავია ინტერვიუ ამბრი კახიანთან, რომელსაც 17 წლისას დაუწყია ნადირობა...
როგორ ნადირობდნენ ძველად სვანები და რას ჰყვებიან დღეს გამოცდილი მონადირეები

საინტერესოდაა გაშუქებული ნამდვილი თამადის თემა ნუგზარ მოლაშვილთან... ექსკლუზიური ინტერვიუ სვანეთში საცხოვრებლად დარჩენილ ქალბატონთან, პროფესიით ფსიქოლოგთან ელისაბედ ჟურდოსთან, რომლის ნათქვამ-გაფრთხილება თან აუცილებლად გამოგყვებათ: - "გაუფრთხილდით თქვენს ტრადიციებს, სულიერებას, ნუ დაკარგავთ ღმერთამდე მისასვლელ გზას!" სტატიას თან ახლავს ვახტანგ ნავერიანის არაჩვეულებრივი, ულამაზესი ფოტოკოლაჟი.
როგორი უნდა იყოს ნამდვილი თამადა

ვეწვიე თეატრისა და კინოს მსახიობს ჯემალ ღაღანიძეს, რომლის ბინის კედლებსაც ბევრი აფიშა ამშვენებს... ორიგინალურად გადაწყვეტილი თითების ქანდაკება თავისთან გიხმობენ - ერთ მოქანდაკე ქალბატონს შეუქმნია (სამწუხაროდ, მისი გვარი და სახელი მითითებული არ არის); ესაა ბ-ნ ჯემალისა და ქ-ნ ლენას, მისი მეუღლის, ხელის მტევნების ნატურალური ზომის გადაჭდობილი თითების ქაბდაკება... ბზისგან დამზადებული არყის სერვიზი, ულამაზეს ჩუქურთმიანი, ტევადი ბუფეტი, ფოტოები, მომცრო ქანდაკება - მამაკაცი არღნით ხელში, რომელიც მსახიობისთვის საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირს გადაუცია; იპოლიტე ხვიჩიას გამოსახულება "იპო" - ფილმიდან "არ დაიდარდო". ძვირფას ნივთებს შორისაა ჩარჩოში ჩასმული ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსი: 75 წლის ჯემალ ღაღანიძე - "ვერცა წლებმა ვერ დაგღალეს,/ ღვთითბოძებული ხატი ხარ,/ კვლავ ძველებურად ღაღანებ,/ კვლავ ძველებურად ანთიხარ./ შენი სახელი გვჭირდება,/ ვით თბილისს ძველი აშუღი,/ ქართული სცენის დიდებავ,/ შენ გენაცვალოს ჯანსუღი". - 2008 წლის 20 აპრილი. მარად შენი ჯანსუღი"; ასევე სათუთადა აქვს შენახული რობერტ სტურუას წერილი, როდესაც 1963 წელს რეჟისორმა თავისი პირველი სპექტაკლი დადგა; პრემიის შემდეგ მან ბ-ნ ჯემალს მისწერა: - "კმაყოფილი ვარ თქვენი მუშაობით. ძალიან მოხარული ვიქნები, თუ ერთმანეთს კვლავ შევხვდებით"...
დავათვალიერე ჯანსუღ ჩარკვიანის ისტორიული სახლის ინტერიერი, მხატვრების - ელენე ახვლედიანის, ზურაბ ნიჟარაძის, ტიტე შეყილაძის, ნოდარ მალაზონიას, გოგი ოჩიაურის, გულდა კალაძის, დიმა ერისთავის, თამარ აბაკელიას, ლია სვანიძის და სხვა ცნობილი მხატვრების ფერწერული ტილოები; მერაბ ბერძენიშვილის მცირე ზომის გიორგი სააკაძის ძეგლი, ხანჯლების კოლექცია, ჯიხვისა და არხარის ყანწები; მოქანდაკე ბიძინა ავალიშვილის მიერ შესრულებული პოეტის ბიუსტი, IV სკ-ის ლარნაკი, გრიგოლ რობაქიძის დის ნაჩუქარი მწერლის ხელჯოხი, რომელსაც გველი აქვს შემოხვეული... ანტიკვარული ნივთები და ჭურჭელი... წიგნები, წიგნები და კვლავაც წიგნები, ბევრი სხვადასხვა მწერლის ავტოგრაფით... ფოტოები, მათზე ასახული მისი ბიოგრაფიის მნიშვნელოვანი მომენტებითა და ცნობილი, თუ ნაკლებად ცნობილი ადამიანების ფოტოპორტრეტებით...
კიევიდან ჩამოტანილი ანტიკვარული ბუფეტი და მისთვის ძვირფასი სხვა ნივთები - ჯემალ ღაღანიძის რელიკვიები


საოცრად სევდიანია წერილი, რომელიც მიხეილ მამულაშვილის ბაღსა და საცხოვრისს ეხება... მცხეთა ხომ ამ წალკოტის, ამ სახლის გარეშე რაღაც ღირებულს კარგავს?!. გვიყვება მეოთხე თაობის წარმომადგენელი, რომელსაც ბავშვობიდან წინაპრების საქმის გამგრძელებლად ზრდიდნენ - მიხეილ მამულაშვილი: "...თითქმის ყველაფერი ყუთებში გვაქვს ჩალაგებული; ვინახავთ მის ნაქონ ტახტს, გვაქვს კოტე აფხაზის ოჯახის ნაჩუქარი კარადა, ორი დიდებული ვაზა, სხვა მემორიალური ნივთებიც... ჩვენი დიდი სურვილია, სახლში მუზეუმი გავაკეთოთ, რომ ნივთები სათანადოდ და ლამაზად განვათავსოთ... ეს არის ჩემი ოცნება"...
- "ყვავილები ჩემი ცხოვრების მეგზურები არიან... ბავშვობიდან მომყვებიან და ალბათ სიცოცხლის ბოლომდე ჩემთან იქნებიან" - ამბობს თქვენი ჟურნალის ერთგული კონსულტანტი, ფლორისტი მარიამ ვაშაძე... - "მცენარის კმაყოფილება გამოიხატება მათ ყვავილობაში... მათ ძალიან უყვართ კლასიკური მუსიკა, - ვერ იტანენ ხმაურსა და მკვეთრ ხმებს"...
"ძალიან გულნატკენები ვართ..." - "შინ"-ის რეპორტაჟი მამულაშვილის ცნობილი ბაღიდან, რომელიც ადრე ყველას აღაფრთოვანებდა

ვსტუმრობდი ქუთაისიდან სოფელ მაღლაკში გადმოსახლებულ მასწავლებელს - ნინო ღურჭუმელიძეს; დავათვალიერე წალკოტად ქცეული კარმიდამო, ბაღი, რომელშიც ყვავილთა ფერადებს საოცარი ზეიმი გაემართათ... დავაგემოვნე ბიოპროდიქტები... "- გადმოვსახლდი იმიტომ, რომ მიწის მაგიურ ძალს ვერ გავექეცი"...

საინტერესო მხატვარ-კერამიკოსის გიორგი ტალიაშვილის კერამიკული ფილებით შექმნილი ორიგინალური სივრცე... "ჩემი დეკორატიული სტილის ნახატები, შეიძლება იქცეს შპალერად"... შექმნილი მაქვს ულამაზესი კერამიკული ფილებით გაფორმებული მაგიდები და სხვა დგამი... - "დასავლეთ ევროპაში უმთავრესად პორტუგალიასა და ესპანეთში, კედელზე მიხატული ფილებით შესრულებულ კომპოზიციას "აზულეჟო" ჰქვია. იმავე ტექნიკით შესრულებილი ნიმუშები არაბეთსა და სპარსეთშიც ცნობილია, მაგრამ ჩვენთან ამის გამოცდილება არ არსებობდა... ვფიქრობ, აქტიურად გავაკეთო ასეთი ფილები".
ექსკლუზიური კერამიკული ფილებით შექმნილი ორიგინალური სივრცე ქართველი ხელოვანისგან

დავათვალიერე განათლებით ხელოვნებათმცოდნის, გრაფიკული დიზაინერის ქეთი ნოზაძის არქიტექტურული სანათები - ორიგინალური დეკორატიული და ფუნქციური ნივთები - ძველი თბილისის არქიტექტურით შთაგონებული; ესაა იუველირის ხელით შესრულებული სამუშაო... ორი მცირეწლოვანი შვილის (9 თვის, მეორეც - ჩვილი) მიუხედავად, რაც დიდ სირთულეს წარმოადგენს ასეთი საქმიანობისათვის. ქეთის თქმით: - "ამ საქმეს გვერდით მაინც არ გადავდებ, ვცდილობ ყველაფერი ერთმანეთს შევუთავსო"...
არქიტექტურული სანათები - ორიგინალური დეკორატიული და ფუნქციური ნივთი

ვსტუმრობდი ნიკოლოზ ვაჩეიშვილის ატენურ სამოთხეს, ატენური ქვით ნაგებ სახლს; ასე მგონია, რომ მისი საკუთარი ყურძნისგან დაწურული ღვინოც დავაგემოვნე... ავ თვალს არ ენახვება მარანი, რომელსაც გვერდს უმშვენებს ლეჩხუმში, სოფ. ღვარდში ნაჩუქარი ძველებური ხის საწნახელი, რომელიც იქიდან წვალებ-წვალებით "ჩამოუქაჩქაჩებიათ"... ყურძენს მხოლოდ მასში წურავენ, მამაპაპური წესით... საინტერესო იყო XIII ს-ის ზეთის ლამპის ნახვა, კერამიკული დოქებისა და ფიალების, ღვინის ბოცების წყება... ულამაზესია მზის ათინათებით განათებული ეზო-კარი, ვენახი, ხეხილი, ქალაქს გარიდებული სიმშვიდე...
ნიკოლოზ ვაჩეიშვილის ატენური ვენახი


საინტერესო, საჭირო წერილია კაცხის სვეტზე, იდუმალი წარსულითა და დღევანდელობით... 1998 წელს კაცხის სვეტზე მონასტრული ცხოვრება აღსდგა და დღემდე გრძელდება...
ცხოვ­რე­ბა კაცხის სვეტ­ზე - იდუ­მა­ლი ად­გი­ლის წარ­სუ­ლი და დღე­ვან­დე­ლო­ბა

ასევე საჭირო წერილია - "შინ ჰერეთში, სადაც ქართველობა ყველაზე ძნელია" - პოეტისა და საინტერესო წერილების, შესანიშნავი ლექსის ავტორის შორენა თამაზაშვილის მრავლისმთქმელი სათქმელის აქტუალობით...
"თქვენ გადაგიკვეთავთ საზღვარი საქართველოდან საქართველოში? მე - კი! თქვენ გაგაჩუქეს? მე - კი!"

გავიცანი ხუთი მცირეწლოვანი შვილის მამა, მცხეთის მკვიდრი გიორგი ბარისაშვილი, რომელმაც საკუთარ მარანში, უნიკალური კოლექციის ღვინის ჭურჭლის მუზეუმი გახსნა; "საოჯახო მუზეუმში" ყველაზე ძველი მცხეთური საღვინე დოქია, რომელიც ჩვ.წ. აღრიცხვის III საუკუნით თარიღდება. ასევე საინტერესოა და სანახავია წმინდა ნინოს პერიოდის დოქები, ფიალები, სპილენძის თასები...
კაცი, რომელმაც საკუთარ მარანში ღვინის ჭურჭლის მუზეუმი გახსნა

სახლი, რომელიც დიდი ისტორიით და დიდი ადამიანებით ამაყობს - სტუმრად თელავში - ვახვახიშვილებთან; გვმასპინძლობს მათი შთამომავალი რეჟისორი კოტე მირიანაშვილი, რომელმაც დიდი სიყვარულით, საქმის ცოდნით გაგვაცნო ამ სახლში, ოჯახში მცხოვრებთა ისტორია; რომ ამ სახლის ინტერიერის შექმნაში დიდი შრომა გაუწევია სერგო ფარაჯანოვს; აქ ყველგან ჩანს მისი გამორჩეული გემოვნება... იგი გოგონა ვახვახიშვილის ძუძუმტე და დიდი მეგობარი გახლდათ... ყურადღებას იპყრობს ძველებური ავეჯი, ოვალური მაგიდა სკამებით, მასიური ბუფეტი, საწერი მაგიდა, საათი, ულამაზესი ფარდაგები, ჭურჭელი... საინტერესოა ფოტომასალა...
სახლი თელავში, რომელიც დიდი ისტორიითა და დიდი ადამიანებით ამაყობს

გავიცანი სხვადასხვა სფეროში და სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობის შემდეგ საქართველოში დაბრუნებული და ერთ-ერთი კომპანიაში პასუხსაგებ განყოფილების ხელმძღვანელი, რომელიც პარალელურად ინტერიერითაა დაინტერესებული; ფინანსისტი ირაკლი გვარამაძე. დავათვალიერე მის მიერ გემოვნებით შექმნილი ინტერიერი. - "დიზაინში უფრო რეტრო სტილი მიზიდავს, ასევე მომწონს არტ-დეკოს ელემენტები, ლოფტი. ჩემთვის ინტერიერის შექმნა და რემონტი სიამოვნებაა"... - ამბობს ირაკლი.
ქართველი ფინანსისტის მიერ შექმნილი გემოვნებიანი ინტერიერი: "ჩემი და ჩემი მეგობრის ბინები საკუთარი გემოვნებით და დიზაინით მოვაწყვე..."


მარინა ჯანაშიასა და თემო გოცაძის საცხოვრებელ სივრცეში სახელოსნოა, სადაც ბ-ონ თემოს მუშაობის საშუალება აქვს; ირგვლივ ნახატები, წიგნები - მთავარი სიმდიდრე, ოჯახის წევრებისთვის ძვირფასი სამახსოვრო ნივთები - ლატუნის ჯვარი, კრიალოსანი ჯვრით, მამის ნაქონი საათი, ნინო არსენიშვილის ნაჩუქარი ჭიქა, ერთ-ერთ კუთხეში ქ-ნ მარინას შეკერილი და გაფორმებული ქუდები... საერთოდ, ბინა ორიგინალური ინტერიერით გამოირჩევა, ამშვენებს ვერანდა და პატარა ბაღი, სადაც ყვავილები და სხვადასხვა ჯიშის მცენარეები ხარობს, სადაც საინტერესო, საოცარი ხელოვნების სიყვარულისა და შრომის შედეგი თვალსაჩინოა...
მარინა ჯანაშიასა და თემო გოცაძის სახლი-სახელოსნო - ორი ხელოვანი ერთ ჭერქვეშ

ინტერესით ვეცნობი როდენის ქართველი ასისტენტის სახელოსნოს თბილისში - იაკობ ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი; სიამოვნებით გვმასპინძლობს იაკობ ნიკოლაძის შვილიშვილი მოქანდაკე გურამ ნიკოლაძე; ყურადღებას იპყრობს იაკობის ჭიქა, პარიზში დამზადებული ცილინდრი, კამეას კოლექციების ასლი, მოქანდაკის მემორიალური ნივთები - იაკობის სამუშაო იარაღები, მისი უკანასკნელი ნამუშევარი...
როდენის ქართველი ასისტენტის სახელოსნო თბილისში – იაკობ ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი

სიამოვნებით ვსტუმრობ რეჟისორ ელდარ შენგელაიას არაჩვეულებრივ და ამვდროულად ჩვეულებრივ სამყაროს; ვათვალიერებ "შერეკილების" მინიატურულ ეგზემპლიარს; კინოპრემია "ნიკა"-ს, თემიკო ჩირგაძის ნაჩუქარ ხანჯალს... რა თქმა უნდა, სერგო ფარაჯანოვის ორიგინალურ, არაჩვეულებრივ კოლაჟს - ნატო ვაჩნაძის პორტრეტს... წიგნები, ფოტოები... სუვენირები... სისადავითაა შერწყმული ბინის მყუდროებასთან...
ღირს ნახვად სახლი, სადაც ოლეგ ტიმჩენკოს ნამუშევრები იქმნება... უზარმაზარფანჯრიანი ოთახის, სადაც მხატვარი ქმნის და მუშაობს, სადაც კედლებიდან მისი მოზრდილი ტილოები შემოგვყურებენ, სადაც სისადავე და ფერები ერთმანეთს ჰარმონიულად შერწყმია...
ელდარ შენგელაიას არაჩვეულებრივი სამყარო - სტუმრად ცნობილ რეჟისორთან


გულდასაწყვეტია, როდესც ისეთ ამბებს იგებ, როგორიცაა 1887 წელს თბილისში დაარსებული კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგური, რომელიც წლებია გაქრობის პირასაა მისული, მასთან ერთად წლებით გამობრძმედილი ტრადიცია... სადგურს სათავეში მოსკოვის სასოფლო-სამეურნეო საიმპერატორო საზოგადოების კომიტეტის წევრი ნიკოლოზ შავროვი ჩასდგომია... დღევანდელი მუშტაიდის ბაღის ტერიტორიაზე, სადგური თუთის ხეების გარემოცვაში მოექცა; მას საკმაოდ დიდი ტერიტორია ეკავა, რომელიც დროთა განმავლობაში შემცირდა და სააბრეშუმო კომპლექსიდან დღეს, ფაქტობრივად, მხოლოდ აბრეშუმის მუზეუმი ფუნქციონირებს, შენობის ინტერიერი ფსევდო-მავრიტანული და ფსევდო-გოთური სტილების ნაზავია, ინტერიერტში კი კლასიცისტური ელემენტები სჭარბობს...
უნი­კა­ლუ­რი შე­ნო­ბა და გაქ­რო­ბის პი­რამ­დე მი­სუ­ლი ტრა­დი­ცია

ვსტუმრობ კომპოზიტორ ნუნუ გაბუნიას ძველი ავეჯით გაწყობილ ბინას, რომელიც მაშინვე იპყრობს ყურადღებას, ან კი როგორ გაექცევი ვარდის ხისგან, ვერცხლის დეტალებით დამზადებულ კარადას, ხის სარკეს გველეშაპის ფიგურით, რომელიც ბებიის ძმას პარიზიდან ჩამოუტანია, ასევე პარიზიდან ბებიის ჩამოტანილი XIX ს-ის საათს, ეგვიპტიდან ჩამოტანილ ზარდახშას, ლადო გუდიაშვილის ნახატს, მაყვალა ქასრაშვილის ნაჩუქარ კალამს, შოთიკო მაღლაფერიძის გაკეთებულ ოქროსფერ ეტლს, ძველებურ კომოდს, როიალს... ანტიკვარულ ჭურჭელს... ფოტოებს, ფაიფურის ნაკეთობებს, სუვენირებს და ა.შ.
ნუნუ გაბუნიას როიალი, წინაპრების სახსოვარი საათი, სარკე და... მოგონებები

ინტერესით გავეცანი რეჟისორ ზურაბ შიოშვილისა და მუსიკოს გიორგი ჭოლოკავას მიერ სოფელ ასურეთში შექმნილ წალკოტს, რომელიც ერთადერთია ამიერკავკასიაში. ათვალიერებ და გრძნობ, რომ ბედნიერი ხარ... ესაა არანორმალური შრომისა და მაქსიმალიზმის ნაზავი, გემოვნებისა და არჩეული საქმის სიყვარული; - "ბაღს უნდა ჰქონდეს რომანტიკა, რომ დაჯდე და ჩაი დალიო..." ყველაფერ საუკეთესოსთან ერთად ისინი სასწაულმოქმედი ხატის მცველები არიან... ზურაბ შიოშვილს, ერთ-ერთ პირველს დართეს ნება, იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავის გახსნის დროს გადაღების ნება... ან სოფ. ასურეთში უნდა ჩავიდეს ადამიანი, ანდა ამ საინტერესო წერილს სრულად გაეცნოს...
"ამ ტიპის ბაღი ერთადერთია მთელ ამიერკავკასიაში" - ქართველი მეგობრების მიერ გაშენებული წალკოტი, რომელიც ყველას აღაფრთოვანებს


ვესტუმრე ერთადერთ სახლს, სადაც ნოდარ დუმბაძეს კაბინეტი ჰქონდა; შემონახულია მწერლის საყვარელი ჩაის ჭიქა, რომლითაც ავადმყოფი სვამდა, საათი, ნახატები, ნიკო ლორთქიფანიძის ოჯახის სახსოვარი - ჩაის ფერის დასაყენებელი ვერცხლის საწური... სიუხვეა ფოტოების, მეგობრებთან გადაღებული ფოტოების: არჩილ სულაკაურთან, ედიშერ ყიფიანთან, გურამ თიკანაძესGან, გიგლა ფირცხალავასთან, ელგუჯა ამაშუკელთან... ქ-ნი ქეთევან დუმბაძე გვიყვება, თუ როგორ შეიძინეს კაბინეტური როიალი, რომელზედაც ბ-ნი ნოდარი უკრავდა და მღეროდა სახუმარო სიმღერებს... სხვათა შორის, მეგობრობდა ედუარდ შევარდნაძესთან, ბევრ, იმდროინდელ სხვადასხვა სფეროსა და პროფესიის ადამიანებთან... რა თქმა უნდა, წიგნებსა და სუვენირებს გარკვეული ადგილი აქვს მიჩენილი...
ერთადერთი სახლი, სადაც ნოდარ დუმბაძეს თავისი კაბინეტი ჰქონდა

სტუმრად ვარ "ბედნიერი ხალიჩების" ავტორთან, ქართველი და უცხოელი ვარსკვლავების საყვარელ მხატვართან - ზურაბ გომელაურთან; 30 წლის განმავლობაში მის სახელოსნოში არაფერი შეცვლილა, მხოლოდ ნახატები იცვლებოდა კედლებზე... აქვე საქმიანობს მხატვრის ქალიშვილი, მშვენიერი სალომე გომელაური, რომელიც ძირითადად მინანქარზე მუშაობს - აკადემია მოდის დიზაინის განხრით აქვს დამთავრებული; ცნობილი ქალბატონები ხშირად ჩნდებიან ეკრანზე მისი შექმნილი სამკაულებით... და ერთიც, ქოთნის უამრავი მცენარითაა იქაურობა გასხივოსნებული...
ქართველი და უცხოელი ვარსკვლავების საყვარელი მხატვარი და მისი გემოვნებიანი სახლი-სახელოსნო

მაკა მახარაძის სახლს აუცილებლად დაიმახსოვსებთ, თუნდაც ფოტოებითა და სუვენირებით დახუნძლული ძველი როიალის გამო... ყურადღებას მიიქცევს სხვადასხვა ზომის, მოხატულობის სარძევეები, ძველებური მასიური ბუფეტი, რომში შეძენილი შანდალი, რუმინეთიდან ჩამოტანილი ჭიქა, ჭურჭელი, ორიგინალური ჭაღი, სუვენირები, იშვიათი ნივთედბი და, რაც მთავარია, მათი განლაგების ავტორისეული, ორიგინალური ხელწერა...
მაკა მახარაძის სახლი და იშვიათი ნივთები

დიდი აკაკი ვასაძის სახლში ანკა ვასაძის ბებიამ ქ-მა ირინამ გაგვიწია მეგზურობა; თვალში გვხვდება ძველი ავეჯი: მაგიდა სკამებით, როიალი, ბატონ აკაკის სამუშაო მაგიდა ძველებური სამელნითა და საშრობით, ორიგინალური ჭურჭლის კარადა, ძველი სამოვარი, ჩინური საჩაიე, იების ულამაზესი ლარნაკი, ძველებური ლამპა, შანდლები; მსახიობის ყუთი - სახურავზე მისივე გამოსახულებით; მეუღლის ანეტა ქადეიშვილის ნაქონი სარკე და სავარცხელი, მისი საყვარელი სარწეველა სავარძელი... აკაკი ვასაძის თეატრსა და კინოში შესრულებული ფოტოების კუთხე და სხვა...
სტუმრად ანკა ვასაძესთან... მისი დიდი ბაბუის სახლში

მცხეთაში, იმედა კახიანის აგარაკზე მოხვდები თუ არა, იხიბლები მოვლილი და პრაქტიკულად გადანაწილებული კარმიდამოს მშვენიერებით; უამრავი ხეხილით, მცენარეებით, ყვავილნარით, ლურჯად მოლივლივე მოზრდილი აუზითა და სახლის ვერანდიდან დანახული ზედაზნის, საგურამოს, არაგვის ხეობის დამატყვევებელი ხედით...
"იძულებული გავხდით, თბილისიდან წამოვსულიყავით და აქ დავსახლდით" - კახიანების აგარაკი მცხეთაში

სასიამოვნო სანახავია ყვარლის მუნიციპალიტეტის ახალსოფელში ჟურნალისტ თიკა დუღაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მიერ აღორძინებული პაპის მარანი და ყვავილებით გადაპენტილი ბაღი...
ყოფილი მასწავლებელი, რომელმაც 4 შვილთან ერთად საოცარი ბაღი გააშენა და საოჯახო საქმიანობა წამოიწყო

საინტერესოა ხის, კერამიკისა და ქსოვილის სინთეზით შექმნილი ინტერიერის ნივთები, რომლებსაც შემოქმედი ადამიანები მხატვარ-ფერმწერი, ხეზე ჭრის ოსტატი გიორგი რობაქიძე და კერამიკოსი ელენე ჩლაიძე სიყვარულითა და შთაგონებით ქმნიან...
ქართველი ცოლ-ქმრის მიერ ხის, კერამიკისა და ქსოვილის სინთეზით შექმნილი ინტერიერის ნივთები

ყველამ აუცილებლად უნდა ნახოს ფერმწერის, ფოტოგრაფის ნუკრი მანძულაშვილის ბაღი-მშვენება, რომელიც მან თავისი მარჯვენით თბილისში შექმნა. "მომწონს ყველაფერი უბრალო და სადა... უპირატესობას სოფლის სტილს ვანიჭებ... ბევრი იდეა მაქვს, ადგილი პატარაა, ამიტომ კომპოზიციებს ვშლი და სხვებს ვაკეთებ, ძველი ბაღი მხოლოდ კადრებზე შემორჩება ხოლმე... ძალიან მნიშვნელოვანია ფერები, ყვავილებსაც ფერების მიხედვით ვარჩევ... ორი წელია, რაც ჩემს პატარა ეზოში ბაღის გაშენება დავიწყე, ერთი მაგდენი კი ძველი ეზოს დასუფთავებას და მცენარეებისთვის ნიადაგის მომზადებას მოვანდომე. ბაღი სამ კატეგორიად მაქვს დაყოფილი: ვარდები, მინდვრის ყვავილები და ბოლქვები... - ყველაფერი ველოსიპედით სეირნობისას დაიწყო, როდესაც ჩემი ყურადღება "გარდენიას" წალკოტმა მიიპყრო... იქ ბევრი რამ ვისწავლე და შემოქმედებითად გავიზარდე, ადამიანების ქებაც დავიმსახურე... იქვე დავუახლოვდი მცენარეებს ისე, რომ მათით "დავსნეულდი"...
ქართველი ფოტოგრაფის ულამაზესი ეზო, რომელიც თავის ხელითა და გემოვნებით მოაწყო


"მიყვარს, როცა სახლი ჰგავს პატრონს და არ არის სტანდარტული"... - ამბობს მსახიობი ბაია დვალიშვილი; ამ სიტყვების დასტურია მის მიერ პეპლებით მორთული შესასვლელი კარი... საინტერესოა დედის - მარინე თბილელის ფოტოების კუთხე; პოლონეთიდან ჩამოტანილი ტელეფონის აპარატი, ყვავილებით შემკული ქალბატონ მარინე თბილელის ბუფეტი, ძველებური საათი, როიალი, სამუშაო კაბინეტში წიგნებით გამოძეძგილი თაროები; კარადა; ბაიას შექმნილი დეკორატიული ნივთები, თოჯინები... - "ძალიან მწყდება გული, როდესაც სახლში ყვავილების ერთი ქოთანიც კი არა აქვთ... ვერ ვიტან არეულობას და როცა ვალაგებ ვწყნარდები..."
ბაია დვალიშვილი: „მიყვარს, როცა სახლი ჰგავს პატრონს და არ არის სტანდარტული“

ძველ თბილისში, ბოტანიკური ბაღის მახლობლად ყველაზე მყუდრო ქართულ-ნორვეგიულ ოჯახს ვესტუმრე; გავეცანი მუსიკათმცოდნეს, მომღერალს, "ორი სამშობლოს მფლობელს" სვენ ვოგეს და მის შემოქმედ მეუღლეს, ფილოლოგს, პოეტს, მხატვარს ქ-ნ თამარ ლომიძეს, რომლის გემოვნებითა და იდეებითაა მოწყობილი ბინის ინტერიერი, გალერეა, სადაც გამოფენები ეწყობა, საინტერესო თემატური შეხვედრები, სადაც ხშირად არიან უცხოეთიდან ჩამოსული ტურისტები...
ყველაზე მყუდრო და თბილი ქართულ-ნორვეგიული ოჯახი

საგურამოსკენაა თამრიკო ჭოხონელიძის სავანე: - "მადლიანი სახლია, რომელიც დიდი შრომის შედეგია, ამიტომაცაა რომ მას სიყვარულის დიდი ენერგეტიკა მოსდევს"... ვერანდა მის მიერაა მოხატული; საინტერესოა დმანისის არქეოლოგიური გათხრებისას ამოღებული სურა, ძველი როიალი, პიანინო, სურვილების ხე, ჩარჩოებში ჩასმული კაბები, რომლებიც იმ გოგონებს ეცვათ, ვინც მათ ოჯახში დაიბადა; ყურადღებას იქცევს ქ-ნ თამრიკოს მიერ ბისერებით შემოსილი ხატები, რომლის კეთებაც მისთვის უდიდესი სიამოვნებაა... ბუხარი, ვარდებითა და სხვადასხვა ჯიშის მცენარეებით გამწვანებული ეზო, წყლით სავსე აუზი და ლამაზი ხედი...
თამრიკო ჭოხონელიძის სავანე საგურამოსთან ახლოს - "თბილისის ბინა ბანკში ჩავდე ამ სახლის დასამთავრებლად..."

პატივისცემასა და გაოცებას იწვევს თიანეთის რ-ნის სოფ. საყდრიონში დოლიძეების ოჯახი, რომლებსაც ყველა იცნობს; დიასახლისი ქ-ნი ევა ოთარაშვილი უზარმაზარ ტერიტორიაზე გაშენებულ ბაღში ჯუჯა კაკლის ხეებს უვლის... 70-ზე მეტი ხე სიყვარულით შემოგაფეთებს კაკლისხელა თვალებს"...
ვერ ვივიწყებ ქვევრის თანამედროვე ოსტატებს სოფელ ვარდისუბნიდან, მამა-შვილ რემი და ზაზა კბილაშვილებს - მათ შრომისმოყვარეობასა და ტრადიციებისადმი სიყვარულსა და პატივისცემას...
ჯუჯა კაკალი - ჯიში, რომელიც საქართველოს ყველა კუთხეში ამართლებს

ჩემთვის სასიამოვნო მოულოდნელობა იყო, როდესაც ბ-ნ ჯუმბერ პატიაშვილს მცხეთის კარმიდამოს ვეწვიე; იგი პროფესიით აგრონომი, ასოცირებული პროფესორია, რაც ხეხილსა და სხვა მცენარეებს აშკარად ეტყობა... მისი თანაავტორობით აგებულ შენობის დარბაზში გახსნილი აქვს "ილიას დარბაზი", რომელსაც იური მეჩითოვის შექმნილი პანო ამშვენებს, აქვეა მისი პირადი ბიბლიოთეკა უამრავი საინტერესო წიგნით, ბილიარდის მაგიდა მორიგ შეჯიბრებას მოთმინებით ელის... ერთ-ერთი კედლიდან ბ-ნ ჯუმბერის ავტორობით 40 წლის წინ შექმნილი აბსტრაქტული ტილო იმზირება... მისთვის ძვირფას ნივთებს შორისაა სახალხო მხატვრის ნინო შალიკაშვილის ნაჩუქარი ნახატები - დედამიწა, ცა და მის ქვემოთ არსებული სამყარო; ერთ-ერთ ოთახში მასპინძლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოებია, ასევე იმათი, ვისაც ცხოვრების გზაზე შეხვედრია... ამ იდილიას საცურაო აუზი და ლაბრადორი ჯენი ავსებენ...
სტუმრად ჯუმბერ პატიაშვილის ეზო-კარში


ბონსაის გამოყვანისა და მოვლის მეთოდებზე საქმის ცოდნით გვესაუბრება არჩილ ქოქრაშვილი - "ბონსაი ოთახის პირობებში გამოზრდილი მომცრო ზომის ხე ან მცენარეა, რომელსაც ბუნებრივ პირობებში არსებული ხის მთელი სილამაზე შენარჩუნებული აქვს; არსებობს 500 და 900 წლის ბონსაები, რომლებსაც ჩინეთსა და იაპონიაში დინასტიები ქმნიდნენ და თაობიდან თაობას გადასცემდნენ... როგორც ვან გოგი, პიკასო, სალვადორ დალია შეფასებული, ასევე ფასდაუდებელია ეს ბონსაებიც... საერთოდ კი, ბონსაი ლანგარზე გაზრდილს ნიშნავს"...
ბონსაი – მოდური მიმდინარეობა მეყვავილეთა შორის და როგორ მოვუაროთ ჯუჯა ხეებს?

საინტერესო წერილია აფხაზეთში, რიწის ტბის სიახლოვეს სტალინის აგარაკის შესახებ, რომელსაც ძალზე შთამბეჭდავი შესაბამისი ფოტომასალა ახლავს...
გავეცანი ქეთევან ჭაბუკიანისა და გიორგი ჭახელიძის თანამედროვე დიზაინერების შემოქმედებას, მათ გამორჩეულ ნამუშევრებში მასალათა გასაოცარი სინთეზსა და არქაულ ფესვებთან კავშირს, თანამედროვე ინტერპრეტაციებზე დაყრდნობით... - "რამდენი ადამიანიც არსებობს, იმდენნაირი იქნება სახლის იდეა. პირადად ჩემთვის ყველაფერი ცოცხალი უნდა იყოს სახლში, რაღაცას უნდა მეუბნებოდეს და თან არ მბეზრდებოდეს; კონცეფციით იქნება, თუ ორნამენტით, ყოველდღე ახალი რაკურსით უნდა ვხედავდე. თან იმის საშუალებას უნდა მაძლევდეს, რომ ინტერიერში გადავათამაშო, გადავაადგილო ან სხვა ფუნქცია მივცე; ჩვენ გავაკეთეთ ნივთები, რომლებიც ტრანსფორმირდება, მაგალითად მაგიდა, რომელიც კედელზე შეიძლება დამაგრდეს და პანოდ გარდაიქმნას"...
სტალინის აგარაკი აფხაზეთში - ცხენის ძუისგან გაკეთებული ავეჯი და უნიკალური ინტერიერი


საინტერესო და სასიამოვნო იყო სტუმრობა სოფო გელოვანთან, მისი ისტორიული ფორტეპიანოს ნახვა, მწვანე აივნის სურნელების შეგრძნება...
ასევე დიზაინერ თამუნა ლეჟავასთან, რომლის ნამუშევრები მსოფლიო კატალოგშია და მის ლუქს-კლასის სამკაულებს ცნობილი ადამიანები სიამოვნებით ირგებენ...
სო­ფო გე­ლო­ვანის ისტორიული ფორტეპიანო და მწვანე აივანი

სიამოვნებით დავათვალიერე ქ-ნ მარიკა დარჩიას საოცარი, საყვარელი ადგილობრივი თუ უცხოეთში შეძენილი პაწაწინა სახლების უნიკალური კოლექცია; ყველაფერი შოტლანდიიდან დაიწყო, სადაც 1993 წელს ამ ქვეყანას სტუმრობდა... საინტერესო, ორიგინალური და ალბათ, ერთადერთია მის მიერ ჰალსტუხებისგან შეკერილი, ფერადებით ამეტყველებული სუფრა...
მარიკა დარჩიას პაწაწინა სახლების კოლექცია და ოცნება, რომელიც ჯერ ვერ აისრულა

საოცრად მიმზიდველი, თბილი და შემოქმედებითი მუხტით არის სავსე თანამედროვე პოპულარული მხატვრის ნინო ჩაკვეტაძის სახლი, რომელსაც თან ნოსტალგიაც დაჰყვება... აქაა მისი ნახატების გარკვეული ნაწილი... ულამაზესი დიდთვალება პატარები თავიანთი სისუფთავით, ბეღურები, ბუები, სახედრები... ენით გამოუთქმელი სევდითა და დამაფიქრებელი სიუჟეტებით... ძველებური ბუფეტით, სამოვრით და სიკეთით სავსე...
ნი­ნო ჩაკ­ვე­ტა­ძის სახ­ლის თბი­ლი და ნოს­ტალ­გი­უ­რი გა­რე­მო

ძველი თბილისური პროფესიების შესახებ საინტერესოდ საუბრობს საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის დირექტორი, ხელოვნებათმცოდნე, დოქტორი ანა შანშიაშვილი: - "ძალიან მნიშვნელოვანია ძველი პროფესიების შენარჩუნება, რათა ყველაფრის დაკარგვისა და განადგურების გზით არ წარიმართოს პროცესები, არ დავკარგოთ, მაგალითად, ისტორიული აბანოს შენობები, ქარვასლის შენობები... ჩვენ გვქონდა "ქიმერიონი", ისტორიულად მნიშვნელოვანი ადგილი, რომლებიც იყო და აღარ გვაქვს; რეალურად არც ერთი ძველი კაფე აღარ დარჩა, არც ერთი ძველი დუქანი... ლაღიძის წყლებიც კი გავაუქმეთ. ამიტომ უმნიშვნელოვანესია ცოცხალი კულტურა, სწორედ იმისთვის, რომ მოხდეს ადგილებისა და ძეგლების შენარჩუნება!..."
საინტერესოა ქართული ტრადიციების მშვენიერი სამკაული - ქართული სუფრა, რაზე მოგვითხრობს იგი, როგორ აღდგა მისი წარმოება...
ძველი თბილისური პროფესიები დღეს...

ნატალია და დიმიტრი ჩხეიძეების სახლი, სადაც მათი ოთხი თაობის ისტორიაა თავმოყრილი - ღირს ნახვად, თუნდაც იმიტომ, რომ ბინაში უამრავი წიგნია, მოზრდილი ბიბლიოთეკაა "ვეფხისტყაოსნის" კოლექციით დამთავრებული; მასში 150 გამოცემაა, როგორც ქართულ, ისე უცხოურ ენებზე; ყველაზე ძველია 1888 წლის, გიორგი ქართველიშვილისეული გამოცემა... საყურადღებოა რელიქვიად ქცეული ნივთები, წინაპრების მიერ გადმოცემული, სუვენირები, ფერწერული ტილოები, ჭურჭელი... "სერიალ ჩემი ცოლის დაქალები"-ს მაყურებელი ამ სახლს "ჩიკას" სახლით იცნობს...
სტუმრად "ჩიკას" სახლში - დაათვალიერეთ ნატალია ჩხეიძის ორიგინალური ბინა


სტუმრად გახლდით თელავის რ. სოფ. ბუშეტში ბატონ შალვა და პაატა ამონაშვილებთან; მათ მიერ საჭირო, დროული იდეებით განხორციელებულ სიკეთე-საოცრებასთან, რასაც ზოგადად განათლების სისტემის ამოქმედება და ხელშეწყობა ჰქვია... წერილი საკმაოდ ვრცელია, ეს უნდა წაიკითხოთ, ანდა ბუშეტში ჩაბრძანდეთ... გაიცნოთ 90 წლამდე მიღწეული ცნობილი ფილოლოგი და რეფორმატორი, მეცნიერი, მკვლევარი ბ-ნი შალვა, მისი ვაჟი, დაათვალიეროთ მათ მიერ საკუთარ კარმიდამოში სპეციალურად აგებული შენობები, ხეხილითა და სხვადასხვა მცენარეებით დამშვენებული ბაღი, დაესწროთ მათ ჩატარებული კონფერენციებს, გაეცნოთ მათ მიდგომებს მოზარდების აღზრდისა და განვითარების გზებს...
ამონაშვილების კარმიდამო კახეთში, რომელიც უამრავ სტუმარს მასპინძლობს

გამორჩეულია მხატვარ მოსე თოიძის ბინა-სახელოსნო, რომელიც თბილისის ერთ-ერთი კულტურული კერაა; დასამახსოვრებელია "ვეფხისტყაოსანი" ხეში, რომელსაც ირაკლი თოიძის ილუსტრაციები ახლავს; ეთნოგრაფიული ნივთების კუთხე, როიალი, ძველებური მასიური ხის კარადა, ფოტოები, ნახატები, საერთოდ ბინის ინტერიერი...
ცნობილი მხატვარი, რომელიც სტუდენტებს ასწავლიდა, ფინანსურად ეხმარებოდა და გზას უკვალავდა - ამბები მოსე თოიძეზე და მისი კულტურული კერა

ვესტუმრე ქართველი ემიგრანტის ეკა მარგიანისა და მისი მეუღლის კახა ქალიაშვილის სახლს ამერიკაში, ნიუ ჯერიში, კერძოდ კი სახლის გარშემო ყვავილნარს, რომელსაც 900 ძირი სხვადასხვა ფერის ტიტა ამშვენებს, ასევე ნარცისი, ხვიარა ვარდები... აქაურობა ქართველებისთვის, მათი მეგობრებისთვის შეხვედრების, თავშეყრის უკეთეს ადგილს ვერ ინატრებდით...
ქართველი ემიგრანტის მიერ ამერიკაში მოწყობილი საოცარი ბაღი, რომელშიც თანამემამულეებს მასპინძლობს

სტუმრად ვარ ლაშა ღლონტის საოცნებო ბინაში, სასიამოვნო ინტერიერითა და სიმშვიდით, XVII-XVIII ს. ფრანგი ხელოვანის საკოლექციო ნამუშევრით... მერაბ გომელაურის მამისა და შვილის ფერწერული ტილოები, სუვენირების საინტერესო კუთხე, ვისკის მაგიდა... დივანზე ცოტა ხნით დასვენებული გიტარა, ქოთნის მცენარეები...
სტუმრად ლაშა ღლონტის საოცნებო ბინაში

იხილეთ დასასრული

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები